"მათ დაიწყეს ჩემი იზოლირება დანარჩენი სამყაროსგან, მომიგზავნეს აგენტები და პროვოკატორები" - კვირის პალიტრა

"მათ დაიწყეს ჩემი იზოლირება დანარჩენი სამყაროსგან, მომიგზავნეს აგენტები და პროვოკატორები"

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შესახებ იმდენი ჭორ-მართალია გავრცელებული, რომ ბარე ათ პოლიტიკურ ლიდერს ეყოფა. ეს არაორდინარული პიროვნება ათწლეულების მანძილზე იყო საბჭოთა კავშირის კა-გე-ბეს მუდმივი ოპერატიულ-აგენტურული დამუშავების ობიექტი. ოფიციალურად დადასტურებული ფაქტია, რომ ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და სხვა ქართველი დისიდენტების დისკრედიტირების ოპერაციებს, მათ შორის 1978 წელს ზ. გამსახურდიას ცნობილი "სატელევიზიო მონანიების” სცენარების მომზადებას, პირადად გენერალ-ლეიტენანტი (შემდეგ კი არმიის გენერალი) ფილიპ ბობკოვი უწევდა კონტროლს. საქართველოში კი ამ პროცესებს უშუალოდ სუკ-ის თავმჯდომარე, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსი ინაური ხელმძღვანელობდა. კა-გე-ბეს მთავარი მიზანი ქართველი დისიდენტების უცხოეთის სპეცსამსახურებთან კავშირისა და "ჯაშუშობის" საჩვენებლად შესაბამისი ოპერატიული კომბინაციის დაგეგმვა-განხორციელება იყო. 1976 წლის ივნისში მოსკოვში მოხდა ერთი ინციდენტი, რომელიც ფორმალური საფუძველი გახდა ზ. გამსახურდიასთვის "ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისა" და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდების წასაყენებლად. ზ. გამსახურდია "ავტობიოგრაფიაში" აღნიშნავს:

" მათ (იგულისხმება სუკ-ი - ბ. ა.) დაიწყეს ჩემი იზოლირება დანარჩენი სამყაროსგან, მომიგზავნეს აგენტები და პროვოკატორები. მიუხედავად ჩემი დევნისა, სახელმწიფო უშიშროება მაინც არ მიკრძალავდა მოსკოვში გამგზავრებას, სადაც 1976 წლის ივნისში კიდევ ერთი ინციდენტი მქონდა. არც მე და არც ჩემ მეგობრებს დანაშაულად არ მიგვაჩნდა უცხოელებისგან ჩვენთვის საინტერესო პოლიტოლოგიის ლიტერატურის მიღება. ამ მიზნით ჩემს ნაცნობსს, მოსკოვში ამერიკის საელჩოს პირველ მდივან ი. ბელუსოვიჩს ვთხოვე, დროებით ეთხოვებინა ჩემთვის საინტერესო პოლიტიკური ლიტერატურა ინგლისურ და რუსულ ენებზე. თუმცა, მისი მხრიდან მაინც წინდაუხედავობა იყო ამ ლიტერატურის გადმოცემა ჩემთვის ღია ადგილას, სასტუმრო "უკრაინას" მახლობლად. თუმცა თავად მეც გადამეტებულად ვაფასებდი ახლად დადებული ჰელსინკის შეთანხმების ძალას, ვფიქრობდი, რომ კა-გე-ბე ვერ გაბედავდა ლიტერატურის ჩამორთმევას". შემდეგ ზ. გამსახურდია იხსენებს, რომ კა-გე-ბეს თანამშრომლები მეტროში დაეწივნენ (?) და განუცხადეს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა და მათ უნდა გაჰყოლოდა. ი. ბელოუსოვიჩი კი, რომელსაც დიპლომატიური იმუნიტეტი ჰქონდა, საბჭოთა ხელისუფლებამ მკაცრად გააფრთხილა. ზ. გამსახურდია წერს, რომ მას ჯერ ემიგრაციაში წასვლა შესთავაზეს, შემდეგ კი განუცხადეს: ”თქვენ უცხოეთის სპეცსამსახურების ანკესზე ხართ, მაგრამ თქვენი ბატონები არ დაგიცავენ. გირჩევთ შეწყვიტოთ ეს საქმიანობა. ახლა წადით და ფრთხილად იყავით”.

ზ. გამსახურდია ასევე აღნიშნავს, რომ მათ შეხვედრას სასტუმრო "უკრაინასთან" ვიდეოზე იღებდნენ და რომ მისი დაკავების შემდეგ კა-გე-ბე ცდილობდა შეექმნა ვერსია, რომ გამსახურდია აშშ-ის ჯაშუშია, ხოლო ბელუსოვიჩი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდან მისი კურატორია. ბუნებრივია, რომ საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა მაშინ არ იცოდა, რომ საბჭოთა დისიდენტები კა-გე-ბეს დიდი "ოპერატიული კომბინაციის" მსხვერპლნი იყვნენ და მის შეხვედრას ბელოუსოვიჩთან ზ. გამსახურდიას კომპრომეტირებისთვის გამოიყენებდნენ. წაიკითხე ბლოგი სრულად