"აქ რაღაცები გართულდა" - რატომ ფიქრობდა ჩატაევი ასე და ვინ იქნებოდა საქართველოში "ხალიფატის" პირველი სამიზნე?!
უკვე რამდენიმე დღეა 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი, 19 წლის თემრილან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
გაზეთი "კვირის პალიტრა" ნოემბერსა და დეკემბერში თბილისსა და პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოეპრაციებზე სტატიას აქვეყნებს, გთავაზობთ ამონარიდებს:
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 29 დეკემბერს სუს-ის წარმომადგენლები პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრებს თელავში შეხვდნენ, ოპერაციის დეტალებზე ისაუბრეს და უხუცესებს ინფორმაციაც მიაწოდეს დაკავებულთა კავშირებზე ჩატაევის ჯგუფთან. ეს უხუცესთა საბჭოს წევრებმაც დაგვიდასტურეს და აღნიშნეს, რომ ძალოვანები მათ გამოძიების ობიექტურად ჩატარებას დაჰპირდნენ, თუმცა შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს.
რა უნდოდა ჩატაევს საქართველოში, ამ კითხვაზე პასუხი საზოგადოებას კვლავაც არა აქვს. ამიტომ "კვირის პალიტრა" შეეცადა, თავად გარკვეულიყო საქმეში. ვინაიდან მოპოვებული ინფორმაციის გადამოწმებას ვერ ვახერხებთ, მკითხველს ამჯერადაც ვერსიის სახით ვთავაზობთ:
აჰმედ ჩატაევი, სავარაუდოდ, 2017 წლის მაისიდან ერთგულ გარემოცვასთან ერთად თურქეთში იმყოფებოდა. ისლამური ხალიფატის" მორიგ მოწოდებას, ჭკუა ესწავლებინათ ურჯულოებისთვის, გამოეხმაურა და ჯერ კიდევ სირიაში მყოფ "ხალიფატის" ლიდერებს თურქეთსა და საქართველოში" ტერაქტების ორგანიზებას დაჰპირდა. საქართველოში საამისოდ ხალხიც ჰყავდა. სავარაუდოდ, ჩატაევი ტერაქტს გეგმავდა ჩრდილოეთ კავკასიაშიც, სადაც საბოლოოდ აპირებდა გადასვლას "ხალიფატის" ჯგუფების გასაძლიერებლად.
ჩატაევს საქართველოში მოკავშირეებთან ერთად ეგულებოდა იარაღიც, რომელიც ჯერ კიდევ "კავკასიის იმარატის" მებრძოლების მოძრაობიდან იყო შემორჩენილი თუ გადანახული. რა თქმა უნდა, მას დამხმარეები არა მარტო საქართველოში უსაფრთხოდ შემოსვლასა და დაბინავებაში სჭირდებოდა, არამედ იარაღის სამალავის მოძებნასა და უსაფრთხოდ გადმოტანაში. ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ მისი დამხმარეები, ვიმედოვნებთ, გამოძიება დაადგენს.
ჩვენთვის სტამბოლიდან ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ჩატაევი უკან დაბრუნებას გეგმავდა, რადგან, მისი თქმით, "აქ (საქართველოში. - ავტ.) რაღაცები გართულდა", თუმცა, როგორც ჩანს, საბოლოოდ განზრახვაზე ხელი არ აუღია. სავარაუდოდ, ტერაქტების სერიაში პირველი საქართველო იქნებოდა, შემდეგ - თურქეთი. სამწუხაროდ, არა გვაქვს ვერსია, სად შეიძლებოდა ტერაქტი მომხდარიყო და ვინ იქნებოდა საქართველოში " ხალიფატის" პირველი სამიზნე.
ვრცლად იხილეთ "კვირის პალიტრაში, ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია