ულამაზესი ჩეჩენი ქალის მძიმე გზა "ისლამური სახელმწიფოსკენ" და უკან... - სტამბოლში თარხან ბათირაშვილის მეუღლე დააკავეს
სტამბოლში, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირების გამო, ყოფილი ჩეჩენი მაღალჩინოსნის ასუ დუდურკაევის შვილი, თარხან ბათირაშვილის მეუღლე სედა დუდურკაევა დააკავეს. ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah იუწყება. მათი ინფორმაციით, აღნიშნული სპეცოპერაციის ფარგლებში ხუთი პირია დაკავებული, მათ შორის თარხან ბათირაშვილისა და სედას ორი შვილი.
ვინ არის სედა დუდურკაევა? ერთ დროს ულამაზესი სედა ჩეჩნეთის ყველაზე სასურველ საპატარძლოდ ითვლებოდა. იგი ასუ დურდუკაევის - რამზან კადვროვის მთავრობის ყოფილი მინისტრის ქალიშვილია. მამამისი კადიროვმა სწორედ ქალიშვილის მოურჯულებლობის გამო გაათავისუფლა თანამდებობიდან.
სედა, ჩეჩნეთის მშვენება, თავდაპირველად სირიაში წავიდა პანკისელ ჰაზმათ ბორჩაშვილს რომ გაჰყოლოდა ცოლად. სედამ და ჰამზათმა ერთმანეთი სოციალური ქსელით გაიცნეს და გოგონა, დაჭრილი ჰაზმათის მოსანახულებლად, დაცვით გარშემორტყმული სახლიდან გაიქცა ... ჰაზმათი აბუ ომარ ალ-შიშნად წოდებული, თარხან ბათირაშვილის თარჯიმანი გახლდათ. მუდამ აბუ ომარის გვერდით იყო. დიდ პატივს სცემდა...
გარკვეული დროის შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ ჰაზმათი შაჰიდი გახდა და... გარდაიცვალა.
"როდესაც ეს ამბავი გავიგე, თითქოს გული გამიჩერდა... ოთხი-ხუთი კვირის მერე მივხვდი, რომ ხალხი რაღაცას მიმალავდა. ამიხდა ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა: ჩემი ხალიდიც გარდაიცვალა. ამბობენ, რომ სანიპერმა ესროლა, მაგრამ არავის უნახავს ის არც ცოცხალი და არც - მკვდარი. მხოლოდ მისი საფულე იპოვეს. ჰაზმათის ქვრიმა, სედამ, გამომიგზავნა ფული, რაც ხალიდის საფულეში იპოვა და მითხრა, რომ ეს მე მეკუთვნოდა. ჰაზმათის სიკვდილის შემდეგ სედა მზად იყო, შინ დაბრუნებულიყო, მაგრამ აბუ ომარმა მას ამის საშუალება არ მისცა და ცოლად შეირთო. ეს მუსლიმი მეომრების ძველი ტრადიციაა - თუ შაჰიდის ცოლი დაქვრივდება, ის უპატრონოდ არ უნდა დარჩეს. ამ წესის თანახმად, ვინმე სხვას უნდა მოეყვანა სედა ცოლად, ეს ვიღაც კი თარხანი აღმოჩნდა, ვისაც ჩემი შვილი ენდობოდა და მუდამ გვერდით ედგა!" - ჰყვებოდა ჰაზმათ ბორჩაშვილის დედა, პანკისელი ლეილა აჭიშვილი ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან.
მალე გავრცელდა ჭორი, რომ ჰაზმათის სიკვდილი თარხანმა დაგეგმა, რათა სედა ხელში ჩაეგდო, თუმცა მწირი ინფორმაციის გამო ამ ვარაუდის დამტკიცება შეუძლებელი გახდა. (იხილეთ სრულად)
შეგახსენებთ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის სიკვდილი მედიასაშუალებებში რამდენჯერმე გავრცელდა, საბოლოოდ კი მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 2016 წლის 16 ივლისს დადასტურდა.