"ბოლო წუთამდე გაგიწევთ წინააღმდეგობას!"- ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დღემდე გაუხმაურებელი დეტალები
...ანტიტერორისტული ცენტრის უფროსმა ჰკითხა მათ ვინაობა და საქართველოში ჩამოსვლის მიზანი. მანსურმა უპასუხა, რომ ის და მისი ძმები საქართველოში "მწვანე ზოლით", ანუ არალეგალურად შემოვიდნენ თურქეთის მხრიდან, და მათი მიზანი იყო ასევე არალეგალურად რუსეთის ფედერაციაში გადასვლა ჯიჰადის მოსაწყობად. ასევე თქვა, რომ ისინი 2013 წლიდან იბრძვიან სირიაში. კარგად ფლობენ იარაღს და ამიტომ ძნელი იქნებოდა ჩვენთვის ბინაში შეღწევა. ბოლო წუთამდე გაგვიწევდნენ წინააღმდეგობას, რადგან ბრძოლაში სიკვდილი, ანუ ჯიჰადში სიკვდილი მათთვის პატივი იყო. შეთავაზებაზე, ჩაგვბარებოდნენ, მანსურმა უარი განაცხადა. მეტიც, წამოაყენა ულტიმატუმი - თუ არ გავათავისუფლებდით მის მეგობარს და შეიარაღებასთან ერთად მათ ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის (ქვეყნის სახელს შეგნებულად არ ვასახელებთ. - ავტ.) საზღვარზე არ გავატარებდით, გამოიყენებდნენ იარაღს, ყველა საშუალებას და სისხლი დაიღვრებოდა. როგორც თქვა, ის არ იყო მარტო, ბევრნი იყვნენ და წინააღმდეგობას გაგვიწევდნენ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე. თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, საქართველოში ტერაქტების სერიას მოაწყობდნენ
"შურს ვიძიებთ და დავივიწყებთ და როცა დავივიწყებთ, შურს ვიძიებთ".
მოჯაჰედების მოწოდება
"ნამდვილი მებრძოლი იარაღით ხელში კვდება, ამიტომ არის "ისლამური სახელმწიფო" ძლიერი".
"მანსური" - 2017 წლის 21 ნოემბერი. ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი
ჩატაევის ულტიმატუმი
აჰმედ ჩატაევის პირველი მუქარა საქართველოში 2014 წლის ივლისში მოვიდა. წინა ხელისუფლებაზე განაწყენებული "ცალხელა აჰმედი" ამჯერად ემუქრებოდა ხელისუფლებას, რომელმაც ის ციხიდან გაუშვა. ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტის მუქარის მიზეზი კი შემდეგი იყო: 2014 წლის 14 ივნისს სამართალდამცავებმა გომბორთან სოფელ ჯოყოლოს (პანკისის ხეობა) ყოფილი იმამი და საქართველოში" "ისლამური ხალიფატის" წარმომადგენელი, აიუფ ბორჩაშვილი დააკავეს, რასაც იმავე დღეს პანკისში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია მოჰყვა. გაიჩხიკა" "ისლამური ხალიფატის" მომხრეების სახლები. აიუფ ბორჩაშვილს ტერორიზმის ხელშეწყობა, ასევე 2014 წლის 4 აპრილს 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილის და 19 წლის რამზან ბაღაკაშვილის სირიაში საომრად გაგზავნა ედებოდა ბრალად (ორივე მოზარდი დაღუპულია). აჰმედ ჩატაევი ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებას სთხოვდა და ულტიმატუმს უყენებდა(?!).
"კვირის პალიტრამ" ექსკლუზიურად მოიპოვა ეს აუდიოგზავნილი, რომლის ტექსტსაც მკითხველს უცვლელად ვთავაზობთ:
"ისინი, რომლებიც თქვენ დააკავეთ და ციხეში ჩასვით, აიუფა და მასთან ერთად სხვებიც, საქართველოს წინააღმდეგ არაფერს აკეთებდნენ. ამიტომ აიუფი, თემო მოჭიდავე და სხვები გამოუშვით. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს შესაძლებლობებს გაითვალისწინებთ თქვენი ქვეყნის კომფორტისთვის, სად და როგორ მიგვიწვდება ხელი... ჩვენ შემდეგ პარასკევამდე დავიცდით, თუ ჩათვლით საჭიროდ, გვიპასუხეთ, თუ არადა, იმასაც გავიგებთ... ამის შემდეგ არა მარტო თქვენი მოქალაქეების, არამედ მანდ მყოფი ტურისტების უსაფრთხოებაც დამთავრდება შემდეგი პარასკევიდან".
როგორც გზავნილიდან ჩანს, აჰმედ ჩატაევი ხელისუფლებას, სავარაუდოდ, ერთკვირიან ვადას აძლევდა. მოგვიანებით გამოჩნდა, რომ ტერორისტის მიმართვას შედეგი არ მოჰყოლია. აიუფ ბორჩაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და დღემდე სასჯელს იხდის. თუმცა მსოფლიოს ბევრი ქვეყნის სამწუხარო მაგალითზე ჩვენთანაც ხვდებოდნენ (განსაკუთრებით სპეცსამსახურები), რომ იმ "პარასკევის" შემდეგ საქართველოსთვის წამმზომი უკვე ჩართული იყო და" "ხალიფატის" მუქარა თავს კიდევ შეგვახსენებდა.
"ისთიშჰადი" თურქეთისთვის
2016-2017 წლებში საერთაშორისო კოალიციისა და სხვა ქვეყნების (რუსეთი, ირანი და ა.შ.) წარმატებული სამხედრო ოპერაციების შედეგად, "ისლამურმა ხალიფატმა" სირიასა და ერაყში ტერიტორიები დაკარგა, თუმცა "ისლამურ სახელმწიფოს" დასასრულზე საუბარი ნაადრევი გამოდგა. ის მალე ქსელურ ტერორისტულ ორგანიზაციად გარდაიქმნა და უფრო საშიში გახდა მსოფლიოსთვის. "ხალიფატმა" სხვადასხვა ქვეყანაში ტერაქტების სერიის მომზადება დაიწყო.
"კვირის პალიტრამ" ექსკლუზიურად მოიპოვა "ხალიფატის" იდეოლოგიის და ტერორისტული საქმიანობის ლოჯისტიკის ხელმძღვანელის აბუ ჯიჰადის გზავნილები, სადაც თანამებრძოლებს დავალებებს აძლევს. ამ მხრივ საინტერესოა მისი აუდიოგზავნილები აჰმედ ჩატაევთან, სადაც ის "ცალხელას" თურქეთში ტერაქტის მომზადებაზე ესაუბრება და დავალებასაც აძლევს:
აბუ ჯიჰადი: "უკეთესია ანკარაში რუსეთის საელჩო, საკონსულო... თუ მანდ არ არის ხალხი, მაშინ სტამბოლშიც შეიძლება საკონსულო, რუსეთის კულტურის ცენტრი, მნიშვნელობა არა აქვს... მთავარია, რუსების მაქსიმალური თავშეყრის ადგილი იყოს, და არა ჩვენების, კავკასიელების და თათრების. ასეთი ადგილების დაზვერვაში უნდათ დახმარება... დანარჩენებს ჩვენები თვითონ შეიმუშავებენ. "ისთიშჰადით" (თვითმკვლელი ტერორისტი. - ავტ.) ოპერაციას ჩაატარებენ. მზად ჰყავთ კაცი, რომ სირიიდან თურქეთში გადმოვიდეს. ამიტომ ჩვენებს უნდათ, რომ მისთვის, ვინც შემოვა, წინასწარ იყოს ცნობილი, სად არის დაცვა, ვინ სად დგას და ა.შ... შენმა ხალხმა გეგმა რომ დაუხაზოს..."
წამმზომი საქართველოსთვის
აბუ ჯიჰადი ერთ-ერთ გზავნილში ჩატაევს კავკასიაში მობილური ჯგუფის ჩამოყალიბებაზე აზრს უზიარებს და ეუბნება, რომ ფული პრობლემა არ იქნება, თუმცა ამისთვის საჭიროა სუფთა ხალხი (და არა გამოცდილი მებრძოლები), ხალხი, რომელზეც ეჭვს არავინ მიიტანს.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს ჩატაევის ერთ-ერთ გზავნილი, სადაც აბუ ჯიჰადთან საუბრისას მოულოდნელად თემას ცვლის და საქართველოს ახსენებს.
აჰმედ ჩატაევი: "რაც საჭიროა, ძმაო, გავაკეთებთ. მე უკვე აქ ვარ, სტამბოლში. ყველაფერი - ფოტოები, გადაღებები გავაკეთე. ალბათ, ხვალ უკვე ანკარაში დავიწყებთ კეთებას, ანკარასა და ანტალიაში... მერე ვნახოთ... ეს არის საელჩო, ძმაო... კიდევ მე, კიდევ ძმები შეათვალიერებენ ასეთ ადგილებს, საელჩოებს. კარგად არის დაცული, ამას ფოტოებსა და ვიდეოებშიც ნახავ. ძმაო, ჩვენ ისეთი ადგილები უნდა მოვძებნოთ... რესტორნები, სადაც ისინი (რუსები. - ავტ.) იკრიბებიან და მსგავსი ადგილები, რადგან ზამთარია... მოკლედ, ძმაო, ამასთანავე, საქართველოშიც გავაკეთებ ამას, ეს საერთოდ აქვეა... ძმაო, ვიცი, თუ სიცხე უფრო მოიმატებს, საქართველო... თურქეთის სასტუმროები უკვე აღარ იქნება ამერიკელებით სავსე... გადაღებები უკვე იქიდანაც... ეს ჯერჯერობით ჩვენ შორის დარჩეს. მოკლედ, ძმები უსაქმოდ რომ არ იყვნენ, ჩვენ იქ გვყავს ძმები, მოდი, იმათაც გადაიღონ ფოტოები, ვიდეოები... მე უკვე ავუხსენი... იმის შესახებ, რაც მე აქ მითხრეს, ვათვალიერებ რესტორნებსაც, ამასაც, იმასაც, საელჩოებს ანკარაში, ანტალიასა და სტამბოლში. ყველაფერს მოვივლი და გავაკეთებთ... ერთი უკვე გავაკეთე აქ, მე დავამთავრე, მაგრამ მათი (რუსების. - ავტ.) წერტილები ჯერ ვერ ვიპოვე... ძმები ათვალიერებენ ყველგან, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მუშაობა დავიწყეთ, როგორც კი დავამთავრებ, გამოგიგზავნი..." (ჩატაევის აუდიოგზავნილი იხილეთ)
ჩატაევის ამ აუდიოგზავნილში დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ჩატაევი აბუ ჯიჰადს თავად სთავაზობს საქართველოს, როგორც ტერაქტის მოწყობის ადგილს და სავარაუდოდ, სამიზნედ ამერიკელებს ურჩევს, მიუხედავად იმისა, რომ "ხალიფატისთვის" იმ დროისთვის პრიორიტეტული თურქეთი და რუსეთის მოქალაქეებია. ჩნდება ეჭვი, რომ ჩატაევი პროვოკაციისთვის ემზადება, რომლის უკანაც შესაძლოა რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ.
(აუდიოგზავნილები სავარაუდოდ, ჩაწერილია 2016 წლის ბოლოს - 2017 წლის დასაწყისში).
"მობინადრენი"
2017 წლის 12 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მისულ ანტიტერორისტული დეპარტამენტის სამსახურის წარმომადგენლებს შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. საზოგადოებამ მედიით შეიტყო, რომ შეიარაღებული პირების დასაკავებლად დაიწყო ანტიტერორისტული სპეცოპერაცია, რომელშიც პოლიციისა და ანტიტერორისტული დეპარტამენტის გარდა, ჩაერთო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმიც. თუმცა ვინ იყვნენ ბინაში გამოკეტილი შეიარაღებული პირები, საზოგადოებამ მომდევნო დღეებშიც ბევრი არაფერი იცოდა.
ვინაიდან დღემდე უცნობია სპეცოპერაციის ბევრი დეტალი, "კვირის პალიტრა" მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით შეეცდება მკითხველს 21-22 ნოემბრის მოვლენების სრული სურათი გააცნოს.
