"გაყიდული ფეხბურთი" - 100-მილიონიანი ქრთამის საქმე და ბლატერის ეპოქის დასასრული - კვირის პალიტრა

"გაყიდული ფეხბურთი" - 100-მილიონიანი ქრთამის საქმე და ბლატერის ეპოქის დასასრული

ჟურნალისტთა მტკიცებით, ბლატერმა სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, დიდძალი ქრთამის აღების სანაცვლოდ გადაწყვიტა მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთსა და ყატარში ჩაატარება. ითქვა ისიც, რომ რუსეთთან გარიგებაში მონაწილეობდა "გაზპრომი", რომელმაც ფული გადაიხადა.

მაისის დასაწყისში გერმანულ ტელეარხ ARD-ს ეთერში გადაიცა საგამოძიებო ფილმი, სახელწოდებით, "გაყიდული ფეხბურთი", რომელშიც ჟურნალისტები ფიფა-ს დანაშაულებრივ გარიგებებს შეეხებოდა. კორუფციული სქემები, საიდუმლო მოლაპარაკებები "გაზპრომთან" და ქრთამის აღების ფაქტები, - ეს ის საკითხებია, რაზეც ჟურნალისტები ფილმში ლაპარაკობენ და ამ ყველაფერში ფიფა-ს მოქმედ პრეზიდენტ ზეპ ბლატერს ადანაშაულებენ. ფილმში ლაპარაკია იმაზეც, რომ ბლატერმა სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, დიდძალი ქრთამის აღების სანაცვლოდ გადაწყვიტა მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთსა და ყატარში ჩაატარება. ითქვა ისიც, რომ რუსეთთან გარიგებაში მონაწილეობდა "გაზპრომი", რომელმაც ფული გადაიხადა. ფილმამდე ფიფა კორუფციულ გარიგებებში ღიად დაადანაშაულა ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ შვეიცარიის პოლიაცამ ფიფა-ს ჩინოსნები დაკავა, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები. როგორც ირკვევა, საქმის გამოძიების ფარგლებში, ფიფას შტაბ-ბინიდან გარკვეული დოკუმენტები და ელექტრონული მონაცემები ამოიღეს. გარდა ამისა, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით ამოიღეს საბანკო დოკუმენტებიც.

ციურიხში დაკავებულ ფიფა-ს ხელმძღვანელებს შორის არიან ვიცე პრეზიდენტები - ჯეფრი ვები და ეუხენიო ფიგერედო. ამას გარდა, დაკავებულია კოსტა-რიკას ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ედუარდო ლი და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხოსე მარია მარინი.

შვეიცარიის პოლიციის ცნობით, დაკავებულთა შორის ფიფა-ს პრეზიდენტი ზეპ ბლატერი არ არის. აშშ-ს საგამოძიებო უწყებების ცნობით, მათ 1990-იანი წლების შემდეგ ლათინურ ამერიკაში ფეხბურთის ჩემპიონატებისთვის 100 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი აიღეს.

გარდა ამისა, საქმე ასევე შეეხება მსოფლიოს 2018 (რუსეთი) და 2022 (ყატარი) წლების ჩემპიონატის მასპინძლობის საკითხზე მიღებლ გადაწყვეტილებებსაც. დაკავებულებს ციურიხიდან აშშ-ში გადაიყვანენ.

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი პირები შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ყოველწლიურ შეხვედრაზე დასასწრებად იყვნენ ჩასულნი.

გავრცელებული ინფორმაციით, ფიფა-ს პრეზიდენტი, ზეპ ბლატერი და გენერალური მდივანი ჟერომ ვალკე 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატის ადგილის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით აღძრულ საქმეში არ ფიგურირებენ. ამის შესახებ ფიფა-ს პრესსპიკერმა, ვალტერ დე გრეგორიომ განაცხადა. მისივე თქმით: ამ ეტაპზე არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ ზეპ ბლატერი თანამდებობიდან გადადგეს.

შეგახსენებთ, რომ 29 მაისს, პარასკევს ფიფას-ს პრეზიდენტის არჩევნები იგეგმება. კანდიდატებს შორის არიან მოქმედი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი, იორდანიის პრინცი და იორდანიის ფეხბურთის ოფიციალური წარმომადგენელი ალი ბინ ალ -ჰუსეინი.