"ბელადის ანგელოზები" - "პირველი ცოლის დაკრძალვის დღეს გათხრილ საფლავში ხტება და... მაშინ საბოლოოდ განუდგება ღმერთს"
"სტალინის როლი რობერტ დე ნიროს უნდა შეესრულებინა"
იოსებ სტალინს ძალიან ჰყვარებია კლასიკური მუსიკა, გამორჩეულად კი - მოცარტის 23-ე კონცერტი, რასაც ადამიანის საკუთარ სულთან საუბარს უწოდებდა, თურმე. ინტერვიუზე მისულს, სწორედ ამ კონცერტით შემომეგება სცენარისტი ქეთევან პატარაია, რომელმაც წლების წინ, სტალინის საარქივო მასალაზე მუშაობისას, საბჭოთა ბელადის ცხოვრება-მოღვაწეობის ბევრისთვის მიუწვდომელი და დღემდე უცნობი ამბები შეიტყო. იმხანად რეჟისორი რეზო ჩხეიძე სტალინზე მხატვრული ფილმის გადაღებას აპირებდა...
(იხილეთ ასევე: ვინ იყო სტალინის დღემდე უცნობი საყვარელი?)
ქეთევან პატარაია:
- სცენარზე მუშაობა 1990-იანი წლების დასაწყისში დავიწყეთ და 5 წელიწადს გაგრძელდა. ჩვენმა პედაგოგმა ერლომ ახვლედიანმა მე და ჯარჯი აქიმიძე აგვიყვანა თანაავტორებად. გავეცანით ამერიკის თუ საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებში არსებულ საარქივო მასალებს; სტალინის, ტროცკის, ზინოვიევის, კამენევის, ბუხარინის ნაშრომებს. ჩვენ ვწერდით სცენარს არა პოლიტიკოს სტალინზე, არამედ - ადამიანზე, პიროვნებაზე, რომელსაც იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ერქვა. რამდენიმე წყაროში ვამოწმებდით და ისე გამოგვქონდა დასკვნები. ამიტომ თუნდაც, ამას წინათ პრესაში დაბეჭდილი ინფორმაცია, თითქოს სტალინის სიკვდილისწინა ჟესტი ცისკენ აშვერილი მუშტი იყო, მცდარია. მან მუშტი კი არა, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი აღმართა. სტალინზე გადასაღები მხატვრული ფილმი კი, სადაც ბატონი რეზოს ვარაუდით, სტალინის როლი რობერტ დე ნიროს უნდა შეესრულებინა, ძვირად ღირებული კოპროდუქცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფილმისთვის მან ვერც თანხა იშოვა და ვერც - პარტნიორები.
- მაინც როგორი იყო ნამდვილი სტალინი, იმის დამოწმებით, რასაც გაეცანით?
- ცნობილი რევოლუციონერი ტროცკი, რომელიც სტალინთან ძალაუფლებისთვის ბრძოლაში დამარცხდა, წერდა: "რუსეთმა 1801 წელს გააუქმა საქართველოს სამეფო, სამაგიეროდ კი - მიიღო იმპერატორი". სტალინმა წარმატებით გაიარა რევოლუციური მოღვაწეობის ყველა საფეხური, ჩამოიშორა ყველა მოწინააღმდეგე და მართალია, უამრავი მტერი ჰყავდა, მასზე არასდროს მომხდარა თავდასხმა; რამდენჯერმე აღმოჩნდა სიკვდილის პირას, მაგრამ ყოველთვის რაღაც ძალა იფარავდა; ის მოექცა ყველაზე მაღლა, იცოცხლა დიდხანს და მოკვდა მისი ამქვეყნიური დიდების ზენიტში. პოეტი იოსებ ბროდსკი წერდა: "მეჭვება, მსოფლიოში ყოფილიყო მკვლელი, ვის გამოც ამდენ ცრემლს დაღვრიდნენ". როგორ მოახერხა ეს სტალინმა? იყო თუ არა ის ყველაზე ჭკვიანი და განათლებული? - მის მოწინააღმდეგეებს ევროპის უდიდეს ქვეყნებში ჰქონდათ განათლება მიღებული, იცოდნენ რამდენიმე უცხო ენა, ორიგინალში კითხულობდნენ ისტორიულ და ფილოსოფიურ თხზულებებს. სტალინმა კი მხოლოდ გორის სემინარია დაამთავრა - ე. ი. ის ყველაზე განათლებული არ იყო! ტროცკი უბადლო ორატორი ყოფილა, სტალინ კი ჯერ კიდევ კობა ჯუღაშვილი იყო, მიტინგზე მოლაპარაკეს, კარლ მარქსის მკვლევარმა რიაზანოვმა რომ შეუძახა: კობა, ხალხს ნუ აცინებთ. თეორია თქვენი საქმე არ არისო! იყო თუ არა სტალინი მოწინააღმდეგეებს შორის ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი? - მაგალითად, ტროცკი ქვეყნის სამხედრო დასახლებებად გადაქცევას აპირებდა, ხოლო მსოფლიო რევოლუციის მისეული იდეები ისეთი სისხლიანი და საშინელია, სტალინის "გულაგები" სისასტიკით მასთან ვერც მოვა და ა.შ. მაშინ რატომ სტალინი და არა - სხვა? - იგი ყოველთვის მეორე პლანზე იდგა, წინ სხვებს უშვებდა. ამავე პრინციპით სათითაოდ ჩამოიშორა ყველა. მაგალითად, ერთ-ერთ ყრილობაზე კიროვის უზომოდ ქებამ სტალინი ჩააფიქრა: თუკი ყველა წარმატება ჩემი დამსახურებაა, ე.ი. ყველა წარუმატებლობაც მე დამბრალდებაო და... მალე კიროვი მოკლეს...
ჩვენი სცენარი რამდენიმე მინი ამბადაა აწყობილი: ლაპარაკია ადამიანებზე, რომელიც სხვადასხვა პერიოდში სტალინის გვერდით იყვნენ, ამ უკანასკნელს გულწრფელად უყვარდა და, თითქოს, მას ღვთისკენ ანუ სიკეთისკენ, ადამიანობისკენ აბრუნებდდნენ. სამწუხაროდ, თითქმის ყველა მათგანი მალე იღუპებოდა, შორდებოდა... სამუშაო ვარიანტად სცენარს "ბელადის ანგელოზები" ვუწოდეთ.
კეკე (ეკატერინე) ჯუღაშვილი
მის წიაღში ყოფნისას სტალინი, ფაქტობრივად, ღვთის წიაღშიც არის. ამ უწესიერეს, მორწმუნე და მშრომელ ქალს კობა ორი ახალშობილი ვაჟის გარდაცვალების შემდეგ გაუჩნდა და იაკობ ეგნატაშვილს მოანათვლინა. 6 წლის ბავშვს ტიფი შეეყარა და კეკემ ღმერთს შესთხოვა: ოღონდ გადამირჩინე და შენ მოგიძღვნიო. ბავშვი გადარჩა და დედამ ის სემინარიაში მიიყვანა სასწავლებლად. იქ კი, ღვთისმსახურად აღზრდის ნაცვლად, მარქსის "კაპიტალი" გადადიოდა ხელიდან ხელში და, რომ წამოიზარდა, კობაც ათეისტური იდეებით დაინტერესდა. რაკი ირწმუნა, რომ ღმერთი არ არსებობდა, მისთვის ყველაფერი დასაშვები გახდა... დიდი ხნის შემდეგ, 1936 წელს, სამ შვილთან ერთად საქართველოში, დედის მოსანახულებლად ერთადერთხელ ჩამოსულ იოსებ სტალინს კეკემ ჰკითხა: მითხარი, შვილო, მეფე ნიკოლოზ მეორის სიკვდილში გირევია ხელიო? სტალინმა პირჯვარი გადაიწერა და უპასუხა: გეფიცები, მაგ ამბავთან კავშირი არ მაქვს, უდანაშაულო ვარო. დამშვიდობებისას დედამ უთხრა: ეჰ, ეგებ, ჯობდა, შვილო, მღვდელი გამოსულიყავიო...
