"კაციჭამიებთან ერთად ვიხდი სასჯელს" (ექსკლუზივი)
"ციხიდან მალე გამოვალ და ეს საქმე ასე უსამართლოდ არ დასრულდება"
ავთანდილ ხურციძის ამბავი მთელმა საქართველომ იცის: ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი ქართველი მოკრივე რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდებით 2017 წლის 8 ივნისს ნიუ-იორკის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, გასული წლის სექტემბერში კი 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. "ჩაქუჩა" ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ მისი დანაშაულის მტკიცებულება არც ბრალდების მხარეს აქვს და სჯერა, რომ ამერიკულ ციხეში დიდხანს აღარ დარჩება. რატომ უწოდებს ავთანდილ ხურციძე საქართველოს მთავრობას "მოღალატეს", რამდენ კოლუმბიელს მოსცხო "ბებერი მუშტი" და როგორ "გააშავა" საპატიმრო ფერადკანიანებთან გადაღებული ფოტოთი, წაიკითხეთ "კვირის პალიტრის" ექსკლუზივი ბრუკლინის ციხიდან:
- დამნაშავე არა ვარ და არც თავისუფლების იმედი დამიკარგავს. გული იმაზე მწყდება, რომ ჩემს საქმეს "რუსი მაფიოზი" აწერია და ასეც გამასამართლეს, იმის მიუხედავად, რომ პროცესს ოთხი ქართველი თარჯიმანი მითარგმნიდა. მკვლელებსა და კაციჭამიებთან ერთად ვიხდი სასჯელს, მაგრამ კიდევ უფრო მკაცრი რეჟიმის საპატიმროშიც რომ გადამიყვანონ, ვპირდები ქართველ ხალხს, რომ იქაც პირველი ვიქნები ჩემი პატიოსნებით, დისციპლინითა და რეჟიმით!
არასდროს ვყოფილვარ არც "ძველი" და არც "ქუჩის" ბიჭი, სიმართლის, პატიოსნების და ვაჟკაცობისთვის კი გაქანებულ მატარებელს დავეტაკები და ვარ კიდეც დატაკებული...
- რამდენიმე ბრალდებაში გაგამართლეს და ბოლოს გედავებოდნენ მხოლოდ რეკეტსა და გემლინგს, რასაც ამხელა სასჯელი არ უნდა მოჰყოლოდა. რატომ მოგისაჯეს 10 წელი? - ბრალდების მიხედვით მაქსიმუმ ხუთი წელი მეკუთვნოდა... ეს ყველაფერი ჩემს დასაშინებლად და დასაჩაგრად მოხდა. დაკავებიდან თითქმის მეორე წლისთავზე ისევ შემომთავაზეს ბრალის აღიარება და ქვეყნიდან დეპორტი, მაგრამ იგივე ვუთხარი, მზად ვარ, ციხეში მოვკვდე, მაგრამ ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ-მეთქი!
- ბრალის აღიარების სანაცვლოდ სამწლიან სასჯელს არ გთავაზობდნენ? - იმ შემთხვევაში, თუ ბრალს ვაღიარებდი, სამ წელს მომისჯიდნენ, 200-ათასიან ჯარიმასა და აშშ-დან დეპორტაციას, მე კი ვითხოვ "დანაშაულის" მტკიცებულებებს, რაც დღემდე არ წარმოუდგენიათ. მოიყვანეს თავიანთი აგენტები, რომლებმაც ცრუჩვენებები მისცეს სასამართლოს.
- რა ჩვენება მისცეს? - აგენტმა მილმანმა თქვა, თითქოს 2017 წლის 23 აპრილს კაზინოში წავიყვანე და "ვეხმარებოდი". არადა, 22 აპრილს ინგლისში ჩემპიონი გავხდი, 23-ში კი თბილისში ჩამოვფრინდი, რაც პასპორტის შტამპითაც დასტურდება. ისიც თქვა, რომ ბრუკლინში რომელიღაც თავშეყრაზე მნახა, მაშინ, როცა იმ დროს სან-ფრანცისკოში ვიყავი და ამას ჩემი მწვრთნელები და სპარინგ-პარტნიორებიც ადასტურებენ. მეორე "მოწმეს" ჰკითხეს, ხურციძეს თუ იცნობო? ვიცნობო, მაგრამ როცა ჩემი ამოცნობა სთხოვეს, ვერ მიცნო, დარბაზში არ არისო. ერთსა და იმავე ამბავზე სხვადასხვა ვერსიას მოჰყვნენ მოწმეები ალექსანდრ კუცენკო და ზურაბ ჯანაშვილი. კუცენკოს თქმით, მე, რაჟდენ შულაია (გავლენიანი "კანონიერი ქურდი", რომლის დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობასაც ედავებიან ხურციძეს. - რ.შ.) და მამუკა ჩაგანავა ერთად ვიყავით ოთახში, საიდანაც ცემის ხმა ესმოდა. კარზე ყური მქონდა მიდებული, მაგრამ არ ვიცი, ვინ ვის სცემდაო. ჯანაშვილის თქმით კი, კუცენკო იქ საერთოდ არ ყოფილა, მე და ავთო მეორე ოთახში ვისხედით მაგიდასთან და არ ვიცი, ვის სცემდნენო. სინამდვილეში არსადაც არ ვმჯდარვარ!
