"ჩატაევი დამემუქრა, არსად არაფერი თქვა, ხომ იცი, სად ხარ და ვინ ვართო!" - კვირის პალიტრა

"ჩატაევი დამემუქრა, არსად არაფერი თქვა, ხომ იცი, სად ხარ და ვინ ვართო!"

"ყოველთვის ვფიქრობ, ახი (ძმაო - ავტ.), თქვენზე. ვიცი, რომ მაგრად გიჭირთ მანდ და ამიტომ არ მინდა შენს ადგილზე ყოფნა, არ იცი, რა დროს და საიდან მოვა სიკვდილი". აბუ ჯიჰადის აუდიოგზავნილიდან აჰმედ ჩატაევს

22 ნოემბრის საღამოს სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, რომელსაც თითქმის 22 საათის განმავლობაში მთელი საქართველო ლამის პირდაპირ ეთერში უყურებდა, დამთავრდა. მიუხედავად იმისა, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილი სამივე პირი ლიკვიდირებული იყო და ხელისუფლება უღიმღამო განცხადებებით ცდილობდა საზოგადოების დარწმუნებას, რომ საშიში აღარაფერი იყო, დედაქალაქში მშვიდად ძილზე არავინ ფიქრობდა, რადგან იმხანად მოსახლეობას მოსალოდნელი შურისძიების გამო მკვდარი ჩატაევის კიდევ უფრო ეშინოდა.

26 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა არ გამორიცხა, რომ პირი, რომელმაც სპეცოპერაციის დროს თავი შაჰიდის ქამრით აიფეთქა, მართლაც აჰმედ ჩატაევი ყოფილიყო. თუმცა დადასტურებულად მხოლოდ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, 1-ლ დეკემბერს ითქვა. რაც შეეხება ჩატაევის თანმხლებ პირებს, მათ შესახებ დიდხანს არაფერი იყო ცნობილი. 26 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაკავებული სინამდვილეში შუაიფ ბორზიევია (და არა საიდ დუდაევი), ხოლო ეზოში ლიკვიდირებულები ასლანბეგ სოლტაჰმედოვი და იბრაჰიმ ადაშევი (აბუ-ჰურეირა) იყვნენ.

სხვისი ფული

"კვირის პალიტრა" მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შეეცადა, დაედგინა, რატომ გახდა ჩატაევის სამიზნე საქართველო და რას ელოდა იგი სანაცვლოდ.

როგორც უკვე ცნობილია, აჰმედ ჩატაევი 2010-2012 წლებში "კავკასიის ემირატის"  წარმომადგენელი იყო საქართველოში და ქვეყნის გავლით დაღესტანში მებრძოლთა ჯგუფების უსაფრთხო გატარებას კურატორობდა, რაც' "კავკასიის ემირატს" არცთუ მცირე თანხა უჯდებოდა. 2012 წლის ზაფხულში ერთი ჯგუფის ორგანიზებისა და გადაყვანისთვის 200.000 დოლარი იყო გამოყოფილი. თუმცა ჯგუფის გადაყვანა ჩაიშალა, რადგან შემჩნეული იყო ლოპოტას ხეობაში მოძრაობისას და მისი დიდი ნაწილი გაანადგურეს სპეცოპერაციისას (ლაფანყურის 25-28 აგვისტოს მოვლენები). რა თქმა უნდა, ჩაშლილი ოპერაცია შემდგომში "კავკასიის ემირატში" დიდი ვნებათაღელვის საბაბი გახდა, ჩატაევს ფული მოსთხოვეს, სად წაიღეო.

