ხათუსა - "ათასი ღვთაების ქვეყნის" დედაქალაქი
მოგზაურობის პირველივე დღეს მართლაც უამრავი რამ მოვასწარით.
ხათების დედაქალაქ ალაჯა-ჰუიუკიდან ხეთების დედაქალაქ ხათუსასკენ გავწიეთ. თვითონ სახელწოდებაც თითქოს ულამაზესისა და იდუმალის შთაბეჭდილებას ტოვებდა. აკი, ასეც გვეუბნებოდნენ ჯგუფის ხელმძღვანელი თამთა ჭანტურია და ჩვენი მინიბუსის მესაჭე ზვიად ჩიტაური, რომლებსაც არა ერთხელ ენახათ ეს ადგილები, - მალე ზღაპარში მოხვდებითო. შინ წიგნი მქონდა, სახელად "ათასი ღვთაების ქვეყანა" და ჯერ კიდევ იქიდან მახსოვდა ბავშვობაში წაკითხული ხათებ-ხეთების უძველესი სამეფოს ამბები, მაგრამ იმხანად მხოლოდ შორეული ოცნება იყო ამ მიწის მოვლა. ახლა ხელის გაწვდენაზე მქონდა "ხეთური პანთეონი" - ათასი კი არა, ალბათ, გაცილებით მეტი ღვთაების ქვეყანა.
ჩვენს მინიბუსს, მგონი, გაჩერება არ ვაცალეთ, ისე ჩამოვფრინდით მანქანიდან და ავირბინეთ ქვის კიბეები. პატარა ბიჭები შემოგვეხვივნენ, ყაყანით. არაფერი გვესმოდა, თუმცა გუმანით მივხვდით, რომ სუვენირებში "თავმოყრილ" ხათუსას გვთავაზობდნენ. თამთამ და ზვიადმა სასწრაფოდ გაგვაფრთხილეს, დრო არ დაკარგოთ, ჯერ შიგნით შევიდეთო. ბიჭებს თავაზიანად გავუღიმეთ, რადგან უპირველესად, პირდაფჩენილი ლომების კარიბჭის შიგნით რა ხდებოდა, ის გვაინტერესებდა...
ხათუსა (ხათუსას, ხატუშა, ხატუშაშ, თურქ. Hattuşaş) - ხეთების სამეფოს (მის ფუძემდებლად მიიჩნევენ ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისის მცირე აზიის ქალაქ-სახელმწიფოს - ქუსარის მმართველ ლაბარნა I-ს) დედაქალაქი, რომელიც ქალაქად ძვ.წ. III ათასწლეულის II ნახევრიდანაა ცნობილი. ლაბარნა I-ის შემდეგ ქუსარაში ლაბარნა II, იგივე ხათუსილი I გამეფდა. მალევე ამ უკანასკნელმა სამეფო ცენტრი გადმოიტანა ხათუსაში და საკუთარი სახელიც სწორედ ამ ქალაქის სახელწოდებას დაუკავშირდა. ხათუსა ზღვის დონიდან 1050 მეტრზე მდებარეობს, თანამედროვე თურქეთის სოფელ ბოღაზქოისთან, ცენტრალურ ანატოლიაში, თურქეთის ერთ-ერთი უდიდესი მდინარის, ყიზილ-ირმაქის (ძველი ჰალისი - ი.ხ.) ნაპირებზე. ანკარიდან აღმოსავლეთით, ხათუსამდე 145-150 კმ-ია, საქართველოს საზღვრიდან ხათუსამდე - 777 კილომეტრი, ხოლო თბილისიდან ხეთების დედაქალაქი 1140 კმ-ის დაშორებითაა. ხათუსა 1834 წელს აღმოაჩინეს, მისი გათხრები კი 1906 წლიდან მიმდინარეობს. 1986 წელს ხათუსას ნანგრევები შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
ძვ. წ. XV საუკუნეში ხეთების სამეფო დასუსტდა და იმხანად გაძლიერებულმა ეგვიპტემ ხეთები სირიიდან განდევნა. თუმცა ძვ. წ. XIV საუკუნეში ხეთები კვლავ გაძლიერდნენ, მცირე აზიაშიც დაიბრუნეს ძველი სამფლობელოები და სირიასთან დაკავშირებით ეგვიპტელებთანაც შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით, ხეთები ჩრდილოეთ სირიაში გაბატონდნენ, ეგვიპტელები - სამხრეთ სირიაში.
ძვ. წ. 1200 წელს უკვე საკმაოდ დასუსტებული ხეთების სამეფო ეგეოსის ზღვის სამხრეთიდან დაძრულმა "ზღვის ხალხებმა" გაანადგურეს.
ამბობენ, ხეთების ჩრდილოეთით და შავი ზღვის სამხრეთით ქართველური წარმოშობის ტომები ცხოვრობდნენ და სწორედ აქ ჩაისახა-ჩამოყალიბდა მათი პირველი გაერთიანებებიც - დიაოხი და კოლხა. ასევე, საუკუნეების განმავლობაში ხეთებთან სიახლოვემ ქართული ენის განვითარებასაც დაამჩნია თავისი კვალიო.
დღეს ხათუსასგან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი, თუმცა აშკარაა, რომ ძალიან ლამაზი არქიტექტურით ხასიათდებოდა. მას, თურმე, გალავანი ერტყა და რამდენიმე მძლავრი შესასვლელი - კარიბჭე ჰქონდა. ჩვენ სამი მათგანი ვნახეთ: "ლომთა კარიბჭე", "სფინქსთა კარიბჭე" და "სამეფო კარიბჭე". ქალაქის სამხრეთით არის ძალიან საინტერესო "მიწისქვეშა კარიბჭე", რომლის ნახვაც ვერ მოვასწარით. "სფინქსთა კარიბჭემ" მართლაც გაგვაოგნა - კარგა ხანს მონუსხულები ვუყურებდით თვალდათხრილი სფინქსების ქანდაკებებს. მერე კი, იცოცხლე, მოვიმარჯვეთ ფოტოაპარატები და ხან სფინქსებს ვუღებდით, ხან სფინქსებთან ერთად ვიღებდით. არემარეც გასაოცარი იყო - კარიბჭიდან შედიოდი და მის იქით დაცარიელებული, ნანგრევებად ქცეული და ამით კიდევ უფრო იდუმალი ხეობა მოსჩანდა.
ხათუსას ციხე-სიმაგრე ბუიუკ-კალეს კლდოვან ბორცვზე ყოფილა გაშლილი, თუმცა ერთიან არქიტექტურულ ანსამბლს ქმნიდა. აქ იყო მეფისა და დედოფლის რეზიდენციები ფართო გალავნითა და მძლავრი ალაყაფის კარით, ხუთი დიდი ტაძარი, რომელთაგან ერთ დიდ ტაძარს, რეკონსტრუირებულს, რომელიც ძვ.წ. XIII ს.-ით თარიღდება, მხოლოდ შორიდან გადავუღეთ ფოტო. აქვე ყოფილა სამეფო და სატაძრო არქივები, სამეფო კარის მომსახურეთა შენობები და სამეურნეო საწყობები, გვირაბები. ერთ-ერთი საფორთიფიკაციო ნაგებობა, რომლის სიმაღლე 15 მეტრამდე ყოფილა, სიგრძე 250 მ. და სიგანე 80 მ, როგორც ჩანს, ქალაქს გვირგვინად ედგა და მის სამხრეთ ბოლოს ამაგრებდა. ქალაქის კედელი მიჰყვებოდა სანაპიროს და შუაში წყდებოდა სფინქსის კარიბჭით. კარიბჭის ქვემოთ იყო უკანა კარი და 70 მ სიგრძის გვირაბი, რომელიც დიდი ლოდებისგან იქამდე აუშენებიათ, ვიდრე მას მიწისქვეშა კარს დაუყენებდნენ. ერთ-ერთი ამგვარი გვირაბის ნაშთი ჩვენც ვნახეთ.
აშკარად ჩანდა, რომ ხეთები დიდებული ხელოვნები ყოფილან, მათი ნამუშევრები კი - ნატურალისტური. ადამიანების, ცხოველებისა და ცალკეული საგნების გამოსახვისას ხეთი მხატვარი კონკრეტული სიტუაციისთვის ყველაზე უფრო მისაწვდომსა და გასაგებს გადმოსცემდა. მამაკაცის ტრადიციულ ფიგურას თავი ყოველთვის პროფილში, მხრები და მკერდი - ანფასში, ფეხები კი ისევ პროფილში ჰქონდა. ეს ელემენტი, თურმე, ვაჟკაცობისა და სიმამაცის მახასიათებელი იყო. ნეტავ, გენახათ, ფოტოს გადაღებისას როგორ ვცდილობდით, "ღირსეულად" დავდგომოდით გვერდით კლდესა და ქვაში გამოკვეთილ ამ ფიგურებს, მაგრამ ხეთური სულისკვეთება აშკარად გვაკლდა!
ხათუსას ტერიტორიის ფეხით შემოვლას მთელი დღე სჭირდებოდა, ჩვენ კი მეოთხედი დღეც არ გვქონდა, ვჩქარობდით, თუმცა ხეთებთან "ურთიერთობა" ამით არ დაგვისრულებია და ნაწილი ამბებიც მომდევნო ბლოგისთვის გადავდე.
(გაგრძელება იქნება)
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს