რაც არ ეპატიება "მგზავრებს" და "ერისიონს", ეპატიება "ბასიანს" ანუ ქართული ორმაგი სტანდარტის ახალი ეტაპი
14 სექტემბერს, მოსკოვში გასამართ ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, Red Bull Music Events-ზე ქართველი არტისტებიც მიიღებენ მონაწილეობას. სულ საქართველოდან მოსკოვში ოთხი მუსიკოსი გაემგზავრება, სამი მათგანი კლუბ Bassiani/Horoom-ის რეზიდენტი დიჯეია. ZESKNEL (ზუკა ბაბუნაშვილი), Mercurrio (დიტო ჩიქოვანი), Kvanchi (თორნიკე კვანჭიანი). ასევე, მოსკოვში გაემგზავრება კიდევ ერთი ქართველი არტისტი Zurkin.
არ ვიცი "ბასიანელებმა" რატომ გადაწყვიტეს მოსკოვში წასვლა, დარწმუნებული ვარ, კონცერტს პუტინი არ გახსნის სიტყვებით - მოდით დავიწყოთ ბოდიშით. არც "ტროას ცხენის" ეფექტის მოლოდინი მაქვს ამ მუსიკოსების მოსკოვში ჩასვლით. არც FBI-ს ფარული ზრახვა და მოსკოვის თავისუფალი სულით მოწამვლის მცდელობა მგონია ეს ამბავი. სიმართლე ვთქვა, მუსიკოსების "გაპრავება", რომ ამ ფესტივალის ორგანიზატორები მოსკოვის ოფიციალურ პოლიტიკას ემიჯნებიანო, ნაკლებად მისაღებია ჩემთვის და მარტივად ავხსნი რატომ - რუსეთში რომ დიქტატურაა, მაგაზე "ბასიანიც" თანხმდება და თუ კი სადმეა "შამქორიც". დიქტატურის რეჟიმის დროს ყველაფერს "დიდი ძმა" აკონტროლებს (მხოლოდ იატაკქვეშ თუ მოახერხებენ რაიმეს გაკეთებას "დიდი ძმის" გაუგებრად), შესაბამისად, რთული დასაჯერებელია, რომ ამხელა ფესტივალს პუტინთან დაპირისპირებული ხალხი ატარებს მოსკოვში, თუნდაც ასე იყოს, ის ათასობით ადამიანი, ვინც კონცერტს დაესწრება ყველა ემიჯნება პუტინის პოლიტიკას?! დარწმუნებული ვარ ბევრი იქნება, ვისაც ოკუპაციაც და საქართველოც ფეხებზე ჰკიდიათ, ჰოდა ასეთი ადამიანებისთვის დაკვრა, ცოტათი მაინც არ ტეხავს?!
"ერისიონის", "მგზავრების" და სხვათა კონცერტებზე სახეს იხოკავს ერი და რატომ ვბრაზობთ, მათ კონცერტებსაც ესწრება ის ხალხი, ვისაც არ მოსწონს პუტინის პოლიტიკა, ჰოდა იმათ უმღერიან.
ცოტა ხნის წინ, უამრავი ახალგაზრდა გამოვიდა აქციაზე, როცა "ბასიანში" სპეცრაზმი შევიდა. იმ გამოსვლას მაშინაც ვემხრობოდი და ახლაც მიმაჩნია, რომ სწორი ნაბიჯი იყო, რადგან იქ კონკრეტულად ერთი კლუბის დასაცავად არავინ იყო მისული, იქ ახალგაზრდები საკუთარ თავისუფლებას იცავდნენ (და არა ბარიგებს, როგორც ბევრის ბრიყვულ თავში მოიხარშა). პირადად მე, კლუბური ცხოვრება არ მიყვარს, თუმცა თუ ოდესმე მომეწონება, "ბასიანში" არასოდეს წავალ და ამით გამოვხატავ ჩემ პროტესტს მათ მიმართ, არც იმ მომღერლების კონცერტზე წავალ, ვინც მოსკოვში დადის და "მეორე რუსეთს" (რომლის არსებობაც მითია) უმღერის, თუ სხვაც იგივეს იზამს, ხვალ მავანი მომღერალი უარს იტყვის რუსეთში ჩასვლაზე და რუსებიც მიხვდებიან, რომ საქართველოში მათ მიმართ ვიღაცას პროტესტი აქვს, თორემ თუ წახვალ, "გასაპრავებელი" ყოველთვის მოიძებნება.
ერთი ძველი ანეკდოტია (სასაცილო ნაკლებად), რომელიც რუსეთში უკვე ნამყოფი მომღერლების (რომლებიც მოსკოვში სიმღერის გამო, მოღალატედ გამოაცხადეს) პოზიციას კარგად გამოხატავას:
ბავშვი ჭუჭრუტანიდან დაინახავს დედ-მამის სექსს და თავისთვის იტყვის:
-აგენი არიან ცხვირში თითის ტიკინს რომ მიშლიან?!
"We Dance Together, We Fight Together" (?!)
იხილეთ განახლებული ინფორმაცია: "ბასიანმა" მოსკოვში დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს