"ბევრი ადამიანი სასტიკად დასახიჩრებული და სკალპირებული იყო" - სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის სისხლიანი ქრონიკა
"სტალინური მხეცობის შემდეგ - ჩვენს ქვეყანაში არაფერი მომხდარა ისეთი, რომელიც ასე გადაგვისროდა უკან ცივილიზაციიდან ველურობისკენ"
"ეს არის დარტყმა ზურგში, ძლივს ვაკავებთ აზებაიჯანელებს. რაც მთვარია იქმნება საშიში პრეცენდენტი. ქვეყანაში (იგულისხმება სსრკ-ავტ), სადაც ეთნიკური შუღლის ათეულობით წერტილია ყარაბაღის მაგალითმა შეიძლება ბიძგი მისცეს მათ, ვინც ძალადობრივი მეთოდების გამოყენებას ჯერ კიდევ ვერ ბედავს"
მიხეილ გორბაჩოვი - შეხვედრა სომეხ ინტელიგენციასთან. კრემლი 1988 წლის 26 თებერვალი.
"ჩვენ გვტკივა სუმგაითი. სტალინური მხეცობის შემდეგ - ჩვენს ქვეყანაში არაფერი მომხდარა ისეთი, რომელიც ასე გადაგვისროდა უკან ცივილიზაციიდან ველურობისკენ"
მეცნიერების ღია წერილიდან " სომეხ მეგობრებს"
"სომხებმა დახოცეს ხოჯალადან წამოსული დევნილების კოლონა, რომელიც თავის გადასარჩენად ქალაქ აგდამისკენ მიემართებოდა, აზერბაიჯანელებმა 1200 ცხედარი დათვალეს. ძალიან ბევრი დასახიჩრებული და სკალპირებული იყო, ერთი პატარა გოგონასგან კი მხოლოდ თავიღა იყო დარჩენილი"
გაზეთი" ფაინეშნლ თაიმსი" 1992 წლის 9 მარტი
"სუმგაითის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკან დასახევი გზა აღარ არსებობდა. თუ სუმგაითამდე სომხები დევნიდნენ აზერბაიჯანელებს, ახლა თავად სომხები ხდებოდნენ მათგან დევნილები"
სვანტე კორნელი, ამერიკელი ექსპერტი.
"ნებისმიერს შეეძლო გაეღვიძა დილით ნამთვრალევს. მთელი ღამე ნაქეიფარი დამჯდარიყო "გრადზე" და ესროლა და ესროლა სტეფანაკერტისკენ, ყოველგვარი დამიზნებისა და კოორდინატების გარეშე"
აზი ქერიმოვი, აზერბაიჯანელი ოფიცერი. 1992წ, 12 მაისი
"ორი ჯგუფი, სავარაუდოდ, ორი ოჯახი იყო ერთად დახოცილი - ბავშვები ქალებს ისევ მკლავებში ჰყავდათ. ყველას თავში ჰქონდა ნასროლი, ყველაზე პატარისგან მხოლოდ სახე იყო დარჩენილი, გადარჩენილები ყვებოდნენ რომ ისინი მას შემდეგ დახვრიტეს, რაც სცემეს და მიწაზე დაყარეს", - ანატოლი ლივენის სტატიამ ლონდონურ "თაიმსში" ევროპაში შოკი გამოიწვია, ყარაბაღიდან დაბრუნებული ჟურნალისტის მონათხრობი იმდენად შემაძრწუნებელი იყო, რომ საზოგადოებას თავიდან მისი დაჯერება არ უნდოდა. როცა გასულ კვირას კვლავ დაიძაბა სიტუაცია მთიან ყარაბაღში მსოფლიო საზოგადოება შეშფოთებით ადევნებს თვალს მიმდინარე პროცესებს, რადგან ჯერ კიდევ კარგად ახსოვს ამ კონფლიქტის სისხლიანი კალოები, კონფლიქტის, რომელიც ექსპერტების აზრით, მასშტაბურობით და სისასტიკით მხოლოდ ე.წ ჩეჩნურ ომებს თუ ჩამოუვარდება.
