"სამი დღის შემდეგ პაატა მოკლეს. მკვლელებს ვეძებდით..." - რას ჰყვება პაატა ჩლაიძის მკვლელობაზე მისი მეგობარი - კვირის პალიტრა

"სამი დღის შემდეგ პაატა მოკლეს. მკვლელებს ვეძებდით..." - რას ჰყვება პაატა ჩლაიძის მკვლელობაზე მისი მეგობარი

90 -იანი წლების მოვლენები დღესაც იწვევს საზოგადოების დიდ ინტერესს. ჩვენმა რესპონდენტმა გვარ-სახელის გამჟღავნება მიზეზთა გამო არ ისურვა, თუმცა დაგვთანხმდა, რომ მკითხველისთვის მოეთხრო აქამდე უცნობი დეტალები იმდროინდელი კრიმინალური ცხოვრებიდან:

ოქროსუბნელი ბიჭები

- ოქროს უბანში გავიზარდე. იცით, როგორი უბანი იყო? ყველა მეორე ეზოში ე.წ. კანონიერი ქურდი ცხოვრობდა. იყვნენ ისეთები, რომლებიც ხალხს არ უყვარდა, ხოლო მათ, ვინც უყვარდათ,

ჰბაძავდნენ კიდეც. ჩემს ახალგაზრდობაში "ბეზპრედელი" არ იყო. კაცის დაჩაგვრა არ შეიძლებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო დიდი კუნთები გქონდა. ვერავინ დაიჩაგრებოდა, თუ მართალი იყო. თუ ვინმე ფიქრობდა, რომ არასწორად მოექცნენ, სამართალს ქუჩაში, ანუ ე.წ. კანონიერ ქურდებთან ეძებდა.

ციხეში სკოლის მერხიდან...

- პირველად 1967 წელს მოვხვდი ციხეში. სკოლაში მეგობართან ვიჩხუბე, ცუდად შევეხე. საბედნიეროდ, არ დაღუპულა, მე კი ორი წელი მოვიხადე. სად არ ვიყავი, ხან კა-პე-ზეში", ხან ციხეში, თუმცა უცებ მოვერგე სიტუაციას, რადგან იქ ყველას ვიცნობდი, ზოგს პირადად, ზოგს შორიდან. როცა გამოვედი, უბანში ჩვენი სახლი დაენგრიათ და ახალ უბანში ვცხოვრობდი. მახსოვს, იმ პერიოდში 8 სკოლა გამოვიცვალე, ამ ყველაფერმა კი ძალიან შემიცვალა ხასიათი - აგრესიული გამხადა. შევდიოდი კლასში, სადაც ბავშვები ერთად გაზრდილები იყვნენ, მე კი უცხო ვიყავი. გარდა ამისა, სიმპათიური ბიჭი ვიყავი და გოგოს თუ მოვეწონებოდი, მის შეყვარებულთან მქონდა კონფლიქტი. ისეთებთანაც ვჩხუბობდი, თავი ნომერი პირველი" ტიპი რომ ეგონათ. ამიტომ ყოველ ჯერზე სკოლიდან მაგდებდნენ. ერთ-ერთ სკოლაში დამჭრეს კიდეც, ბოლოს მე-15 სკოლა დავამთავრე ექსტერნად, თან ვმუშაობდი.

არჩევანი...

- საბურთალოზე ინსტიტუტს აშენებდნენ და იქ დავიწყე მუშაობა. მალევე მომბეზრდა, რადგან სხვისი დავალებების შესრულება, წყალი მომაწოდე", აგური მოიტანეო, ვერ ავიტანე. მამას გამოვუცხადე, მუშაობის გამგრძელებელი აღარ ვარ-მეთქი, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ დედისა და დისთვის უნდა მიმეხედა და არჩევანის წინაშე დავდექი: წავიდე ქუჩისკენ" თუ პატიოსანი შრომით ვარჩინო ოჯახი-მეთქი? ქუჩაშიც ბევრი რამ არ მომწონდა. ე.წ. ქურდები ქალს როგორც ნივთს, ისე აღიქვამდნენ. ვერ ვიტანდი, როგორ უყურებდნენ ერთმანეთის ცოლებს, დებს... მიუხედავად იმისა, რომ დროის დიდ ნაწილს მათთან ვატარებდი, წითელ ხაზებს არ გადავიდოდი, მე ქურდი არასდროს გავხდებოდი.

"სტუდენტმა ისევ "ძველ ინსტიტუტში" ამოვყავი თავი"

- დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, სამედიცინო ინსტიტუტში ჩამებარებინა. სამტრედიაში ჩავედი ბებია-ბაბუასთან და მომზადება დავიწყე. ისეთი მოტივირებული ვიყავი, ფიქრობდნენ, აუცილებლად ჩაირიცხებაო. ასეც მოხდა. თუმცა ისევ რაღაც შემემთხვა და სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტმა "ძველ ინსტიტუტში" ამოვყავი თავი, საიდანაც 1973 წელს გამოვედი. ჩემი ძმაკაცი სამტრედიის ტრესტში მუშაობდა, წვენებსა და მურაბებს ამზადებდნენ, და მეც იქ დავიწყე მუშაობა. რაც უფრო ბევრ წვენს დაამზადებდი და საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში გაუშვებდი, მით ბევრი ფული მოდიოდა. ჰოდა, ჩვენც თავდაუზოგავად ვშრომობდით და ფულიც გვქონდა. იხილეთ სრულად

პაატა ჩლაიძე

- 90-იან წლებში არაერთი მეგობრის სიკვდილს მოვესწარი. განსაკუთრებით მტკივნეული პაატა ჩლაიძის წასვლა იყო. მასზე 4 წლით დიდი ვარ. ჯერ კიდევ მაშინ დავმეგობრდით, როცა ქურდი არ იყო. 16 წლისა ციხეში მოხვდა (კახეთში ჩხუბისას სასადილოს თანამშრომელმა მაგიდის კიდეს ჩამოჰკრა თავი და გარდაიცვალა. - ავტ.). 18 წლისა უკვე ქურდი გახდა. ადრეც გითხარით, რომ ქურდებს ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდი, თუმცა, რა თქმა უნდა, არ მძულდნენ. პაატა კაცური კაცი იყო. 18 წლის ბიჭი 30-40 წლის ქურდებს ფეხზე აყენებდა და აბა, ვინმეს გაებედა და დამჯდარიყო. უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა.

თბილისში ერთი სახლი ჰქონდა ამოჩემებული და ძალიან მოსწონდა. მაშინ ბოჭორიშვილზე ცხოვრობდა, მეუღლის ბინაში, ჰოდა, ეს სახლი ვორონცოვზე მეგობრებმა ვუყიდეთ - ზოგმა ათასი დოლარი დადო, ზოგმა ბევრად მეტი. თავად ფული არასდროს ჰქონდა, რადგან გამცემი იყო. 90-იანებში, როცა ქვეყანა აირია და საძმოები გაჩნდა, ყველა მაინც მასთან მეგობრობდა, განსაკუთრებით, ვერელები. ამიტომაც მის სიკვდილს არავინ ელოდა.

იმ დღეს ჩემთან ამოვიდა, ქორწილში მიდიოდა და ჩემი წაყვანაც უნდოდა. მაშინ ერთ ჩვენს ნაცნობს, კალანდაძეს, მანქანა მოჰპარეს და იმას ვეძებდი (სწორედ კალანდაძე იჯდა პაატა ჩლაიძის მანქანაში, როცა ე. წ. კანონიერი ქურდი მოკლეს - ავტ.). იმ საღამოს პაატას ერთი სერიოზული შეხვედრა ჰქონდა. ქორწილიდან წამოსულმა ცოლ-შვილი სახლთან დატოვა და შეხვედრაზე წასვლას აპირებდა. ეს ამბავიც მაშინ მოხდა.

მოგვიანებით, ვის აღარ აბრალებდნენ პაატას მოკვლას, მათ შორის ის რიჩო ჯავახაძის (სასტუმრო "მეტეხის" გენერალური მენეჯერი. - ავტ.) ბიჭს, აკაკოს. მე ამის არ მჯერა, მაგრამ ეს ვერსია რატომ გაჩნდა, გეტყვით: ერთ დღეს მე, პაატა და ბიჭები სასტუმრო "მეტეხში" შევედით. მაშინ თბილისში არაფერი იშოვებოდა, სასტუმროში კი კარგი მაღაზია იყო. ფული გვქონდა და რაღაცების ყიდვა გვინდოდა. სასტუმროში რიჩოს ბიჭის ძმაკაცები შევნიშნეთ, მოშორებით ისხდნენ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვიყიდეთ, რაც გვინდოდა. პაატამ 1000 დოლარი მისცა გამყიდველს და ის ფულს რომ ითვლიდა, 100-დოლარიანი უკან დაუბრუნა, ყალბიაო. უხერხული სიტუაცია შეიქნა. არადა, ეს ფული ისეთი კაცის მოცემული იყო, ყალბი ვერ იქნებოდა - შიშით ვერც კი გაბედავდა ამას. პაატამ გამყიდველს უთხრა, კარგად ნახეთ და თუ მართლაც ყალბია, სხვას მოგცემთო. ამ დროს სასტუმროში რიჩო ჯავახაძე შემოვიდა და პაატა რომ დაინახა, მოვიდა, რა ხდებაო? პაატამ აუხსნა, ასეთი სიტუაციაა და იქნებ კარგად ნახოთ, ეს ფული ყალბი არ იქნებაო. ჯავახაძეს შეეძლო ეთქვა, რა პრობლემააო და თემა დაეხურა. წესით, ასეც უნდა ექნა, მაგრამ ნაცვლად ამისა, პაატას მიუბრუნდა, კაბინეტში ყალბი ფულის კარგი აპარატი მაქვს, ავიდეთ, გავსინჯოთო.

პაატას ეწყინა, დახია ფული და რიჩოს სახეში შეაყარა. ამის დანახვაზე რიჩოს ბიჭის ძმაკაცები წამოიშალნენ. გავიწიეთ ჩვენც, ათამდე კაცი ვიყავით. წარმოიდგინეთ, რა ამბავი დატრიალდებოდა. ბოლოს ისევ პაატამ დაგვაწყნარა და მშვიდობიანად წამოვედით სასტუმროდან. სამი დღის შემდეგ პაატა მოკლეს. რა თქმა უნდა, მკვლელებს ვეძებდით... დეტალებს ვერ მოგიყვებით... გაგარძელება

იხილეთ ასევე: ჩლაიძე ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს. სასჯელის უმეტესობა შორეულ ციმბირში ჰქონდა მოხდილი. საოცარ ლექსებს წერდა