შემზარავი მკვლელობის კვალდაკვალ...
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სანდოძე გახმაურებულ საქმეს იხილავს. განსასჯელის სკამზე 54 წლის ვენერა ობოლაშვილი ზის, რომელიც გასული წლის 15 დეკემბერს დააკავეს. პოლიციის მტკიცებით, მას 3 ადამიანის მკვლელობაში ედებოდა ბრალი... მაშინ გავრცელებულმა ბრალდებამ, საზოგადოება შოკში ჩააგდო. ამასთან, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებაშიც ადანაშაულებდნენ.
ვენერა ობოლაშვილი მარტოხელა ადამიანების ნდობის მოპოვებას ახერხებდა და ქონების დასაუფლებლად, მკვლელობასაც არ ერიდებოდა. მაშინ მთელმა საქართველომ მოისმინა დაკავებული ქალის შემზარავი აღიარებითი ჩვენება. ვენერა ობოლაშვილი დეტალურად იხსენებდა სისასტიკით ჩადენილ ფაქტებს. აცხადებდა, რომ პირველი მსხვერპლი, თავისი მეუღლე, იური იურკინი იყო, რომელიც 25 წლის წინ მატარებლიდან გადააგდო, შემდეგ კი მისი ბინა 4. 000 დოლარად გაყიდა. ამ დანაშაულისთვის არ დასჯილა.
ობოლაშვილი კიდევ ერთი მამაკაცის მკვლელობას აღიარებდა და აცხადებდა, რომ მორიგი მსხვერპლი არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი ანატოლი კალინკა იყო. ჩანაფიქრი აქაც მსხვერპლის ქონების დაუფლება გახლდათ. ამ გზით ობოლაშვილმა კალინკას ბინის თანხა - 50. 000 დოლარი მიითვისა. ჩვენებაში ქალი დეტალურად ჰყვებოდა, როგორ გადააგდო ხიდიდან მტკვარში ანატოლი კალინკა და ძალოვნებს შემთხვევის ადგილიც კი აჩვენა. მართალია ამაზრზენი იყო გავრცელებული ჩვენებები, მაგრამ ამჯერად, ამ დეტალების შეხსენებისგან თავს შევიკავებთ, რადგან, როგორც შევიტყვეთ, პროკურატურას ვენერა ობოლაშვილისთვის კალინკას და იურკინის მკვლელობისთვის ჯერჯერობით ბრალი არ წაუყენებია. როგორც ჩანს, ძალოვნებს მტკიცებულების მოპოვება გაუჭირდათ და ამ ორი ეპიზოდის ირგვლივ საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. ფაქტია, მხოლოდ განსასჯელის აღიარებითი ჩვენება არ არის საკმარისი ბრალის წარსადგენად. ვნახოთ, მოიპოვებს თუ არა სამხილს პროკურატურა წლების წინ ჩადენილი დანაშაულის ირგვლივ.
