ტყის ხანძრები "დივერსანტებმა" დრონებმა გააჩინეს?!
კვადროკოპტერს შეკვეთით ციდან პიცის მოტანაც შეუძლია და შეკვეთის გარეშე მინიატიურული საავიაციო ბომბების ჩამოგდებაც
უკრაინაში, ხარკოვთან, ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეიარაღების საწყობს ხანძარი დრონიდან ზუსტად ჩამოგდებული ყუმბარის აფეთქების შემდეგ გაუჩნდა...
დადგა დრო, გაანალიზდეს, რამ გამოიწვია ტყის ხანძრები ერთიმეორის მიყოლებით და თანაც - მიუვალ ადგილებში. ეს ბუნებრივი იყო, თუ ადამიანის ხელიც ერია?
იმის გათვალისწინებით, ხეების უკანონო ჭრის შედეგად რა დღეშია დღეს საქართველოს ტყეების უმეტესობა, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ხანძრები სწრაფად ვრცელდება. გამხმარ ტოტებს, მორებსა და ტორფს ცეცხლი სწრაფად ედება, მაგრამ მაინც რა უნდა გამხდარიყო ასე საეჭვოდ ერთმანეთს მიყოლებული ხანძრების მიზეზი?
ჩვენი ვარაუდი მხოლოდ ერთ-ერთი ვერსიაა, რომელიც ერთმანეთისგან დაშორებულ ადგილებში ტყის ხანძრების თითქმის ერთდროულად გაჩენის შედეგად წარმოიშვა. ხანძრის ასე სწრაფად გავრცელების მხოლოდ ქარისთვის დაბრალება კი ძალიან გვიჭირს.
მიუდგომელ ტყის მასივებში ცეცხლის მრავალი კერის თითქმის ერთდროულად გაჩენამ უნებურად დაბადა ეჭვი, რომ ეს იყო დაგეგმილი და ფარულად განხორციელებული დივერსიული აქტების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში კრიზისული სიტუაციის შექმნას. შესაძლოა, ჩაფიქრებული იყო, მოსახლეობისთვის დაენახვებინათ ასეთ ვითარებაში ხელისუფლების არაადეკვატურობაც, რასაც შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება მოჰყვებოდა.
დივერსიული მიზნით ტყის ხანძრების გაჩენა არახალია და ასეთი ქმედება არაერთი ქვეყნის სპეცსამსახურს განუხორციელებია. ასეთ დროს დივერსანტები ცდილობენ, არ გამოვლინდეს მათი აქტიურობა და ყველაფერი ბუნებრივ პირობებს დაბრალდეს. ამისთვის ისინი სპეციალურ ტექნიკასა და ტაქტიკას იყენებენ.
ცხრა წლის წინ Bბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბასთან, სწორედ იმავე ადგილას გაჩენილი ხანძარი იმ რუსულ შვეულმფრენებს დაბრალდა, რომლებიც ხეობაში გადამალულ ქართული არმიის მძიმე ტექნიკას ეძებდნენ და დროდადრო სითბურ "ხაფანგებს" ისროდნენ. ეს "ხაფანგი" მცირე ზომის რაკეტაა, რომელიც მაღალი ტემპერატურის გამოყოფით იწვის და სითბური დამიზნების საზენიტო რაკეტა უნდა "მოატყუოს". არსებობს ვარაუდი, რომ ეს "ხაფანგები" ვერ ასწრებდა ჰაერში დაწვას და ბორჯომის ხეობაში, ტყეში ჩავარდნისას მართლაც აჩენდა ხანძრის კერებს.
მართალია, 2017 წლის აგვისტოში საქართველოს თავზე რუსული შვეულმფრენები და ბომბდამშენები აღარ დაფრინავენ (თუ არ ჩავთვლით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს), მაგრამ ტყის ხანძრების ჰაერიდან გაჩენა მაინც შესაძლებელია და თანაც ისე, რომ შვეულმფრენების ხმა არავის გაეგონა.
დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატები, იგივე დრონები, როგორც თვითმფრინავის, ისე შვეულმფრენის პრინციპით მფრენი თითქმის იდეალური საშუალებაა მიუვალ ტყის ფერდობებზე ხანძრების კერების გასაჩენად, განსაკუთრებით ღამით, როდესაც ერთ-ორმეტრიანი დრონის და მით უმეტეს - უფრო მინიატიურული კვადროკოპტერის შემჩნევა, როდესაც მათ გამორთული აქვთ გაბარიტული მაშუქები, თითქმის შეუძლებელია. მათი აღმოჩენა ყველაზე ძლიერი რადიოლოკაციური კონტროლის მქონე ქვეყნების არმიებსაც უჭირთ და ცხადია, მით უფრო გაუჭირდებოდა ქართულ საჰაერო თავდაცვას, თანაც ხეობებში, დაბალ სიმაღლეზე.
საშუალო ზომის რუსულ სადაზვერვო დრონებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ადვილად შეეძლოთ ბორჯომის ხეობაში ღამით მალულად შემოფრენა და მცირეგაბარიტიანი ტერმიტული ყუმბარების ჩამოყრა, რომლებიც მაღალი ტემპერატურის გამოყოფით იწვის და კომპოზიციური მასალისგან დამზადებული ყუმბარის კორპუსსაც უკვალოდ "აქრობს", რათა ნივთმტკიცება არ დატოვოს.
მსგავსი რამ მოხდა ამა წლის გაზაფხულზე ომის ცეცხლში გახვეულ უკრაინაში, ხარკოვთან, ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბალაკლეის შეიარაღების საწყობში, სადაც 150 ათასამდე ტონა საბრძოლო საჭურველი ინახებოდა. 23 მარტს საწყობში გაჩნდა ხანძარი, რომელმაც ათასობით მსხვილკალიბრიანი ჭურვი და რაკეტა ააფეთქა და უკრაინული არმიის ტყვია-წამლის მარაგი მეტისმეტად შეამცირა.
უკრაინელები დარწმუნებული არიან, რომ ეს რუსული სპეცსამსახურების დაგეგმილი დივერსია იყო და აფეთქება დრონიდან ჩამოგდებულმა ტერმიტულმა ყუმბარამ გამოიწვია. ამ საწყობს დრონებით პირველად გასული წლის დეკემბერში შეუტიეს და საწყობის ტერიტორიაზე ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა, მაგრამ მაშინ დაცვამ იმარჯვა და ცეცხლი ჩააქრო. ხანძრის გავრცელებას ხელი თოვლმაც შეუშალა. მანამდე, 2015 წლის 29 ოქტომბერს, ძლიერი ხანძარი გაჩნდა ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოს საარტილერიო საწყობში, რომელიც, უკრაინის სამხედრო კონტრდაზვერვის წარმომადგენლების აზრით, ასევე რუსული დრონის დივერსიული ქმედების შედეგია.
აუცილებელი არ არის, ბორჯომსა თუ აბასთუმანთან ტყის ხანძარი დიდი ზომის სადაზვერვო-საბრძოლო დრონს გამოეწვია - მთის ფერდობზე ხანძრის კერის გაჩენა თითქმის სათამაშო კვადროკოპტერითაც შეიძლება, რომლის ყიდვა ყველას შეუძლია. უცხოელი ტურისტები მათი საშუალებით საქართველოს პეიზაჟებს ხშირად იღებენ, მათ შორის - ბორჯომის ხეობაშიც.
მცირე ტექნიკური გადაკეთების შემდეგ კვადროკოპტერს მეორე ვიდეოკამერისა თუ ფოტოაპარატის ნაცვლად მცირე ზომის ტერმიტული ყუმბარის ან სხვა კუსტარულად დამზადებული ცეცხლგამჩენი მოწყობილობის წაღება შეუძლია, რომლის აალება გამხმარ ტოტებს სწრაფად ააგიზგიზებს. მთავარია ცეცხლგამჩენი მოწყობილობის ჩამომგდები მექანიზმის დამონტაჟება კვადროკოპტერზე, რაც ტექნიკურად ადვილია, მით უმეტეს, რომ ტყის დივერსიული "დაბომბვისთვის" დიდი სიზუსტე საჭირო არ არის.
"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები ისე დაოსტატდნენ, რომ თვითნაკეთ მინიატიურულ საავიაციო ბომბებს კვადროკოპტერებიდან ერაყის არმიის "აბრამსის" ტანკების კოშკურების გაღებულ ლიუკებში ყრიდნენ და აფეთქებდნენ.
კომერციული დანიშნულების ზოგიერთი კვადროკოპტერი მათმა მფლობელებმა ისე გადააკეთეს, რომ მათზე დამონტაჟებული პისტოლეტიდან მიზანში ზუსტად ისვრიან, ასე რომ, მონდომებისა და ავი განზრახვის შემთხვევაში მიუვალ მთის ფერდობებზე ტყის მასივებში ხანძრის გაჩენა, თუნდაც ერთმანეთისგან დაშორებულ ადგილებში, ერთ პირს ან პირთა ჯგუფს რომელიმე სახელმწიფოს სპეცსამსახურების დახმარების გარეშეც იოლად შეუძლია.
ხელისუფლებამ ხანძრების გამომწვევი მიზეზების დასადგენად ნახანძრალ ადგილებში საგამოძიებო ჯგუფები დაგზავნა, მაგრამ იქაურობა ისე გამოიყურება, საეჭვოა, მათ არსებითი ნივთმტკიცება იპოვონ.
თუ წლევანდელი ტყის ხანძრების ძირითადი მიზეზი ბუნებრივი პირობებია (ხანგრძლივი გვალვა, მაღალი ტემპერატურა, ძლიერი ქარი), კიდევ არა უშავს, მაგრამ თუკი ხანძრები განზრახ არის გაჩენილი დრონების გამოყენებით, ეს ნიშნავს, რომ საქართველომ გამოუცხადებელი ჰიბრიდული ომი გადაიტანა, რომელიც კვლავ გრძელდება...
P.S. ტყის ხანძრების დროს დიდი იყო საფრთხე, ცეცხლი ქართული არმიისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების შეიარაღების საწყობებსაც გასჩენოდა, როგორც უკრაინაში მოხდა.
ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში, რომელიც ბორჯომისა და აბასთუმნის ტყის ხანძრების ჩაქრობაში გვეხმარებოდა, იარაღის დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა...
P.P.S. დრონები თანამედროვე ტექნიკური მიღწევების თვალსაჩინო მაგალითია. მათი დახმარებით შეიძლება წამლის მიწოდება რთულად მისადგომ ადგილში, საჰაერო მონიტორინგი თუ ლამაზი ხედების გადაღება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მის რომელიმე ბოროტ ოპერატორს პიცის მოტანის ნაცვლად, ბომბის ჩამოგდებაც შეუძლია...