- ეს ყველაფერი შენს დასადანაშაულებლად არის მოგონილი? - ეს აგენტები 20-25 წელია, აშშ-ში ცხოვრობენ და თავიანთი კრიმინალური ისტორიები აქვთ. ზოგიერთ მათგანს პროკურორები ფულს უხდიან მსგავსი ისტორიების სანაცვლოდ, სხვებს სასჯელს უმსუბუქებენ და ა.შ. სინამდვილეში, ჩემი "დანაშაულია" 500-დოლარიანი ჩეკი, რომელიც მეგობარ გოგონას გავუგზავნე. ასევე ჩემი საკრედიტო ბარათი, რომელიც შულაიას სახლში იპოვეს. ეს ბარათი რაჟდენს ინგლისში გამგზავრებისას დავუტოვე და ვთხოვე, დაეფარა დავალიანება (700 დოლარი), რაც საწვავში, სატელეფონო საუბრებსა და კვების ობიექტებში იყო გადახდილი.
- შენი ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ბრუკლინის ციხეში ჩხუბი (2018 წლის აგვისტოში კოლუმბიური დაჯგუფების წევრებთან კონფლიქტისას, ცივი იარაღით დაჭრეს რაჟდენ შულაია და ავთანდილ ხურციძე. - რ.შ.) სასჯელის გასამკაცრებლად დაგეგმილი პროვოკაცია იყო... - არა მგონია, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ პროკურორებმა ჩემს წინააღმდეგ გამოიყენეს. თავად განსაჯეთ, სამართლიანია თუ არა ხუთი წლის დამატება ჩხუბისთვის, რომლის გამოც თავად საპატიმროს ადმინისტრაციამ მხოლოდ ერთი თვით სპეციალურ საკანში ჩასმით დამსაჯა? იმ ჩხუბში არავინ მომკვდარა და ჩემს მეტი, არც საავადმყოფოში წაუყვანიათ ვინმე. გავაპროტესტე კიდეც და სასამართლო თავიდან განიხილავს ჩხუბის ეპიზოდს. ლიტრზე მეტი სისხლი დავკარგე, მაგრამ ესეც ჩემს წინააღმდეგ გამოიყენეს - ხურციძე ციხეშიც დაეხმარა შულაიას, იქ დანაც იყო და სისხლის გუბეცო, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, ვისი დანა იყო და ვისი სისხლის გუბე...
- ის ხომ მართალია, რომ ჩხუბში შულაიას დასახმარებლად ჩაერთე? - როცა კამერაში შევედი, დავინახე, რომ ერთ ქართველს თხუთმეტი ლათინოსი ეჩხუბებოდა, შულაიას ხელისგული მოჭმული ჰქონდა (ხომ გითხარით, კაციჭამიები არიან-მეთქი). დამინახეს თუ არა, ყველა ერთად დამესია.
- ორი ქართველი აღმოჩნდით თხუთმეტი კოლუმბიელის წინააღმდეგ, არავინ გეხმარებოდათ? - ერთი მოლდაველი ბიჭი იყო, მოჭიდავე ვარო. ყურები კი ჰქონდა ხინკლის ნაოჭებივით, მაგრამ მოჭიდავე კი არა, მორბენალი ყოფილა. დანა რომ დაინახა, ერთი კი დაიძახა რუსულად, "მამაო", და ისეთი სისწრაფით გაიქცა, კინაღამ წამაქცია ჰაერის ტალღამ. ერთი თვის შემდეგ, როცა საერთო საკანში დავბრუნდი, სხვა პატიმრებმაც მოირბინეს ბოდიშებით, საშხაპეში რომ არ ვყოფილიყავით, დაგეხმარებოდითო. საშხაპეში სულ სამი განყოფილებაა და 15 კაცი ერთდროულად ბანაობდით-მეთქი? (იცინის)
- ციხის ბადრაგიც "საშხაპეში იყო"? - მორიგე არც გამოსულა ოთახიდან. როგორც მითხრეს, მხოლოდ ხელი გამოყო და პილპილის დეოდორანტი გამოაფრქვიაო. კოლუმბიელები ჩვენზე გაცილებით ბევრი იყვნენ, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ცალი თვალი სისხლით მქონდა სავსე, ვისაც მივაწვდინე ეს ბებერი მუშტი, ფეხზე არც ერთი არ დამიტოვებია. დანის პატრონს განსაკუთრებული "პატივი ვეცი": რომ დავარტყი, დანა გაუვარდა ხელიდან და გაქცევა დააპირა, მაგრამ გრძელ კიკინაში ვწვდი და კარგად "დავამუშავე".