ალექსანდრე
სემინარიაში კობა ხვდება იქვე დარაჯად მომუშავე რუს ახალგაზრდას - ნაკლებად განათლებულს, მაგრამ ღვთისმორწმუნე ალექსანდრეს. კობა მას ძალიან უმეგობრდება, ოღონდ მანამ, ვიდრე მარქსისტებს გადაეყრება. მას შემდეგ სტალინის ცხოვრებაში ალექსანდრე არსად ჩანს...
პირველი ცოლი - ეკატერინე (კატო) სვანიძე
კატო სვანიძე მისი მეგობრის, ბოლშევიკ ალიოშა სვანიძის და გახლდათ. კობა ჯუღაშვილსა და კატოს ერთმანეთი ძალიან შეუყვარდათ და კატოს თხოვნით ჯვარიც დაიწერეს. ჯვრისწერა 1906 წლის 15 ივლისს, ღამის 2 საათზე თბილისში, წმინდა გიორგის სახელობის კარის ეკლესიაში მოეწყო. მეჯვარე ცნობილი რევოლუციონერი მიხა ცხაკაია იყო, ჯვარი კი კობას სემინარიელმა ნაცნობმა, მღვდელმა კიტა თხინვალელმა დაწერა. მათი სიყვარულის ნაყოფია ვაჟი იაკობ ჯუღაშვილი. სამწუხაროდ, კატო მალე ტიფით ავადდება. კობა თვითონ უვლის საყვარელ მეუღლეს. ეს უკანასკნელი მაინც მალე იღუპება. წარმოგიდგენიათ? დაკრძალვის დღეს კობა მის გათხრილ საფლავში ხტება და სწორედ იქიდან უქნევს მუშტს ზეცას. აი, მაშინ კი საბოლოოდ განუდგება ღმერთს. იმ დღეს დაიჭირენ კიდეც, რადგან უკვე სდევნიდნენ მარქსისტობის გამო;
არონ სოლცი
ვოლოგდის გუბერნიაში გადასახლებული კობა ჯუღაშვილი უმეგობრდება ასაკით ბევრად უფროს ებრაელს - ბოლშევიკ არონ სოლცს. ისინი ერთ საკანში არიან, ერთ "კოიკაზე" წვანან და ბევრ საინტერესო თემაზე, მათ შორის - ებრაულ სიბრძნეზეც საუბრობენ. ეს კაცი მოგვიანებით, საკმაოდ ასაკოვანი კვლავ გამოჩნდება, ამჯერად უკვე სტალინის ცხოვრებაში, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მისი კულტი და მასობრივი რეპრესიებია. ის შედის კრემლის დერეფანში ყვირილით: ამ ლაწირაკმა ეს როგორ გაბედა, რას აკეთებსო! სტალინთანაც აღწევს და პირისპირაც უყვირის. სტალინი მშვიდად უსმენს, არაფერს ეუბნება და ითხოვს, სოლცი გაიყვანონ. კარგა ხანს ითმენს მის გამოხდომებს, არ იჭერს, მაგრამ სოლცი რომ აღარ ჩერდება და მეტისმეტად აწუხებს, ფსიქიატრიულში უკრავს თავს;
ციმბირელი ქალი
კვლავ უკან დავბრუნდები: პირველ გადასახლებას მოსდევს მეორე, ამჯერად - ციმბირში. იქ კობა გაიცნობს ქალს, ვის სახლშიც ცხოვრობს მშვიდად, წყნარად, ნამდვილი ციმბირელის ცხოვრებით და არ ეკარება იქაურ პოლიტიკოსებს. ამბობენ, კობას ქალთან შვილიც ჰყავდაო;
მეორე ცოლი ნადეჟდა ალილუევა
