ლაშქრობა დიდგორში ანუ "დიდგორით დიდი იმედიც არის"
საქართველოს უახლესი ისტორიიდან ბოლო 30 წლის განმავლობაში აგვისტო გამორჩეულად მძიმე თვეა ჩვენთვის - ტრაგიკული და ცრემლებით სავსე აფხაზეთის ომით და აგვისტოს ომით, ქართველი მეომრების, მედდების, ჟურნალისტების, მოხალისეების, უბრალოდ - მოქალაქეების დიდი ვაჟკაცობითა და გმირობებით სავსე, მაგრამ, საუბედუროდ, დევნილებით, გამყიდველებით, შეცდომებითა და დაკარგული ტერიტორიებით!
არადა, ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო... არა მარტო ტერიტორიით, არამედ - გამარჯვებებით და დიდი ქართველების დიდი ამბებით!
ამის დასტურად 12 აგვისტოც კმარა - "ძლევაი საკვირველი!"
"დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს, დიდგორით დიდი იმედიც არის!"
დღეს 2021 წლის 12 აგვისტოა, ეს ამბავი კი ზუსტად 900 წლის წინ, 1121 წლის 12 აგვისტოს თბილისის მისადგომებთან, დასავლეთით, დიდგორის ველზე მოხდა - ჩვენი საამაყო და სანატრელ დიდი მხედართმთავრის, მეფეთ-მეფე დავით აღმაშენებლის ლაშქარმა საქართველოს დაუძინებელი მტრის - თურქ-სელჩუკების კოალიციურ ლაშქართან გადამწყვეტი ბრძოლა გამართა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, ისეთი გამარჯვება, რომ ბოლომდე სდია მტერს, ვიდრე სრულიად არ გაანადგურა. დავით აღმაშენებლის წინამძღოლობით ამ ბრწყინვალე გამარჯვებაში 40 ათასი ქართველი, 15 ათასი ყივჩაყი, 500 ოსი და 100-200 დასავლეთევროპელი მეომარი მონაწილეობდა!
დიდგორობას გილოცავთ ყველას და დიდგორში 4 წლის წინანდელ ჩემს მშვიდობიან, მეგობრულ ლაშქრობაზე გიამბობთ, საოცნებო და დაუვიწყარ ორდღიან ლაშქრობაზე, სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის 50 ადამიანი რომ გაგვაერთიანა და დიდგორში დაგვაბანაკა. თანაც, ეს უბრალოდ ლაშქრობა სულაც არ იყო - იგი ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის დღეს მივუძღვენით.
ლაშქრობას ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილი მოგზაური და მოლაშქრე გიორგი ნაზღაიძე ხელმძღვანელობდა. ამ გულიანმა ქართველმა ერთხელ მითხრა, თითოეული ლაშქრობა წარმოსახვით საქართველოს რეალურ საქართველოდ გვიქცევს და უდიდეს ინფორმაციას გვაძლევს, გვცდის, გვამდიდრებს, გვაძლიერებს, გვასწავლის მეგობრობის ფასს. აქ ხვდები, რომ ჯგუფი გაცილებით ძლიერია, ვიდრე ერთი კაციო! ჰოდა, ასეთი სიტყვების და შესანიშნავი ქართული საქმეების ავტორსა და მის მეუღლეს, ჩემთვის ძვირფას ადამიანს, ტელერეჟისორსა და, ასევე, გამოცდილ მოლაშქრე თიკო მუმლაძეს უარს როგორ ვეტყოდი და დიდგორის მოლაშქრეებს მეც შევუერთდი. დიდგორზე პირველად ავდიოდი და თანაც ასე, მხედრულად ასვლა მართლაც მეოცნებებოდა, ჰოდა, 23 აგვისტოს, დილის 9 საათზე ყველანი "დელისის" მეტროსთან შევიკრიბეთ - წყლის მარაგით, მცირედი საგზლით და აუცილებელი სამგზავრო ატრიბუტებით სავსე ზურჩანთებით, კარვებითა და საძილეებით, უმეტესობა - ტრადიციულ-სპორტულად, ნაწილი კი - სამხედრო ფორმით შემოსილები.
საქართველოს ეროვნული გვარდიის დახმარებით, "დელისიდან" წოდორეთში და წოდორეთიდან უკან სამხედრო "კამაზებით" უნდა გვემგზავრა. ფეხით სვლას ვიწყებდით სოფელ წოდორეთის ბოლოში, დამშრალ ტბასთან, დიდგორიდან კი მეორე დღეს იმავე ტბასთან სამხრეთის გზით ვბრუნდებოდით, დიდი, ლამაზი ტყის გავლით. ორი დღის განმავლობაში ფეხით, დაახლოებით, 25 კილომეტრის გავლა გვიწევდა. გაოცება ვერ დავმალე, მოლაშქრეთა შორის პატარა ბიჭუნა რომ დავინახე. სანდრო ქუცნიაშვილი 8 წლის აღმოჩნდა, დედას - თაკოს ახლდა და, დიდი ბიჭივით, მასაც ზურგჩანთა ეკიდა, ცხადია - პატარა. ისე ყოჩაღად მითხრა, დღეში 25 კილომეტრს დავდივარ და აქაც გავივლიო, ხმა ვეღარ ამოვიღე. ასაკით ყველაზე დიდი მოლაშქრე კი ცნობილი მარათონელი, 70 წელს მიტანებული ზურაბ ლატარია იყო. სამწუხაროდ, ბატონი ზურა ერთი წელია, რაც გარდაიცვალა და ყველას გული დაგვწყვიტა...
ჯგუფში გვყავდა საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, აქაურ მთა-ბარშემოვლილი ახალგაზრდა ბელგიელი რობ ჰუსენსი, რომელიც ლაშქრობაში მისმა ქართველმა მეგობარმა წამოიყვანა.
ძალიან სახალისო გამოდგა სამხედრო "კამაზებით" წოდორეთამდე მგზავრობა - მართალია დავიმტვერეთ, გრუნტიანი გზაზე ჯაყჯაყში ცოტათი გვერდებიც დაგვებეჟა, მაგრამ დიდგორელები ვიყავით და ხომ არ დავიწუწუნებდით!
მეთაურმა გიორგიმ ერთ ხაზზე ჩაგვამწკრივა და თავადვე ხმამაღლა გადავთვალეთ, რამდენი ვიყავით. დიდგორელების რაზმს გვყავდა რაციებით შეიარაღებული გზამკვლევი, წინა კაცი - კობა სალუქვაძე, ასევე, ჩამკეტი, უკანა კაცი - გიორგი ბუტიკაშვილი, იგივე "ბუტიკა" და რამდენიმე დამხმარე მეთაური, რათა ორგანიზებულად ავსულიყავით მონუმენტზე. გზის პირველი ნაწილი, მიტოვებულ სოფელ ტაპარუკამდე, გაცილებით მარტივი გასავლელი იყო, მაგრამ ტაპარუკიდან აღმართები დაიწყო და გზაც შედარებით გართულდა. მივუყვებოდით ბილიკს და ხან მზე გვაჭერდა, ხან ჩრდილით ვნებივრობდით, ხან ავჩქარდებოდით, ხან შევანელებდით სვლას, ხან ვიქანცებოდით და ხან სულს ვითქვამდით. დაახლოებით, 5 საათისთვის მივაღწიეთ მიზანს და მონუმენტის სიახლოვეს, სწორ ადგილას საკარვე ადგილებიც შევარჩიეთ. აქ, თურმე, ნიავიც მეტად უბერავდა და, შესაბამისად, კოღოებიც ნაკლებად შეგვაწუხებდა. ბიჭებმა მანქანით წყალი ამოიტანეს, რამდენიმემ კი იქვე, კილომეტრის მოშორებით, პატარა გორაზე მდგომი ეკლესიაც მოვილოცეთ - საბედნიეროდ, კარი ღია დაგვხვდა, ოღონდ ჩვენმა "წინა კაცმა" კინაღამ დამტოვა ტაძარში. ვერ შემნიშნა, კუთხეში რომ ვლოცულობდი და გარედან რკინის პატარა ნაჭერს რომ უყრიდა კარის საკეტს, მაშინ ავხმაურდი, - არ ჩამკეტო, აქ ვარ-მეთქი! ბანაკში დაბრუნებულებს საინტერესო სანახაობა დაგვხვდა: მოლაშქრეები პატარა ჯგუფებად დაყოფილიყვნენ და ბაგირის გადაქაჩვაში ჩემპიონატი მოეწყოთ. რა თქმა უნდა, ჩვენც შევუერთდით და საკმაოდ შედეგიანადაც - კობას მეთაურობით, გოგონების ერთმა გუნდმა ვაჟების ერთ-ერთი გუნდი დავამარცხეთ! ბინდდებოდა, კიდევ ერთმა ცნობილმა მოლაშქრემ, დათო წივწივაძემ, იმავე "წივწივამ" რომ ამოგვაკითხა თბილისიდან და ნაყინი ამოგვიტანა. გვარიანად ციოდა, მაგრამ ნაწილმა მაინც დააგემოვნა, მე კი ვერ გავრისკე - აშკარად მივეყინებოდი დიდგორის რომელიმე ხმალს. სხვათა შორის, სწორედ "წივწივას" ამოტანილმა პლედმა მიხსნა სიცივისგან. ბიჭებმა კოცონი დაანთეს და ნაკვერჩხალზე სარდელებიც შეწვეს, ვივახშმეთ, ჩაი-ყავაც მივირთვით... სხვათა შორის, სწორედ "გადაქაჩვობანას" თამაშმა და მოსაღამოვებულზე წამოწყება "სარდელმა", ასევე, ჩაისა თუ ყავის ერთად დალევამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა მოლაშქრეები.
საოცარი სანახავი იყო ხმლებით აელვარებული დიდგორი და მის თავზე ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. მალევე დავბინავდით კარვებში. წინ "დიდი დღე" გველოდა - 24 აგვისტოს, საქართველოს კონსტიტუციის დღის აღსანიშნავად თბილისიდან ორგანიზაცია "ლაშქრობის" დიდი გულშემატკივარი, იმხანად უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბატონი ალექსანდრე ბარბაქაძე უნდა ამოსულიყო და დიდგორის მონუმენტთან თითოეული ჩვენგანისთვის "საქართველოს კონსტიტუცია" გადმოეცა. ესეც პროექტის ავტორების ინიციატივა იყო. ის დილა მართლაც ამაღელვებელი აღმოჩნდა. ბატონი ალექსანდრე მონუმენტის თავში იდგა, აქეთ-იქით კი გვერდს ახალგაზრდა ვაჟები უმშვენებდნენ, საქართველოს დროშით ხელში, ჩვენ კი სათითაოდ ავრბოდით (შეძლებისდაგვარად) უთვალავსაფეხურიან კიბეზე და საპატიო სტუმრისგან საჩუქრად ვიღებდით ერთ წიგნში მოქცეულ კონსტიტუციას - ჩვენი ქვეყნის ძირითად კანონს.
კონსტიტუციის გადმოცემის შემდეგ ბატონ ალექსანდრე ბარბაქაძეს ვკითხე, პირადად თქვენთვის რას ნიშნავს საქართველოს კონსტიტუცია-მეთქი? და მაშინვე მომიგო: - ეს არის თანხმობის დოკუმენტი ანუ აქ წერია ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის, რაზეც ჩვენ შევთანხმდით, რაც ჩვენ, თითოეულს გვეხება. ჩვენ გვახსოვს საბჭოთა კავშირის დროს არსებული კონსტიტუცია, რომელიც არ მუშაობდა, რადგან ის იყო დამოკიდებულება რაღაცაზე და არა - საერთო თანხმობის დოკუმენტი... ვფიქრობ, ეს ახალგაზრდები აუცილებლად წაიკითხავენ ამ წიგნს, იმიტომ, რომ მათ უნდა იცოდნენ თავისი უფლებები; მათ უნდა იცოდნენ ვალდებულებები, რომელიც საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე აქვთ. აქ მყოფი ახალგაზრდების ნაწილი სამხედრო კარიერის გაგრძელებას ფიქრობს და ემზადება, თუკი საჭირო გახდა, დაიცვას თავისი სამშობლო. ეს ახალგაზრდები ძალიან აქტიურები იყვნენ მდინარე ვერეს ხეობაში 13 ივნისს განვითარებული მოვლენებისას და ახლაც, ხანძრებისას; ამ ახალგაზრდებმა იციან, რა უნდათ და როგორ უნდა იცხოვრონ. ამიტომ ისინი წაიკითხავენ საქართველოს კონსტიტუციასო! მეც ასე ვფიქრობდი, რადგან ზოგიერთმა იქვე დაიწყო კითხვა. სიმბოლური იყო ამ წიგნის დიდგორის ველზე გადმოცემა და, თითქოს, გამამხნევებელიც, რადგან 2 დღე გავატარე ამ ადამიანებთან ერთად და მათ შემყურეს კიდევ უფრო მენიშნა პოეტის სიტყვები: "დიდგორით დიდი იმედიც არის!"
ვიცოდი, ჩვენს "მხედართმთავარს" გიო ნაზღაიძეს დიდგორი გამორჩეულად უყვარდა, რადგან მისი პირველი 2-დღიანი ლაშქრობა 2009 წელს სწორედ დიდგორის მონუმენტზე მოეწყო. მახსოვს, ჩვენი ერთობლივი ლაშქრობაზე ვკითხე, კმაყოფილი თუ ხარ-მეთქი და მართლაც კმაყოფილმა მითხრა, - შევგროვდით ზუსტად იმდენი მონაწილე, რამდენიც უნდა ვყოფილიყავით, ანუ ორმოცდაათი. აბსოლუტურად ზუსტად ჩავეტიეთ დროში, როგორც ასვლისას, ასევე - ჩამოსვლისას. ტაბარუკის აღმართმა ბევრი დაქანცა, თუმცა სხვა მონაწილეებს არ დაეზარათ ზედმეტი წონის გადანაწილება და ოდნავ უფრო მეტად დაღლილი თანამოლაშქრეების დახმარება. ასეთი ჟესტი ყოველთვის მისასალმებელია. ასე რომ, დაძინებისას თამამად შეგვეძლო გვეთქვა: "კონსტიტუციის სალაშქრო ჯგუფი" შედგაო. და ბოლოს მაინც დააყოლა, - ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობით მოვდივარ ამ მარშრუტზე სალაშქროდ. ძალიან ბევრჯერ ვარ აქ ფეხით ამოსული, მაგრამ არასდროს მბეზრდება. დიდგორი არის ჩვენი დიდი გამარჯვება და ამ გამარჯვების სიმბოლო. ვისურვებ, მსგავსი გამარჯვების სიხარულს ჩვენც მოვსწრებოდეთო. ღმერთმა გისმინოს... გვისმინოს, გიო!
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს