"ენას ვაბინძურებთ, მამული გავანიავეთ, სარწმუნოება დავკარგეთ და კიდევ გვიკვირს, რატომ ვართ ასეთ დღეში?!" - მაია ჩიბურდანიძე აკადემიით ბრუნდება - კვირის პალიტრა

"ენას ვაბინძურებთ, მამული გავანიავეთ, სარწმუნოება დავკარგეთ და კიდევ გვიკვირს, რატომ ვართ ასეთ დღეში?!" - მაია ჩიბურდანიძე აკადემიით ბრუნდება

"ჭადრაკში ნონასავით აზარტული რომ ვყოფილიყავი, ალბათ, სხვა"ორბიტაზე" გავიდოდი" - ექსკლუზივი

ფოტოგალერეა

მაია დაბრუნდა. არსად წასულა, მაგრამ აღარ ჩანდა: მით უმეტეს, – ქართულ ჭადრაკში. განზე იყო. ჭადრაკს მიღმა, თავის შექმნილ სამყაროში... თუმცა მთავარია, რომ დაბრუნდა, დაბრუნდა, რათა თავისი უდიდესი გამოცდილება ახალი დედოფლების (მეფეებისაც!) გასაზრდელად დახარჯოს. სექტემბრიდან დიდ დიღომში მაია ჩიბურდანიძის აკადემია იხსნება. 4-8 სექტემბერს ჭადრაკის დედოფლის აკადემია საჭადრაკო ფესტივალს უმასპინძლებს, ტურნირის დასრულების შემდეგ კი სასწავლო პროცესიც დაიწყება. ჭადრაკის დედოფალს მედიასთან ურთიერთობა არ უყვარს. ამიტომაც ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონისა და "საჭადრაკო "ოსკარის" ოთხგზის მფლობელის ინტერვიუზე დათანხმება ჟურნალისტისთვის ლამის ისეთივე წარმატებაა, მაია ჩიბურდანიძესთან ყაიმი რომ იქნებოდა! დიდ ჩემპიონთან ექსკლუზიურ ინტერვიუში უმეტესად აწმყოსა და გეგმებზე ვილაპარაკეთ:

- შარშანწინ ზურაბ აზმაიფარაშვილის აკადემიაში შემომთავაზეს სასწავლო პროცესში მონაწილეობა და მომეწონა ბავშვებთან ურთიერთობა. საბჭოეთის დაშლის შემდეგ ჭადრაკით დაინტერესება თანდათან იკარგება. აღარ ჩანან ისეთი ვარსკვლავები, ჩვენს დროს რომ იყვნენ, ამიტომ ჩვენი საჭადრაკო ტრადიციების აღსადგენად მომავალი თაობის გაზრდა უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია. ქალაქის ცენტრს მოწყვეტილი დიდი დიღომი ამ თვალსაზრისით საინტერესო უბანია. ბავშვებს სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის არცთუ დიდი არჩევანი აქვთ და ვეცდებით, ჭადრაკით რაც შეიძლება მეტი მათგანი დავაინტერესოთ.

სასწავლო პროცესში მეც აქტიურად ვიქნები ჩართული, გამორჩეულ ბავშვებს კი განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ. ვეცდებით ბავშვებს ჭადრაკი შევაყვაროთ, მისი სილამაზე დავანახოთ, შრომისმოყვარე და მიზანსწრაფული მოსწავლეებისგან კი ჩემპიონის "გამოძერწვაც" შეიძლება. მოსწავლეების მიღებას, სავარაუდოდ, 9 სექტემბრიდან დავიწყებთ, მანამდე (4-8 სექტემბერს) ვუმასპინძლებთ "მაიას თასს" სწრაფ ჭადრაკში. ჩატარდება ხუთი ტურნირი: ღია, ქალთა, 12-წლამდე გოგონებისა და ბიჭუნების და მედიატურნირი.

- ახლა კი თქვენზე ვილაპარაკოთ: ბოლო წლებში რატომ არ ჩანდა მაია ჩიბურდანიძე? - ორმოცი წელიწადია, რაც ჭადრაკს აქტიურად ვემსახურები. ეს რიგითი დიდოსტატისთვისაც ძალიან ბევრია, არათუ მსოფლიო ჩემპიონისთვის, რომელსაც გაცილებით დიდი ფსიქოლოგიური წნეხისა და სტრესის გაძლება უწევს. ნათამაშები მაქვს 15 ოლიმპიადა, 6 მატჩი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის, უამრავი ტურნირი... ამიტომ გადავწყვიტე ცოტა ხანს დამესვენა ჭადრაკისგან.

