მამუკა გორგოძე: "მაქსიმალისტი ვარ, მაჩანჩალობა ჩემი საქმე არ არის!"
"თავს არ ვიქებ, მაგრამ ამ ასაკში ბევრს დაბრუნებაც კი გაუჭირდებოდა"
ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი "შვებულების" შემდეგ, მამუკა გორგოძე მოედანს გასული წლის დეკემბერში დაუბრუნდა. ოთხთვიანი უქმობის შემდეგ სულ ოთხი მატჩი ვითამაშე და სალაპარაკო რა არისო?! - ჩვეულად თავმდაბალია "გორგოძილა", თუმცა "კვირის პალიტრას" უარი არც ამჯერად უთხრა და მაინც ვილაპარაკეთ "ტულონზე", საქართველოს ნაკრებზეც და კარს მომდგარ მსოფლიო თასზეც:
- სამ თვეზე მეტი გამიცდა და მომენატრა საყვარელი საქმე. რაგბის თამაში არასდროს მბეზრდება - თუ ჯანი საშუალებას მაძლევს, თამაში სულ მენატრება. როცა მენტალურად "დაიღლები" თამაშით, ვარჯიშისა და თამაშის სურვილი აღარ გექნება, მაშინ გაქვს საქმე ცუდად...
- ჩანს, ასეთი რამ ჯერ არ გემუქრება...
- საბედნიეროდ, ჯერ არა, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმი ძველებურად ვეღარ მიჰყვება გონებას, ტრავმასაც უფრო ხშირად იღებ. თორემ ჯანზეც ძველებურად ვარ: მოსამზადებელი ეტაპიც კარგად გავიარე შერკინების მოთამაშეებს შორის ხუთეულში ვიყავი სირბილშიც და სიმძიმეების აწევაშიც! როცა ამბობენ, აი, კლუბში ხომ თამაშობსო, იმას რატომ ივიწყებენ, რაც ნაკრებიდან წავედი, სულ ათიოდე თამაში რომ მაქვს ნათამაშები? რამდენიმე მატჩს წაითამაშებ და ყველას ჰგონია, რომ არაფერი გაწუხებს... კარგად ვარ, არ მჩვევია და არც ახლა ვწუწუნებ, მაგრამ ხომ ყველამ ნახა, რამდენი ოპერაცია გადავიტანე? აქამდე ქირურგიული ჩარევა არასდროს დამჭირვებია, ათი თვის განმავლობაში კი ორი ოპერაცია გავიკეთე.
მყესის გაწყვეტაც ასაკობრივი ტრავმა იყო. დროთა განმავლობაში მყესიც სუსტდება, სახსარიც და კუნთიც... ახლა ფიზიკურადაც კარგად ვგრძნობ თავს და არც მონდომება მაკლია. თავს არ ვიქებ, მაგრამ ამ ასაკში ბევრს დაბრუნება გაუჭირდებოდა, კონტრაქტი ხომ მაქვს და რა მენაღვლება, როცა იქნება, დავბრუნდებიო... მე კი მაქსიმალისტი ვარ, მაჩანჩალობა ჩემი საქმე არ არის, მინდა კარიერა მაღალ დონეზე დავასრულო და ასეც იქნება, თუ კიდევ არ მივიღე ტრავმა...
- ვერც ვერავინ წარმოიდგენს, რომ მამუკა გორგოძეს შეუძლია უთამაშებლად აღებული ხელფასით კმაყოფილი იყოს!
- სამწუხაროდ, ასეთიც ბევრია... ვინმეზე კარგ ბიჭად კი არ მომაქვს თავი, მაგრამ მე მართლაც არ შემიძლია ასე.
- მოედანზე დაბრუნებისთანავე ყოფილ კლუბ "მონპელიეს" ლელოც გაუტანე და ბოჭვებშიც საუკეთესო იყავი, მომდევნო მატჩებიც ძირითად შემადგენლობაში დაიწყე. - კარგ ფორმაში ვარ, "მონპელიესთან" კი ყოველთვის ორმაგი მონდომებით ვთამაშობ. ცოტა დავიღალე, მაგრამ 34 წლის ასაკში კი არა, ზედიზედ ხუთი მატჩის თამაში გაცილებით ახალგაზრდა მორაგბისთვისაც რთულია. მით უმეტეს, საფრანგეთის ტოპ-14-ში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე რთული და მომქანცველი ჩემპიონატია!