ახლა კი წარდგენილ ბრალდებაზე შევჩერდეთ. პროკურატურამ ობოლაშვილს ბრალი მარტოხელა ქალბატონის მკვლელობისთვის წაუყენა. მოსამართლე ნინო სანდოძე მას 79 წლის მარია არზამასევას მკვლელობისთვის ასამართლებს. ამასთან, ობოლაშვილს თაღლითობაში, სხვისი ქონების დაუფლებასა და დოკუმენტების გაყალბებაშიც ედება ბრალი. როგორც ირკვევა, მარტოხელა მოხუცს უზრუნველ სიბერეს ჰპირდებოდა. ობოლაშვილი ვარკეთილში, მოხუც ქალბატონთან ერთად მის ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა. წინასწარი გამოძიების მასალებში აცხადებდა, რომ მოხუცს არაფერს აკლებდა, არც იმას უარყოფდა, რომ ბინის გაყიდვა უნდოდა და მოხუცი სწორედ ამის გამო მოკლა, ორი თვის შემდეგ კი მისი კუთვნილი ბინა 20. 000 დოლარად გაყიდა. ამაზრზენი იყო ამ ნაწილში ძალოვანთა მიერ თავდაპირველად გავრცელებული ობოლაშვილის ჩვენება:
"დეიდა მარია ძალიან მიყვარდა. ის ჩემთვის დედასავით იყო. მასაც ვუყვარდი და მეც მიყვარდა. ვუთხარი, - ვალები მაქვს, მაწუხებენ, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, ხომ არ გაკლებ რამეს, სიკვდილამდე თან გადაგყვები, მოდი, ეს სახლი გავყიდოთ-მეთქი. მითხრა, - შენ რა, შეიშალეო? - მე არა, შენ შეიშალე-მეთქი. ტახტიდან წამოვაგდე და კედლისკენ გავაქანე, ჯერ "კომოდზე" მივარტყმევინე თავი, მერე ყელში წავუჭირე და ვუთხარი, - სულს გაგაფრთხობინებ, შე, ძველო ძუკნა-მეთქი. - რას აკეთებ, შენ საერთოდ შეიშალე? - მკითხა. მხრებზე ხელი მოვკიდე და ვუთხარი, - მე კი არა, შენ შეიშალე-მეთქი, ჯერ გარდერობზე მივახეთქე, მერე კედელზე მივარტყმევინე თავი. მან პირი გააღო, მივხვდი ყვირილს აპირებდა და აღარ დამზოგავდა, ამიტომ წავავლე ყელში ხელი და რაც ძალი და ღონე მქონდა, მოვუჭირე. ჩემი დედობილი სახეზე აწითლდა, ჭარხლის ფერი დაედო, ხელი გავუშვი, გავიფიქრე, ვაიმე, დავახრჩვე-მეთქი. დაბლა დავარდა, სახეზე ხელი შემოვარტყი, გამოვათრიე, ტახტზე ზურგით მივაყუდე. თავს ვეღარ აჩერებდა, ხან ერთ, ხან მეორე მხარეს უვარდებოდა. ვიფიქრე, ხომ არ აფერისტობს-მეთქი. ტელევიზორზე პატარა სარკე იდო. ის სარკე ავიღე და ტუჩებზე დავადე, მაინტერესებდა სუნთქავდა თუ არა. ასე ორთქლი შევამოწმე, ვნახე, სუნთქავდა. - შე აფერისტო-მეთქი, - ვუთხარი. მერე ყელში თოკი წავუჭირე და მოვახრჩვე"
მას არც ის დაუმალავს, რომ ამის შემდეგ ცხედრის გადამალვა სცადა. ირწმუნებოდა, მოკლული ქალის ცხედარი ხევში მარტომ გადავაგდეო: "ეს ყველაფერი მარტომ გავაკეთე, არ გამჭირვებია. მარია ტანად პატარა ქალი იყო. მკვლელობის შემდეგ ის მოვკეცე, გარეთ, აივანზე ბევრი თოკები ჰქონდა, იმით შევკარი და ჩანთაში ჩავდე. შორს ვერ წავიღე, რადგან მძიმე იყო და ხევში გადავაგდე".
როგორც ირკვევა, მოკლული ქალის დასახიჩრებული სხეული ძალოვნებმა მკვლელობიდან მალე იპოვეს და როგორც უპატრონო მოხუცი, ისე დაკრძალეს. ყველაფერი ბინის გაყიდვის შემდეგ გაირკვა და სრულიად შემთხვევით ჩაუვარდათ ძალოვნებს ხელში ვენერა ობოლაშვილი.
ობოლაშვილმა მკვლელობის შემდეგ ბინის გაყიდვა გადაწყვიტა, ნაცნობ მაკლერს დაუკავშირდა და არზამასევას ბინა ახალგაზრდა ქალს 20. 000 დოლარად მიჰყიდა. ბუნებრივია, ბინის გადაფორმებისთვის მეპატრონის თანხმობა იყო საჭირო. ობოლაშვილმა ნოტარიუსთან მოხუცი ქალბატონი მიიყვანა, რომელიც ძალიან ჰგავდა მოკლულ ქალს და ნოტარიუსმაც ისე გააფორმა საბუთები, ეჭვი არაფერში შეუტანია.
