"ტრამპი გაოცებული მიყურებდა - როგორც ჩანს, "თავისიანი" ვეგონე"
"მთავარ მსაჯს ყურსასმენში სამჯერ(!) უთხრეს, რომ დოჰიოს გარეთ ფეხი არ დამიდგამს, მაგრამ მაინც ჩემ უკან მჯდომ "ოიაკატას" დაეთანხმა, - იქვე იჯდა და მან უკეთ დაინახაო..."
გასული კვირის ბოლოს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მაჩანჩალა გიბრალტარი დაამარცხა (3:0) და დანიაში გაემგზავრა გაცილებით რთული გამოცდის ჩასაბარებლად. თუმცა ბოლო დღეების ერთ-ერთი უმთავრესი ამბავი ისევ სუმოს უკავშირდება - მორიგი ტრავმისა და მსაჯების არასწორი გადაწყვეტილების მიუხედავად, ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მაინც დაიბრუნა "ოძეკის" რანგი და გახდა სუმოს ისტორიაში მეექვსე "რიკიში" (პროფესიონალი სუმოისტი), რომელმაც ამ პრესტიჟული წოდების დაბრუნება დაკარგვიდან ერთი ტურნირის შემდეგ შეძლო! 16 ივნისს ლევანი საქართველოში ჩამოდის, მანამდე კი "კვირის პალიტრას" მორიგ ექსკლუზივზე დათანხმდა:
- შეკრებაზე კი წამოვედი, მაგრამ მთელი დატვირთვით ვერ ვვარჯიშობ. "ენდოსთან" შეხვედრისას დოჰიოს მუხლი დავარტყი და მენისკი დავიზიანე,-მყესი სანახევროდ გაგლეჯილი მაქვს. ჯვარედინი იოგი ისედაც აღარ მქონდა და ახლა ესეც დაემატა. შეკრებაზე წამოსვლამდე კიდევ დამჭირდა მუხლიდან სითხის ამოღება. ნემსებითა და მედიკამენტებითაც ვმკურნალობ. ცოტა წონაშიც დავიკელი და ყველანაირად ვცდილობ, ივლისის ბაშომდე დარჩენილ ერთ თვეში როგორმე გამოვჯანმრთელდე.
- მუხლიდან სითხის ამოღება ბაშოზეც დაგჭირდა? - დიახ, ვინც მაისის ტურნირზე ჩემს გამოსვლას ადევნებდა თვალს, ნახავდა, რომ საწყისი ათი დღე კარგად ვიჭიდავე, მას შემდეგ კი, რაც ტრავმა მივიღე, ფეხს ბოლომდე ვეღარ ვეყრდნობოდი. სითხის ამოღების შემდეგ ფეხში ძალას კარგავ, მუხლს ძალას ვეღარ ატან.
- არადა, ნაცუ ბაშო საუცხოოდ დაიწყე: ეს კარგი ფიზიკური კონდიციის დამსახურება იყო თუ "ოძეკის" წოდების დაბრუნების წყურვილის? - ფიზიკურადაც კარგად ვიყავი მომზადებული. ოსაკას ბაშოს დასრულების შემდეგ, ძველ ტრავმებს აღარ შევუწუხებივარ (ლევანს მუხლისა და მენჯის ქრონიკული ტრავმები აქვს. - ავტ.) და სრული დატვირთვით ვივარჯიშე, საჩვენებელ ტურნირებშიც კარგად ვიასპარეზე და რაც მთავარია, განწყობაც კარგი მქონდა! სამწუხაროდ, ნაცუ ბაშოს მერვე დღის შემდეგ, როცა "ენდოსთან" შეხვედრაში დავეცი და მენისკი დავიზიანე, ყველაფერი აირია.
- "ენდოსთან" სასტარტო შეჯახებიდან მალევე ფეხი გაგისრიალდა და დაეცი... - ვერც მივხვდი, რა მოხდა იმ ეპიზოდში... ისე კი, "ენდოსთან" ჭიდაობა სულ მიჭირს - დაბალი დგომი აქვს და ჩემთვის უხერხული მეტოქეა. წაგებას ვინ დაეძებდა, ნეტავ მორიგი ტრავმა არ მიმეღო. მუხლში ძალა რომ გამომეცალა, მერე კი ვინანე, რატომ გამოვიღე სითხე, როგორმე გამეძლო და ბაშოს ბოლომდე ტკივილგამაყუჩებლის დახმარებით მეჭიდავა-მეთქი, მაგრამ ხომ იცით, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მხოლოდ მერე ჩანს.