- საერთო კამერაში თქვენი დაბრუნების შემდეგ, კონფლიქტი ხომ აღარ გაგრძელებულა?
- არა. ჭრილობების დამუშავების შემდეგ, შულაიასთან ერთად შემაგდეს საკანში და იქ "გამოვშუშდით". იმ ინციდენტშიც დამნაშავედ გამომაცხადეს, რადგან დანა არ დაფიქსირებულა ოქმში. დანა რომ ეხსენებინათ, თავდაცვა გამოდიოდა და თავდასხმას ვეღარ დაგვაბრალებდნენ. რადგან ოქმის ხელმოწერაზე უარი ვთქვი, საკანში კონდიციონერი გამოგვირთეს! აგვისტო იყო, განცალკევებული საკნები კი სახურავზეა და... გახურებული ბეტონის ქვეშ "კურორტზე" ვიყავით ორი ქართველი...
- წინა ინტერვიუში მითხარი, არ ვიცი, რისთვის დამაპატიმრესო, ახლა იცი? - მხოლოდ ის ვიცი, რომ 8 ივლისს ბილი ჯო სანდერსთან უნდა მქონოდა სატიტულო ბრძოლა, მატჩამდე ერთი თვით ადრე კი დამაკავეს. ნახევარმილიონიანი კონტრაქტი გამზადებული იყო და აშშ-ში მის ხელმოსაწერად ჩამოვედი. ჩემმა ადვოკატებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა სასამართლოს გირაოთი გავეთავისუფლებინე. მათ დაამტკიცეს, რომ კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირი არ მქონია. განაჩენი გასაჩივრებულია, სავარაუდოდ, ივნისში კიდევ ერთი სასამართლო გაიმართება. ცრემლს ძლივს ვიკავებდი, როცა გავიგე, რომ ჩემი მწვრთნელები მზად იყვნენ ჩემს განსათავისუფლებლად თავიანთი სახლებიც კი დაეგირავებინათ! მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჩემს მეგობრებს, ასევე აშშ-ში მცხოვრებ ყველა იმ ქართველს, ვინც 100-100 დოლარით შეაგროვა ადვოკატისთვის საჭირო თანხა. სამწუხაროდ, ჩემმა პირველმა ადვოკატმა ასე სიმწრით შეგროვებული 20 ათასი მიითვისა და არაფერი გააკეთა. კიდევ 5 ათასის ჩაჯიბვაც უნდოდა. საბედნიეროდ, ახალმა ადვოკატებმა კარგად იმუშავეს და მჯერა, რომ სიმართლეს აუცილებლად დავამტკიცებთ. ისე, მოგიყვებით, თავდაპირველად, რა მეგონა ჩემი დაკავების მიზეზი.
ამ ამბავს პირველად ვყვები: კიევი-ნიუ-იორკის რეისზე ულამაზეს უკრაინელ გოგონასთან ერთად ვიმგზავრე. ტრაპზე დავინახე და ისე მომეწონა, გვერდით მივუჯექი. შავმა ღვინომ და ტკბილმა საუბარმა ისე "დაგვაახლოვა", შევთავაზე, საღამო ბრუკლინში ერთად გავატაროთ-მეთქი! არ გამოვა, აეროპორტში ქმარი უნდა დამხვდეს, თვითმფრინავშივე თუ მოვიფიქრებთ რამესო. სხვა რა გზა იყო და... ლაინერის ვიწრო საპირფარეშოში დავარღვიეთ ფრენის წესები. როგორც კი ნიუ-იორკის აეროპორტში დავეშვით, ჩვენი რეისის მგზავრების საბუთების შემოწმება გამოაცხადეს. გულმა რეჩხი მიყო, ალბათ, თვითმფრინავის კამერებმა დაგვაფიქსირა და ჯარიმა არ ამცდება-მეთქი. პოლიციელები რომ დავინახე, იმ გოგონას გავეხუმრე, ხომ ხედავ, დაცვა მელოდება-მეთქი. თურმე მართლა მე არ მელოდებიან?!