ნადეჟდა თბილისელი მეგობრის, ბოლშევიკ სერგეი ალილუევის ქალიშვილი გახლდათ. ალილუევებს კობა ჯუღაშვილი გადასახლებებამდე, ბაქოში ცხოვრებისას დაუმეგობრდა. ისინიც იქ ცხოვრობდნენ. კობამ იქ სერგეის 2 წლის გოგონა - ნადეჟდა, ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა. სერგეისა და მის ოჯახს იგი 14 წლის შემდეგ კვლავ ხვდება. ნადეჟდა უკვე 16 წლისაა და მთელი ცხოვრება ოცნებობს მხსნელ რომანტიკულ გმირთან შეხვედრას. 1917 წელს ხვდება და ერთი ნახვით უყვარდება. ჯუღაშვილი თავიდან უარობდა, ბავშვიაო - ნადეჟდა მასზე 22 წლით უმცროსი იყო, მაგრამ ბოლოს მაინც ოქორწინებენ, 1918 წლის გაზაფხულზე. ძალიან უყვართ ერთმანეთი, საცხოვრებლად მოსკოვში გადადიან. ნადეჟდას ლენინის სამდივნოში აწყებინებს მუშაობას. ქორწინებიდან მესამე წელს ჩნდება ვაჟი - ვასილი, მოგვიანებით კი - სვეტლანა. წლები გადის და სტალინი ოჯახისთვის ვეღარ იცლის, ნელ-ნელა თითქოს შორდებიან ერთმანეთს. ნადეჟდა ხედავს, რომ მისი იდეალი მამაკაცი სინამდვილეში ტირანია. 1932 წლის 7 ნოემბრის დიდ წვეულებაზე იგი სუფრიდან გადის და თავს იკლავს. სტალინი ამ საქციელს ცოლს ღალატად უთვლის, მის დაკრძალვაზეც არ მიდის და კარგა ხანს არც ახსენებს, მაგრამ მაინც ძალიან, საშინლად განიცდის ნადეჟდას სიკვდილს. ლოგინადაც კი ჩავარდება, თუმცა თვითმკვლელობას მაინც არ ჰპატიობს.
ქალიშვილი - სვეტლანა
დედა თავს რომ იკლავს, სვეტლანა ალილუევა 6 წლისაა, ეუბნებიან, ბრმა ნაწლავის ოპერაციას გადაჰყვაო. მამა-შვილს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს - თამაშობენ, ერთმანეთს წერილებს წერენ. სვეტლანა ვითომ მისი "უფროსია" და მამას წერილებით ბრძანებებს აძლევს, ის კი მიაწერს: "ბუდეტ ისპოლნენოო". დაჰყავს თეატრში, კინოში, საოპერო წარმოდგენებზე და, ფაქტობრივად, ყველა სურვილს უსრულებს, თუმცა სვეტლანა განებივრებული ბავშვი მაინც არ არის. მამა-შვილი ერთმანეთს შორდება, როდესაც სვეტლანა წამოიზრდება. ეს უკანასკნელი იხსენებს: ერთხელ მამას ჩემი ფოტოსურათი ვაჩუქე და დააწერა: ძალიან თავხედური მზერა გაქვს და არ მომწონსო - რომ ვიზრდებოდი და ინტერესები, აზრები და ნაცნობ-მეგობრები მეცვლებოდა, არ მოსწონდაო. მამა შვილის პირად ცხოვრებაშიც საშინლად ერევა და ეს ნელ-ნელა ერთმანეთს აშორებს...
1935 წლიდან სტალინის ცხოვრებაში დგება ყველაზე რთული და მძიმე პერიოდი - როდესაც გვერდით არავინ ჰყავს. "ანგელოზების" გარეშე კი იგი სასტიკი და დაუნდობელია. მაგრამ დიდი სამამულო ომის დაწყება უდიდეს გარდატეხას ახდენს მასში. ომის პირველ დღეებში უჩინარდება. მისი დაცვის ყოფილი უფროსის, ვლასიკის თქმით, იგი პანიკაშია, დაბნეული და დათრგუნული. ნერვიულობისგან ხმაც კი უწყდება და სურდო ემართება. იმალება აგარაკზე, კუნცევოში და უერთგულესი ადამიანები დარაჯობენ - დიასახლისი ისტომინა და იმხანად მისი დაცვის უფროსი პოსკრებიშევი.
სტალინთან არავის უშვებენ. სამ დღეში გამოდის, სრულიად დამშვიდებული, მობილიზებული და პოსკრებიშევს მოსკოველ ნეტარ დედა მატრონაზე ეკითხება, ვინ არის, მასზე რას ამბობენო? მაშინ მოსკოველი წმინდანი ცოცხალია და სტალინიც მიდის მასთან. დედა მატრონა უსინათლოა, მაგრამ ამოიცნობს სტუმარს: ვოტ, პრიშოლ კრასნი პეტუხო და ეუბნება: ყველაფერი ღვთის ნებაა. მისი ნების გარეშე ადამიანს არაფრის გაკეთება შეუძლია. ენდე და გაიმარჯვებ, და კიდევ: რაც უნდა მოხდეს, მოსკოვი არ დატოვოო. იქიდან გამოსული სტალინი ჩაილაპარაკებს: ბრიყვი ბებერიო, მაგრამ მისი ნათქვამით გახალისებულ პოსკრებიშევს მკაცრად გადახედავს (რატომღაც!) და სახეზე ღიმილს შეაყინავს. ამის შემდეგ მისი ყველა მომდევნო ნაბიჯი ლოგიკურია - ის ძალიან თავდაჯერებული ხდება, ქვეყნის მთავარსარდლის პოსტს იბარებს და ა.შ. - თუკი ომამდე ამბობდა, ჩვენ - რუსებიო, ომის შემდეგ სულ წუხს: ქართული მავიწყდებაო. 1945 წელს ექვთიმე თაყაიშვილის მიერ ქართული საგანძურის საქართველოში ჩამოტანაც სტალინის ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა. როდესაც საფრანგეთიდან საგანძურის ჩამოტანის სურვილს გააცნობენ, ის მარშალ დე გოლს 10-წუთიან სადღეგრძელოში ჩამოუყალიბებს საქართველოს ისტორიას და დააყოლებს, მეც ამ ქვეყნის წარმომადგენელი ვარ და ძალიან მინდა, ჩვენი საგანძური დაგვიბრუნდესო. დე გოლი, გაოცებული, რომ სტალინი რუსი კი არა, ქართველია, დიქტატორის პრივილეგის იყენებს, კანონზე მაღლა დგება და ქართველები საგანძურს ვიბრუნებთ...
ბევრი ნიშანი აჩენს სტალინის მონანიების, თუნდაც, ეროვნულ იდენტობასთან დაბრუნების სურვილს. ომის დაწყებისთანავე უკავშირდება რუს სამღვდელოებასა და რუსეთის მიტროპოლიტ ალექსის; ყურად იღებს ლიბანის ეპისკოპოს ილიას წერილსა და მის ხილვას, მსოფლიოსთვის მლოცველს ღვთისმშობელი რომ ეუბნება, ფაშიზმი დამარცხდება და მართლმადიდებელი ქვეყანა - რუსეთი გაიმარჯვებს, თუკი ეკლესია-მონასტრებს გახსნიან, ფრონტიდან უკან გამოიწვევენ მღვდლებსა და ბერ-მონაზვნებს და ა.შ. სტალინი ყველა მოთხოვნას ასრულებს; სასწრაფოდ ხურავს ჟურნალ "ბეზბოჟნიკს"; ომის შემდეგ ქართველი მღვდელმსახურების დელეგაციებსაც იღებს და მათთან ქართულად საუბრობს; 1947 წელს ლიბანის ეპისკოპოს ილიას საბჭოთა კავშირში იწვევს და სამადლობლად უძვირფასეს საჩუქრებს უგზავნის;
ჯერ თავდაცვის მინისტრის, მალევე - გენერალური მდივნის პოსტს ტოვებს, რჩება სახელი და მანქანა... ომის პერიოდის ნაბიჯებს სტალინს პოლიტიკურ სვლადაც უფასებენ, მაგრამ რატომ განაგრძობს ამ სვლებს ომის შემდეგ?!
ბოლო არის სიკვდილის წინ ზემოთ აწეული საჩვენებელი თითი. სვეტლანა ალილუევა წერს: მორწმუნე რომ გავხდი, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ეს ზეცისკენ მიმართული ჟესტი იყო, მაღალი ღვთის დამოწმებითო.
დაზუსტებით რამის თქმა არავის შეუძლია, თუმცა ის, რომ ლენინი დღემდე არ დაუკრძალავთ, ხოლო სტალინი დაკრძალეს და მიწამ მიიღო, ალბათ რაღაცას უნდა ნიშნავდეს...
(იხილეთ ფოტოგალერეა: "ბელადის ანგელოზები")
ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)