- გამოდის, ჭადრაკს იშვიათად თამაშობთ, თუმცა ვის უნდა ეთამაშოს თქვენი დონის მოჭადრაკე? იქნებ კომპიუტერულ პროგრამას? - კომპიუტერთან თამაში მოყვარულებს უფრო მოსწონთ, რადგან უჭირთ პარტნიორის პოვნა, მე კი მხოლოდ პოზიციების გასაანალიზებელ პროგრამას ვიყენებ. კომპიუტერთან ტურნირშიც მითამაშია, მაგრამ ცოცხალ ადამიანთან ორთაბრძოლა მირჩევნია!

კომპიუტერის შემოჭრამ ჭადრაკი და მოჭადრაკეთა ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. ცოტა ხნის წინ ხელოვნური ინტელექტიც შექმნეს, რომელმაც ეს თამაში სხვა დონეზე აიყვანა, მისი ამოუწურავი შესაძლებლობები და სიღრმე გამოავლინა.

- რით განსხვავდება ხელოვნური ინტელექტი "ჩვეულებრივი" საჭადრაკო პროგრამისგან? - ჩვეულებრივი კომპიუტერული პროგრამა მასში ჩადებულ ალგორითმებსა და ინფორმაციას იყენებს, რომელსაც ძალზე სწრაფად ამუშავებს, ხელოვნური ინტელექტი კი თვითონ სწავლობს თამაშს. მან ოთხ დღეში თავის თავთან მილიონზე მეტი პარტია ითამაშა და თავისივე თავის განსწავლით, დამწყებიდან სუპერდიდოსტატი გახდა. საინტერესოა, რომ ხელოვნურ ინტელექტს კლასიკური, პოზიციური თამაში არ იტაცებს, მას შემტევი სტილი აქვს, იოლად წირავს პაიკებს ინიციატივის მოსაპოვებლად XVIII-XIX საუკუნეების რომანტიკული ჭადრაკის მიმდევრებივით. საოცარი პარტიები აქვს. ხელოვნურმა ინტელექტმა დაამტკიცა, რომ ჭადრაკში აქტიურობაა მთავარი!

დღეს ყველამ ისწავლა თავის დაცვა. ამიტომ, თუ გამარჯვება გინდა, მეტოქის წაგებას კი უნდა არ დაელოდო, თვითონ ეცადო მოგებას.

- ჭადრაკი აღარ არის ძველებურად პოპულარული? - საქართველოში იკლო ინტერესმა, საზღვარგარეთ კი, განსაკუთრებით აზიის ქვეყნებში, ჭადრაკის პოპულარობა იზრდება.

წლების წინ საქართველოში შემოსულმა სხვადასხვა ტიპის გაჯეტებმა ახალგაზრდების მთელი ყურადღება მიიპყრო, საზღვარგარეთ კი ეს დიდი ხნის წინ მოხდა, სიახლეებზე ჩვენსავით არ დაფეთებულან და იქაურ ახალგაზრდებში ჭადრაკი ისევ პოპულარულია.

რუსეთშიც კი, რომელმაც დიდი ხანია დათმო მსოფლიო ლიდერის პოზიცია, დაიწყო ჭადრაკის აღორძინებაზე ზრუნვა. ამ წლის სექტემბრიდან მისი სწავლება სკოლაში სავალდებულო გახდა, სომხეთში დიდი ხანია ისწავლება. რამდენიმე წლის წინ ჩვენც შევიტანეთ ჭადრაკი სკოლებში, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს პროცესი თანდათან მიინავლა.

- ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, თავად ჭადრაკშიც შეიცვალა რაიმე? - შეიცვალა მიდგომა და მზადების ხერხები. წინათ მოჭადრაკეს უნდა შეესწავლა თეორია, ახალი იდეები მოეგონებინა, ახლა კი კომპიუტერი ამუშავებს მიცემულ პოზიციას, მოჭადრაკეები კი მხოლოდ მის ბოძებულ"ვარიანტებს იზეპირებენ.

- "ცოცხალ ინტელექტს" - მაია ჩიბურდანიძეს დავუბრუნდეთ: ამჟამად რას საქმიანობთ?

- ჩემი ჰობი ახლა ჩინეთი და ინდოეთია, მათი ისტორიით, ტრადიციებით, კულტურით, კინემატოგრაფითა თუ საბრძოლო ხელოვნებით. მომწონს ჩინური და იაპონური ჩაის თემა – მათი სახეობების შესწავლით და დამზადების ტექნოლოგიებით. ვსწავლობ აღმოსავლურ მედიცინას, კერძოდ, აიურვედას, მკურნალობის უძველეს ინდურ სისტემას. მაინტერესებს არომათერაპია - სურნელებით მკურნალობა, ასევე არაბული სუნამოების დამზადების მეთოდები. თანამედროვე სუნამოები, ძირითადად, ქიმიური ნივთიერებებითა და ალკოჰოლის გამოყენებით მზადდება, მალე ორთქლდება და ხშირ შემთხვევაში მავნებელიც არის, აღმოსავლური სუნამოები კი ეთერზეთებითა და სხვა ბუნებრივი ინგრედიენტებით მზადდება და სამკურნალო თვისებები აქვს. როცა დრო მაქვს, თავადაც ვამზადებ.

- მედიცინით დაინტერესებაში შესწავლა იგულისხმება თუ გამოყენება? - როგორ შეიძლება საუკუნეების განმავლობაში გამოცდილ მკურნალობის მეთოდებს არატრადიციული უწოდო, ხოლო პრაქტიკულად ერთსაუკუნოვან მედიცინას ტრადიციული? აღმოსავლური მედიცინა ცდილობს ადამიანის ორგანიზმის ყველა შესაძლებლობის გამოვლენას და აღდგენას. ადამიანი ისეა შექმნილი, რომ სწორი ცხოვრებითა და კვებით მის ორგანიზმს მინიმუმ 100-წლიანი სიცოცხლის რესურსი აქვს, მაგრამ ჩვენ თვითონ ვიკლავთ თავს, ისეთი პროდუქტებით ვიკვებებით და ისეთ ჰაერს ვსუნთქავთ.

- ვიცი, რომ ჩაი თქვენთვის განსაკუთრებული თემაა... - ნამდვილი ჩაის გემო პირველად ათიოდე წლის წინ ამერიკიდან მეგობრების გამოგზავნილი ჩაის დაყენების შემდეგ გავიგე. ჩაით მას შემდეგ დავინტერესდი.

- გახსოვთ, რა სახეობის ჩაიმ აღგიძრათ ასეთი ინტერესი? - ეს იყო "ფუერი", რომელიც სამხრეთ ჩინეთში იზრდება. სწორედ მისგან იწყება ჩაის ბუჩქად კულტივირება."ფუერის ხე სიმაღლეში 15 მეტრამდე იზრდება და უზარმაზარი ფოთლები აქვს. ჩაის დასახელებას მისი ფოთლების თერმული დამუშავების დრო და ხერხი განსაზღვრავს. მაგალითად, თეთრს საერთოდ არ ამუშავებენ, ფუერს კი მიწაზე შლიან, ზემოდან ნაჭერს აფარებენ და ჭკნობა-ლპობის პროცესს ადევნებენ თვალს. ოსტატის დანიშნულებაა, დროულად შეაჩეროს ეს პროცესი, რათა ყველაზე არომატული"ფუერი მიიღოს.

- დაგრჩებათ დრო კიდევ ერთი საყვარელი საქმის - სასულიერო ლიტერატურის რედაქტირებისთვის ან სხვა საქმიანობისთვის? - შეძლებისდაგვარად ვცდილობ დავეხმარო ხოლმე ჩემს მოძღვარს. ისე, ბევრი რამ მაინტერესებს (ყველაფერი, პოლიტიკის გარდა), თანაც აზარტულად ვიცი ინტერესის ობიექტზე ბოლომდე ჩაყოლა. თუმცა ჭადრაკში ნონასავით აზარტული რომ ვყოფილიყავი, ალბათ, სხვა"ორბიტაზე" გავიდოდი.

- მორწმუნე როგორ გახდით? - ათეისტურ ოჯახში ვიზრდებოდი, მაგრამ ჩემი 19 წლის ძმის (ჭადრაკის თამაში სწორედ მან მასწავლა) ტრაგიკულად დაღუპვამ ჩვენი ოჯახი მორწმუნე გახადა. ტაძარი რვა წლის ასაკიდან შემოიჭრა ჩემს ცნობიერებაში.

- როცა ძმა გარდაიცვალა, ცხადია, თქვენთვის ჭადრაკზე სატარებლად არავის ეცალა, მაგრამ დედათქვენს რამდენჯერმე ჰქონდა ხილვა, სადაც თქვენი ძმა სთხოვდა, მაია საჭადრაკო წრეში დააბრუნეთო. ოდესმე თქვენც გქონიათ მსგავსი მინიშნება? - მთელი ჩემი ცხოვრება უფლის მინიშნებებით აღსავსე სასწაულია. მისი დაშვების გარეშე არაფერი ხდება და სწორედ უფლის ნება იყო 17 წლის ასაკში ჩემი მსოფლიო ჩემპიონად გახდომაც.

- შეგცვალათ ამ წოდებამ? 17 წლის გოგონასთვის რთული არ იყო ასეთი "ტვირთის" ტარება? - არ შევუცვლივარ! დედა ბავშვობიდანვე მინერგავდა: მარცხი მხოლოდ შენი ბრალია, წარმატება კი უფლის წყალობაა და თავში არ აგივარდესო!