ჯერ კიდევ მე- 20 საუკუნის დასაწყისში (1905-1907წწ და 1918-1920წწ) გახდა მთიანი ყარაბაღი სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ერთნოკონფლიქტის მიზეზი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღის მოსახლეობის დიდ ნაწილს სომეხი მოსახლეობა შეადგენდა, 1921 წლის 5 ივლისს კავბიუროს პლენუმის გადაწყვეტილებით მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკის ფარგლებში დარჩა, თუმცა ფართო ავტონომიური უფლებებით, მეტიც, 1937 წლის აზერბაიჯანის კონსტიტუციით. სომხური ენა გამოცხადდა ყარაბაღში სამართალწარმოების ენად. თუმცა პრობლემა ამით არ ამოწურულა, სომხები წლების განმავლობაში ითხოვდნენ ყარაბაღის სტატუსის შეცვლას. სიტუაცია დამაფიქრებელი 1987-88 წლებში გახდა, როცა ადგილობრივ მოსახლეობაში გაიზარდა უკმაყოფილება ავტონომიურ ოლქში შექმნილი რთული სოციალურ - ეკონომიკური ვითარების გამო. თუმცა იმ დროს პატარა სოფელ ჩარდახალის მოსახლეობა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სწორედ მათი სოფელი დაუდებდა სათავეს მომავალში შეიარაღებულ დაპირისპირებას. 1887 წლის 14 ოქტომბერს შამქორის რაიონის რაიკომის მდივანმა ვინმე ასხადოვმა სამსახურიდან გაათავისუფლა ამავე რაიონის სოფელ ჩარდახლის ეთნიკურად სომეხი კოლმეურნეობის თავმჯდომარე, რასაც ადგილობრივების აღშფოთება მოჰყვა. 18 დეკემბერს ეს ფაქტი უკვე ერევნის ცენტრში მიტინგზე გააპროტესტეს და სოფელ ჩარდახალის მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადეს. 1-ელ დეკემბერს მეამბოხე ჩარდახლელები მილიციამ გარეკა საკუთარ კარმიდამოებში, რასაც შემდგომში სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენლთა ვიზიტი მოჰყვა მოსკოვში მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის მოთხოვნით(?!).
1988 წლის ზამთარში აზერბაიჯანელი დევნილები გამოჩნდნენ, რომლებიც სომხეთის რესპუბლიკას ტოვებდნენ, მათი პირველი ჯგუფი ბაქოში იანვრის ბოლოს ჩავიდა, ისინი ხელისუფლებამ სუმგაითის რაიონში განასახლა. 11 თებერვალს სიტუაციის ადგილზე გასაცნობად მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ჩავიდა და სტეფანაკერტში სამუშაო შეხვედრები გამართა, თუმცა ვერაფერი გააწყო, სიტუაცია ნელ-ნელა უკონტროლო ხდებოდა, სტეფანაკერტში დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიტინგების გამართვა ყოველდღიურ რეჟიშმი გადავიდა, რაც უყურადღებოდ არ დარჩენიათ იქვე აზერბაიჯანულ ქალაქ აგდამის მოსახლეობას და ერთ დღესაც გადაწყვიტეს სტეფანაკერტელები ჭკუაზე მოეყვანათ.
22 თებერვალს ხელკეტებით შეიარაღებული ჯგუფები აგდანიდან დაიძრნენ, გზად რაც კი შეხვდებოდათ ყველაფერს ანგრევდნენ, გაიარეს რა მილიციის პოსტები სომხურ სოფელ ასკერანისკენ აიღეს გეზი, თუმცა ისინი სოფლის მისადგომებთან 1000 კაციანმა მილიციის შემადგენლობამ დაშალა. ამ არეულობისას დაიღუპა ორი აზერბაიჯანელი, რომელთაგან ერთი - 22 წლის ალი გაჯიევი იყო. დაიჭრა და საავადმყოფოში გადაყვანილი იყო 50 ყარაბაღელი... 27 თებერვალს, ღამით აზერბაიჯანის ტელევიზიამ გააკეთა განცხადება, რომ ასკერანთან დაღუპულები აზერბაიჯანელები იყვნენ, მათი სიკვდილი სომხებს დაბრალდათ (მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ ალი გაჯიევი შემთხვევით აზერბაიჯანელმა პოლიციელმა მოკლა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან შიშის გამო მიიმალა). აზერბაიჯანელების შურისძიება მზადდებოდა, მხოლოდ დრო იყო უცნობი...
26 თებერვალს ქალაქ კიროვაბადში (ახლანდელი განჯა) აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მრავალრიცხვოვანი ჯგუფები ქალაქის ე.წ სომხურ კვარტლებში შევარდნენ და იქაური მოსახლეობის დარბევა დაიწყეს. თუმცა რადგან იქ სომხები კომპაქტურად ცხოვრობდნენ თავიანთი უბნების დაცვა საკუთარი ძალებით შეძლეს.
სუმგაითის ტრაგედიამდე რამდენიმე საათიღა რჩებოდა...
