"სანდრა რულოვსი "წითელი ჯვრის" საშუალებით დიდ ფულს შოულობდა" - რა ჩვენებას მისცემს "ჰეროკრატიის" ერთ-ერთი ავტორი რულოვსისა და კალმახელიძის წინააღმდეგ?!
ყოფილი პატიმარი ალექსანდრე ახალკაცი წინა ხელისუფლების წარმომადგენლების - მიხეილ სააკაშვილის, ხათუნა კალმახელიძის, დიმიტრი შაშკინის, სანდრა რულოვსის წინააღმდეგ პროკურატურაში ჩვენების მიცემას აპირებს.
მიხიელ სააკაშვილის მმართველობისას ალექსანდრე ახალკაცი სამართალდამცველებმა ტელეფონის ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ის სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით იხდიდა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს, თუმცა როგორც თავად ამბობს, ბრალი შეუთითხნეს და 6 წელი მიუსაჯეს. მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასთან დაპირისპირების გამო დაიწყო მის წინააღმდეგ პროვოკაციები და ამიტომ დააკავეს. სწორედ მის მიერ დაწერილი წიგნი დაედო საფუძვლად მრავალსერიანი ფილმის "ჰეროკრატიის" პირვე და მეორე სერიას. წიგნში აღწერილია ის სასტიკი პირობები, რომელშიც პატიმრებს უწევდათ ყოფნა.
kvirispalitra.ge ალექსანდრე ახალკაცს ესაუბრა:
- პროკურატურაში ჩვენება უნდა მივცე ძირითადად სანდრა რულოვსისა და ხათუნა კალმახელიძის წინააღმდეგ, თუმცა ჩემს საქმეში ასევე ფიგურირებდნენ მიხეილ სააკაშვილი და დიმიტრი შაშკინიც.
- კონკრეტულად რა ინფორმაცია გაქვთ?
- სანდრა რულოვსი ჩართული იყო დანაშაულებრივ სქემაში. ეს ქალბატონი "წითელი ჯვრის" საშუალებით დიდ ფულს შოულობდა. ეს ეხება ტუბერკულოზის მედიკამენტების სქემას. სანდრა რულოვსი იყო თავიდათავი იმ დიდი სქემის, რომელიც ტუბდისპანსერში მოქმედებდა და რომლის შედეგადაც ასობით ადამიანს სპეციალურად, მიზანმიმართულად ქრონიკული ტუბერკულოზით აავადებდნენ. მათ საკმაოდ ხშირად უწყვეტავდნენ წამლებს, რათა ისინი გამხდარიყვნენ რეზიდენტულები პირველი რიგის წამლებზე და შემდეგ ისინი ჩაესვათ ე.წ. ქრონიკების ტურში, რომელიც ბევრად უფრო ძვირადღირებული იყო. ამ წამლების თანხებს კი "წითელი ჯვარი" იხდიდა. სამწუხაროდ, პატიმრებს იგივე წამლებს უტოვებდნენ, გადმორიცხული თანხები კი არამიზნობრივად იხარჯებოდა. ეს სქემა ასეულობით პატიმარის ლიკვიდაციას იწვევდა. რაც შეეხება ხათუნა კალმახელიძეს, ის ორჯერ პირადად დაესწრო ჩემს ფიზიკურ წამებას.
- თქვენ ახსენეთ მიხეილ სააკაშვილი და დიმიტრი შაშკინი...
- შაშკინისგან და სააკაშვილისგან იყო პირდაპირი დავალება, რომ დროზე ადრე მომხდარიყო ჩემი მოცილება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ციხიდან ჩავაბარე გამოცდები, სააკაშვილს კი ჩემს გამო კონსტიტუციის დარღვევა მოუწია, როდესაც არ გამათავისუფლა. სააკაშვილისთვის ყელში გაჩხერილი ბურთი ვიყავი და სწორედ ამიტომ გამიშვეს ტუბზონაში, რომ მომხდარიყო ჩემი ფიზიკური ლიკვიდაცია.
- თქვენ ამბობთ, რომ შეთითხნული ბრალდებით დაგაკავეს.
- ჩემი დაკავების რეალური მიზეზი იყო თვითმმართველობასთან, კერძოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტთან, გიორგი ავალიანთან და მის ნათესავთან დაპირისპირება. გავასაჯაროვე ფაქტები, თუ როგორ აყვირებდნენ ისინი სტუდენტებს "მიშა მაგარიას" და რომ თვითმმართველობა შეკრული იყო იმდროინდელ ხელისუფლებასთან. ამის გამო დავუპირისპირდი მაშინდელ "ნაციონალურ მოძრაობას", ციხეში 5 წელი და 5 თვე ვიჯექი.
თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)