"გაშვებას ითხოვდა და მოკვლით გვემუქრებოდა" - რა ულტიმატუმი წაუყენა აჰმედ ჩატაევმა საქართველოს ხელისუფლებას? - კვირის პალიტრა

"გაშვებას ითხოვდა და მოკვლით გვემუქრებოდა" - რა ულტიმატუმი წაუყენა აჰმედ ჩატაევმა საქართველოს ხელისუფლებას?

"კვირის პალიტრამ" ექსკლუზიურად მოიპოვა "ხალიფატის" იდეოლოგიის და ტერორისტული საქმიანობის ლოჯისტიკის ხელმძღვანელის აბუ ჯიჰადის გზავნილები, სადაც თანამებრძოლებს დავალებებს აძლევს. ამ მხრივ საინტერესოა მისი აუდიოგზავნილები აჰმედ ჩატაევთან, სადაც ის "ცალხელას" თურქეთში ტერაქტის მომზადებაზე ესაუბრება და დავალებასაც აძლევს... ამასთანავე, ჩატაევის აუდიოგზავნილში დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ჩატაევი აბუ ჯიჰადს თავად სთავაზობს საქართველოს, როგორც ტერაქტის მოწყობის ადგილს და სავარაუდოდ, სამიზნედ ამერიკელებს ურჩევს, მიუხედავად იმისა, რომ "ხალიფატისთვის" იმ დროისთვის პრიორიტეტული თურქეთი და რუსეთის მოქალაქეებია. ჩნდება ეჭვი, რომ ჩატაევი პროვოკაციისთვის ემზადებოდა, რომლის უკანაც შესაძლოა რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ. (ჩატაევის აუდიოგზავნილი იხილეთ)

გთავაზობთ ამონარიდებს საგაზეთო სტატიიდან:

ჩატაევის ულტიმატუმი

აჰმედ ჩატაევის პირველი მუქარა საქართველოში 2015 წლის ივლისში მოვიდა. წინა ხელისუფლებაზე განაწყენებული "ცალხელა აჰმედი" ამჯერად ემუქრებოდა ხელისუფლებას, რომელმაც ის ციხიდან გაუშვა. ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტის მუქარის მიზეზი კი შემდეგი იყო: 2015 წლის 14 ივნისს სამართალდამცავებმა გომბორთან სოფელ ჯოყოლოს (პანკისის ხეობა) ყოფილი იმამი და საქართველოში" "ისლამური ხალიფატის" წარმომადგენელი, აიუფ ბორჩაშვილი დააკავეს, რასაც იმავე დღეს პანკისში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია მოჰყვა. გაიჩხიკა" "ისლამური ხალიფატის" მომხრეების სახლები. აიუფ ბორჩაშვილს ტერორიზმის ხელშეწყობა, ასევე 2015 წლის 4 აპრილს 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილის და 19 წლის რამზან ბაღაკაშვილის სირიაში საომრად გაგზავნა ედებოდა ბრალად (ორივე მოზარდი დაღუპულია). აჰმედ ჩატაევი ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებას სთხოვდა და ულტიმატუმს უყენებდა(?!).

"კვირის პალიტრამ" ექსკლუზიურად მოიპოვა ეს აუდიოგზავნილი, რომლის ტექსტსაც მკითხველს უცვლელად ვთავაზობთ:

"ისინი, რომლებიც თქვენ დააკავეთ და ციხეში ჩასვით, აიუფა და მასთან ერთად სხვებიც, საქართველოს წინააღმდეგ არაფერს აკეთებდნენ. ამიტომ აიუფი, თემო მოჭიდავე და სხვები გამოუშვით. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს შესაძლებლობებს გაითვალისწინებთ თქვენი ქვეყნის კომფორტისთვის, სად და როგორ მიგვიწვდება ხელი... ჩვენ შემდეგ პარასკევამდე დავიცდით, თუ ჩათვლით საჭიროდ, გვიპასუხეთ, თუ არადა, იმასაც გავიგებთ... ამის შემდეგ არა მარტო თქვენი მოქალაქეების, არამედ მანდ მყოფი ტურისტების უსაფრთხოებაც დამთავრდება შემდეგი პარასკევიდან".

...

"მობინადრენი"

2017 წლის 12 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მისულ ანტიტერორისტული დეპარტამენტის სამსახურის წარმომადგენლებს შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.

ვინაიდან დღემდე უცნობია სპეცოპერაციის ბევრი დეტალი, "კვირის პალიტრა" მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით შეეცდება მკითხველს 21-22 ნოემბრის მოვლენების სრული სურათი გააცნოს.

2017 წლის 21 ნოემბერს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ერთ-ერთი კორპუსის მეორე სართულზე უცხო ქვეყნის მოქალაქის ბინაში დროებით ცხოვრობდა ჩეჩენი ეროვნების რამდენიმე პირი. ჩეჩენი მოქალაქეების გარდა, ბინაში სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. მათი ვინაობის დადგენა ვერ ხერხდებოდა. გარდა ამისა, ბინაში იყო დიდი რაოდენობის ფეთქებადი ნივთიერება და ცეცხლსასროლი იარაღი. ვინაიდან საუბარი იყო ჩეჩენი ეროვნების შეიარაღებულ პირებზე, დამატებით მობილიზებული იყო სპეცრაზმიც. ოპერატიული ჯგუფები პირველ და მესამე სართულებზე განლაგდნენ. დაახლოებით 21.00 საათზე მეორე სართულის ბინიდან ახალგაზრდა გამოვიდა, მესამე სართულზე მყოფმა ოპერატიულმა ჯგუფმა ამის შესახებ გარეთ მყოფ სამართალდამცავებს აცნობა და მათ ახალგაზრდის შეჩერება სცადეს.

"მან მაშინვე ხელი საქამრისკენ წაიღო, რა დროსაც შევნიშნე, რომ ჰქონდა იარაღი, შავი "გლოკი". საქამრიდან მის ამოღებას ცდილობდა, თუმცა ხელი შევუშალე. ჩემი თანამშრომლები დამეხმარნენ, რადგან წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა. რუსულად გვაგინებდა, გაშვებას ითხოვდა და მოკვლით გვემუქრებოდა. პირით ძირს დავაწვინეთ და ხელბორკილი გავუკეთეთ, პისტოლეტის მჭიდში 15 ტყვია აღმოჩნდა. დაკავებულს ასევე ჰქონდა სამი ცალი "სამსუნგის" ფირმის მობილური ტელეფონი. როცა ვინაობა დაასახელა, რუსეთის მოქალაქე საიდ დუდაევი აღმოჩნდა", - ამბობს სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე.

...

"თუ ჩვენს მოთხოვნას არ დააკმაყოფილებთ, საქართველოში ტერაქტების სერიას მოვაწყობთ"

როდესაც სამართალდამცავებმა სპეციალური მჭრელი მოწყობილობა ჩართეს და კარს დაუსვეს, მოულოდნელად ბინაში მყოფებმა კარს ცეცხლი გაუხსნეს. ძალოვანები იძულებული შეიქნენ, კარის გაჭრაზე უარი ეთქვათ და შედარებით უსაფრთხო პოზიციები დაეკავებინათ. ცოტა ხნის შემდეგ გადაწყდა ბინაში მყოფებთან მოლაპარაკება, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მოსახლეობის ევაკუაცია უკვე მეზობელი კორპუსებიდან. გამოიძახეს დამატებითი ძალები, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები და ა.შ.

"როცა ანტიტერორისტული ცენტრის უფროსმა კარიდან ჰკითხა, როგორ მოგმართოო, იქიდან ვიღაცამ უპასუხა, მანსური მქვიაო (საუბარი რუსულად მიმდინარეობდა. - ავტ.). როდესაც მისი ტელეფონის ნომერი მოითხოვეს კავშირისთვის, მანსურმა მიუგო, თავად ჩამაწერინეთ ნომერი, მე დავრეკავო. ცოტა ხნის შემდეგ დარეკა კიდეც. საუბარი გაიმართა სპიკერით და ყველას გვესმოდა.

ანტიტერორისტული ცენტრის უფროსმა ჰკითხა მათ ვინაობა და საქართველოში ჩამოსვლის მიზანი. მანსურმა უპასუხა, რომ ის და მისი ძმები საქართველოში "მწვანე ზოლით" ანუ არალეგალურად შემოვიდნენ თურქეთის მხრიდან, და მათი მიზანი იყო ასევე არალეგალურად რუსეთის ფედერაციაში გადასვლა ჯიჰადის მოსაწყობად. ასევე თქვა, რომ ისინი 2013 წლიდან იბრძვიან სირიაში. კარგად ფლობენ იარაღს და ამიტომ ძნელი იქნებოდა ჩვენთვის ბინაში შეღწევა. ბოლო წუთამდე გაგვიწევდნენ წინააღმდეგობას, რადგან ბრძოლაში სიკვდილი, ანუ ჯიჰადში სიკვდილი მათთვის პატივი იყო.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ნინო ბურჭულაძე