ხელბორკილი რომ დამადეს, შევატყვე, მოსვლას აპირებდა, მაგრამ თვალებით ვანიშნე, არ მოსულიყო. არც მე გამიმხელია ჩემთან ერთად რომ იყო, თორემ მის ქმარს ტყუილად შერჩებოდა ვარდების უზარმაზარი თაიგული.
- შენი ოჯახი საპროტესტო აქციების წამოწყებას გეგმავდა, საქართველოს მთავრობა არანაირ ყურადღებას არ გვაქცევსო. - დედას საქართველოში აშშ-ის საელჩოს შესასვლელის გადაკეტვით უნდოდა ჩემი უსაფუძვლო პატიმრობის გაპროტესტება. ჩემი თხოვნით გადაიფიქრა, არ მინდოდა დედისთვის ამხელა ტვირთის აკიდება, თორემ ძალიან ბევრი ადამიანი დაუდგებოდა გვერდით, მხოლოდ ჩემი მეგობრები და ქომაგებიც ეყოფოდა ამ საქმეს.
როცა დამაკავეს, ხუთი საჩემპიონო ქამრის მფლობელი და ჩემპიონობის რეალური კანდიდატი ვიყავი. ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას გავიგე, რაჟდენ შულაიას დაკავებას რომ აპირებდნენ. ალბათ, ჩემი რეაქციაც აინტერესებდათ და ვითომ გამაფრთხილეს, მოერიდე მასთან ურთიერთობას, თორემ შეიძლება შენც დაგაკავონო. არ ვიცი, რაზე ილაპარაკეს ამერიკელმა პროკურორებმა და ქართულმა მხარემ, მაგრამ ფაქტია, რომ საზღვარზე უპრობლემოდ გამატარეს, ინგლისიც მოვიარე და როცა აშშ-ში ჩავფრინდი, მაშინ დამაკავეს. არადა, თუ კრიმინალი ვიყავი, საქართველოდან რატომ გამიშვეს?
- აქ ცოტას თუ სჯეროდა, რომ მართლაც იყავი დანაშაულებრივი სინდიკატის წევრი, მაგრამ ძალიან ბევრი ქართველი გააღიზიანე, როცა სოციალურ ქსელში დაწერე: "რუსებს როგორი "პადდერჟკა" სცოდნიათ, ხომ არ ვთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და რუსეთის ხომ არ მივიღო?... თუ ამერიკა დამადეპორტებს, რუსეთში გავაგრძელებ კარიერას, საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი არა ვარ". რას გულისხმობდი? - საქართველოს მთავრობა დღემდე დუმს, ამიტომ მოღალატედ მივიჩნევ. დაჭრილი რომ ვიყავი, ჩემი ამბავი მაშინაც არ მოუკითხავთ! მხოლოდ ათი თვის მერე დარეკეს, როცა დედამ საპროტესტო წერილების წერა დაიწყო. ჰოდა, იმ ხალხს მინდა ვუთხრა: "მაგდანას ლურჯა" ნანახი გექნებათ - დაუძლურებულ ვირს ხევში რომ გადააგდებს მენახშირე, მერე კი მოვლილის და მოფერიანებულის უკან დაბრუნებას მოიწადინებს. ჩემი ამბავიც "ლურჯას" მაგონებს - საკანში გამოკეტილი არავის ვუნდივარ, მაგრამ თუ დავაღწიე თავი აქაურობას, მოთხოვნა დიდია! არადა, ციხიდან მალე გამოვალ და ეს საქმე ასე უსამართლოდ არ დასრულდება, საქართველოს კი... საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო დაინტერესებულიყო მაინც, იქნებ მართალი ვარ?
- ცოტა ხნის წინ ციხეში ფერადკანიანებთან ერთად გადაღებული სახალისო ფოტოები გამოფინე წარწერით: "რა ვუყოთ, რომ შავი ვარ"... - ის ფოტოები შემთხვევით გადავიღეთ: როცა ფოტოები გადაიღეს, "შავებს" ვთხოვე, არ დაშლილიყვნენ და მეც ჩავემატე. სწორედ ამას მოჰყვა კომენტარები, ნახეთ, ავთოს ციხე "გაუშავებიაო". მოკლედ, მოვუხდი "შავებს" და მივაწერე კიდეც სიმღერის ტექსტი ფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა".
- ციხეში ისევ ვარჯიშობ? - ვვარჯიშობ, ინგლისურ ენასაც ვსწავლობ და აქაურ ეკლესიაში წირვა-ლოცვას ვესწრები. ნარკოტიკიც ბევრჯერ შემოუთავაზებიათ და ციხის თამაშებში ჩართვაც, მაგრამ ეშმაკი ადვილად ვერ მომერევა. ღმერთს ვუყვარვარ და უფალთან ახლოს ვარ!