სოხუმის ცხელი აგვისტო
გაგრძელება, დასაწყისი "კვირის პალიტრა" #33
1992 წლის 18 აგვისტოს გროზნოში, კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის”პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, მიიღეს გადაწყვეტილება - აფხაზეთისთვის სამხედრო დახმარება გაეწიათ. 21 აგვისტოს კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციამ ომი გამოუცხადა საქართველოს და თავისი შეიარაღებული ძალები აფხაზეთის ტერიტორიაზე გადმოისროლა.
კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის ისტორიიდან
"18 აგვისტოს მივიღეთ გადაწყვეტილება: საჭიროა წავიდეთ აფხაზეთში, თანაც რაც შეიძლება სწრაფად. ქალაქიდან გასვლა იმავე ღამით გვინდოდა, თუმცა ეს ჯერ პრეზიდენტისა და პარლამენტისთვის უნდა გვეცნობებინა. წავედით ჯოჰარის (დუდაევის. - ავტ.) მოსაძებნად, რომელიც სამხედრო ქალაქ #1-ში, სამხედრო შტაბში დაგვხვდა. ჯოჰარი ჩვენს გადაწყვეტილებას დაეთანხმა და სამხედრო საბჭოს თათბირი მოიწვია, რომელსაც, ჩვენ გარდა, შეიარაღებული ნაწილების მეთაურებიც ესწრებოდნენ. ყველა მზად იყო, დაუყოვნებლივ დავხმარებოდით აფხაზებს.
საბჭოს სხდომა შუაღამისას დამთავრდა. იქვე, შტაბში ვუყურეთ ახალი ამბების ბოლო სატელევიზიო გამოშვებას. რუსეთის ტელევიზიის წამყვანმა პირდაპირ ეთერში წაიკითხა არძინბას დეპეშა-მიმართვა ჯოჰარ დუდაევისადმი - ის იჩქერიის პრეზიდენტს დახმარებას სთხოვდა. ჩვენი ყურადღება მიიქცია ერთმა ეპიზოდმა, ტელეწამყვანმა არა მარტო წაიკითხა დეპეშა, არამედ გადიდებულად ეკრანზეც აჩვენა და კომენტარიც დაურთო -” აი, არძინბას ხელმოწერაო. ეს ძალიან საეჭვოდ მოგვეჩვენა, თუმცა ბრძანება, ბატალიონების მობილიზების შესახებ, უკვე გაცემული იყო. "რუსები ცდილობენ, ჩვენ საქართველოში აფხაზეთის ომში ჩაგვითრიონ", - თქვა ჯოჰარმა. იჩქერიას აფხაზეთში სამხედრო დახმარება არ გაუგზავნია, იქ მხოლოდ მოხალისეები წავიდნენ.
ჯოჰარს აფხაზეთის საკითხის იგნორირებისთვის”საყვედურების მოსმენა ხშირად უწევდა, მოხალისე ფორმირებებთან ურთიერთობაც კი დაეძაბა, რაც მოგვიანებით ძალიან ძვირად დაუჯდა."
ზელიმხან იანდარბიევი, "ბრძოლა თავისუფლებისთვის"
"მე მაშინ 20 წლის ვიყავი. ჩვენი ოჯახი სოხუმში მინისტრთა საბჭოს შენობის უკან ვცხოვრობდით (კუიბიშევისა და ფრუნზეს ქუჩის გადაკვეთაზე). იქვე იყო "აიდგილარას"(აფხაზეთის სახალხო ფრონტის. - ავტ.) ოფისი და აფხაზეთის ტელევიზია. 14 აგვისტოს, დილით, სიმშვიდე იყო. მამაც ჩვეულებრივად წავიდა სამსახურში (ერთ-ერთი მსხვილი ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო). ჩემმა აფხაზმა მეზობელმა (7-სადარბაზოიან კორპუსში მხოლოდ ორი აფხაზური ოჯახი ცხოვრობდა) დილით ბავშვები დაგვიტოვა და ცოლთან ერთად სადღაც შეკრებაზე წავიდა. ცოტა უცნაურად გამოიყურებოდნენ, თითქოს ნერვიულობდნენ (როგორც მოგვიანებით შევიტყვეთ, ჩემი მეზობელი "აიდგილარაში" მნიშვნელოვანი პერსონა იყო).
შუადღისას ქალაქში დაძაბულობა შეინიშნებოდა. სოხუმში უკვე იცოდნენ, რომ ჩვენი შეიარაღებული ნაწილები ქალაქისკენ მოემართებოდნენ... სოხუმი უფრო მეტად იყო დაძაბული, ვიდრე ერთი თვის წინ, როდესაც გია ყარყარაშვილი, მცირერიცხოვან სამხედრო ჯგუფთან ერთად, მდინარე ფსოუსთან მივიდა და წყალი დალია. 14 აგვისტოს შუადღე უფრო მძიმე იყო.
როდესაც ხმა გავრცელდა, შეიარაღებული ნაწილები წითელ ხიდს (კინოთეატრ "აფსნის" მახლობლად) მოადგნენო, ქალაქი პანიკამ მოიცვა. მოაგარაკეებმა, ბავშვებთან ერთად, რუსულ სამხედრო სანატორიუმებს მიაშურეს (სოხუმში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის რამდენიმე სამხედრო სანატორიუმი იყო). მოაგარაკეების სასწრაფო ევაკუაციას რუსი სამხედროები სწორედ იქიდან ახდენდნენ.
მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის ტელევიზიასთან მანქანების მიმოსვლა გახშირდა. "აიდგილარადან" და მთავრობის სახლიდან რაღაცები გაჰქონდათ, იტვირთებოდა დიდი მანქანები, აფხაზეთის ტელევიზიით კეთდებოდა განცხადებები.
საღამოს ვლადისლავ არძინბა გამოვიდა ტელევიზიით, მის შემდეგ ილაპარაკა ერთმა ქართველმა, რომელმაც მოგვიწოდა, რომ ამ მძიმე წუთს სოხუმის ქართველობა აფხაზი ძმების გვერდით უნდა დავმდგარიყავით. მისმა გამოსვლამ ქართველები ძალიან გააღიზიანა. სამსახურიდან დაბრუნებულ მამას მეზობლები ეკითხებოდნენ, - რა ხდებაო. ის კი იხვეწებოდა, - არ ავყვეთ პროვოკაციას, ამ დღეებში ყველაფერი გაირკვევაო.
წინა დღით ჩვენთან თბილისელი სტუმრები ჩამოვიდნენ დასასვენებლად. 14 აგვისტოს, გვიან, მამას თბილისიდან დაურეკეს და სთხოვეს, - სტუმრები როგორმე სოხუმიდან გაეცილებინა. მამა - შიშის საფუძველი არ არისო, - არწმუნებდა მოსაუბრეს.
...იმ დღეს ჩემს აფხაზ მეზობელს ბავშვებისთვის არ მოუკითხავს - ღამე ჩვენთან დარჩნენ.
15 აგვისტო მშვიდობიანად გათენდა სოხუმში. გამთენიისას მინისტრთა საბჭოსთან მანქანების მოწყვეტით დაძვრის ხმები ისმოდა, ცხადი იყო, შენობას სასწრაფოდ ცლიდნენ. იმ დილით მე და ჩემი მეგობრები ბიჭვინთაში ვაპირებდით წასვლას - ახალი სასტუმრო იყო გახსნილი და ნომრები დაჯავშნილი გვქონდა. როდესაც მეგობრებს წასვლაზე უარი ვუთხარი, გამიწყრნენ, - პანიკას ნუ სთესავ, რა უნდა მოხდესო. მხოლოდ მაშინ შემირიგდნენ, როდესაც სოხუმში სროლები დაიწყო. ქალაქის მოსახლეობა დაბნეული იყო, ამიტომ ხშირად გავდიოდი აივანზე და მინისტრთა საბჭოს შენობაზე აღმართულ აფხაზურ დროშას შევყურებდი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქალაქში ჯერჯერობით ყველაფერი ძველებურად იყო. მალე გავიგეთ, რომ თბილისიდან მთავრობის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ მოსალაპარაკებლად", - იხსენებს ალეკო აბულაძე, სოხუმის კომენდატურის თანამშრომელი.
15 აგვისტოს სოხუმში ჯაბა იოსელიანი და თენგიზ სიგუა ჩავიდნენ. აფხაზებთან მოლაპარაკება ჭიანურდებოდა. რამდენჯერმე შეიცვალა შეხვედრის ადგილი. ბოლოს მოლაპარაკება მაინც შედგა.
ჯაბა იოსელიანისა და თენგიზ სიგუას გარდა, ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ: თამაზ ნადარეიშვილი (აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე), ვახტანგ ყოლბაია (დეპუტატი) და ავთანდილ იოსელიანი (აფხაზეთის უშიშროების სამსახურის უფროსი).
აფხაზებიდან იყვნენ: სერგეი ბაღაფში (აფხაზეთის მინისტრთაA საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ზაურ ლაბახუა (მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე), ალექსანდრე ანქვაბი (დეპუტატი, აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი), სერგეი შამბა და კიდევ რამდენიმე დეპუტატი.
როდესაც თენგიზ სიგუამ შეკრებილებს განუცხადა, რომ შეიარაღებული ძალების შემოყვანა აფხაზეთის ტერიტორიაზე თავად არძინბასთან იყო შეთანხმებული, აფხაზებმა ჯერ გაიკვირვეს, შემდეგ კი აღშფოთდნენ. ქართველები მოლაპარაკებაზე არძინბას მოსვლას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს, აფხაზური მხარის წინადადებით, შეთანხმდნენ, რომ ქართულ-აფხაზური 200-200-კაციანი სამხედრო ფორმირებები მდ. ფსოუდან სამეგრელომდე რკინიგზას გააკონტროლებდნენ, თუმცა ამ შეთანხმების ხელმოწერამდე სერგეი ბაღაფშმა მცირე ხნით სოხუმიდან გასვლა ითხოვა - აფხაზები დროის გაყვანას ცდილობდნენ, სანამ ქართული მხარე სოხუმში სიტუაციის განმუხტვას ამაოდ ცდილობდა, განთიადში ჩვენებმა მცირერიცხოვანი საზღვაო დესანტი გადასხეს. რამდენიმე ხანში ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ლესელიძე იერიშით აიღეს და რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ქართული დროშა აფრიალდა.
"წითელ ხიდთან დაბანაკებულ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მოსახლეობა კარგად შეხვდა - უმასპინძლდებოდნენ, შინაც იწვევდნენ... 15 აგვისტოს საღამოს ქალაქში შეიარაღებულებიც გამოჩნდნენ. ისინი აქ მანამდე არავის უნახავს. ჩუმად დადიოდნენ. აფხაზებსა და სომხებს ქალაქიდან ოჯახების გაყვანაში ეხმარებოდნენ, ძირითადად, სოჭისკენ. ქალაქი ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იცლებოდა. სოხუმის ქართულმა მოსახლეობამ ქუჩებში შეკრება დაიწყო. აფხაზები კი ავტორიტეტიან ქართულ ოჯახებში ხალხს გზავნიდნენ, ჩვენთანაც მოვიდნენ და მამას უთხრეს, - ომი რომ დაიწყება (ჩვენგან განსხვავებით, მათ სჯეროდათ, რომ ომი გარდაუვალი იყო) აფხაზები და ქართველები გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს და ეს ფაშისტები ქალაქში არ შემოვუშვათო... კარგად მახსოვს, როგორ ყვიროდა გაბრაზებული მამა, - რას მთხოვთ, თუ იცითო...
სხვათა შორის, იმ დროს თანამდებობამოწყურებულმა ბევრმა ქართველმა თავი წამოყო და ადგილობრივ ხელისუფლებას აშკარად დაუჭირა მხარი.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ქართული ფრთის დეპუტატები იმ დროს ე.წ. "გოსდაჩაში" ისხდნენ და ფიქრობდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ, ვის მიმხრობოდნენ.
ფაქტობრივად, ომის თავიდან ასაცილებლად ქალაქში არაფერი კეთდებოდა. ქუჩებში, ქართულ შეკრებებზეც არ იყო ერთიანი აზრი, ყველა სხვადასხვა პოზიციაზე იდგა. მაღაზიები ცარიელდებოდა - პროდუქტი გაჰქონდათ. ყველას ეშინოდა, რომ მალე შიმშილობა დაიწყებოდა. აფხაზები ყველგან ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, - ომი დაიწყოო, ჩვენ კი არ გვჯეროდა... რუსები ამ დროს განზე იდგნენ, არაფერში ერეოდნენ, მხოლოდ სამხედრო სანატორიუმების დაცვა გააძლიერეს და შიგ არავის უშვებდნენ. პორტში შემოვიდა რამდენიმე რუსული გემი, რომლებსაც მოსახლეობა და დამსვენებლები გადაჰყავდა სოჭში.
დედა გაგრაში რეკავდა ნათესავებთან. ვიცოდით, რომ იქაც პანიკა იყო. მინისტრთაA საბჭოში აღარავინ ჩანდა, მხოლოდ "აიდგილარას" ოფისში იყო ფუსფუსი - იმართებოდა შეკრებები...
15-ში, საღამოს, ჩვენი აფხაზი მეზობლებიც წავიდნენ, 17 აგვისტოს აფხაზეთის ტელევიზიიდან ყველაფერი გაიტანეს, გაიყვანეს დიდი მანქანა, რომელზეც მოძრავი გადამცემი იყო დამონტაჟებული. ამბობდნენ, ტელევიზია გუდაუთაში გადადისო. არქივი გაიტანეს "აიდგილარას" ოფისიდანაც და ისე მოულოდნელად წავიდნენ, კარებიც არ დაუკეტავთ. მეორე დღეს იმ სახლში ბავშვები თამაშობდნენ.
18 აგვისტოს, როდესაც ქართული ჯარები სოხუმში შემოვიდნენ, ყველა სახელმწიფო ორგანიზაციის შენობა ცარიელი იყო. აღარც მილიცია ჩანდა და აღარც სამხედროფორმიანები.
მალე ქალაქში ხმა დაირხა, - არძინბა გუდაუთაშია და მას რუსები იცავენო.
12 საათი იქნებოდა. აივანზე ვიდექი, რომ უეცრად მინისტრთა საბჭოს შენობის თავზე თვალი მოვკარი, როგორ დაეშვა აფხაზური დროშა... მოლოდინში თითქოს ადგილზე გავიყინე... მერე, როდესაც დავინახე, როგორ მიცურავდა ზემოთ საქართველოს დროშა, სხეულში საოცარი სითბო ჩამეღვარა. ერთი სული მქონდა, დროშა აფრიალებულიყო და მეყვირა... ის წამები ჩემთვის საუკუნედ იქცა... როგორც კი დროშა აფრიალდა, სიამაყით აღვსილმა მეზობლებს დავუძახე, ისინი სხვებს ეძახდნენ... ყველა დროშას შევყურებდით და გვჯეროდა, რომ უკვე ყველაფერი კარგად იქნებოდა.
სოხუმში ძირითადად ქართველი მოსახლეობა დარჩენილიყო, ამიტომ ქალაქი ერთ მუშტად შეკრული იდგა, აფხაზთა სახლებსაც ვპატრონობდით, რადგან გვეგონა, რომ ეს დროებითი იყო და ცოტა ხანში ისინიც შინ აუცილებლად დაბრუნდებოდნენ.
18-მა აგვისტომ სოხუმში ყველაზე მშვიდად ჩაიარა. 19 აგვისტოს მამა ჩვეულებრივად წავიდა სამსახურში. სოხუმში ის ორგანიზაციები, სადაც პირველი პირები ქართველები იყვნენ, ჩვეულებრივად მუშაობდა, მუშაობდა პორტიც და რკინიგზაც.
მომდევნო დღეებში კი პატრიოტული სულისკვეთება შიშმა შეცვალა, რადგან ქალაქში უკვე გახშირდა მაროდიორობა და ძარცვა", - ალეკო აბულაძე.
19 აგვისტოს აფხაზებმა ქალაქი გაგრა დატოვეს. გაგრის კომენდანტად ქალაქის მხედრიონის უფროსი ბადრი ფირცხელანი დაინიშნა. 21 აგვისტოდან აფხაზეთში შემოსვლა დაიწყეს კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა და მოხალისეებმა. სოხუმში კი, გამწვავებული კრიმინოგენული ვითარების გამო, თავდაცვის სამინისტრომ ერთთვიანი კომენდანტის საათი შემოიღო. სოხუმის კომენდანტად გენერალ-მაიორი გია გულუა დაინიშნა. ქართული შეიარაღებული ნაწილები ისევ ქალაქში რჩებოდნენ.
"სამტრედიიდან სოხუმში "ჟიგულებით" ჩამოვედით. გულრიფშში შემოსვლისას აგვიტეხეს აფხაზებმა სროლა პლანტაციებიდან. ერთი კაი ბიჭი მაშინ მოგვიკვდა. მერეც რამდენი იყო...
სოხუმში ჩამოსვლის დღესვე წითელ ხიდთან აფხაზებმა ნამდვილი ომი გაგვიმართეს. ხომ ვიომეთ, ხომ მოკვდა ერთი-ორი კაცი, ცოტაა? მერე წავედით და საპატიო წრე დაგვარტყმევინეს მინისტრთა საბჭოს მოედანზე. ბიჭებმა, არ ვიცი, თავისი ინიციატივით, არ ვიცი, ვინმეს ბრძანებით, ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს. ერთი-ორი ავტომატის ჯერიც მივაყოლეთ მინისტრების შენობას და მაგათი დედაც... მეტი უნდა მიგვეყოლებინა, ამ ჩვენს გენერლებს ხომ გზადაგზა ახსენდებათ ზუგდიდში დატოვებული ტანკები, ერთი-ორი ძლივს ჩამოახრიგინეს სოხუმამდე.
რამდენიმე დღეა, კომპოზიტორების ცნობილ სანატორიუმში ვართ, ძირითადად, მთელი დღე ქალაქში ვსეირნობთ, ღამღამობით კი საგუშაგოებზე გვიწევს მორიგეობა. ქალაქი თითქმის ჩვენია, მაგრამ აფხაზთა ჯგუფები ხან საიდან გამოჩნდებიან, ხან - საიდან. "ბატიას" (თენგიზ კიტოვანი. - ავტ.) ხალხი სოხუმში გრიმიტობს. ამბობენ, სოხუმელები ბატალიონს ქმნიანო და ლამის ხელჩართული ბრძოლა იწყება თბილისურ სასტავებსა და აქაურებს შორის. ესენი ამბობენ, ჩვენს ქალაქს ჩვენ გავაკონტროლებთ, თქვენ გულრიფშიდან ქალაქის გასასვლელები და ოჩამჩირის ტრასა აკონტროლეთო. თბილისი, თავის მხრივ, თავისას ითხოვს. აქაურები თბილისელებს არ ენდობიან, თბილისელები კი - აქაურებს. მოკლედ, ერთმანეთს უკვე კბილების ღრჭენით მივჩერებივართ. სასმელ-საჭმელი ჯერჯერობით არის, თუმცა, ბიჭებს ხანდახან ხელი მაინც წაგვიცდება... იმ დღეს ვამპირამ სანაპიროზე ვიღაცის ღორი მოკლა ავტომატით. შუაღამისას ღორის პატრონები მოცვივდნენ. ასეთი წყევლა აქამდე არც გამიგონია - თქვენ არ ჩადით დედათქვენთან ცოცხლები. პური და ღორი კი არა, სოხუმის მიწა გაჭამოთ ღმერთმაო... მთელი ღამე ტანში მბურძგლავდა. ვინ იცის, სად წამოგვეწევა იმ შავკაბიანი მეგრელი დედაკაცის წყევლა...
კახა დვალიშვილის ("ნიუტონას")”დღიურებიდან. 20-25 აგვისტო, 1992 წელი (ლია ტოკლიკიშვილის წიგნიდან, "როცა ისინი მკვდრები იღვიძებენ").
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)