"მაჭანკლის" დაბრუნება (გაუხმაურებელი დეტალები) - კვირის პალიტრა

"მაჭანკლის" დაბრუნება (გაუხმაურებელი დეტალები)

რა როლი ითამაშა თბილისის უხუცესმა კანონიერმა ქურდმა კრანახის შედევრის "აღმოჩენაში"

ლუკას კრანახის "მაჭანკალი" 40 მლნ დოლარად არის შეფასებული

კრანახის "მაჭანკალი" კრიმინალური ავტორიტეტის, გიგა ბალავაძის საკანში კედელზე ეკიდა(?!)

"რაც მინახავს, მათ შორის ყველაზე იდუმალი კრანახის "მაჭანკალია". თითქოს რაღაც ბედისწერას ვხედავ მასში. ამიტომაც ყოველთვის უბედურება მოაქვს მფლობელისთვის".

შარლ ბოდლერი

"ფილმის ("საუკუნის ყველაზე მასშტაბური ძარცვა". - ავტ.) გადაღების დროს მის დამდგმელებს ვუთხარი, - თუ ასე აკეთებთ ყველა ფილმს, მაშინ თქვენ არაფერი დაგეჯერებათ-მეთქი".

მანანა ჭელიძე, ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელი

27 სექტემბერს თბილისში საბჭოთა კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი უხუცესი (და გავლენიანი) წარმომადგენელი გოგი ჩიქოვანი გარდაიცვალა. ძველი ქურდული სამყაროს "უკანასკნელ მოჰიკანს" ბევრი ცნობილი მოვლენა უკავშირდება, არა მარტო საქართველოში. ყველაზე საინტერესო მისი კავშირია ლუკას კრანახის "მაჭანკლის" დაბრუნებასთან, რომელიც უკვე 9 წელია, არ ხმაურდება.

...90-იანი წლების საქართველოში მკვლელობა, ყაჩაღობა და ქურდობა ჩვეულებრივი ამბავი იყო, მუზეუმების ძარცვაც გახშირდა. ბევრი ძვირად ღირებული ნამუშევარი დაიკარგა საგამოფენო დარბაზებიდან, მათ შორის გუდიაშვილისა და ფიროსმანის ტილოები. 1994 წლის 29 ივლისს კი თბილისში ხმა გავარდა, - ხელოვნების მუზეუმს თავს დაესხნენო.

ჯუმბერ დვალი: - იმ დროს მუზეუმში შეთავსებით მეხანძრედ ვმუშაობდი. 28 ივლისს მორიგე ვიყავი. ჩამიჩუმი არ იყო და დამშვიდებულს ოთახში მეძინა. შუაღამე გადასული იქნებოდა, რომ ვიღაცები შემოვიდნენ. რას ვიფიქრებდი, დამნაშავეები იქნებოდნენ. არსად გაიხედოო, - მითხრეს და გვერდში იარაღის ლულაც გამკრეს. ბნელოდა და ვერ გავარჩიე, რა ეცვათ თავდამსხმელებს, მხოლოდ ნიღბიან სახეებს ვხედავდი ბუნდოვნად. როდესაც კიბეზე ჩამიყვანეს, შევამჩიე - აღმოსავლეთის განყოფილებაში ექსპოზიციის კარი ღია იყო. ქვემოთ კი ორი ჩვენი პოლიციელი ჰყავდათ ხელშეკრული, მეც იმათთან დამსვეს. რამდენიმე წამში ხელები ოსტატურად შემიკრეს (უნდა ითქვას, რომ მძარცველები უხეშად არ გვექცეოდნენ) და დარბაზში შევიდნენ. ერთხანს შედი-გადიოდნენ, მერე გვითხრეს, - ჩვენ მივდივართ და ერთი საათი არ გაინძრეთო. როგორც კი წავიდნენ, ერთმანეთს ხელები დიდი გაჭირვებით გავუხსენით და რაც მოხდა, მუზეუმის დირექტორს ტელეფონით ვაცნობეთ. როდესაც ის მოვიდა, მაშინღა შევედით დარბაზში. სამი ტილო წაეღოთ: ჟან შარდენის "ნატიურმოტი", იაკობ ვან რეისდალის "ჩანჩქერი" და ლუკას კრანახის "მაჭანკალი". დილით უამრავი პოლიციელი და ხალხი მოაწყდა მუზეუმს. ჩვენ მთაწმინდის პოლიციის სამმართველოში გადაგვიყვანეს დასაკითხად.”

XVI საუკუნის ცნობილი გერმანელი მხატვრის ლუკას კრანახის "მაჭანკალი" 40 მლნ დოლარად არის შეფასებული, ცნობილი არ არის, ეს ნახატი როგორ აღმოჩნდა საქართველოში. გავრცელებული ვერსიით - დიდმა მთავარმა გიორგი რომანოვმა ჩამოიტანა. XX საუკუნის 20-იან წლებში მისი მფლობელი კოლექციონერი ყორღანოვი იყო, მისგან კი მხატვარმა დიმიტრი შევარდნაძემ შეიძინა და ცისფერ გალერეაში გამოფინა. როდესაც მენშევიკურმა მთავრობამ საქართველო დატოვა, "მაჭანკალს", ქართულ საგანძურთან ერთად, ექვთიმე თაყაიშვილი ინახავდა. გერმანელები II მსოფლიო ომის დროს გამალებით დაეძებდნენ მას (ჰიტლერი კრანახს ყველაზე გერმანელ მხატვრად თვლიდა), მაგრამ თაყაიშვილმა საიმედოდ გადამალა და 1946 წელს საგანძურთან ერთად საქართველოში დააბრუნა.

ძარცვის ამბის გახმაურებისთანავე გაჩნდა კითხვა, - როგორ მოხვდნენ მძარცველები შენობაში.

გია მარსაგიშვილი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დირექტორის მოადგილე: - ჩემი ვარაუდით, მძარცველები დილით შევიდნენ შენობაში (შესაძლოა,“დამთვალიერებლებიც” ყოფილიყვნენ) და შემდეგ სარდაფში დაიმალნენ. მუზეუმს ერთი ავტომატით და მაკაროვით შეიარაღებული სულ სამი პოლიციელი იცავდა. უშუქობის გამო არ მუშაობდა სიგნალიზაციაც. ერთი პოლიციელი ტუალეტში გავიდა და მძარცველებმა იქვე დაიტოვეს. როდესაც არ მობრუნდა, მეწყვილის მოსაკითხად მეორე წავიდა. მძარცველებმა ისიც არ გამოუშვეს. სურათები მათ სიბნელეში ჩამოხსნეს. უეჭველია, სურათებით დაინტერესებულ პირს მძარცველი მანამდეც ეყოლებოდა მოყვანილი სურათების საჩვენებლად ("აი, ამ სურათს მომიტან და ამდენს გადაგიხდი!"). ვიღაცამ თქვა, მძარცველებს სამხედრო ფორმა ეცვათო...”

სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა - ხელოვნების მუზეუმი მომხდარამდე რამდენიმე დღის წინაც გაძარცვეს (წაიღეს 5 სურათი, მათ შორის ივან აივაზოვსკის "სევასტოპოლის აღება" - მერე რუსეთში გამოჩნდა) და კრანახის წაღებიდან ორიოდე დღის შემდეგაც - ბიბლიოთეკის დარბაზიდან ჰოლანდიური სკოლის ორი უიშვიათესი ტილო წაიღეს (მნიშვნელობით, არანაკლები "მაჭანკალზე").

საზოგადოება კითხულობდა, - ვინ დგას ძარცვის უკანო. თავდაპირველად მინიშნება "მხედრიონზე"”კეთდებოდა. თუმცა "მაშველთა კორპუსის" მონაწილეობა ამ საქმეში საეჭვო იყო, რადგან "მხედრიონელები" მსგავსი ფილიგრანულობით და ჰუმანურობით არ გამოირჩეოდნენ, მათთვის უცხო იყო "საქმის" უხმაუროდ კეთება. როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობდნენ, ეს კარგად მომზადებული ჯგუფის ნახელავი უნდა ყოფილიყო. ასეთი კი მხოლოდ სპეცდანიშნულების რაზმი "ომეგა" შეიძლება ყოფილიყო, რომელსაც უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე კურატორობდა.

როდესაც სახელმწიფოს მეთაურმა ხელოვნების მუზეუმის ძარცვის ამბავი გაიგო, საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და ძალოვანებს სურათების პოვნა უმოკლეს დროში მოსთხოვა, თუმცა ამაოდ. ნაძარცვის კვალი დაიკარგა... კრანახის მისტიკური ტილოს შესახებ ინფორმაცია დროდადრო მხოლოდ კრიმინალურ სამყაროში ვრცელდებოდა, რადგან შედევრის ხელში ჩასაგდებად რამდენიმე დანაშაულებრივი დაჯგუფება ერთმანეთს არ ინდობდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ "მაჭანკალს" ორი კანონიერი ქურდის სიცოცხლეც შეეწირა. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, კრანახი, დანარჩენ ორ ტილოსთან ერთად, ფოთის პორტიდან უნდა გაეტანათ, თუმცა ფოთის მაგივრად სურათები რატომღაც გორში აღმოჩნდა (ამბობენ, სახლი, სადაც სურათები ინახებოდა, დაწვეს, ხოლო პატრონები დახოცესო). ჩანს, ქურდული სამყარო, რომელსაც ხელში ჩაუვარდა ტილოები, მის გადამალვას ამაოდ ცდილობდა, ვიღაც "მაჭანკალს" ფეხდაფეხ მიჰყვებოდა.

ორიოდე წლის შემდეგ "მაჭანკალი" კვლავ "გამოჩნდა".

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი,“სანდო წყაროზე დაყრდნობით ირწმუნებოდა, რომ კრანახის "მაჭანკალი" კრიმინალური ავტორიტეტის, გიგა ბალავაძის საკანში კედელზე ეკიდა(?!), რაც, მოგვიანებით, მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმაც დაადასტურა. ცხადი იყო, რომ ქურდულ სამყაროს ყველაზე უსაფრთხოდ კვლავ ციხე მიაჩნდა. თავიდან სამართალდამცავებს ეს ინფორმაცია სასაცილოდ არ ეყოთ, მაგრამ როდესაც ფაქტი დადასტურდა, დაიწყო ოპერაციისთვის მზადება - კრანახს, თუნდაც ციხეში, ქურდული სამყარო ნებით არ დათმობდა; მაგრამ ამის თაობაზე კრიმინალური ავტორიტეტი ვიღაცამ გააფრთხილა და "მაჭანკალი" ციხის კედლებიდანაც გაუჩინარდა. Mმას შემდეგ ის თითქოს მიივიწყეს კიდეც.…

2002 წელს ხელოვნების მუზეუმში პოლიციის თანამშრომელი ლადო ბადაგაძე მივიდა.

გია მარსაგიშვილი: - ლადო ბადაგაძე მოვიდა და კრანახზე ჩამოგვიგდო სიტყვა. ვიფიქრე, ეტყობა, საქმის დახურვა უნდათ-მეთქი, მაგრამ ის გვარწმუნებდა, ჩემი რისკის ფასად შეიძლება დაკარგული სურათების კვალს მივაგნოთო. იყო ინფორმაცია - კრანახი ბაქოშია და თუ მყიდველი გამოჩნდება, 8 საათში თბილისში იქნებაო, იმასაც ამბობდნენ, ალიევის დაცვის უფროსთან ინახებაო... ეს იმიტომ ითქვა, რომ სურათის ძებნა თბილისში არავის დაეწყო, ბადაგაძე ჩვენთან გამოძიების დეტალებს არ ახმაურებდა, მაგრამ ყურმოკვრით ვიცოდი, რომ საქმეშIი ვინმე ექიმი-ტრავმატოლოგი უნდა ყოფილიყო გარეული. ერთხელ ლადომ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. ხელი თაბაშირში ჰქონდა და თან რენტგენის სურათი ეკავა. მანახა სალვადორ დალის "ახალი სამყაროს შექმნის" ფოტო და მკითხა, რა სურათიაო. ავუხსენი. ორიოდე დღის შემდეგ შემხვდა, უთაბაშიროდ, სიცილით მითხრა, - მოტეხილი არ მქონიაო. მოგვიანებით გავიგე, რომ სწორედ იმ ექიმ-ტრავმატოლოგს უნდა შეხვედროდა, ვისაც კაბინეტში სალვადორ დალის ის რეპროდუქცია ეკიდა, რომლის ფოტოც მე მანახა. ლადო ფიქრობდა, რომ დალის სახელის ხსენებით დაიწყებდა ექიმთან ხელოვნებაზე საუბარს...

მანანა ჭელიძე, ხელოვნების მუზეუმის აღმოსავლეთ განყოფილების უფროსი: - ლადო ბადაგაძე ჩვენთან ხშირად მოდიოდა. უკვე ვიცოდით, რომ ვიღაც კრანახის გაყიდვას აპირებდა, მაგრამ მთავარი იყო, გაგვერკვია, საუბარი იყო თუ არა "მაჭანკალზე". წამიყვანეს შეხვედრაზე სასტუმრო "მეტეხში". იქ დამხვდა ის ტრავმატოლოგი, კიდევ ერთი ექიმი, ხოლო ლადოს ეგვიპტელი”მყიდველი”მოეყვანა (იმ ეგვიპტელს მილიციის სკოლა ჰქონდა დამთავრებული და დამტვრეული რუსულით საუბრობდა, თარჯიმანიც ახლდა), ლადომ ეგვიპტელზე ექიმებს უთხრა, - ანტიკვარიატით დაინტერესებული პირიაო, ხოლო მე კონსულტანტად გამაცნო. დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ტრავმატოლოგმა მიცნო, რადგან დაჟინებით მკითხა, სად მუშაობთო. უნივერსიტეტში-მეთქი. ცოტა ხანს მიყურა და თქვა, - ამასთან არ ვილაპარაკებო! განზე გავდექი, თუმცა როცა "ჩანჩქერის" და მაჭანკლის" ფოტოები ამოიღეს, ლადოს ვანიშნე.”ვან რეისდალის "ჩანჩქერს" ვიღაც მხატვარი ყიდდა. როგორც აღმოჩნდა მას უკვე უთვალთვალებდნენ.

გია მარსაგიშვილი: - საგამოძიებო ჯგუფის ერთმა თანამშრომელმა მითხრა, - ის მხატვარი იმ ღაAმეს შინ არ მისულა რადგან უკვე ეჭვობდა, რომ უთვალთვალებდნენ. ოჯახს მისმა ნათლიამ დაურეკა და მინიშნებით გააგებინა ეს ამბავი. სამართალდამცავებმა შეიტყვეს, რომ ჯავახიშვილის ქუჩიდან რეკავდა. პოლიციელს ვკითხე, - ვერის ჯავახიშვილის ქუჩიდან თუ აღმაშენებლიდან-მეთქი, მეორემ მხარი წაჰკრა, - რამდენს ლაპარაკობო. იმ ღამეს ის მხატვარი დაიჭირეს. ტილო საწოლის ქვეშ ჰქონდა შენახული. 2004 წლის 9 მაისს თბილისის პოლიციის სამმართველოში "ჩანჩქერი" მანახეს. ამდენ გადატანა-გადმოტანაში დაზიანებული იყო, ეტყობა, უდიერადაც ეპყრობოდნენ. მაშინ არაფერი უთქვამთ "მაჭანკალზე". იქვე გავიგე, რომ ის მხატვარი ყველაფერს თავის თავზე იღებდა, მათ შორის მუზეუმის ძარცვასაც, თუმცა აშკარად ტყუოდა. მაგალითად, თქვა, "მაჭანკალი" მეორე სართულიდან მოვიპარეო, არადა, სულ სხვა ადგილას ეკიდა, და ა. შ.”