- ისე, ტრავმებზე მხოლოდ ბაშოს დასრულების შემდეგ ლაპარაკობ ხოლმე. შარშანაც გვიან გაამხილე, მოტეხილი მაჯით რომ ეჭიდავე "იოკოძუნა" "კაკურიუს". - ვცდილობ ტრავმაზე ბევრი არ ვილაპარაკო. შარშან სხვა ვითარება იყო: არ მინდოდა ეფიქრათ, "ოძეკის" წოდება გაინაღდა და "იოკოძუნასთან" შეხვედრას თავი აარიდაო. მაინც უნდა მეჭიდავა და წუწუნს რა აზრი ჰქონდა?!
- ახლა მაისის ბაშოს ყველაზე სკანდალური შეხვედრა გავიხსენოთ - "ტოჩინოშინი"-"ასანოიამა". - როცა "შიმპანები" (მსაჯები, რომლებიც რინგს გარეთ აკვირდებიან ორთაბრძოლას. - ავტ.) დოჰიოზე ავიდნენ სათათბიროდ, ვიფიქრე, წესი ხომ არ დავარღვიე და "ასანოიამას" თმაზე ხომ არ მოვქაჩე-მეთქი? თუმცა ასეთი ვერაფერი გავიხსენე და ჩავთვალე, რომ შეხვედრა მოგებული მქონდა... იმის მიუხედავად, რომ "მონო-ი" (მსაჯების თათბირი) უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა, მაინც მჯეროდა, რომ მოგებას არ წამართმევდნენ, ასეთ დაუშვებელ რაღაცას არ დაუშვებდნენ, მაგრამ როცა გადაწყვეტილების გამოცხადება ძალიან გაჭიანურდა, მივხვდი, რომ ჩემი საქმე ცუდად იყო... ფაქტობრივად, აჩუქეს ჩემპიონობა "ასანოიამას", ლანგრით მიართვეს "იმპერატორის თასი"!
- წლებია, არავის უნახავს ამდენ ხანს გაგრძელებული "მონო-ი". როგორ დაადგინეს, რომ დოჰიოდან "ძირს გადადგი" ფეხი? - ექვსწუთიანი "მონო-ი" სუმოში მართლაც არავის ახსოვს! მთავარ მსაჯს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას აცხადებს, ყურსასმენი უკეთია და მისი მეშვეობით სპეციალური კამერების გადაღებულ ინფორმაციას აწვდიან. როგორც გავიგე, ყურსასმენში სამჯერ(!) უთხრეს, რომ დოჰიოს გარეთ ფეხი არ დამიდგამს, მაგრამ მთავარი მსაჯი მაინც ჩემ უკან მჯდომ "ოიაკატას" (სუმოს მწვრთნელი, კლუბის ხელმძღვანელი) დაეთანხმა, იქვე იჯდა და მან უკეთ დაინახაო. დაეთანხმნენ და წაგება ჩამითვალეს.
- "ოიაკატამ" ვიდეოკამერაზე უკეთ დაინახა? - ფაქტია, გამარჯვებულად "ასანოიამა" გამოაცხადეს. ყველამ ნახა, რაც მოხდა... ამ თემაზე მეტს ვეღარაფერს ვიტყვი.
- მოგვიანებით სუმოს "მამებმა" ხომ აღიარეს, შეცდომა დავუშვითო? - აღიარეს, მაგრამ რაღა მნიშვნელობა ჰქონდა, შავს ხომ ვეღარ გავათეთრებდით?! გამოხმაურება კი მართლაც დიდი იყო - დარბაზშიც, პრესასა თუ ინტერნეტშიც... "რიოგოკუს" დარბაზი ჩემს კლუბთან ახლოსაა და ფეხით მივდივარ ხოლმე. ბაშოდან გამოსულს, მთელი გზა შეძახილებით მომყვებოდნენ იაპონელი ქომაგები, გული არ გაიტეხო, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენთვის მაინც "ოძეკი" ხარო!
- საქართველოში დარწმუნებული არიან, რომ "ასანოიამასთან" სპეციალურად წაგაგებინეს, რათა, ბოლოს და ბოლოს, იაპონელს აეწია "იმპერატორის თასი". მანდ რას ამბობენ? - "შეცდომა დაუშვეს", სხვა რა უნდა თქვან?!
- დაიწერა, რომ ასეთი უსამართლობის შემდეგ, შესაძლოა "ოძეკის" წოდება 9 მოგების შემთხვევაშიც დაებრუნებინათ შენთვის. - მეც მითხრეს, ასე დაიწერაო, მაგრამ არ გამიგია, ასეთი რამ ოდესმე მომხდარიყოს. სიმართლე გითხრათ, ამაზე არც მიფიქრია,-"ასანოიამასთან" წაგების შემდეგ კიდევ ორი შეხვედრა მქონდა დარჩენილი და მჯეროდა, რომ ერთს მაინც მოვიგებდი!
- "ასანოიამამ" თქვა, რომ მსაჯების გადაწყვეტილების შემდეგ მთელი დღე ცუდ ხასიათზე იყო, გუნება ჩემპიონობამაც კი ვერ გამომიკეთა, მაგრამ მოგვიანებით, როცა ლევანს შევხვდი და გამარჯვება მომილოცა, ცოტათი დავწყნარდიო... - ის არც არის დამნაშავე. "ასანოიამა" ძალიან პატარა მახსოვს. კარგი, წესიერი ახალგაზრდაა. "ჯუნგიოს" (საჩვენებელი ტურნირები) დროსაც ერთად ვვარჯიშობთ და ისედაც, დოჰიოს მიღმა, ერთმანეთთან ყველას მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს. ასე რომ, ჩემპიონობა გულწრფელად მივულოცე.
- "ასანოიამასთან" ბაშოს მეცამეტე დღეს წაგაგებინეს. ვიცი, რომ ცრუმორწმუნე არა ხარ, მაგრამ "13" მართლაც ცუდად გაქვს დაცდილი: ბაშოს მეცამეტე დღეს ან 13 რიცხვში ხან ტრავმას იღებ, ხანაც სხვა ხიფათში ეხვევი... - ტურნირის მეცამეტე დღე სულ პარასკევია და ასე იყო ამჯერადაც. მეხუთე და მეცამეტე დღე ცუდად მაქვს დაცდილი. არადა, 13 ოქტომბერს ვარ დაბადებული.
- მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ძალიან გაბრაზებული გახვედი "კაკურიუსთან" საბრძოლველად: სასტარტო შეჯახებისთანავე გაეცალე "იოკოძუნას" და წონასწორობა დააკარგვინე... - აუცილებლად უნდა მომეგო და ილეთს ვინღა უყურებდა? ბოლო დღეებში ისე ცუდად წავიდა საქმე, რომ 9:1 ბალანსის შემდეგ, ზედიზედ სამი შეხვედრა წავაგე. ძალიან უხასიათოდ ვიყავი, ამას მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილებაც დაემატა და... "კაკურიუსთან" ძალიან გაბრაზებული გავედი საჭიდაოდ.
- ბაშოს ბოლო დღეს, როცა მიზანი უკვე შესრულებული გქონდა, პრინციპულ მეტოქესთან, "ოძეკი" "ტაკაიასუსთან" დამარცხდი. - რადგან "იმპერატორისა" და "ტრამპის" თასს ვერ შევწვდი, მინდოდა ტურნირის ბოლო შეხვედრა მაინც მომეგო და ბაშო გამარჯვებით დამესრულებინა. მით უმეტეს, რომ 26 მაისი იყო - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. სამწუხაროდ, არ გამიმართლა. ყველამ იცის, რომ წუწუნი არ მჩვევია, მაგრამ ფეხი ახლაც მაწუხებს, სიარულიც მიჭირს. დაველოდოთ მკურნალობის შედეგებს და ჭიდაობასაც ამის მიხედვით გავაგრძელებ.
- კარგა ხნით ადრე იყო ცნობილი, რომ მაისის ბაშოს ბოლო დღეს ტურნირს იაპონიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ის პრეზიდენტიც დაესწრებოდა. - დონალდ ტრამპის ვიზიტს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს, მთელი რაიონი გადაკეტილი იყო და დარბაზში შესვლისას სუმოისტებიც გულდასმით შეგვამოწმეს. შეხვედრების დასრულების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჩემპიონ "ასანოიამას" სპეციალურად დაწესებული "ტრამპის თასიც" გადასცა.
სხვათა შორის, როცა დოჰიოზე ავედი საჭიდაოდ და "ჯოჯია" გამოაცხადეს (ასე უწოდებენ იაპონელები საქართველოს. - ავტ.), ტრამპი გაოცებული მიყურებდა, როგორც ჩანს, "თავისიანი" ვეგონე, ჯორჯიის შტატიდან.
- დიდ წარმატებებს კარიერის ბოლო წლებში მიაღწიე. ალბათ, გული გწყდება, რამდენიმე წლით ახალგაზრდა რომ ვიყო და ამდენ ტრავმას არ შევეფერხებინე, "იოკოძუნას" წოდების მიღებაც რეალური იქნებოდაო. ასეა? - ამაზე ბევრჯერ მიფიქრია... ყველა სპორტსმენს თავისებური კარიერა აქვს, ამიტომაც ბედს არ ვუჩივი, არასდროს ვწუწუნებ და ვოცნებობ, კარიერის თავიდან დაწყება რომ შემეძლოს, ან ცოტათი ახალგაზრდა ვიყო, "იოკოძუნა" გავხდებოდი-მეთქი. ყველაფერი უფლის ნებაა. ნათქვამია, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო. ასე რომ, კარგია "ოძეკი" კარიერის ბოლო წლებში მაინც რომ გავხდი!
- სუმოს წესების თანახმად, "ოძეკმა" ზედიზედ ორჯერ უნდა მოიგოს "იმპერატორის თასი", რათა "იოკოძუნად" გახდომის შანსი მიიღოს. - ან ზედიზედ რამდენიმე ბაშოზე მოიგოს მინიმუმ 13 ორთაბრძოლა. ოღონდ= სუმოს იერარქიის ამ უმაღლესი წოდების მიღება მხოლოდ შედეგებზე არ არის დამოკიდებული - იკრიბება სპეციალური კომისია, რომელიც გადაწყვეტს, არის თუ არა "ოძეკი" ღირსი, "დიდი ჩემპიონი" - "იოკოძუნა" გახდეს. რაც შემეხება მე, ოქტომბერში 32 წლის ვხდები და ბოლო წლებია, ისე გამაწამა ტრავმებმა, "იოკოძუნობაზე" კი არა, უკვე "პენსიაზე" ვფიქრობ... ტრავმირებულ ორგანიზმს უჭირს დიდი დატვირთვების გაძლება. თუმცა ჯერჯერობით ვუძლებ, "ვეჭიდავები" თავს, ძალს მე ვარ, ძალს - ჩემი ტრავმირებული მუხლები... ვნახოთ, ვინ აჯობებს.
- რადგან უკვე "შემოგპარვია" კარიერის დასრულებაზე ფიქრი, ალბათ, იმაზეც ფიქრობ, რას გააკეთებ აქტიური სუმოდან წასვლის შემდეგ - იაპონიაში დარჩები, თუ სამშობლოში დაბრუნდები? - ჩემი კლუბის პრეზიდენტი და სუმოს ასოციაცია კი მთავაზობენ, მაგრამ აქ დარჩენას არ ვგეგმავ. შემიძლია ჩემი კლუბი გავხსნა ან სამი წლის განმავლობაში ჩემი "ოძეკი ტოჩინოშინის" სახელით ამჟამინდელ კლუბში დავრჩე და მწვრთნელ-ხელმძღვანელად, ანუ "ოიაკატად" ვიმუშაო. სამი წლის შემდეგ, თუ პრეზიდენტის სახელს "იყიდი", შეგიძლია 65 წლის ასაკამდე დარჩე სუმოს ფედერაციაში. თუმცა, როგორც გითხარით, იაპონიაში დარჩენას არ ვაპირებ. მით უმეტეს, 65 წლის ასაკამდე! იმდენი სახელი კი მაქვს, დროდადრო ჩამოვიდე იაპონიაში. მე ქართველი კაცი ვარ და ჩემს სამშობლოში უნდა ვიცხოვრო! სახლში მინდა, ჩემს სახლში!
- სადაც იშვიათად ახერხებ ჩამოსვლას... - როცა საქართველოში წამოსვლის დრო ახლოვდება, დამშვიდებას ვეღარ ვახერხებ. დღეებს ვითვლი, ერთი სული მაქვს, როდის მოვესიყვარულები მონატრებულ ოჯახს, ქვეყანას, მეგობრებს, ჩემს გულშემატკივრებს, რომელთა ყურადღებასა და მხარდაჭერას სულ ვგრძნობ.