ობოლაშვილს კონფლიქტი გარდაცვლილ მარია არზამასევას მეზობლებთან მოსვლია. ისინი თურმე მოხუცის ბინიდან ავეჯის გატანის უფლებას არ აძლევდნენ. ეს კონფლიქტი პოლიციისთვის გამხდარა ცნობილი და სწორედ ასე ჩავარდნიათ ძალოვნებს კლანჭებში ობოლაშვილი. განყოფილებაში მიყვანილი ვენერა ობოლაშვილი კი საბოლოოდ მკვლელობაში ამხილეს. რატომ აღიარა ამ დანაშაულთან ერთად წლების წინ ჩადენილი ფაქტები და საერთოდ, რა ახსნას მოუძებნის განსასჯელი გავრცელებულ ჩვენებებს, ეს სასამართლოზე გამოჩნდება და ამას მოგვიანებით გაგაცნობთ. თავდაპირველად გამოძიება იმასაც ვარაუდობდა, რომ შესაძლოა, მას კიდევ ჰქონოდა სხვა მკვლელობები ჩადენილი. ამის ეჭვს ბინის ჩხრეკისას ნაპოვნი წერილი ბადებდა. იგი ვინმე ჯემალს სწერდა, რომ ღმერთზე სასაუბროდსურდა მასთან შეხვედრა და შინ მიაკითხავდა. ჯერჯერობით უცნობია, შეძლო თუ არა გამოძიებამ ჯემალის ვინაობის დადგენა და ამ კუთხით რაიმე სამხილის პოვნა.
სასამართლო პროცესზე მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს. ჩვენება უკვე მისცა მოკლული არზამასევას ბინის მყიდველმა და მისმა მამამ. ისინი ამბობენ, რომ ეჭვი არაფერში შეუტანიათ. ასევე დაიკითხა ნოტარიუსი, რომლის მოტყუება განსასჯელმა და მისმა თანმხლებმა პირებმა უპრობლემოდ შეძლეს. ბინის ვითომ მეპატრონე მოხუც ქალბატონსა და პასპორტის ფოტოზე გამოსახულ ქალს შორის საოცარი მსგავსება იყო.
"მხარეებს ნასყიდობის ხელშეკრულების დადება სურდათ. მყიდველს, ახალგაზრდა ქალს მამაკაცი ახლდა, გამყიდველს – მოხუც ქალბატონს კი ორი ქალი, მათ შორის ერთი განსასჯელი. გამყიდველი რუსულენოვანი იყო, ამიტომ თარჯიმანი გამოვიძახე და დოკუმენტი მისი თანდასწრებით გაფორმდა. დოკუმენტაცია გადავამოწმე, ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. მხარეებს პირობები გავაცანი, არ მევალებოდა განმარტება, მაგრამ მოხუცს მაინც ვუთხარი, – ბინას რომ ყიდით, ქუჩაში არ დარჩეთ-მეთქი. წალკაში სოფელი მაქვს და იქ მივდივარო. გამყიდველის და მყიდველის პირადობის მოწმობები სამოქალაქო რეესტრში გადავამოწმე და ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. ამის შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს ნასყიდობას. თანხის გადაცემაც ჩემ თვალწინ მოხდა. განსასჯელი ძალიან აქტიურობდა, ფულსაც ხელი მან მოჰკიდა. მივუთითე, რომ გამყიდველს უნდა აეღო თანხა. მოხუცმა მითხრა, არ აქვს მნიშვნელობა, ვენდობი, ის ბანკში შეიტანს თანხასო. ბინა 20. 000 დოლარად გაიყიდა. მოხუცის პირადობის მოწმობა 10 წლის წინ იყო გაცემული, ფოტოზე საოცარი მსგავსება იყო. კარგა ხანს არ მჯეროდა, რომ ჩემს წინ რეალურად სხვა ქალი იყო. თან ბინა ახალი დარეგისტრირებული ჰქონდა. რამდენიმე დღის შემდეგ ბინის მყიდველმა დამირეკა და მითხრა, რომ ბინის მეპატრონე მოკლული იყო და ჩემთან სხვა ქალი მოიყვანეს. არ დავიჯერე, მეგონა, რომ ის ქალი, რომელიც ჩემთან იყო, ფულის აღების შემდეგ, მოკლეს", – აცხადებს ნოტარიუსი.
დაიკითხა მაკლერიც, რომლის დახმარებითაც განსასჯელმა ბინა გაყიდა. როგორც გაირკვა, მაკლერს განსასჯელთან ორწლიანი ნაცნობობა აკავშირებდა, თუმცა ობოლაშვილი სხვა სახელი და გვარით გაეცნო.მაკლერის ჩვენებიდან: "ორი წლის წინ განსასჯელი ლელა ჯავახიშვილად გამეცნო. ჩემი რაიონიდან იყო. შარშან, ნოემბერში, ვარკეთილში ვნახე და მითხრა, რომ ბინა იყო გასაყიდი და საბუთები მას ჰქონდა. თუ ვინმე გამოჩნდებოდა, დამერეკა. ახალგაზრდა ქალი ერთოთახიან ბინას ეძებდა და ისინი ერთმანეთს დავაკავშირე. საბოლოოდ 20. 000 დოლარზე შეთანხმდნენ. 21. 000 ათასად ყიდდა ავეჯიანად. ნოტარიუსთანაც ვახლდი, თუმცა შიგნით არ შევსულვარ. იქ იყო მოხუცი ქალიც, რომელსაც ახალგაზრდა ქალიც ახლდა. ბინა გადაიფორმეს და მყიდველმა 500 დოლარი გადამიხადა. რაც შეეხება ლელას, მისთვის არაფერი გამომირთმევია, რადგან ის ჩემი რაიონელი იყო, მასთან ფულზე ლაპარაკიც არ მქონია. შემდეგ ტელევიზიით გავიგე რაც მოხდა..."
სასამართლოსთვის მიცემული ერთ–ერთი მოწმის ჩვენება, სხვებისგან განსხვავებით ბრალდების შემცველი იყო. ის ირწმუნებოდა, რომ განსასჯელმა კაცის მოკვლა შესთავაზა: "განსასჯელს ვიცნობ 15-20 წელია. ლელა ჩემი მეგობრის დის, მზიას კლასელია. ჩემი მეუღლე ყავაზე მკითხაობს და ლელა ჩვენთან სახლში ხშირად მოდიოდა. დაკავებამდე ერთი თვით ადრე სადარბაზოსთან შემხვდა, ჩემთან მოდიოდა. მითხრა, ერთი მოხუცი კაცია, თავში რამე ჩაარტყი და მოკალი... მე ბინა დამრჩება, გავყიდი და შენ 200 დოლარს მოგცემო. რას ამბობ, ცხოვრებაში ქათამი არ დამიკლავს და კაცს როგორ მოვკლავ-მეთქი. სხვა დროს ასეთი რამ ჩემთვის არ უთქვამს. ვიფიქრე, რადგან ნასამართლევი ვარ, იმიტომ შემომთავაზა-მეთქი. მძღოლი ვარ, ავარია მომიხდა, ამიტომ 18 თვე ციხეში ვიყავი და 2006 წელს გავთავისუფლდი. ლელას ნათქვამი არავისთვის მითქვამს, გამიკვირდა, მაგრამ ვიფიქრე, ამხელა ქალია და ალბათ "დაუბერა"–მეთქი. თან სიცილით ისეთი რამეების თქმა იცოდა, გაგაკვირვებდა", - განაცხადა მოწმემ და ისიც კი გაიხსენა, როგორ იქეიფეს ლელას სოფელში ერთხელ. მისი თქმით, ლელა ბინების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული.
მოწმის ჩვენებას არ დაეთანხმა განსასჯელი: "რატომ არ იძახი იმას, რომ პოლიციაში გცემეს და იმის მერე ლაპარაკობ ასე? მე მაგას არც ვიკადრებდი. გჯერათ, რომ სადარბაზოსთან დავდგებოდი და ამას ვიტყოდი? ეს მე არ გითხარი, შენი მზია იყო, შენი ბავშვობის შეყვარებული და იმან გითხრა, მოკალი კაცი, 100 დოლარს მოგცემ და შარვალ კოსტუმსაც გიყიდიო", - უთხრა განსასჯელმა მოწმეს.
"ეს ტყუილია, მზიამ კი არა, შენ მითხარი", - იყო მოწმის პასუხი. როგორც გაირკვა, განსასჯელის მეგობარი მზია, რომელიც პროცესზე ახსენეს, უკვე პატიმრობაშია, იგი ობოლაშვილის დაკავებამდე თაღლითობისთვის აიყვანეს.
"რა საცოდავი ხარ, სულელია და რა ვკითხო?"– ისროლა რეპლიკა განსასჯელმა. არც მოწმემ დააყოვნა პასუხი: "სულელი რომ ვყოფილიყავი, ახლა მეც შენს გვერდით ვიჯდებოდიო".
მოსამართლემ მოწმის წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებაც გამოაქვეყნა. ის ამბობდა, რომ ლელამ კაცის მკვლელობა დაკავებამდე ერთი წლით ადრე შესთავაზა. ამჯერად კი აცხადებდა, ერთი თვით ადრე შედგა ეს საუბარიო.
როგორც გაირკვა, არზამასევას გარდაცვალების შემდეგ ობოლაშვილმა მოკლულის კუთვნილი პენსიის აღებაც უპრობლემოდ შეძლო. მას ერთ-ერთ ბრალდებად ესეც აქვს წაყენებული. ასევე დოკუმენტის გაყალბებაშიც ადანაშაულებენ. გამოძიების მტკიცებით, ობოლაშვილმა მეგობარ მზიას ყალბი ქორწინების მოწმობა დაუმზადა და ამ დოკუმენტით მზიამ დანაშაული ჩაიდინა. დეტალები სასამართლო გამოძიების პროცესში გაირკვევა.
სასამართლო სხდომებს ვენერა ობოლაშვილის ქალ-ვაჟიც ესწრებოდა. როგორც შევიტყვეთ, ის ოფიციალურ ქორწინებაში სამჯერ იმყოფებოდა. სამი შვილის დედაა. მისი უფროსი ვაჟი უცხოეთში ცხოვრობს. რაც შეეხება ქალ-ვაჟს, ისინი ბებიასთან, მამის დედასთან, ვარკეთილში ცხოვრობენ. ვენერა ობოლაშვილი ბავშვების მამას 13 წლის წინ დაშორდა. მისი ყოფილი მეუღლე 4 წლის წინ გარდაიცვალა. ობოლაშვილს შვილებთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა და მათზე ზრუნავდა. ნინო ხშირად იყო დედასთან. სასამართლოს მოწმის სტატუსით ჩვენება მან უკვე მისცა. ახალგაზრდა გოგოსთვის შოკისმომგვრელი იყო ტელევიზიით მოსმენილი ბრალდება და დედის აღიარებითი ჩვენება. ის დედის ჩვენებას ელოდება... როგორც შევიტყვეთ, ობოლაშვილი სტომატოლოგია, მაგრამ პროფესიით არასდროს უმუშავია. ბოლო დროს ბინების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული. პროცესზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება, საინტერესოა, რა ჩვენებას მისცემს განსასჯელი, შეცვლის თუ არა იგი წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს. ვნახოთ, საბოლოოდ რა ვერდიქტს გამოიტანს სასამართლო.თეა ხურცილავა