2017 წლის 21 ნოემბერს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ერთ-ერთი კორპუსის მეორე სართულზე უცხო ქვეყნის მოქალაქის ბინაში დროებით ცხოვრობდა ჩეჩენი ეროვნების რამდენიმე პირი. ჩეჩენი მოქალაქეების გარდა, ბინაში სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. მათი ვინაობის დადგენა ვერ ხერხდებოდა. გარდა ამისა, ბინაში იყო დიდი რაოდენობის ფეთქებადი ნივთიერება და ცეცხლსასროლი იარაღი. ვინაიდან საუბარი იყო ჩეჩენი ეროვნების შეიარაღებულ პირებზე, დამატებით მობილიზებული იყო სპეცრაზმიც. ოპერატიული ჯგუფები პირველ და მესამე სართულებზე განლაგდნენ. დაახლოებით 21.00 საათზე მეორე სართულის ბინიდან ახალგაზრდა გამოვიდა, მესამე სართულზე მყოფმა ოპერატიულმა ჯგუფმა ამის შესახებ გარეთ მყოფ სამართალდამცავებს აცნობა და მათ ახალგაზრდის შეჩერება სცადეს.
"მან მაშინვე ხელი საქამრისკენ წაიღო, რა დროსაც შევნიშნე, რომ ჰქონდა იარაღი, შავი "გლოკი". საქამრიდან მის ამოღებას ცდილობდა, თუმცა ხელი შევუშალე. ჩემი თანამშრომლები დამეხმარნენ, რადგან წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა. რუსულად გვაგინებდა, გაშვებას ითხოვდა და მოკვლით გვემუქრებოდა. პირით ძირს დავაწვინეთ და ხელბორკილი გავუკეთეთ, პისტოლეტის მჭიდში 15 ტყვია აღმოჩნდა. დაკავებულს ასევე ჰქონდა სამი ცალი "სამსუნგის" ფირმის მობილური ტელეფონი. როცა ვინაობა დაასახელა, რუსეთის მოქალაქე საიდ დუდაევი აღმოჩნდა", - ამბობს სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე.
საიდ დუდაევი სუს-ის შენობაში გადაიყვანეს, პარალელურად გადაწყდა ბინის გაჩხრეკაც. თუმცა კარი დაკეტილი დახვდათ. მიუხედავად არაერთგზის თხოვნისა, სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას დამორჩილებოდნენ და კარი გაეღოთ, არავინ გამოეხმაურა. თუმცა როგორც ოპერაციის მონაწილეები ამბობენ, სახლში ნამდვილად იყო ვიღაც. ბოლოს კიდევ ერთხელ გააფრთხილეს ანტიტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბინაში მყოფები, თუ კარს არ გააღებდნენ, იძულებული გახდებოდნენ, სახლში ძალით შეჭრილიყვნენ. თუმცა უშედეგოდ... როგორც იმ დღეებში ჩვენთან პირად საუბრებში კორპუსის მოსახლეობა ამბობდა, ამ დროს უკვე დაწყებული იყო ხალხის ევაკუაცია კორპუსიდან, მაგრამ მაშინ შესაძლო რისკებზე არაფერი იცოდნენ.
"თუ ჩვენს მოთხოვნას არ დააკმაყოფილებთ, საქართველოში ტერაქტების სერიას მოვაწყობთ"
როდესაც სამართალდამცავებმა სპეციალური მჭრელი მოწყობილობა ჩართეს და კარს დაუსვეს, მოულოდნელად ბინაში მყოფებმა კარს ცეცხლი გაუხსნეს. ძალოვანები იძულებული შეიქნენ, კარის გაჭრაზე უარი ეთქვათ და შედარებით უსაფრთხო პოზიციები დაეკავებინათ. ცოტა ხნის შემდეგ გადაწყდა ბინაში მყოფებთან მოლაპარაკება, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მოსახლეობის ევაკუაცია უკვე მეზობელი კორპუსებიდან. გამოიძახეს დამატებითი ძალები, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები და ა.შ.
"როცა ანტიტერორისტული ცენტრის უფროსმა კარიდან ჰკითხა, როგორ მოგმართოო, იქიდან ვიღაცამ უპასუხა, მანსური მქვიაო (საუბარი რუსულად მიმდინარეობდა. - ავტ.). როდესაც მისი ტელეფონის ნომერი მოითხოვეს კავშირისთვის, მანსურმა მიუგო, თავად ჩამაწერინეთ ნომერი, მე დავრეკავო. ცოტა ხნის შემდეგ დარეკა კიდეც. საუბარი გაიმართა სპიკერით და ყველას გვესმოდა.
ანტიტერორისტული ცენტრის უფროსმა ჰკითხა მათ ვინაობა და საქართველოში ჩამოსვლის მიზანი. მანსურმა უპასუხა, რომ ის და მისი ძმები საქართველოში "მწვანე ზოლით" ანუ არალეგალურად შემოვიდნენ თურქეთის მხრიდან, და მათი მიზანი იყო ასევე არალეგალურად რუსეთის ფედერაციაში გადასვლა ჯიჰადის მოსაწყობად. ასევე თქვა, რომ ისინი 2013 წლიდან იბრძვიან სირიაში. კარგად ფლობენ იარაღს და ამიტომ ძნელი იქნებოდა ჩვენთვის ბინაში შეღწევა. ბოლო წუთამდე გაგვიწევდნენ წინააღმდეგობას, რადგან ბრძოლაში სიკვდილი, ანუ ჯიჰადში სიკვდილი მათთვის პატივი იყო.
შეთავაზებაზე, ჩაგვბარებოდნენ, მანსურმა უარი განაცხადა. მეტიც, წამოაყენა ულტიმატუმი - თუ არ გავათავისუფლებდით მის მეგობარს და შეიარაღებასთან ერთად მათ ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის (ქვეყნის სახელს შეგნებულად არ ვასახელებთ. - ავტ.) საზღვარზე არ გავატარებდით, გამოიყენებდნენ იარაღს, ყველა საშუალებას და სისხლი დაიღვრებოდა. როგორც თქვა, ის არ იყო მარტო, ბევრნი იყვნენ და წინააღმდეგობას გაგვიწევდნენ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე. თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, საქართველოში ტერაქტების სერიას მოაწყობდნენ. ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი სისხლის ღვრის თავიდან ასაცილებლად კვლავ იარაღის დაყრასა და ჩაბარებას სთავაზობდა.
მანსური პოზიციას არ თმობდა, ამბობდა, რომ ისინი "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები იყვნენ და ასე მარტივად იარაღს არ დაყრიდნენ, ნამდვილი მებრძოლი კვდება იარაღით ხელში და ამიტომ არის" "ისლამური სახელმწიფო" ასეთი ძლიერიო, - გვემუქრებოდა ცეცხლის გახსნით, აფეთქებებით და მძევლების აყვანით", - იხსენებს სპეცოპერაციის კიდევ ერთი მონაწილე.
"ნამდვილი მეომარი იარაღით ხელში კვდება"
მოლაპარაკება 22 ნოემბრის 05 საათამდე გაგრძელდა. უშედეგო და გაჭიანურებული მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა, სპეცრაზმს დაეწყო ბინაში შესვლის ოპერაცია. როცა სპეცრაზმელებმა ფანჯარას გისოსები მოხსნეს, ბინაში მყოფებმა გარეთ ხელყუმბარები გადმოყარეს და რამდენიმე მიმართულებით გახსნეს ცეცხლი. სპეცრაზმი იძულებული შეიქნა, ცეცხლისთვის ეპასუხა. ამ პერიოდში უკვე აკრძალული იყო კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება, პოზიციები უკვე სპეცდანიშნულების რაზმს ეკავა. როგორც ირკვევა, ორმხრივი სროლა ხანგრძლივი არ ყოფილა. როდესაც სპეცრაზმმა საპასუხო ცეცხლი გახსნა, ბინაში მყოფებმა ცეცხლი შეწყვიტეს.
"როდესაც სროლა შეწყდა, ანტიტერორისტული ცენტრის უფროსმა სცადა მანსურთან დაკავშირება, ზარი გადიოდა, თუმცა მანსური არ გვპასუხობდა. ასე ხდებოდა ყოველ ჯერზე, როცა კი ცეცხლი შეწყდებოდა" (თვითმხილველის ნაამბობიდან).
ბინაში გამაგრებულები რომ გამოცდილი მეომრები იყვნენ, იქიდანაც ჩანდა, რომ მათ 22 ნოემბრის დილას სპეცრაზმის შტურმისგან გაჩენილი ხანძრის გამო მოახერხეს გადაჯგუფება და მეორე, დუპლექსის ტიპის ბინაში შესვლა, რამაც საშუალება მისცა მანსურს და მის თანამებრძოლებს, უკვე ორივე სართულიდან გაეხსნათ ცეცხლი რამდენიმე მიმართულებით. 12 საათზე სპეცოპერაციას უკვე ჰყავდა პირველი მსხვერპლი - დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის წევრი ივანე გოლაშვილი, შემდგომ დაიჭრა რამდენიმე სამართალდამცავი.
პარალელურად მედია სანდო წყაროებზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ ბინაში, რომლის შტურმით აღებასაც სპეცრაზმი აპირებდა, სხვებთან ერთად ცნობილი საველე მეთაური, აჰმედ ჩატაევიც იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაცია იმდენად მოულოდნელი იყო, რომ საზოგადოებას კარგა ხანს დაჯერება უჭირდა. კომენტარს არ აკეთებდა უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურიც. ჩატაევის სახელის ხსენებამ და სპეცოპერაციის გაჭიანურებამ დედაქალაქში შიშიც კი გააჩინა. ეპიზოდური სროლა საღამომდე გრძელდებოდა, სპეცრაზმი ბინაში შესვლას კვლავ ცდილობდა და ამისთვის სხვადასხვა საშუალებას იყენებდა. ამის გამო ბინაში მყოფები უწინდებურ წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ.
დაახლოებით 17.00 საათზე ტერორიზმში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი იარაღითა და ხელყუმბარით ხელში გამოვარდა გარეთ და ეზოში დაყენებული სპეცრაზმის "კობრასკენ" გაემართა, თუმცა ის იქვე მოკლეს.
დაცემის დროს აფეთქდა მისი ხელყუმბარა. რამდენიმე ხანში ბინიდან გამოვიდა კიდევ ერთი ტერორისტი, რომელმაც სპეცრაზმს ცეცხლი გაუხსნა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ისიც ადგილზე მოკლეს. სწორედ ამ დროს პირველ სართულზე გაისმა ძლიერი აფეთქების ხმა და ერთი კედლის ქვედა მხარე ჩამოინგრა, ამასთან, შეწყდა ცეცხლიც. საზოგადოებამ ისევ მედიისგან შეიტყო, რომ ბინაში ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებთან ერთად მართლაც აჰმედ ჩატაევი იმყოფებოდა, რომელმაც მას შემდეგ, რაც მისი თანამებრძოლები გარეთ დაიღუპნენ, შაჰიდის ქამრით თავი აიფეთქა.
ვინ იყვნენ ჩატაევთან ერთად ლიკვიდირებული პირები, ვისი დახმარებით მოხვდა მსოფლიოში ცნობილი ტერორისტი საქართველოში და რა ჰქონდა განზრახული? - ეს იყო კითხვები, რომლებიც სპეცოპერაციის დამთავრებისთანავე გაუჩნდა საზოგადოებას. ამ და სხვა კითხვებზე პასუხი უკვე დაწყებულ გამოძიებას უნდა გაეცა.
ვინ არის აბუ ჯიჰადი
ისლამ ატაბიევი, მეტსახელად აბუ ჯიჰადი, თავის დროზე იყო "კავკასიის ემირატის"წევრი და მეტწილად ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე იბრძოდა. სხვადასხვა წყაროს თუ დავუჯერებთ, ის ერთხანს დაკავებულიც ჰყავდათ რუსულ სპეცსამსახურებს, თუმცა მოულოდნელად გაათავისუფლეს.(?!) 2012 წელს სირიაში "ჯიჰადის" გამოცხადებისთანავე წავიდა და მას შემდეგ თარხან ბათირაშვილს გვერდიდან არ მოშორებია. კურატორობდა კავკასიაში მებრძოლთა რეკრუტირებას, "ხალიფატის" იდეების პროპაგანდას და ა.შ. არ იცის ჩეჩნური და არაბული ენები, ამიტომ მხოლოდ რუსულად საუბრობს... (გაგრძელება "ჩატაევი დამემუქრა, არსად არაფერი თქვა, ხომ იცი, სად ხარ და ვინ ვართო!)
ნინო ბურჭულაძე
სპეცოპერაციაზე საუბრისას გამოყენებულია ჩვენ მიერ მოპოვებული მოწმეთა ჩვენებები