"მათ დროშით გაიარეს ჩემს სახლთან, დროშაზე წარწერა იყო "სიკვდილი სომხებს", 23-ე სკოლასთან გაჩერდნენ. ჯგუფი რომელიც 40-50 კაცისგან შედგებოდა, ცოტა ხანში 5-6 ათასიან ბრბოდ იქცა, დადიოდნენ და ყვიროდნენ "სიკვდილი სომხებს" ყველა მანქანას ამოწმებდნენ, ადიოდნენ თითოეულ ტრამვაისა და ავტობუსში, ეძებდნენ შიგნით სომხებს, თუ პოულობდნენ ძირს მიათრევდნენ და გამეტებით სცემდნენ... ჩემმა ძმამ, მათგან თავი რომ დაეღწია, 45 კილომეტრი 4 საათში გაირბინა, წარმოიდგინეთ როგორი შეშინებული იყო. ჩემი პატარა და ისევ ჩემმა აზერბაიჯანელმა მეზობელმა გადამალა. 27 თებერვალს, როცა სუმგაითში ჩვენ გვხოცავდნენ, აზერბაიჯანული ტელევიზიით კონცერტი გადიოდა, სადაც სომეხი არტისტები აზერბაიჯანულ სიმღერებს მღეროდნენ"(თვიმხილველის ნაამბობიდან).
27 თებერვალს აზერბაიჯანულ ქალაქ სუმგაითში სომეხი მოსახლეობის დარბევა დაიწყო, რომელიც 29 თებერვლამდე გაგრძელდა. სამი დღის განმავლობაში არბევდა და ხოცავდა სომხურ მოსახლეობას ახალგზარდების ეგზალტირებული ბრბო. პარტიული ფუნქციონერის ასადოვის განცხადება, "ასი ათასობით აზერბაიჯანელი მზად არის ნემისმიერ დროს შევარდეს ყარაბაღში და სასაკლაო მოაწყოს", რელობა გახდა. სუმგაითში სამართალდამცავთა შენაერთები მხოლოდ სამი დღის შემდეგ ჩავიდნენ. სავარაუდოდ, სწორედ სუმგაითმა აქცია სომეხი და აზრებაიჯანელი ერები შეურიგებლებად. უკვე 21 მარტს მთიან ყარაბაღის დამოუკიდებლობას მხარი აკადემიკოსმა სახაროვმაც დაუჭირა (ისევე როგორც მოგვიანებით აფხაზებისას...)
1988 წლის სექტემბერში ქალაქ სტეფანაკერტიდან აზერბაიჯანელი მოსახლეობა გამორეკეს, ხოლო ქალაქ შუშადან - ეთნიკური სომხები. მალე მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი შემოიღეს, თუმცა არც ამან უშველა, დარბევები ორივე მხარეს გრძელდებოდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანის ტერიტორია დატოვა 200 000 დევნილმა სომეხმა. ხოლო სომხეთის ტეირტორიაზე დარბევებს 20-30 აზერბაიჯანელი შეეწირა.
1990 წლის დამდგომს ყარაბაღის კონფლიქტი დროებით მიავიწყდათ - ბაქოში იანვრის დღეები დაიწყო. რომელიც ისტორიაში "შავი იანვრის" სახელწოდებით შევიდა. ქალაქში სადაც 35 000 სომეხი მოსახლე ცხოვრობდა, დარბევები ჩვეულებრივი ამბავი გახდა, რომელსაც მხოლოდ 12-19 იანვრამდე 90 ადამიანი შეეწირა. 20 იანვარს ბაქოში საკავშირო ხელისუფლების გადაწყვეტილებით ჯარები შეიყვანეს, რომლებსაც ოფიციალურად ანტიკომუნისტური ძალების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდა აღეკვეთათ... ბაქო დაუპატიჟებელ სტუმრებს წინააღმდეგობის შტაბებით დახვდა. " წესრიგის" დამყარებას ქალაქში 137 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 800-ზე მეტი.
12 თებერვალს სომეხმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა დაიკავეს სოფლები მალიბეილი და გუნჩულარი, რომლებიც პირწმინდად გაძარცვეს და მერე გადაწვეს, მხოლოდ მალიბეილში მოკლეს 50 კაცი.
23 მარტს სომეხი შიარაღებული პირების რამდენიმე ავტომანქანამ გადაკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი სომხურ სოფელ ბაგანისთან. შევიდნენ ჩუმად უკვე აზერბაიჯანულ სოფელ ბაგანის აირუნში და ფერფლად აქციეს 20 სახლი. მოკლეს 11 ადამიანი, თუმცა ყარაბაღის ყველაზე სისხლიანი ოპერაცია ჯერ კიდევ წინ იყო. სუმგაითზე სომხური შურისძიების სამიზნე ორი წლის შემდეგ პატარა აზერბაიჯანული ქალაქი ხოჯალა გახდება..
1991 წლის 10 დეკემბერს მთიან ყარაბაღში ჩატარდა რეფერენდუმი და მოსახლეობამ მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას. თუმცა რეფერენდუმის შედეგები ოფიციალურმა ბაქომ არ სცნო, მეტიც, საერთოდ გააუქმა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი. რაც უკვე საომარი მოქმედებების მიზეზად იქცა.