- ამის მიზეზი ლეგიონერების სიმრავლეა? - არა მხოლოდ. ტოპ-14-ში ძალიან კონტაქტური, დამღლელი თამაშებია. "სუპერ რაგბიში" და ინგლისის ჩემპიონატში სულ მაგარი ჯახია, მაგრამ ამაზე მძიმე სათამაშო მაინც არ არის! საფრანგეთის ჩემპიონატში ინგლისური კლუბებიდან ჩამოსულმა ვერც ერთმა ვარსკვლავმა ვერ ითამაშა, მით უმეტეს, პირველივე სეზონში...
- თუმცა "ტულონის" ჩავარდნა მაინც ძალიან გასაკვირია... რა სჭირს შენს კლუბს?
- ყველა ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ მწვრთნელების და მოთამაშეების ხშირმა ცვლამ "ტულონზე" ძალიან უარყოფითად იმოქმედა. შარშან ხუთი(!) მწვრთნელი გამოიცვალეს, 7-8 წამყვანი მოთამაშე გაუშვეს, მათ შორის მაა ნონუ, ჰაბანა, ვერმიულენი, რადრადრა და სხვ. პრობლემებით შევხვდით ახალ სეზონსაც: შეკრებაზე ვერ წავედით, ბოლო წუთამდე გაურკვეველი იყო მწვრთნელის ვინაობა და ა.შ. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ უნდა ვიყოთ ცხრილში ასე ქვევით. თუმცა იმედს არ ვკარგავ, რომ ამ სეზონშიც მოვასწრებთ "დალაგებას" და ფლეი-ოფშის საგზურსაც მოვიპოვებთ!
- შეძლებთ მე-11 ადგილიდან ფლეი-ოფის ზონამდე ასვლას?! - რთული იქნება, მაგრამ იმედს არ ვკარგავ. კალენდარიც კარგი გვაქვს - მომდევნო ხუთი მატჩი შედარებით სუსტ მეტოქეებთან გვიწევს და ყველა თუ მოვიგეთ, შანსი ჩნდება.
- ჩემპიონთა თასზე უკვე დაკარგეთ ჯგუფიდან გასვლის შანსი. "ტულონის" ექსცენტრიკული პრეზიდენტი, ალბათ, გაცოფებულია. - "ტულონის" ახლანდელი თავკაცი კარგი მწვრთნელია, ბევრსაც მუშაობს და მეც მენდობა, მაგრამ გუნდის დალაგება ადვილი არ არის. არც "მონპელიეს" ჰყავს ჩვენზე ნაკლები მოთამაშეები, მაგრამ წელს მათაც სერიოზული პრობლემები აქვთ.
- "ტულონში" კიდევ ერთი წელი რჩები?
- ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს. ვარჯიშის განახლების შემდეგ იმდენად ბევრი ვივარჯიშე, მთელი სხეული მტკიოდა. ისეთ დღეში ვიყავი, ვფიქრობდი, გაისად თავს დავანებებ-მეთქი, მაგრამ მატჩები რომ განახლდა, ტკივილმა გაიარა.
- ეროვნული ნაკრებიდან წასვლის მიუხედავად, თამაშებს თვალს ადევნებ. რა შეიცვალა ბორჯღალოსნებში, როგორია "გარედან" დანახული საქართველოს ნაკრები? - ბევრი არაფერი შეცვლილა, თუმცა ბოლო დროს ხაზის მოთამაშეები მეტად აქტიურობენ და ლელოებიც უფრო ხშირად გააქვთ. ბიჭებმა იტალიასთანაც ჩინებულად ითამაშეს. თავდაპირველად ვფიქრობდი, იტალია ჩვენზე ჯერაც ბევრად წინ არის-მეთქი, მაგრამ ქართველებმა საპირისპიროში დამარწმუნეს. ბევრი წამყვანი მოთამაშე გვაკლდა და მაინც დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ. შემდეგ მოვუგეთ ტონგას და სამოას, რომლებიც არ არიან იოლად დასამარცხებელი გუნდები. კარგია, რომ ქართველი გულშემატკივარი მოგებებს მიეჩვია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, არც ისე დიდი ხნის წინ, ტონგას დამარცხება სანატრელი რომ გვქონდა! ახლა კი თუ ვეღარ მოვუგეთ, უკვირთ...
- დასანანია, რომ იტალიასთან ასე ნანატრი თამაშის შესაძლებლობა არცთუ სახარბიელო დროს მოგვეცა.
- იტალიელები თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით გვეთამაშნენ, აკლდათ მხოლოდ პარისე, რომელიც ბოლო დროს ვეღარ არის ჩვეულად სასარგებლო. თანაბრად ვეთამაშეთ იმის მიუხედავად, რომ ჩვენი კოზირები ვერ გამოვიყენეთ - შერკინებაში ვერ დავჩაგრეთ (ჩემი აზრით, დაახლოებით თანაბარი მაჩვენებელი გვქონდა), მოლში კი გვაჯობეს. პირველი არც გამკვირვებია, რადგან იტალიას უძლიერესი შერკინება ჰყავს და "ექვს ერში" თუ რამეს აღწევს, სწორედ ამის ხარჯზე. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, შერკინებაში რომ დავჯაბნოთ და მოლში მივაწვეთ? დასანანი ლელოები რომ არა, ამხელა სხვაობაც არ უნდა ყოფილიყო. როგორ შეიძლება იტალიასთან წაგებული მატჩით კმაყოფილი იყო, მაგრამ დანაკლისის გათვალისწინებით ნამდვილად კარგად ვითამაშეთ.
- იტალიაც მობილიზებული და მოტივირებული შეხვდა მატჩს. ცდილობენ ყველას დაუმტკიცონ, რომ მათ კონკურენტად არ გამოვდგებით. ეგ კი არა, იქადნებოდნენ: 5-6 წლით დაგავიწყებთ "ექვს ერზე" ფიქრსო... - გარდა იმისა, რომ დიდი მონდომებით ითამაშეს საკუთარ მოედანზე, მანამდეც დაასვენეს გუნდი და მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს. მეტი ასეთი მატჩი გვჭირდება, მაგრამ ამ ერთი თამაშითაც ვერავინ იტყვის, რომ იტალიამ აშკარად გვაჯობა. ჩვენი ძლიერი მხარეები ჯეროვნად ვერ გამოვიყენეთ, თორემ ანგარიშში სხვაობა გაცილებით მცირე იქნებოდა. რაც შეეხება "ექვსი ერის" "დავიწყებას", ქართულ რაგბიზე ძალიან მაღალი შეხედულების მქონე ფრანგები გაკვირვებული მეკითხებოდნენ, იტალიამ როგორ მოგიგოთო? ტურნირზე მუდმივი წაგებებით იტალიას უკვე ძალიან აქვს სახელი გატეხილი, ყველა "ხის კოვზის ჩემპიონებს" ეძახის. ამდენ ხანს ჩვენ რომ გვეთამაშა "ექვს ერში", იტალიაზე გაცილებით დიდი პროგრესი გვექნებოდა... მაგრამ "ექვსი ერი" კომერციული ტურნირია და რატომ მოუნდებათ ისეთი ქვეყნის დამატება, სადაც ქომაგს ბილეთში 10 ლარის გადახდაც უჭირს!
- მალე მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება, სადაც საქართველოს ნაკრებს მეტოქეებად ავსტრალია, უელსი, ფიჯი და ურუგვაი ეყოლება... - ავსტრალიასა და უელსზე ახალი რა უნდა ვთქვა... დარწმუნებული ვარ, უელსთან ტესტმატჩისგან განსხვავებულ თამაშს ვნახავთ. რაც შეეხება ფიჯის, სამოასა და ტონგასთან შედარებით, ამ გუნდს აშკარა პროგრესი აქვს და ბოლო დროს ორივეს გაასწრო! ფიჯელი მორაგბეები ტოპ-14-სა და ინგლისის ჩემპიონატს აზანზარებენ, ამ ნაკრებს ძლიერი მწვრთნელი რომ ჰყავდეს და კოლექტიური თამაში იცოდნენ, მსოფლიო თასზე, მინიმუმ, ნახევარფინალში გავიდოდნენ! გუნდურობა აკლიათ. ბოლო მატჩებში შერკინებაც გააუმჯობესეს და ამ კომპონენტში საფრანგეთმაც კი ვერაფერი დააკლო. საქართველოსთან მატჩში ფავორიტი ფიჯი იქნება, მაგრამ თუ ორგანიზებულად ვეთამაშებით და მათთვის ბურთის "დამალვას" შევძლებთ, ჩვენი შანსი გაიზრდება.
- გამოდის, ჩვენი "საკბილო" ურუგვაიღა ყოფილა? - მსოფლიო თასზე გარანტირებულ მოგებას ვერავისთან დაგეგმავ, თუმცა ურუგვაისთან ფავორიტები ვიქნებით.
- ჯგუფურ ეტაპს უელსით ვიწყებთ და ავსტრალიით ვასრულებთ. აქვს კალენდარს რაიმე მნიშვნელობა? - მსოფლიო თასზე არ მიმიქცევია ყურადღება, აი, ნოემბრის ტესტების დროს პირველ თამაშში ყოველთვის პრობლემები გვაქვს, ბოლო ორ მატჩს კი თითქმის სულ ვიგებთ.
- მსოფლიო თასზე მოთამაშე საქართველოს ნაკრების "შორიდან" ყურება არ გაგიჭირდება? - გამიჭირდება, მაგრამ ამქვეყნად მარადიული არაფერია, მჯობნის მჯობნი კი არ დაილევა... მთავარია, როცა უკან მივიხედავ, არ მრცხვენია ჩემი კარიერის, მეტიც, ვამაყობ კიდეც! კაცურად დავასრულე ნაკრებში თამაში, უკან არასდროს დამიხევია და არც ამ გადაწყვეტილებას ვნანობ... ნაკრების თამაშის შორიდან ყურება რთული იქნება, მაგრამ უკვე ორი წელია, ამას შეგუებული ვარ...
- ვიცით, რატომაც გადაწყვიტე ნაკრებიდან წასვლა - გინდა ქომაგს საუკეთესო ფორმაში ახსოვდე და არც ახალი გუნდის შენებას "შეუშალო ხელი", მაგრამ არ ფიქრობ, რომ ნაკრებიდან წასვლა გარკვეულწილად ეგოისტური გადაწყვეტილება იყო? - შესაძლოა ვინმე ასეც ფიქრობს, მაგრამ ჩემი კარიერის შემდეგ არა ვარ იმის ღირსი, ჩემს თავზე ვიფიქრო და ჩემებურად გადავწყვიტო? შეგიძლიათ ეგოისტური დაარქვათ, მაგრამ მირჩევნია თქვან, მამუკა რომ გვყოლოდა, უკეთ ვითამაშებდითო, ვიდრე ის იფიქრონ, დაბერდა და ვერ მიხვდა, რომ უნდა წასულიყოო. გულშემატკივარმა ხომ არ იცის, რას განვიცდი და როგორ მდგომარეობაში ვარ? ჩემი გადაწყვეტილების სისწორე კი იმანაც აჩვენა, რომ ნაკრებიდან წასვლის შემდეგ სული ვეღარ მოვითქვი, სულ ტრავმირებული ვიყავი... არადა, მანამდე სად გინახავთ ჩემი ტრავმა?!
- ეროვნულ ნაკრებში ბევრ ახალგაზრდა მორაგბეს მიეცა თავის გამოჩენის შანსი. - მწვრთნელმა სხვებზე უკეთ იცის, ვის და როდის მისცეს შანსი. ხაზის მოთამაშეები ადრეულ ასაკში "იხსნებიან" და მორკინალებთან შედარებით უფრო ადრეც ამთავრებენ კარიერას. ამიტომაც არ უნდა მოვერიდოთ მათთვის შესაძლებლობის მიცემას.
- ტრავმის გამო მთელი შემოდგომა გქონდა იმაზე საფიქრალად, რას გააკეთებ კარიერის დასრულების შემდეგ. მოიფიქრე?
- სიმართლე გითხრა, ჯერ არ მიფიქრია. ერთი კი ვიცი, რაშიც შემეძლება და დავჭირდები, ყოველთვის დავეხმარები ქართულ რაგბის. მის გვერდში ვიქნები როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.