- ნონა დღემდე აქტიურად მონაწილეობს ვეტერანთა ტურნირებში, თქვენ კი არა. რატომ? - ნონას უჭადრაკოდ სიცოცხლე არ შეუძლია. ჭადრაკი მეც მიყვარს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ადგილი ნამდვილად არ უკავია. თვითონ ჭადრაკში რა მიყვარს? ნანა იოსელიანი, მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია ახალი გზების ძებნა, ლამაზი იდეების აღმოჩენა, ძველი რომანტიკული სტილი. მგონია, რომ ჭადრაკი კოსმოსური წარმოშობის თამაშია, ადამიანი ვერ შექმნიდა ასეთ ამოუწურავ სიღრმეს.

- რა სხვაობაა დაფასა და ეკრანზე თამაშს შორის? - ჭადრაკი ორთაბრძოლაა. მიყვარს მოწინააღმდეგის ემოციებზე დაკვირვება, მის სახეზე"წაკითხვა, კმაყოფილია თუ არა პოზიციით. სხვათა შორის,

თამაშის მანერით იოლია ადამიანის ხასიათის გამოცნობა. ადამიანებზე დაკვირვება ბავშვობიდანვე მიყვარს და ამ თვისებას ჭადრაკის თამაშის დროსაც ვიყენებდი. დიდოსტატებიც კი უპირველესად ადამიანები არიან და თამაშის დროს ისინიც იშიფრებიან. სწორედ ამიტომ არ მიყვარს უემოციო კომპიუტერთან თამაში.

- როდის უფრო თავისუფლად თამაშობდით, ჩემპიონობამდე თუ მას მერე, რაც ტიტული მოიპოვეთ? - 17 წლამდე, მსოფლიო ჩემპიონობამდე, ძალიან ლაღად ვთამაშობდი და სწრაფად ვპროგრესირებდი, შემდეგ კი ჩემი განვითარება თითქოს შეფერხდა. სამწუხაროდ, არ მყავდა მუდმივი მწვრთნელი, რომელიც ყოველდღიურად დახელოვნებაში დამეხმარებოდა. წარმატებას მხოლოდ ნიჭისა და პრაქტიკის ხარჯზე ვაღწევდი. ამგვარად, მსოფლიო ჩემპიონობის ტიტულის მოპოვებიდან მის დაკარგვამდე, 13-წლიანი პერიოდი, განვითარების თვალსაზრისით ჩემთვის დაკარგული დროა.

- ჭადრაკის გარდა, სხვა თამაშებიც გიყვართ? - მომწონს ფიგურული სრიალი, ქალთა ერთეულთა თანრიგის გამოსვლები... მაინტერესებს სუმო, როგორც იაპონური მსოფლმხედველობის ნაწილი. მიხარია, რომ იაპონელები პატივს სცემენ ტოჩინოშინს, ლევან გორგოძეს, და მის გამო ინტერესდებიან საქართველოთი. ერთ წარმატებულ ადამიანს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია თავისი ქვეყნისთვის, ვიდრე დიპლომატიურ კორპუსებსა და საერთაშორისო მისიებს ერთად.

- პოლიტიკაზე არა, მაგრამ საქართველოზე გკითხავთ: რა გვჭირს, რატომ ვერ დალაგდა და განვითარდა ჩვენი ქვეყანა? - ადამიანს ბედნიერებას ვერც ერთი წყობა და ვერც ერთი მთავრობა ვერ მოუტანს, თუ თვითონ არ შეიცვალა... ენა, მამული, სარწმუნოება - ამ სამ უმთავრეს ბურჯზე უნდა იდგეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენ კი... ენას დაუდევრად ვექცევით და ვაბინძურებთ, მამული გავანიავეთ, სარწმუნოება დავკარგეთ და კიდევ გვიკვირს, რატომ ვართ ასეთ დღეში?! სარწმუნოება აღარავის ახსოვს, ყველა დღევანდელი დღით ცხოვრობს, მარტო მოხვეჭაზე ფიქრობს. სიცრუე სირცხვილად აღარ ითვლება... ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახით საქართველოს განსაკუთრებული მფარველი ჰყავს. ღმერთის შემწეობის გარეშე ორიათასწლოვან ქარტეხილში ვერაფრით გადავრჩებოდით, მაგრამ, თუ ისევ უფლისკენ არ მივბრუნდით და ძველებურად გავაგრძელეთ ცხოვრება, უარეს მდგომარეობაში ჩავცვივდებით.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "ჩემი ძმა დედას სიზმარში რამდენჯერმე გამოეცხადა, სთხოვა ჭადრაკზე დავებრუნებინე"- პაიკივით თავმდაბალი დედოფლის ცხოვრება