ერთ კოშკში მოქცეული ხევსურეთი - კვირის პალიტრა

ერთ კოშკში მოქცეული ხევსურეთი

იხილეთ პირველი ნაწილი

გახსოვთ, ალბათ, უკანა ფშავიდან ხევსურეთისკენ წამოსულებმა - "სამი დელიკის ხალხმა" მუქოშივე მოვილაპარაკეთ, რომ დათვისჯვრის უღელტეხილის უმაღლეს წერტილზე შევხვედროდით ერთმანეთს, მაგრამ გზად, სოფელ კორშაში, მხატვარ შოთა არაბულის მიერ შექმნილ-მოწყობილ ეთნოგრაფიულ-ისტორიულ მუზეუმს გულგრილად ვერ ავუარეთ. აქ, ერთ ლამაზ კოშკში თითქოს მთელი ხევსურეთი და ხევსურების ყოფა-ცხოვრება ჩატეულიყო. გასაოცარი ნივთები ვიხილეთ და ჩვენი ხევსური მეგზურის, ხელოვანის, მეცნიერისა და ფოლკლორისტის, გიორგი გიგაურის წყალობით უამრავი ინფორმაცია მივიღეთ.

კოშკის კარიც გიორგიმ გაგვიღო. ასე აღმოვჩნდი ხევსურულ კოშკში პირველად და იმდენი რამ დაგხვდა დასათვალიერებელი, თვალები ამიჭრელდა. აქ იყო შემონახული ხევსური ექიმის, მგელიკა ლიქოკელის ნაქონი სამედიცინო ხელსაწყოები, რომლითაც იგი უნიკალურ ოპერაციებს აკეთებდა, მათ შორის, ჩვენდა გასაკვირად - თავის ქალის ტრეპანაციასაც კი, და თანაც - წარმატებულად; აქვე სამეურნეო ხელსაწყოებიც ბლომად ვიხილეთ და საბრძოლოც - თოფის ლულები, ისრები, სამართებელი, ღაჯიები... ღაჯია საცერეულის სახეობა ყოფილა, კასტეტს ჰგავდა და, როგორც ამიხსნეს, განიარაღებისთვის უფრო გამოიყენებოდა, ვიდრე - საბრძოლველად. აქვე ვნახეთ მუზარადები და ჯაჭვის პერანგები; ასევე, ცხენის აღკაზმულობა და მოსართავები, რომელსაც "სულის ცხენის" დალოცვის დროს იყენებდნენ. "სულის ცხენის" კულტი, თურმე, იმ ხანიდან არსებობს, მხედართან ერთად ცხენსაც რომ მარხავდნენ ანუ მხედარს საიქიოშიც უნდა ჰყოლოდა "საფერხე". დღეს მხოლოდ სიმბოლურად "წირავენ" მიცვალებულს ცხენს და საგანგებოდ დოღსაც მართავენ. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ბაზალეთში მოწყობილ დოღს დავესწარი, ჩვენს უსაყვარლეს გოდერძი ჩოხელს ეძღვნებოდა და ახალგაზრდა მხედარმა პირველად სწორედ გოდერძის "სულის ცხენი" შემოაგელვა მხატვარ დავით ქაფიაშვილის ხევსურულ კოშკთან... ხევსურული სამოსი

მუზეუმში ხევსურული ყოფისთვის დამახასიათებელი კიდევ უამრავი ნივთი ვნახეთ: იქვე, ხევში შემთხვევით ნაპოვნი, ჩვენს წელთაღრიცხვამდე დამზადებული უნიკალური ბრინჯაოს კოლხური ცული და სამაჯურები, თხილამურები, ყანწები, მუსიკალური საკრავები, ქალის ულამაზესი ხევსურული ტალავარი (სამოსი), გასაოცარი ფერებით, ქსოვილითა და სტილით. ისე მოვიხიბლეთ, საგანგებო ფოტოსესიაც კი მოვუწყეთ, თან საგულდაგულოდ ვარჩევდით, ვის რა სტილი მოგვიხდებოდა. ჩაცმულობის ამ კომპლექტს, თურმე, კავკასიის მასშტაბით ანალოგი არ მოეძებნება. იგი გამოიყოფა, როგორც ყველაზე მდიდრულად გაფორმებული ტანსაცმელი. საბრძოლო აღჭურვილობა და იარაღი

ხევსურული პერანგის კვართისებური თარგი ცნობილი იყო ჯერ კიდევ უძველესი ხანის ქალდეველებში, ურარტუელებში, ხეთებში, ასირიელებში, ბაბილონელებში. კოშკის კედელზე ძველი ფოტოები ეკიდა. ერთ-ერთზე ხევსური ქალი იყო გამოწყობილი ულამაზეს ფაფანაკში - ხევსურულ სამოსში, რომელიც პიქტოგრამებითა და სიმბოლოებით გაეწყოთ. ფაფანაკს დღეს უკვე აღარც იცვამენ ხევსურეთში...

სამწუხაროდ, თავად შოთა არაბულს ვერ შევხვდით და, ალბათ, რომც გვენახა, მასთან დიდხანს მაინც ვერ შევყოვნდებოდით. დრო არ ითმენდა, კიდევ ბევრი რამ უნდა დაგვეთვალიერებინა და "სამუზეუმო საუბრები" მის შემოქმედთან მომავალი მოგზაურობისთვის გადავდეთ. ასე ვირგებდით სამოსს

კვლავ ჩავმწკრივდით ხევსურეთის საკმაოდ რთულად სავალ გზაზე - სამწუხაროდ, აქაურობა აშკარად დანატრებულია ხეირიან გზას, რაც ძალიან საშურია შინაურებისთვის სავალადაც და ტურიზმის ხელშესაწყობადაც. გზადაგზა კიდევ ბევრჯერ და გაცილებით მძაფრად შევიგრძენით "კარგი გზის" აუცილებლობა... (ხევსურეთის გზაზე ბევრი ტრაგედია მომხდარა და მათ შორის ერთ-ერთი საზარელი - შარშანდელი ამბავი იყო. ჩვენ იქ ამ ამბამდე ვიმოგზაურეთ და, საბედნიეროდ - მშვიდობით, თუმცა წლიდან წლამდე მომხდარი ტრაგედიები მაინც ვერ აჩერებს ხოლმე ამ ადგილებში მოგზაურთა ნაკადს... უბრალოდ, ადამიანებმა მეტად უნდა იფრთხილონ, იქაურობას სიჩქარე არ უყვარს, ხოლო ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს გზები მაქსიმალურად უხიფათო აღმოჩნდეს ადამიანებისთვის!).

წინ კი სილამაზე და საოცრებები გველოდა. როგორც დავთქვით, სამივე "დელიკის" მოგზაურები თითქმის ერთდროულად მივედით დათვისჯვრის უღელტეხილის უმაღლეს წერტილთან. მთავარი იყო, რომ მშვიდობით ავაღწიეთ... შესვენება ალპურ მდელოზე

იურული თიხაფიქლებით აგებული დათვისჯვრის უღელტეხილი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ზღვის დონიდან 2676 მეტრზე მდებარეობს. იქაურობა ალპური მდელოებითაა დამშვენებული. უღელტეხილი ხევსურეთის არაგვის ხეობას ანუ პირაქეთა ხევსურეთს სამანქანო გზით აკავშირებს არღუნის ხეობასთან ანუ პირიქითა ხევსურეთთან. მდინარე არღუნი კი მდინარე სუნჯის მარჯვენა შენაკადია. მისი სიგრძე 148 კილომეტრი ყოფილა და პირიქითა ხევსურეთში, კაკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთი კალთიდან იღებს სათავეს. დათვისჯვრის უღელტეხილი - პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი გზები პირიქითაში მიმავლებს სწორედ მის ხეობაში გველოდა მგზავრობა. რაც შეეხება "დათვისჯვარს", რატომღაც მეგონა, ეს სახელწოდება დათვს უკავშირდებოდა, მაგრამ გიორგიმ სულ სხვაგვარად განმიმარტა: "დათვისჯვარი" ხარის სახელიდან მოდის, ხარს ერქვა "დათვა", ხარი კი სალოცავის სახელიცაა. უღელტეხილზე "ადგილის დედის", მგზავრის ანგელოზის პატარა ნიშია და ხახმატლები იქ ახალ წელს ილოცებიან. მისთვის სწორედ ხარი შეუწირავთ პირველადო. ასეთი ადგილებისთვის დამახასიათებელი ქარისა და სიცივის მიუხედავად (მაშინვე კახეთ-თუშეთის გზაგასაყარი - "ციმბირი" გამახსენდა, იქვე აღმართული ჯვრით), ფოტოსესიისთვის ჯგუფის ნაწილი ჯვრიანი მთის მეორე მხარესაც გადავედით, გიორგის თქმის არ იყოს, თითქოს მივესალმეთ ერთმანეთს და აღვბეჭდეთ კიდეც ეს მისალმება. მერე კი პირიქითა ხევსურეთისკენ - შატილისკენ გავუყევით გზას.

(გაგრძელება იქნება)

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს