"ლაფანყურული საგა" - კვირის პალიტრა

"ლაფანყურული საგა"

"კრემლის განცხადებებში, რომ საქართველო ხელს უწყობს ჩრდილოკავკასიელი მეომრების საქართველოში გადასვლას, ახალი არაფერია, მორიგი პროპაგანდაა საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლისთვის. ამ ზეწოლას თბილისი ვერ უძლებს და იმის მაგივრად, რომ დაეხმაროს მტრის მტერს, აქტიურად ბლოკავს მოჯაჰედების ნებისმიერ მცდელობას - გამოიყენონ”ქართული ზურგი"

მოვლადი უდუგოვი,

კავკასიის იმარატის იდეოლოგი. 2010 წ.

"პანკისის ხეობა ვაჰაბიზმის გავრცელების კერად იქცა. ვაფრთხილებ ყველას, ვინც ავრცელებს ვაჰაბიტურ ლიტერატურას და შესაბამის ცენტრებს ქმნის, ამ ხალხის მიმართ დანდობა არ იქნება".

მიხეილ სააკაშვილი, 18 თებერვალი, 2004 წ.

2012 წლის 27 აგვისტოს კახეთში სოფელ ლაფანყურიდან 5 ახალგაზრდა საქეიფოდ ტყეში წავიდა. როდესაც შინ აღარ დაბრუნდნენ, თანასოფლელებმა ძებნა დაუწყეს.

"მთელი სოფელი ვეძებდით. ბოლოს, როგორც იქნა, გადავაწყდით. შევნიშნეთ - შეიარაღებული პირები ახლდნენ, თუმცა მათი გარჩევა ვერ შევძელით, მხოლოდ ზურგებს ვხედავდით. ეს ამბავი მესაზღვრეებს ვაცნობეთ. 28 აგვისტოს, შუადღე იქნებოდა, გავიგეთ, - ბიჭები გაუთავისუფლებიათო".

თამაზ თანდილაშვილი,

ლაფანყურის მკვიდრი

იმავე დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაფანყურელი ახალგაზრდები დაღესტნიდან გადმოსულ "ბოევიკთა" შეიარაღებულ ჯგუფს ჰყოლია მძევლად აყვანილი.

28 აგვისტოს, ღამით, ლოპოტის ხეობაში მოულოდნელად შს სამინისტრომ მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყო, რომელშიც საპოლიციო სპეცრაზმების გარდა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილებიც იყო ჩართული, ლაფანყურელები ამ ოპერაციას თავიდანვე ეჭვის თვალით უყურებდნენ.

"ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლია, არანაირი "ბოევიკები" ამ ტყეებში არ არიან. არ ვიცი, რა არის ამ სპეცოპერაციის მიზანი, მაგრამ დაღესტნელების დევნა რომ არაა, ყველა დარწმუნებულია".

ბადრი წელაური,

ლაფანყურის  მკვიდრი

29 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ლოპოტის ხეობაში ორმხრივი შეტაკებისას დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი (წიკლაური და ჩოხელი) და თავდაცვის სამინისტროს ერთი თანამშრომელი (სამხედრო ექიმი ხვედელიძე). მსხვერპლია "ბოევიკებშიც" (11 მეომარი).

შს სამინისტროს განცხადებით, 6 მეომარი ალყაში იყო მოქცეული. 30 აგვისტოს ლაფანყურელი მძევლები პოლიციამ შინ დააბრუნა. როგორც თავად აცხადებდნენ, ისინი მართლაც იყვნენ შეიარაღებული პირების მძევლები, თუმცა კარგად ექცეოდნენ. ერთ-ერთის მშობლის განცხადებით, - ბავშვებს აჭმევდნენ, ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც კი აჩუქეს, ფულიც მისცეს - 200 დოლარი, - ჩვენს სახელზე იქეიფეთო. მათი დახოცვის ამბავმა ძალიან შეაწუხა ბიჭებიო.

მძევლები მედიასთან სიტყვაძუნწობდნენ, მაგრამ ის კი თქვეს, რომ "ბოევიკთაგან" ერთი ქართულად ლაპარაკობდა(?!), შს სამინისტრომ სპეცოპერაციის ძირითადი ნაწილის დამთავრების შესახებ განცხადება გააკეთა და დახოცილი "ბოევიკების" ვიდეოკადრებიც გაავრცელა. ამით თითქოს "ლაფანყურული საგაც" უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მოულოდნელად, 30 აგვისტოს, მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ლოპოტის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დახოცილები დაღესტნელი ტერორისტები კი არა, პანკისის ხეობის მკვიდრი ქისტები იყვნენ. ამ თავზარდამცემი ინფორმაციის დაჯერება საზოგადოებას გაუჭირდა. ამასობაში, 31 აგვისტოს, პანკისის ხეობის სოფელ დუისის სასაფლაოზე, გვიან ღამით, 7 საფლავი გაითხარა...

შს სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრებიდან ამოუცნია ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი მის ძმას ავსტრიაში. ბაჰაუდინ ბაღაკაშვილთან ერთად დაღუპულები იყვნენ ბაჰაუდინ ალდამოვი და ასლან მარგოშვილი. 1-ლი სექტემბრის დილას გარდაცვლილთა მშობლებმა გაიგეს, რომ ხელისუფლება დაპირებას არ ასრულებდა - ცხედრების გადაცემისგან თავს იკავებდა. პარალელურად შს სამინისტრომ კატეგორიულად უარყო  სპეცოპერაციის დროს დაღუპულებში საქართველოს მოქალაქეების არსებობა და ინფორმაციას ამის შესახებ აბსურდი უწოდა. თუმცა 3 სექტემბერს, გამთენიისას, დუისში ასლან მარგოშვილის და ბაჰაუდინ ალდამოვის ცხედრები მიასვენეს და ისე დამარხეს, მშობლებს დატირების საშუალება არ მისცეს. ამან ხეობაში სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა, რადგან მუსლიმანური წესით, გარდაცვლილი აუცილებლად უნდა გაიბანოს და მზის ჩასვლამდე დაიკრძალოს... იმავე დღეს, დილით, შს სამინისტრომ დაადასტურა, რომ ლოპოტის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა შორის მართლაც იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, დასახელდა სხვა გარდაცვლილებიც, რუსეთის მოქალაქეები - დუკვაჰა დუშუევი, სალამ ზაურბეკოვი და ჯაბრაილ ხაშიევი.

4 სექტემბერს ავსტრიიდან ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ძმები ჩამოვიდნენ. იმავე დღეს დუისის სასაფლაოზე ბაჰაუდინ ბაღაკაშვილიც დაკრძალეს. დანარჩენი ოთხი საფლავი მოსახლეობამ ამოავსო (მუსლიმანური რწმენით, ცარიელი საფლავები ავის მომასწავებელია). გარდაცვლილთა მშობლებს, ისევე როგორც მთელ ხეობას, დღემდე არა აქვთ პასუხი კითხვაზე - როგორ მოხვდნენ ახალგაზრდები ლოპოტაში და რა მოხდა 30 აგვისტოს ლაფანყურის ტყეში?

"ჩემი ძმისწული თბილისში, "გეპეიში" სწავლობდა, მეოთხე კურსზე იყო. ახლა ცნობა რომ დაგვჭირდა, ადმინისტრაციამ გვითხრა, აქ არ უსწავლიაო. როგორ არ უსწავლია! ყველა ნიჭიერ სტუდენტად მიიჩნევდა, მერე აკადემიური აიღო და ფინეთში წავიდა, ავადმყოფი მამა ბელორუსიაში ჰყავს, დედამისი თოვლსა და წვიმაში 5 სოფლის იქით დადიოდა სკოლაში - მასწავლებელია, რომ შვილებისთვის არაფერი მოეკლო. არ ვიცი, შვილო, იქ რა მოხდა. ახლახან გავიგე, რომ ეგვიპტეშიც კი ყოფილა 2 თვე" (ვაჰაბიტები იქ ყურანს სწავლობენ. - ავტ.).

მარინა მარგოშვილი,

ასლან მარგოშვილის მამიდა

გაირკვა, რომ ლოპოტაში დაღუპული რუსეთის მოქალაქეებიდან ყველა ბოლო დროს პანკისის ხეობაში იმყოფებოდა, დოკვაჰა დუშუევი წარსულში აჰმად ზაკაევის დაცვის წევრიც ყოფილა (ამის შესახებ თავად ზაკაევმა განაცხადა ლონდონიდან და საქმის გამოსაძიებლად კომისიაც კი შექმნა) და სალამ ზაურბეკოვი (ყველაზე ახალგაზრდა დაღუპულებში, 21 წლისა).

"პანკისის ხეობაში ავსტრიიდან ჩამოსულა. სალამი ავსტრიაში მამიდასთან ცხოვრობდა. როდესაც დედამ გაიგო, რომ სალამი ვაჰაბიტი გახდა, ჩეჩნეთიდან ჩამოაკითხა და ძებნა დაუწყო, მაგრამ ახალგაზრდა ვაჰაბიტების ლიდერებმა მშობლებს დაუმალეს. საწყალი ქალი იხვეწებოდა, - შვილი მანახეთო, ბოლოს სკაიპით ალაპარაკეს (ვითომ საზღვარგარეთ იყო). ამბობდნენ, მაშინ დედამისმა სალამს დაუჩოქა, - დაბრუნდი ავსტრიაშიო, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს, მშობლები აქედან წავიდნენ. ბაღაკაშვილი და ზაურბეკოვი 13 მარტს ავსტრიიდან ერთად ჩამოფრინდნენ. რამდენჯერმე ერთAად ვნახე. ბოლოს ბაირამობის დღესასწაულზე - 18 აგვისტოს (ამავე დღეს დუისში დაკრძალეს საველე მეთაურის, რუსლან გელაევის ვაჟი რუსტამი, რომელიც სირიაში დაიღუპა. ერთი ვერსიით, ბაღაკაშვილი და ზაურბეკოვი მის ცხედარს დახვდნენ თურქეთში და დუისში ჩამოჰყვნენ. - ავტ.). ამბობენ, სანამ ეს ამბები მოხდებოდა, ვაჰაბიტებს ჯიჰადისთვის 80-მდე ბიჭი ჰყავდათ გადაბირებულიო. 5-6 შერჩენიათ მხოლოდ და იმიტომ არიან ასე აგრესიულები".

ომარი, დუისის მკვიდრი

სალამ ზაურბეკოვის მშობლები დუისში არიან და ხელისუფლებისგან შვილის ცხედრის გადაცემას ელოდებიან. როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, შესაძლოა, სალამის სიკვდილის გამო შური იმ ხალხზე იძიონ, ვინც თავის დროზე მშობლებს შვილი დაუმალა. როგორც ამბობენ, ასლან მარგოშვილიც ბოლო დროს დუისში იყო, თუმცა ოჯახს არ ენახვებოდა და მეზობელ სახლში იმალებოდა.

რაც შეეხება ბაჰაუდინ ალდამოვს, ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რომ თურქეთში იყო სამუშაოდ, ხოლო ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი ნათესავებს უკვე ავსტრიაში ეგონათ. ვინაიდან კითხვებზე პასუხი არ არსებობს, ხეობაში ჭორ-მართალი ერთმანეთში აირია. თუმცა არსებობს რამდენიმე ვერსია.

"ავსტრიული ვერსია" (ამ ვერსიაზე ავსტრიაში მცხოვრები ქისტები და ჩეჩნები ლაპარაკობენ): მეომართა ჯგუფი, რომლებსაც ქართული სპეცსამსახურები მფარველობდნენ (არ კონკრეტდება რომელი), მართლაც აპირებდა დაღესტანში გადასვლას, თუმცა პოლიციის ერთ-ერთი ჩინოსანი ჰპირდებოდა, რომ ამას მხოლოდ არჩევნების შემდეგ მოახერხებდა. ჯგუფმა დამოუკიდებლად წასვლა გადაწყვიტა. ისინი ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომელს მოელაპარაკნენ. მან, გარკვეული თანხის საფასურად, ჯგუფის გადაყვანა გარისკა. რამდენიმე დღე მეომრები ლაფანყურის ტყეებში იყვნენ და სოფლამდეც კი ჩადიოდნენ (სამხედრო პირების ტყეში ყოფნას ლაფანყურელებიც ადასტურებენ). ვინაიდან დრო გაჭიანურდა და ჯგუფს ტყეში უქმად ყოფნა მოსწყინდა, გამცილებელს პირობის შესრულება მოსთხოვა. მან კი შს სამინისტროში დარეკა. პოლიციის სპეცრაზმებმა მეომრები მძინარეები დახოცა.

ხეობაში ამბობენ, რომ იმ ხალხმა, ვისაც ეს ევალება (ხეობის ავტორიტეტები), მომხდარის გამოძიება უკვე დაიწყო და სიმართლეც მალე დადგინდება. ამბობენ, რომ შურისძიება მიზანმიმართული იქნება. დამნაშავეთა შესახებ იციან, არ უნდათ მათი დაფრთხობა, რათა გაქცევის საშუალება არ მიეცეთ.

ადგილობრივთა ვერსია. ახალგაზრდა ვაჰაბიტთა ჯგუფი იმ ხალხმა მოამზადა, ვინც წლების განმავლობაში ამგვარი ჯგუფების მომზადებით იყო დაკავებული. ისინი გამოცდილი ჩეჩენი მეომრები არიან, რომლებიც თბილისსა და პანკისში ცხოვრობენ. ორი მათგანი, მეტსახელად "დუშმანა" და "ბაიელი" დღემდე წვრთნიან შინაგანი ჯარის ნაწილებს(?!), ამ ჯგუფის ტრანსპორტირებაში ჩართული იყო ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომელი ვინმე სანდრო ამირიძე. ჯგუფის გადაყვანის შესახებ ინფორმირებული იყო ჩეჩენი ახმედა (კავკასიის იმარატის ემირის, დოკუ უმაროვის პირადი წარმომადგენელი საქართველოში(?!).

მას "ცალხელადაც" იცნობენ. ახმედ ჩატაევი ჩეჩნეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტერორიზმსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლაში. იგი ერთ-ერთი პარტიზანული ბრძოლის დროს ხელში დაიჭრა. ხელი მას უკვე რუსეთის ციხეში მოჰკვეთეს. ჩატაევმა შეძლო საპყრობილიდან თავის დაღწევა და ბოლო დრომდე ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობდა. 2010 წელს იგი უკრაინაში დააკავეს, თუმცა რუსეთმა მისი ექსტრადიცია ვერ მოახერხა).

პანკისის ჯამაათის მხრიდან ამ პროცესში ჩართულნი იყვნენ ვინმე "დუშმანი" და "ზოინი", რომლებიც, სავარაუდოდ, რუსლან გელაევის დაცვის წევრები იყვნენ და პანკისში თავის დროზე საველე მეთAაურს ჩამოჰყვნენ. როდესაც ჯგუფი ლაფანყურის ტყიდან დაღესტნის საზღვრისკენ დაიძრა, ამირიძემ ამის შესახებ თავისიანებს აცნობა და მეომრები მძინარეები დახოცეს, ისე, რომ მათ თოფის გასროლაც ვერ მოასწრეს. დაღუპული სპეცრაზმელები და სამხედრო ექიმი მათ არ მოუკლავთ(?!)

"ხელისუფლების ვაჰაბიტური ვერსია": ამაზე ვაჰაბიტები საუბრობენ და ხელისუფლების კულუარებში გავრცელებული ვერსიაც ემთხვევა. ლაფანყურის ოპერაციის შემდეგ, როდესაც პეტრე ცისკარიშვილმა პირდაპირ ეთერში დახოცილებს ტერორისტები და დივერსანტები უწოდა, ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ დაღუპულებში ქისტებიც იყვნენ. ამის შესახებ გადაცემის დასრულების შემდეგ შეიტყო, როდესაც ხეობიდან მეგობარმა დაურეკა. ახმეტის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს სპეცოპერაციის ხელმძღვანელებთან საკმაოდ დაძაბული საუბარი ჰქონდა. სწორედ იქ გაჟღერდა ზემოთ ნახსენები ვერსია.

ამ ვერსიის მიხედვით, შეიარაღებული ჯგუფის გადასვლა საზღვარზე სპეცსამსახურების დაბალ რგოლებთან იყო შეთანხმებული(?!). ლაფანყურის ტყეში ისინი 5 ახალგაზრდას მართლაც გადააწყდნენ. ინფორმაცია რომ არ გაჟონილიყო, ახალგაზრდები თან წაიყვანეს. საზღვრამდე ექვსიოდე კილომეტრი იყო დარჩენილი, როცა ჯგუფის ერთმა წევრმა, სავარაუდოდ ჩეჩენმა, ამის შესახებ რუს მესაზღვრეებს აცნობა(!). რუსეთიდან ხელისუფლებამ მკაცრად გააფრთხილა ქართული მხარე, - თუ ჯგუფი საზღვარს გადმოლახავდა, საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მასშტაბურ ანტიტერორისტულ ოპერაციას წამოიწყებდნენ. საქართველოს ხელისუფლება დაახლოებით 8 საათის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებას შეიარაღებულ ჯგუფთან. შეიარაღებულ ვაჰაბიტებს ეუბნებოდნენ, რომ საზღვრის გადალახვის შემთხვევაში მათ რუსები აუცილებლად გაანადგურებდნენ, გარდა ამისა, საქართველო უმძიმესი პრობლემის წინაშე დადგებოდა. მოლაპარაკება მალე ჩიხში შევიდა. თბილისიდან მეომრებთან სალაპარაკოდ ჩეჩენი ახმედაც ("ცალხელა") კი ჩამოიყვანეს.

უმრავლესობამ დანებება არჩია, მხოლოდ სამი - ერთი ქისტი და ორი ჩეჩენი იდგნენ უარზე და სხვებსაც ურჩევდნენ, ჯიჰადი დაეცვათ. მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა და შეიარAაღებულმა ჯგუფმა გზა გააგრძელა. სამხედრო მოსაზრებით თუ სხვა ინტერესის გამო, ჯგუფის ლიდერებმა გადაწყვიტეს ჯგუფი ორ ნაწილად გაეყოთ, რათა ერთად არ დაეხოცათ და საზღვრამდე ასე გააგრძელეს გზა. საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებდა შეიარაღებული ჯგუფის საზღვარზე გადასვლას, იძულებული გახდა, განეიტრალების ბრძანება მიეღო. ამიტომ 28 აგვისტოს ღამეს ლოპოტის ხეობაში სპეცოპერაცია წამოიწყო. გამოცდილი მეომრების ჯგუფმა თავის დაღწევა მოახერხა, დანარჩენები კი ნაღმMის ნამსხვრევებით დაიღუპნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა, "ცალხელამ" ჯგუფთან დარჩენა არჩია... სპეცოპერაციას გადარჩენილი 6 მეომრის ბედი გაურკვეველი იყო. 7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სოფელ ფშაველთან სამართალდამცავებმა ორი შეიარაღებული პირი დააკავეს, რომლებიც, სავარაუდოდ, ვაჰაბიტთა შეიარაღებული ჯგუფის წევრები იყვნენ. ამჟამად მიმდინარეობს დანარჩენი 4 პირის ძებნა.

P.S. 8 სექტემბერს სამართალდამცავებმა ახმედ ჩატაევი ("ცალხელა") დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის დაჭრილი იყო.

თბილისი-დუისი