სამართალდამცავები პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ მხატვარმა დიდი ზეწოლის შემდეგ დაასახელა ადამიანი, ვისაც "მაჭანკალი" ჰქონდა...

2004 წლის 8 მაისს თბილისში, საკუთარ სახლში, სამართალდამცავებმა 79 წლის ავადმყოფი კანონიერი ქურდი გოგი ჩიქოვანი დააპატიმრეს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი გია ბარამიძე აცხადებდა, დაკავებულს შინ დიდი ოდენობის ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს.

გოგი ჩიქოვანის დაკავებამ ქალაქში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. სნეული ქურდი შეიძლება ციხეში მომკვდარიყო, თუმცა მოულოდნელად, სამიოდ დღეში, 11 მაისს, შინ გაუშვეს. იმავე ღამეს სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ ვორონცოვთან, სანაპიროზე, ქორწინების სახლის წინ, ერთ-ერთ ხესთან, 10 წლის წინ ხელოვნების მუზეუმიდან გატაცებული კრანახის "მაჭანკალი" იპოვეს(!).

გია მარსაგიშვილი: - იმ დღეს სასწრაფოდ სამმართველოში დაგვიბარეს. მუზეუმიდან რესტავრატორებთან ერთად წავედით. მთელი დღე იქ დავყავით... ერთმა პოლიციელმა დამირეკა, - კრანახს უკან რკინები აქვსო? დავეთანხმე. ოღონდ ხელი არ ახლოთ. ფიცარს დააზიანებთ-მეთქი, საკმაოდ მძიმეაო. ამაზეც დავეთანხმე (70-იან წლებში "მაჭანკალი" მოსკოვში წაიღეს სარესტავრაციოდ. ნახატი ფიცარზეა შესრულებული და დეფორმაცია რომ არ მოსვლოდა, რკინის პარკეტაჟი გაუკეთეს. ამის გამო საკმაოდ მძიმეა 16 კგ-ს იწონის). მერე გვითხრეს, სანაპიროზე მოდითო. მე ნიკა ვაჩეიშვილს (მაშინ კულტურის მინისტრის მოადგილე იყო) დავურეკე - სანაპიროზე დაგვიბარეს და იქნებ მოხვიდეთ-მეთქი. მივედით. ხეზე მიყუდებული გახსნილი ყუთიდან კრანახის "მაჭანკალი" მოჩანდა.

გატაცებული ორი სურათი (შარდენის "ნატიურმორტის" ბედი დღემდე უცნობია) კვლავ მუზეუმს დაუბრუნდა, თუმცა მაინც უცნობი დარჩა ძარცვის შემკვეთისა და ნახატის დამბრუნებლის ვინაობები. შს მინისტრი გია ბარამიძე აცხადებდა, - კრანახთან დაკავშირებით გარიგება მოხდაო, თუმცა არ დაუზუსტებია, ვისთან.

2005 წელს მხატვარი ძალიან საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, მოგვიანებით თავი ჩამოიხრჩო პოლიციელმა დავით კეკუამ, რომელიც კრანახის ბოლო მფლობელთან მოლაპარაკებას აწარმოებდა...

.

გავრცელებული ვერსიით, ერთი კვირის წინ გარდაიცვალა ამ "საქმის" მთავარი მოწმეც - გოგი ჩიქოვანი. ჭორებს თუ დავუჯერებთ, სწორედ მის თავისუფლებაში გაცვალა ქურდულმა სამყარომ ლუკას კრანახის "მაჭანკალი".

მუზეუმებიდან ხელოვნების ნიმუშების “დაკარგვა”სამწუხაროდ დღესაც გრძელდება...