"ორჯერ კინაღამ ხერხემალში გადატყდა. ეგ იყო მიშას საფეხბურთო მოღვაწეობა" - კვირის პალიტრა

"ორჯერ კინაღამ ხერხემალში გადატყდა. ეგ იყო მიშას საფეხბურთო მოღვაწეობა"

ინტერნეტში იშვიათი ფოტო გავრცელდა, რომელზეც 1995 წელს უკრაინის რადასა და საქართველოს პარლამენტის წევრების საფეხბურთო მატჩია ასახული. ფოტოში სხვებთან ერთად, ფიგურირებენ: მიხეილ სააკაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ზურაბ ჟვანია. მატჩის პერიპეტიებზე სასაუბროდ მანუჩარ მაჩაიძეს დავუკავშირდით:

- მე მაშინ ოპოზიციაში ვიყავი, ხოლო ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი "მოქალაქეთა კავშირში". ეს თამაში მოვიგეთ 2-0. სააკაშვილი მთელი თამაშის განმავლობაში გვეღრიტინებოდა, მათამაშეთო, ბოლოს დავთანხმდით და ბოლო 5 წუთი ვათამაშეთ. სხვათაშორის, ყველა ეწინააღმდეგებოდა მის თამაშს.

- რატომ არ უნდოდათ მისი თამაში?

- ძალიან სუსტი იყო. მინდორზე ბოტასებით გამოსვლა გაგიგიათ? ბუცები არ ჩაიცვა და სულ ფეხი უცურავდა. ერთი-ორჯერ ისე წაიქცა, კინაღამ წელში გადატყდა. ძირითადად უბურთოდ დარბოდა. ზუსტად არ მახსოვს, როდის იყო და ერთხელ ტელევიზორი ჩავრთე, სააკაშვილი გამოდიოდა და ამბობდა: "ისეთი ძლიერი პრიოვნება ვარ, რომ ყველა მემორჩილება, თქვენ წარმოიდგინეთ, მანუჩარ მაჩაიძე, რომელიც ყიფიანს პასს არ აძლევდა, როცა ჩემთან ერთად თამაშობდა, რამდენჯერაც კი ბურთი ვთხოვე, მაშინვე გადმომაწოდაო". კაცმა 5 წუთი ითამაშა და მაინტერესებს, სად მოასწრო ჩემგან პასის მიღება. ისე ერთხელ მართლაც გადავაწოდე, მაგრამ მაშინვე წაართვეს, ისე გაუკვირდა და დაიბნა.

- ამ 5 წუთში გუნდა რამე სარგებელი თუ მოუტანა?

- ორჯერ კინაღამ ხერხემალში გადატყდა. ეგ იყო მაგის საფეხბურთო მოღვაწეობა. ბედი ჰქონია, რომ სერიოზული ტრავმა არ აიკიდა.

-უკრაინაშიც იყავით მიწვეული და იქაც იყო სააკაშვილი?

-კი, იქაც წამოვიდა. ეგ უკრაინაში წასვლის შანს გაუშვებდა ხელიდან? თამაშს ლეონიდ კუჩმაც ესწრებოდა, რადა სრულად იქ იყო. "დინამოს" სტადიონი სულ სავსე იყო.. მეორე წუთზევე მოვატყუე რამდენიმე ფეხბურთელი და გავიტანე. ვიგებთ 0-1. მეთხუთმეტე წუთზე დაინიშნა ჯარიმა, დავარტყი და ისევ გავიტანე. მსაჯმა მილჩენკომ მითხრა: "მანუჩარ, ამას ვერ ჩაგითვლიო" და გამამეორებინეს ჯარიმა, დავარტყი და ისევ გავიტანე. მოკლედ პირველი ტაიმი 0-2 მოვიგეთ. მეორე ტაიმში უკრაინელებმა მომიგზავნეს ჩემი ძველი ძმაკაცები, ფეხბურთელები და მანუჩარ, შენი ჭირიმე, ნუღარ გაიტან, თორემ კუჩმა დაგვცინისო, ამბობს: "ერთი მაჩაიძე დატოვონ და თუ უნდათ, 10 დეპუტატი წაიყვანონო". ამ დროს სააკაშვილი სკამზეა და გვეხვეწება: აქ მაქვს დამთავრებული და ნუ შემარცხვენთ, მათამაშეთო, ბოლოს იმ პირობით დათანხმდნენ მის თამაშს, რომ ჩვენ ცენტრს არ უნდა გადმოცდენოდა, სულ მეტოქის ნახევარზე უნდა ყოფილიყო (ბიჭებს ეშინოდათ, ჩვენ ნახევარზე რომ გადმოვიდეს, რაიმე სისულელეს იზამსო) და ამიტომ სულ "ოფსაიდში" რჩებოდა. უკრაინელებმა მაინც ვერ გაგვიტანეს, ბოლოს ჩვენ გავიტანეთ ჩვენ კარში გოლები და დასრულდა 2-2.

- გარდა სააკაშვილისა, ვინ იყო გუნდის შემადგენლობაში?

- სულ იმას ვდარდობ, ამ ხალხთან ფეხბურთი როგორ ვითამაშე. ეს ხალხია: ბარამიძე და მაჭავარიანი. მაგრად ვნანობ. ამათ გარდა სხვებიც იყვნენ ჩვენს გუნდში: გია კობახიძე, კობა ამირხანაშილი, სოფრომაძე, ვახტანგ ყოლბაია და სხვ. ბატონი ზურაბ ჟვანია გვგულშემატკივრობდა, ხათუნა გოგორიშვილი იყო ადმინსტრატორივით, ფორმებს გვირიგებდა ხოლმე.

-ახლა რომ მოგთხოვონ გუნდის დაკომპლექტება, სააკაშვილს ათამაშებდით?

-არავითარ შემთხვევაში. მე არც მაშინ მინდოდა, რომ ეთამაშა. მე მაშინაც მიშას ოპოზიცია ვიყავი. ე.წ. რეფორმატორთა ფრთას ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი. თავდაპირველად მაშინ დავუპირისპირდი, როცა პასპორტებიდან ეროვნება წაგვართვეს. ეგ გათახსირებული ხალხი ამბობდა, ახალი ეროვნება უნდა შევქნათო, რადგან ქართველები არ მოგვწონსო.

- ბატონო მანუჩარ, სააკაშვილი და სპორტი რამდენად თავსებადი ცნებებია?

- ეს ორი რამ ძალიან შორს დგას ერთმანეთისგან, წარმოუდგენლად შორს. სპორტის აზრზე არაა ეგ კაცი, მაგრამ ყოველთვის პრეტენზია ჰქონდა რომ მაგრად იცოდა ყველაფერი. ენა ჰქონდა ასი მეტრი და ლაპარაკობდა, გვაბრუებდა და ბოლოს ოღონდ გაჩუმებულიყო, ვათამაშებდით ხოლმე. მაგას შვიდ წუთზე მეტი რომ ეთამაშა შეიძლება კისერი მოეტეხა, ისეთი მოუქნელი ვინმეა, ზიანს თუ მოუტანდა გუნდს, თორემ მაგისგან სარგებელი გამორიცხული იყო.

- საკუთარ კარში ხომ არ გაიტანდა გოლს?

- საკუთარ კარში გატანასაც ცოდნა და მონდომება უნდა და მიშას ეგეც არ შეეძლო.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)