1992 წლის 25 თებერვალს სუმგაითის ტრაგედიიდან ოთხი წლის თავზე სომხური შეიარაღებული ფორმირებები, მძიმე ტექნიკის და 366-ტ მოტომსროლელი დივიზიის პირადი შემადგენლობით ხანკედიდან( სადაც სსრკ-ს ჯარები იდგნენ) ხოჯალასკენ დაიძრნენ.
პატარა ქალაქი ხოჯალა, რომელიც მთელ მთიან ყარაბაღში ერთადერთ აეროპორტს ფლობდა, ყარაბაღის უკევ შეიარაღებულ კონფლიქტში ყველაზე სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი იყო, მისი აღების შემდეგ სომხებს ხელ-ფეხი ეხსნებოდათ სტეფანაკერტისკენ. 1991 წლიდან ქალაქი, სადაც სულ 7000 მოსახლე ცხოვრობდა, ბლოკადაში იმყოფებოდა, არ იყო სატრანპოტრო მიმოსვლა. ერთადერთ ტრანსპორტს შვეულმფრენი წარმოადგენდა, თუმცა მას მერე, რაც ის ქალაქ შუშას თავზე ჩამოაგდეს ( დაიღუპა 40 მგზავრი) საჰაერო მიმოსვლა ხოჯალაში შეწყდა. 1992 წლის 2 იანვრიდან ქალაქს აღარ ჰქონდა შუქი და გაზი, თავდებოდა საკვების მარაგიც, თუმცა ქალაქი დანებებას არ აპირებდა, ხოჯალას, მილიციასთან ერთად, ადგილობრივი მოხალისეები იცავდნენ.
25 თებერვალს ქალაქის იერიშამდე მისი საარტილერიო დაბომბვა დაიწყო, რამაც ქალაქში ხანძარი გააჩინა, ვინაიდან წყალი არ იყო, მეორე დილით უკვე მთელი ქალაქი იწვოდა. ორსაათიანი დაბომბვის შემდეგ ქალაქში სომხური სადამსჯელო ჯგუფები შევიდნენ, ზოგიერთი წყაროს ცნობით იმ დროისთვის ქალაქში 2500-მდე ადამიანი იმყოფებოდა. დანარჩენები ცდილობდნენ რა სიკვდილისგან თავის დაღწევას, ერთადერთი თავისუფალი გზით ასკერანის მიმართულებით მიდიოდნენ, ფიქრობდნენ, რომ აზერბაიჯანულ ქალაქ აგდაბში ჩავიდოდნენ. თუმცა დევნილების კოლონა სოფელ ნახჩევანიკთან ხაფანგში აღმოჩნდა, მათ მოულოდნელად ცეცხლი გაუხსნეს... ქალაქ ხოჯალას დამცველთა უკანასკნელი ბასტიონი 26 თებერვალს დილის 7 საათზე დაეცა. ქალაქში მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მოხვდნენ უცხოელი ჟურნალისტები, სწორედ მათი მონაყოლის (სკალპირებული და დანაწევრებული ქალების და ბავშვების ცხედრები) შემდეგ აღიარა მსოფლიომ ხოჯალას ტრაგედია იმ დროისთვის ყველაზე სისხლიან და სასტიკ დანაშაუალად.
25-26 თებერვალს ხოჯალას სისხლიან კალოს შეეწირა 613 ადამიანი. მათ შორის 63 ბავშვი, 106 ქალი და 70 მოხუცი. დაიჭრა 487 ადამიანი, აქედან 76 ბავშვი. მძევლად აიყვანეს 1275 ადამიანი, 150 კაცი დაიკარგა უგზოუკვლოდ...
1992 წლის 8 მაისს სომეხმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა აზერბაიჯანული ქალაქი შუშა აიღეს, რომლიდანაც აზერბაიჯანელი სამხედროები "გრადებით" სტეფანაკერტს ბომბავდნენ.
1994 წლის12 მაისს აზერბაიჯანმა, მთიანმა ყარაბაღმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს ბიშკეკის პროტოკოლს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უკვე მერამდენედ დაკონსერვდა...
მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული კონფლიქტის დროს სომხურმა შენაერთებმა დაიკავეს 7 რაიონი, რომელიც აზერბაიჯანს თავისად მიაჩნდა, რის შემდეგაც აზერბაიჯანმა საბოლოოდ დაკარგა ყარაბაღი. კონფლიქტის დროს ორივე მხარეს დაიღუპა 15-20 000 ადამიანი, 25 000 დაიჭრა დ ასობით ათასი გახდა დევნილი.
ნინო ბურჭულაძე (სპეციალურად საიტისთვის)