ამ საქმეში აქტიურობდა უცხოეთში "კავკასიის ემირატის" წარმომადგენელი აბდულ-აზიზი, იგივე ზაურბეკ გუჩაევი. თურქეთში ჩატაევი "შურაზეც" (განხილვა) დაიბარეს, თუმცა საქართველოში ციხიდან გათავისუფლებული ჩატაევი ჯერ ავსტრიაში წავიდა ფეხზე პროთეზის გასაკეთებლად, მოგვიანებით კი თურქეთშიც ჩავიდა, თუმცა თავის გასამართლებლად "შურაზე" არ გამოცხადებულა და პირდაპირ სირიაში წავიდა საბრძოლველად. დიდხანს ვერც სირიაში დაემალა კითხვებს, რადგან აბდულ-აზიზი, რომელიც იმხანად სირიაში "კავკასიის ემირატის" წარმომადგენელი იყო, სირიაშიც ითხოვდა შარიათული გამოძიების ჩატარებას. არავინ იცის, რა ელოდა წინ სხვისი ფულის მიმთვისებელს. ბედად, 2014 წლის 29 ივლისს, ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე მოჯაჰედებმა "ისლამური ხალიფატი" გამოაცხადეს. აჰმედ ჩატაევმაც დრო იხელთა და თავი "ხალიფატს" შეაფარა, სადაც დიდი პატივით მიიღეს და "ერთ-ერთი ელიტური ბატალიონი "იარმუკი" ჩააბარეს.

კობანი - ჩატაევის ახალი ბედისწერა

რამდენიმე ხანში ჩატაევთან კითხვები უკვე "ხალიფატის" ლიდერებს გაუჩნდათ. საქმე ერთ პატარა ქურთულ ქალაქს, კობანის შეეხებოდა. 2014 წლის 6 ოქტომბერს "ხალიფატმა" ქალაქის დიდი ნაწილი დაიკავა. თურქეთის საზღვრიდან 5 კილომეტრში შავი დროშები აფრიალდა, აჰმედ ჩატაევი თავის 200-კაციანი ელიტური დანაყოფით ქალაქის შენარჩუნებაზე იყო პასუხისმგებელი, თუმცა ქალაქის დამცველებმა, რომლებსაც 40 წლის იურისტი ქალი, მეისა აბდუ ხელმძღვანელობდა, მოჯაჰედებს კობანი თვალის დახამხამებაში წაართვეს. გაგულისებულმა ჩატაევმა კიდევ ერთი შეტევა იანვარში სცადა, თუმცა ქალაქი ვერ დაიბრუნა და იძულებული შეიქნა, დიდი მსხვერპლით (50 მოჯაჰედი) უკან დაეხია.

რაყაში დიდხანს ვერ იჯერებდნენ, როგორ მოახერხეს მოხალისე ნოქრებმა და მასწავლებლებმა "ხალიფატის" ელიტური ნაწილების ქალაქიდან განდევნა. ვინ იფიქრებდა, რომ პატარა კობანი, რომელსაც სირიაში "ქურთული სტალინგრადი" უწოდეს, საბედისწერო გახდებოდა არა მხოლოდ ჩატაევისთვის, არამედ მთელი "ხალიფატისთვის". კობანის შემდეგ "ხალიფატს" კიდევ არაერთხელ ჰქონდა პრეტენზიები ჩატაევთან, კერძოდ, რას ხმარდებოდა ის თანხები, რომელთაც ევროპაში რეკრუტირების ქსელის განვითარებისთვის არ იშურებდა "ხალიფატი" განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. გარდა ამისა, აბდულ-აზიზიც ხშირად ახსენებდა ჩატაევს მითვისებულ ფულს და თურქეთში ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.

"მოვკლათ აბდულ-აზიზი"

2016 წლის მიწურულს, როცა "ხალიფატი" ტერიტორიებთან ერთად ადამიანურ რესურსსაც კარგავდა, ჩატაევს სირიაში "კავკასიის ემირატის" დროშით მებრძოლთა გადმობირება დაევალა, თუმცა აბდულ-აზიზი აქაც დაბრკოლებად ექცა და ჩატაევმა "ხალიფატი" დაარწმუნა, რომ აბდულ-აზიზი თავიდან მოეშორებინათ. ამის უკან აბდულ-აზიზთან მისი დიდი ხნის მტრობაც იდგა. სწორედ ზაურბეკ გუჩაევის ლიკვიდაციაზე ლაპარაკობს აბუ-ჯიჰადი ერთ-ერთ ხაბარში ჩატაევთან:

აბუ ჯიჰადი: "არის რამე იმ შაითანზე, თავს რომ აბდულ-აზიზს უწოდებს? ახალია რამე? შემოვიდა თუ არა თურქეთში? კოორდინატები ხომ არ გაქვთ? დაზვერვა გააკეთეთ? მზად ხართ, არ ხართ, მომწერე... რაც შეეხება აბდულ-აზიზს, მე აქ ველაპარაკე და მითხრეს, პრობლემა არ არის, ერთი მაყუჩიანი პისტოლეტი გადაეცემა (სავარაუდოდ, მკვლელს. - ავტ.), თუ კონკრეტული კოორდინატები იქნება, რამდენიმე დღით ადრე გვითხრან, გადმოგცემთ პისტოლეტს და კიდევ ბომბს "ლიპუჩკას". ესენი პულტით არის და კიდევ ტელეფონით ანუ მოძრაობისას რომ მოდის მოქმედებაში... ანუ მკვეთრ მოძრაობას როცა გააკეთებს, ან გაზს დააჭერს, აფეთქდება. მოკლედ, ეგეც გვექნება, როცა სამიზნე იქნება".

"ცალხელა აჰმედის" რუბიკონი

2016 წლის მეორე ნახევრიდან ჩატაევი უფრო ხშირად თურქეთში იყო, "ხალიფატში" ნაკლებად ჩნდებოდა. თავიდან სტამბოლში ცხოვრობდა, ხოლო 2017 წლიდან - იზმითში. დაინტერესებულ წრეებში კარგად იციან, რომ ჩატაევი ყოველთვის თანამშრომლობდა იმ სპეცსამსახურებთან, რომელთა ტერიტორიაზეც იმყოფებოდა, თუმცა ეს ხელს არ უშლიდა ტერორისტულ საქმიანობაში. მას შემდეგ, რაც თურქეთმა რუსეთთან ურთიერთობა მოაგვარა, ჩატაევის ყოფნა ქვეყანაში თურქეთისთვის სახიფათო გახდა, ამიტომ მიანიშნეს, უნდა წახვიდეო. მაგრამ სად? მას არც ერთი სახელმწიფო არ მიიღებდა. გარდა ამისა, "ცალხელა აჰმედმა" კარგად იცოდა, რომ ყოფილი თანამებრძოლების გარდა, მასზე რამდენიმე სახელმწიფოს სპეცსამსახურები ნადირობდნენ და ერთ დღესაც აუცილებლად მოიხელთებდნენ. ჩატაევი აღარავის სჭირდებოდა. ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ჩატაევი შეიძლებოდა გამოეყენებინა, ისევ რუსეთი იყო. ამიტომ, სავარაუდოდ, როდესაც ჩატაევი აბუ-ჯიჰადს" საქართველოში "იმავეს გაკეთებას" ჰპირდებოდა," შემდეგი გათვლა ჰქონდა: ის ტერაქტების სერიით მოჯაჰედებში" ავტორიტეტის დაბრუნებას შეძლებდა (გარდა ამისა, კარგ სარგებელსაც ნახავდა. აუდიოგზავნილებიდან ირკვევა, რომ "ხალიფატი" ტერაქტებისთვის ფულს არ იშურებდა), პარალელურად რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესების გატარების სანაცვლოდ გარანტირებულ და "მშვიდ ადგილს" მიიღებდა თავშესაფრად. თუმცა მთავარი ახლა მისი საქართველოში შემოსვლა იყო - ქვეყანაში, სადაც მას დიდი ხანია აღარავინ ელოდა.

გეგმა

სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევის შემოსვლა საქართველოში იზმითშივე დაიგეგმა და მისი დეტალები მხოლოდ აჰმედ ჩატაევმა და აბუ-ჰურეირამ იცოდნენ, რაც ნიშნავდა, ჩატაევი საქართველოში აბუ-ჰურეირასთან ერთად შემოვიდოდა. თუმცა თურქეთის გარდა, ჩატაევის ჩამოსვლის გეგმაზე საქართველოში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ორი ჯგუფი მუშაობდა. ვინაიდან აჰმედი ძალიან ფრთხილი იყო, მეტწილად მისი გარემოცვის ერთ ნაწილს წარმოდგენა არ ჰქონდა, რას აკეთებდა მეორე. ჩვენთვის უცნობია, როგორი იყო ჩატაევის პირველადი გეგმა, თუმცა როგორც გაირკვა, საქართველოში ჯგუფის არალეგალურად შემოსვლა გადაწყდა. ასე რომ, ჩატაევი ოქტომბრის შუა რიცხვებში საქართველოს საზღვრისკენ წამოვიდა და მეგობარ ცოლ-ქმართან ერთად ხოფაში გაჩერდა რამდენიმე დღით.

"ერთი საქმე უნდა გააკეთოთ და მერე გაგიშვებთ"

ჩვენ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით მკითხველს ექსკლუზიურად ვთავაზობთ ჩატაევის საქართველოში შემოსვლის ოპერაციის დეტალებს.

ოქტომბრის მიწურულს (სავარაუდოდ, 25 ოქტომბერს) ხოფაში აჰმედ ჩატაევი საქართველოდან ჩასულებს შეხვდა.

"როცა ბინაში შევედით, იქ აჰმედ ჩატაევი დაგვხვდა. დივანზე იჯდა. ძალიან გამიკვირდა, რადგან დიდი ხნის მკვდარი მეგონა, გაკვირვება შევატყვე ჩემს თანმხლებ პირსაც. მითხრეს, სწორედ ჩატაევია ის, ვინც უნდა გენახათო. ტელეფონი ამოვიღე და მაგიდაზე დავდე, თქვენთან გამომატანეს-მეთქი. რადგან უკვე გვიანი იყო, სასტუმროში წასვლა გადავწყვიტეთ. თუმცა ჩატაევმა მოულოდნელად გვითხრა, ვერსად ვერ წახვალთ, აქ უნდა დარჩეთო. ვიფიქრე, არ გვენდობა-მეთქი და სხვა რა გზა გვქონდა. იმ ღამეს ვკითხე, თქვენთან რატომ გამოგვგზავნეს-მეთქი და უცებ მიპასუხა, ერთი საქმე უნდა გააკეთოთ და მერე გაგიშვებთო. მას მერე ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ტელეფონით საუბრობდა ვიღაცასთან. მეორე დილით გვითხრა, ერთ კაცს ველოდებიო. მხოლოდ შუადღისას გავიგეთ, რომ ის კაცი აღარ მოვიდოდა და ამის გამო კიდევ ერთი ღამის გათენებამ მოგვიწია ჩატაევის სახლში. მხოლოდ ღამით გვითხრეს, რომ პირი, რომელსაც ჩატაევი ელოდებოდა, საქართველოდან უნდა ჩამოსულიყო", - იხსენებს შეხვედრის მონაწილე.

ხოფაში აჰმედ ჩატაევი მარტო არ ყოფილა, სახლში მის გარდა მისი მეგობარი ალი იმყოფებოდა მეუღლითურთ, რომელიც, ფაქტობრივად, ოთახიდან არ გამოსულა. ჩატაევს ასევე თან ახლდნენ თანამებრძოლები, აბუ-ჰურეირა და კიდევ ვინმე აბდურაჰმანი. მესამე დღეს ცნობილი გახდა, რომ კაცი, რომელსაც ელოდა ჩატაევი, უკვე ხოფაში იყო და აჰმედ ჩატაევი მასთან ერთად თურქეთ-საქართველოს საზღვრისკენ აპირებდა გამგზავრებას.

''როცა აჰმედ ჩატაევმა მითხრა, მანქანა მოვიდაო, არ უთქვამს, ვინ იყვნენ შიგ მსხდომნი, თუმცა გამაფრთხილა, არ თქვა, რომ ქართველი ხარ, რუსულად ილაპარაკეო (რუსული კარგად ვიცი). აბუ-ჰურეირამ მომცა რუკა და მომინიშნა ის ადგილი, სადაც უნდა მივსულიყავით. ამასთანავე, მითხრა, ავტოსადგომზე 20 წუთი მოიცადეთ და მერე დაიძარით. ჩვენ უკან გამოგყვებით მეორე მანქანით და წინ თუ შენიშნავთ პოლიციას, სასწრაფოდ გაგვაფრთხილეთო. მანქანაში, რომელშიც მე ვიჯექი, კიდევ ორი კაცი იჯდა, მთელი გზა ქართულად საუბრობდნენ. მე რუკის მიხედვით მხოლოდ რუსულად ვაძლევდი მძღოლს მითითებებს", - ჩატაევის თანმხლები პირის ნაამბობიდან.

ღამე იყო, როცა მანქანები საზღვრისპირა სოფელში ავიდნენ. პირველი მანქანა სოფელში არ გაჩერებულა, მოტრიალდა და უკან წამოვიდა. გზად მას სოფლისკენ მიმავალი მეორე მანქანა შემოხვდა. დაახლოებით ნახევარ კილომეტრში პირველი მანქანა გაჩერდა. ჩვენთვის ცნობილია, რომ სწორედ მეორე მანქანაში ისხდნენ ჩატაევი, აბუ-ჰურეირა და აბდურაჰმანი.

"მე მათი მითითებით ვმართავდი მანქანას. მთელი გზა მეუბნებოდნენ, პირველ მანქანასთან დისტანცია 8 კილომეტრი უნდა იყოს, ძალიან არ მიუახლოვდეო. თავიდან სარფის მიმართულებით მივდიოდი, მერე მთებში გადამახვევინეს. რომელიღაც სოფელში გამაჩერებინეს მანქანა. გზად, სოფლამდე, პირველი მანქანა შეგვხვდა და მანქანაში თქვეს, უკან ბრუნდებიანო. როცა გავჩერდით, მე გამაფრთხილეს, მანქანიდან არ გადმოხვიდე, ცოტა ხანს დაიცადე და უკან იმავე გზით დაბრუნდიო, თან გამაფრთხილეს, არსად არაფერი თქვა, ხომ იცი, სად ხარ და ვინ ვართო - თავად ჩატაევი დამემუქრა. შემდეგ გადავიდნენ მანქანიდან და ფეხით განაგრძეს გზა. ზურგჩანთები ჰქონდათ. მე მართლაც ვიდექი 5 წუთი და უკან წამოვედი. გზად სოფელში მეჩეთი დავინახე და იქვე რამდენიმე ასეულ მეტრში ჩვენი პირველი მანქანა. როგორც კი დამინახეს, იქიდან ჩემი ახლობელი გადმოვიდა, მანქანაც იმწამსვე წავიდა. ჩვენც პირდაპირ საქართველოში წამოვედით", - იხსენებს მძღოლი, რომელმაც ჩატაევი და მისი ჯგუფი საქართველოს საზღვრამდე მიიყვანა.

სამი დღის შემდეგ

"წყალთან მივედი ხელების დასაბანად, თან ფეხსაცმელს ვისუფთავებდი. ამ დროს დამიძახეს, წამოვდექი და დავინახე, რომ მანქანასთან სამი მამაკაცი მისულა. თავები და წვერი გაპარსული ჰქონდათ, საწვიმარი ქურთუკები და ბათინკები ეცვათ. მოულოდნელად ერთ-ერთში აჰმედ ჩატაევი ამოვიცანი" - თვითმხილველის ნაამბობიდან...

1-ლ ნოემბერს აჰმედ ჩატაევი უკვე საქართველოში იყო.

"ცალხელას ლანდი"

იბრაჰიმ ადაშევი, იგივე აბუ-ჰურეირა, აჰმედ ჩატაევის უახლოესი გარემოცვის წევრი, პოპულარობით სარგებლობდა "ისლამურ ხალიფატში", ჩატაევთან ახლო ურთიერთობის გამო მას სირიაში "ცალხელას ლანდს"ეძახდნენ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სწორედ აბუ-ჰურეირას დაგეგმილი იყო ჩატაევის საქართველოში შემოსვლის ოპერაცია. ჩვენ მიერ მოპოვებულ ერთ-ერთ ხაბარში (გზავნილში) აბუ-ჯიჰადი ჩატაევს სთხოვს:

აბუ-ჯიჰადი: "აბუ-ჰურეირაზე ძალიან ვღელავ. ძალიან მიყვარს ჩემი ძმა და არ მინდა სადმე ჩავარდეს. თუ არის შესაძლებლობა, ვინმე ლეგალურმა იაროს აქეთ-იქით... გააკეთე რა... მინდა აბუ-ჰურეირა ნაკლებად მოძრაობდეს"... (გაგრძელება: ჩატაევის მგლისთავიანი პისტოლეტი და იარაღის სამალავი შილდის ტყეში)

მარცხნიდან: იბრაჰიმ ადაშევი (აბუ-ჰურეირა) და ასლანბეგ სოლტაჰმედოვი, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ეზოში ლიკვიდირებულები

ნინო ბურჭულაძე