არარატის მთები და სომხური ბუნება ანუ 3 დღეში შემოვლილი სომხეთი
სომხეთში მოგზაურობის მესამე ნაწილს დასასრულით დავიწყებ - თბილისში ჩამოსულებს, ჯგუფის ხელმძღვანელმა ლაშა გაბელიამ ჩვენი მარშრუტის რუკა რომ გვაჩვენა, გავოგნდით - თამამად ვიტყვი, რომ 3 დღეში, თითქმის, მთელი სომხეთი შემოვიარეთ. ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა სომხური ძეგლებიც, ბუნებაც და, ცხადია, არარატის მთებიც.
ერევნიდან უთენია გავედით და თავდაპირველად არარატის მთის ძირში, თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე ხორ-ვირაპი მოვინახულეთ. სხვათა შორის, არარატის მთებთან თურქეთის მხრიდანაც ვარ ნამყოფი, როდესაც ერთ დროს დიდ და მნიშვნელოვან, დღეს კი ნაქალაქარ ანისს ვსტუმრობდით. მახსოვს, ისე ახლოს ვიყავით, ლამის, სომეხ მესაზღვრეებსაც კი დავუქნიეთ ხელი. მაგრამ ეს ცალკე ამბავია და - სხვა მოგზაურობის...
ხორ-ვირაპის ბორცვი მდებარეობს სომხეთის ძველი დედაქალაქის, არტაშატის ადგილზე, რომელიც არტაშეს I-მა ააგო დაახლ. ძვ. წ. 180 წელს. ხორ-ვირაპის მონასტერი კი მოთავსებულია მიწისქვეშა სატუსაღოს თავზე, სადაც სომხეთის მეფე თრდატ III-ს 15 წლის განმავლობაში დატუსაღებული ჰყავდა გრიგოლ განმანათლებელი. 301 წელს თრდატ III-მ ქრისტიანობა მიიღო და გრიგოლ განმანათლებელი გაათავისუფლა.
არასდროს დამავიწყდება მოგზაურობა სომხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ვაიოცძორის პროვინციაში, რომელსაც დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი ესაზღვრება და არც ყარაბაღია დიდად შორს. ულამაზეს წითელ მთებში მოქცეული ნორავანქის სამონასტრო კომპლექსი და მისი ყველაზე დიდებული - სურბ-ასტვაწაწინის (ღვთისმშობლის) ორსართულიანი ეკლესია ფოტოსესიისთვისაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
ჩვენი მოგზაურობის აღმოჩენად იქცა XIII საუკუნეში შავი ბაზალტის ქვისგან აგებული თანაჰატის მონასტერი, იგივე "შავი მონასტერი", მართლაც ყორანივით შავი. როდესაც ჩემს ისტორიკოს მეგობარს მისი ფოტო ვაჩვენე, მაშინვე მითხრა, სწორედ ასეთი წახნაგები აქვს X-XI საუკუნეების კაცხის მონასტერსაცო და მაშინვე ფოტო გამომიგზავნა...
გასაოცარი გზა გავიარეთ ტათევის მონასტრის სანახავად - ის გახლავთ სამხრეთ სომხეთში, სომხეთ-ირანის საზღვრიდან არც ძალიან შორს. ტათევი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც IX-X საუკუნეებით თარიღდება. იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია და მის აღორძინებას 2010 წლიდან შეუდგნენ. მონასტერთან მისასვლელად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი - 5,7 კმ-ის სიგრძის საბაგირო გზა გააკეთეს. ჩვენც სწორედ ამ გზით გვინდოდა მთებისა და უფსკრულების გადავლა, ალბათ, საოცარი განცდა იქნებოდა, მაგრამ ძალიან ვგვიანდებოდით, გვაღამდებოდა და, რაც მთავარია, საშინელი ჭექა-ქუხილი დაიწყო, ამიტომ ჩვენი მძღოლის, ბაჩოს მანქანასა და ოსტატობას ვენდეთ - შევუყევით სერპანტინებს და ერთ-ერთ ულამაზეს და ამავე დროს - სახიფათო გზას ტათევისკენ.
საბედნიეროდ, ეს მგზავრობაც ბედნიერად დასრულდა, ისევე, როგორც დანარჩენ სომხეთში მოგზაურობაც - დავათვალიერეთ ეჩმიაძინი - წმ. რიფსიმესა და წმ. გაიანეს ეკლესიებით, ნეოლითური ხანის არქეოლოგიური "ნაგებობა" - ზორაც ქარერი, რაც ქართულად "ძლიერების ქვებად" ითარგმნება; ვესტუმრეთ VII საუკუნის ზვარტნოცის ტაძარს, რომელიც 930 წლის მიწისძვრას მიწაში ჩაუმარხავს და მხოლოდ XX საუკუნის არქეოლოგიური გათხრების შემდეგ გაუწმინდავთ. სხვათა შორის, ზვარტნოცის წრიული ფორმის ტაძარს გეგმით ტაო-კლარჯეთის ბანას ამსგავსებენ... კიდევ ბევრი რამ ვნახეთ: სომხეთის ანტიკური ხანის ერთადერთი ტაძარი - გარნი, გეღარდის მონასტერი, სომხეთის ზღვა - სევანი ანუ "გოგჩა, ტბა ვრცელი, ხმოვანებით ზღვისა მბაძავი", სევანის მონასტერი, გოშვანქი და... გიორგი დანელიას "მიმინოს" სომეხი რუბიკას ქალაქი დილიჟანი ფრუნზიკ მკრტიჩიანის, ვახტანგ კიკაბიძისა და ევგენი ლეონოვის ძეგლებით...
რადგან უსაშველოდ ცხელოდა, "სან-ფრანცისკოს შემდეგ მსოფლიოში მეორე ქალაქის" - დილიჟანის წყალიც დავაგემოვნეთ და ბავშვობაც გავიხსენეთ - წუწაობით ერთმანეთი გვარიანად გავაგრილეთ... ასე მხიარულად მივუახლოვდით საქართველოს და, რომ არა ოფსიდიან "ქვათა ღაღადი", როდესაც სამახსოვროდ და სილამაზისთვის პატარა ტომარაში ჩაყრილი ოფსიდიანი ქვები სომეხმა მებაჟეებმა ჩამოგვართვეს, ათასნაირად შეამოწმეს, მძღოლიც გააწამეს და ჩვენც - ორსაათიანი ყურყუტით, ოდნავადაც არ გავიკარებდით ნაღველს. თუმცა დიდხანს არც ქვების დარდი გაგვყოლია... ნეტავ, ჩვენსას აღარაფერს მიიკუთვნებდნენ და თავისი მშვიდობაში მოახმაროთ ღმერთმა...
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს