განძის მაძიებლები პანკისში და ოქროს ციებ-ცხელებას შეწირული ძეგლები
"თხარეთ, თხარეთ, ბიჭებო, ეგებ რამდენიმე მიწისთხილი ამოთხაროთ, რომელიც ასე უყვართ ღორებს..."
ჯონ სილვერი სტივენსონის რომანიდან "განძის კუნძული"
"შარშან გაზაფხულზე, 6 მაისს, გიორგობას, ასულები ვიყავით ბირკიანში, ყორის წმინდა გიორგის ეკლესიაში, სანთლები დავანთეთ. სწორედ მაშინ შევნიშნე ერთ კედელთან ღრმა თხრილი. ყველას გაგვიკვირდა - მიყვება ალვანელი ლალი თურქოშვილი, - წელს, როცა შობას კვლავ ავედით მოსალოცად, ახლა მეორე კედელთან ვნახეთ დიდი თხრილები. ყველას ერთი აზრი გაგვიჩნდა - ყორის წმინდა გიორგის სალოცავში რაღაცას ეძებდნენ, ან შეიძლება რაღაც ჰქონდათ გადამალული (ქრისტიანები იქ ხშირად არ დავდივართ, მუსლიმები სალოცავში არ შევიდოდნენ, ამიტომ შესანახად უსაფრთხო ადგილია). შეგვეშინდა, სალოცავი სულ არ დანგრეულიყო, ამიტომ დაგირეკეთ".
ყორის წმინდა გიორგის სალოცავი", რომელზეც ასე წუხან ალვანელებიც და ბირკიანელებიც, მე-8 საუკუნის ეკლესიაა და პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში, ტყის მახლობლად მდებარეობს. დღესასწაულებზე ქრისტიანები სალოცავად დადიან. იქაურების გადმოცემით, ძველად ამ ეკლესიაში ხეობის თუშური თემის დროშა ინახებოდა, რომელიც მხოლოდ დღესასწაულებზე გამოჰქონდათ, საცავში შესვლის პატივი კი რიტუალისთვის სპეციალურად არჩეულ კაცს ჰქონდა...
ბირკიანში ჩასულებს (ჩემთან ერთად "პალიტრანიუსის" გადამღები ჯგუფიც იყო) მართლაც სავალალო მდგომარეობა დაგვხვდა. პირველად თვალში მოგვხვდა უმოწყალოდ გადათხრილი ეკლესიის ტერიტორია და განადგურებული სამარხი (ალბათ, ეკლესიას საძვალეც ჰქონდა), სამარხში ჩასვენებული ძვლები კი იქვე იყო მიმოფანტული. ბირკიანში გავარკვიეთ, რომ თურმე მომლოცველებზე მეტად ეკლესიას განძის მაძიებლები სტუმრობენ და ამ ვანდალიზმის ჩამდენნი სწორედ ისინი არიან...
ბირკიანის ტყის სიზმრები
პანკისის ხეობა უამრავ ლეგენდას ინახავს ოქროს შესახებ. მათ შორის ყველაზე" ცოცხალი - "ლეგენდა ოქროს გუთნის შესახებ" - სწორედ ბირკიანის ტყეს უკავშირდება და ალბათ, სწორედ ის გახდა წლების განმავლობაში ხეობაში განძის მაძიებელთა შთამაგონებელი. იქაურებს თუ დავუჯერებთ", პანკისურ კლონდაიკზე მეოცნებეები ხეობაში ორი-სამი წლის წინ გამოჩნდნენ, თუმცა, არ იციან, ვინ არიან ისინი. ამბობენ, რომ უჩინარი" მაძიებლები ყველაზე ხშირად ბირკიანის ტყეს სტუმრობენ, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილი ძველი ტაძრებისა თუ კოშკების ნაშთებს თხრიან - ოქროს ეძებენ, ოქროს, რომელიც თურმე "იმდენია, საქართველოს სამი წელი შეინახავს". ცდუნება იმდენად დიდია, რომ ზოგიერთი ზამთარსაც არ უშინდება და ყინვასა და თოვლში ხელებდაკაპიწებული, მეტალის აღმომჩენი აპარატით ბირკიანის ტყეებში დაძრწის, რადგან სჯერა, რომ ყველაზე იღბლიანს შეიძლება ალაფად ოქროს გუთანიც ერგოს, რომელიც პატრონს ოდესღაც სწორედ ტყეში "დაუბინავებია.
ლეგენდა ოქროს გუთანზე
ჟორიკა ბათირაშვილი, ბირკიანის მცხოვრები: - არ ვიცით, ეს ლეგენდაა თუ მართლაც ასე იყო, თუმცა მთავარი ის არის, რომ ბევრმა დაიჯერა და ამიტომაც ხდება, რაც ხდება. ამბობენ, რომ როცა ჩვენი ფეხბურთელები საფრანგეთში იყვნენ (ეს ძალიან ადრე იყო), მათთან ერთი ასაკოვანი ქალი მისულა, ქართულად გამოლაპარაკებია და უთქვამს, რომ პანკისის ხეობიდან იყო და აქ მის წინაპრებს დიდძალი ოქრო და ძვირფასეულობა დაუმარხავთ. მათ შორის ყველაზე ძვირფასი ოქროს გუთანი უნდა იყოსო. თუ იპოვით, ოქრო იმდენია, საქართველოს სამ წელს შეინახავსო.
მაშინ ამ ამბისთვის ყურადღება არავის მიუქცევია და დიდხანს ამ ისტორიას სახლებში თუ ვყვებოდით ხოლმე. თუმცა ბოლო დროს ძალიან ბევრნი დადიან, დადიან და თხრიან, მეტალის აღმომჩენი აპარატიც დააქვთ თურმე. რომ ნახოთ, ზემოთ ტყე სულ გადათხრილია. გადმოცემით, ზემოთ კიდევ ორი ეკლესია და კოშკი უნდა იყოს. აი, იმ ადგილებში თხრიან და აფუჭებენ ყველაფერს! ნახეთ, რა დამართეს ყორის წმინდა გიორგის, სადაცაა, სულ დაინგრევა, ამის ჩამდენთ აღარც ღმერთი ახსოვთ და აღარც - ისტორია". ოქროს მაძიებლებს ვერც იქვე მდგარი კოშკი გადაურჩა, რომლის კედლებიდან ხშირი თხრის გამო უკვე ქვები ცვივა. არავინ იცის, ოქროს გუთანი ნამდვილად არსებობს, თუ ეს მოხუცი ქალის ახირება იყო, თუმცა ხეობაში პანკისის ოქროს შესახებ უფროსი თაობისგან ბევრი ისტორია გაუგონიათ.
"პანკისის ხეობაში დიდძალი ოქროა გადანახულიო"
ლეილა აჭიშვილი, ჯოყოლოს მკვიდრი: - ჩემი პაპა, ჰაას აჭიშვილი ჩოლოყაშვილის რაზმის წევრი იყო. ერთ-ერთი შეტაკების დროს მათ რაზმის წევრი მოუკლეს. ცოლ-შვილი მთაში ჰყავდა გახიზნული და სიკვდილის წინ ისინი პაპაჩემს ჩააბარა. ჩოლოყაშვილის რაზმის წევრებს საჭმელი აჰქონდათ ხოლმე მათთან. ერთხელაც, როდესაც პაპაჩემი ავიდა, დაინახა, რომ მათივე თანამებრძოლი გარდაცვლილის ცოლზე ძალადობას ცდილობდა. ადგა და მოძალადე იქვე მოკლა. მას შემდეგ ჩოლოყაშვილს გვერდიდან არ მოუცილებია. პაპა ხშირად ჰყვებოდა, ერთხელ როგორ ჩაუსაფრდნენ და ალყაში მოაქციეს... როცა ალყას თავი დააღწიეს, ქაიხოსროს დაუნახავს, რომ პაპაჩემის ჩოხის კალთები ტყვიით იყო დაცხრილული და გაოცებულა. როცა ღმერთს ჩვენი სიკვდილი არ უნდა, ასეთ მომენტშიც გადაგვარჩენსო, უთქვამს ჰაას. ეს სიტყვები ჩოლოყაშვილს მაშინ გახსენებია, როცა ემიგრაციაში წასვლა გადაუწყვეტია და პაპასთვის გაყოლა შეუთავაზებია. ჰაასი დათანხმებულა, თუმცა გზაში მეუღლე გახდომია ავად და მობრუნებულა. მახსოვს, როცა პაპა ბავშვებს ამ ისტორიებს გვიყვებოდა, ამბობდა, პანკისის ხეობაში დიდძალი ოქროა გადანახულიო. არ ვიცი, ეს ჩოლოყაშვილისგან იცოდა, თუ..."
ძიბახევის აკვნის საიდუმლო
ოქროს მაძიებლები პირველად 20 წლის წინ გამოჩნდნენ პანკისის ხეობაში. მაშინ რატომღაც სოფელ ძიბახევს და იქაურ ეკლესიებსა და კოშკის კედლებს შეესივნენ. ძიბახეველებმა არ იციან, იპოვეს თუ არა ოქრო, თუმცა ხმა დადიოდა, რომ აღმოჩნდა ერთი უცნაური სამარხი - აკვანი და მასზე დაყრდნობილი ქალის ნეშტი(?!). ძიბახევური აკვანი მითქმა-მოთქმის საგანიც გახდა. ამბობენ, რომ სამარხს წყევლა ედო და მის გამხსნელებს დიდი უბედურება დაატყდათ თავს...
ეკლესიის დაზიანების შესახებ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს საყდრისის კომიტეტის" წევრებმა მიაწოდეს. 6 თებერვალს ბირკიანში სპეციალისტები ჩავიდნენ, 8 თებერვალს კი გაცხადდა, რომ მზადდება დოკუმენტაცია, მალე ბირკიანის "ყორის წმინდა გიორგის" ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება.