"თუ ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა უფლება, უმკვიდრო ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გადადის" - როგორ მივიღოთ კუთვნილი მემკვიდრეობა? - კვირის პალიტრა

"თუ ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა უფლება, უმკვიდრო ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გადადის" - როგორ მივიღოთ კუთვნილი მემკვიდრეობა?

როგორ რეგულირდება კანონით ქონების გაყოფის საკითხები, ეს ყველას აინტერესებს და საზოგადოებაში საკმაოდ აქტუალურია. ისიც ფაქტია, რომ სამართლებრივი ნორმების არცოდნის გამო ბევრი ადამიანი ზარალდება და კარგავს უფლებას მიიღოს დატოვებული ქონება. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, როცა მემკვიდრეები ქონებას ვეღარ იყოფენ, რაც ოჯახის წევრებს შორის სერიოზულ კონფლიქტამდე მიდის, ამიტომ მათ შორის დავა სასამართლოში გრძელდება. მშობლებმა ასეთი უსიამოვნება ოჯახის წევრებს თავიდან რომ აარიდონ, ალბათ ჯობს, კანონის დაცვით ანდერძი დაწერონ და ქონება შვილებს სიცოცხლეშივე გაუნაწილონ.

ადამიანის გარდაცვალებიდან რა ვადაში უნდა მოითხოვონ მემკვიდრეებმა კუთვნილი წილი, რა უნდა ვიცოდეთ მემკვიდრეებს შორის ქონების გაყოფაზე? - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იურისტი, ერთ-ერთი საადვოკატო ფირმის დამფუძნებელი პარტნიორი, თსუ-ის სისხლის სამართლის მიმართულების დოქტორანტი - გვანცა გურგენიძე გვესაუბრება.

- გვანცა, ძალიან აქტუალური თემაა. იქნებ განუმარტოთ საზოგადოებას, როგორ ხდება მემკვიდრეებს შორის ქონების გაყოფა?

- მემკვიდრეებს შორის ქონების გაყოფა დამოკიდებულია მემკვიდრეობის მიღების სახეზე. ქართული კანონმდებლობით მემკვიდრეობის ორი სახე გვაქვს - კანონით მემკვიდრეობა და ანდერძით მემკვიდრეობა. კანონით მემკვიდრეობა გულისხმობს იმას, რომ მოქმედი კანონი არეგულირებს, თუ ვის უნდა დარჩეს გარდაცვლილის (მამკვიდრებლის) ქონება და რა ოდენობით. განსხვავებით აღნიშნულისგან, ანდერძით მემკვიდრეობის დროს მამკვიდრებელს ანდერძის შედგენით წინასწარ აქვს განსაზღვრული, ვის და რა ოდენობის ქონება დარჩება. შესაბამისად, ქონების გაყოფა სწორედ ამ საკითხების მხედველობაში მიღებით ხორციელდება.

- ვინ შეიძლება იყოს მემკვიდრე?

- ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, თუ რომელი სახის მემკვიდრეობასთან გვაქვს საქმე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. კანონით მემკვიდრეები საქართველოს სამოქალაქო კოდექსით პირდაპირ არიან გათვალისწინებულნი. კერძოდ, გვაქვს კანონით მემკვიდრეობის ხუთი შემთხვევა, რომელიც რიგითობითაა დალაგებული. დასახელებული კანონის თანახმად, სამკვიდრო ქონება შესაძლებელია მიიღონ, პირველ რიგში, გარდაცვლილის შვილებმა (მათ შორის შვილმა, რომელიც მამკვიდრებლის სიკვდილის შემდეგ დაიბადა), მეუღლემ, მშობლებმა და მშვილებლებმა; მეორე რიგის მემკვიდრეებად გვევლინებიან გარდაცვლილის დები და ძმები. ასევე მამკვიდრებლის დისწულები, ძმისწულები და მათი შვილები, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდროს გახსნის დროისთვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი; ამის შემდეგ მესამე რიგის მემკვიდრეები შესაძლოა იყვნენ ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა; რაც შეეხება ბიძებს, დეიდებსა და მამიდებს, ისინი მეოთხე რიგის მემკვიდრეები არიან; ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები - მეხუთე რიგის. განსხვავებით ზემოაღნიშნული შემთხვევისა, ანდერძით მემკვიდრეობის შემთხვევაში, ფიზიკურ პირს შეუძლია, სიკვდილის შემთხვევაში თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ასევე გარეშე პირებსაც. შესაბამისად, ანდერძით მემკვიდრეობის შემთხვევაში კანონი არ ზღუდავს მემკვიდრეთა ჩამონათვალს.

- პირის გარდაცვალებიდან რა ვადაში და ვის უნდა მიმართონ მემკვიდრეობის მიღების თაობაზე? კანონით როგორ რეგულირდება ეს საკითხი?

- კანონი ადგენს, რომ მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება მაშინ, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. კანონი ასევე განსაზღვრავს სამკვიდროს მიღების ვადას და ადგენს, რომ ის მიღებულ უნდა იქნეს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში. ასევე აღსანიშნავია, რომ სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად, ხოლო სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე. შესაბამისად, გარდაცვალების შემთხვევაში, მემკვიდრეობის მიღება უნდა მოხდეს გარდაცვალების დღიდან ექვსი თვის განმავლობაში, განცხადების სანოტარო ორგანოში შეტანის ან სამკვიდროს ფაქტობრივად ფლობის გზით.

- როგორ ადგენს ნოტარიუსი მემკვიდრეების ვინაობას?

- თავდაპირველად, მოკლედ აღვწეროთ, როგორ ხდება ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემა. სამკვიდრო მოწმობა ეს მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია და მას მხოლოდ ნოტარიუსი გასცემს. თუ არის რამდენიმე მემკვიდრე, ყველა მათგანს უფლება აქვს, განცხადება წარადგინოს საქართველოში ნებისმიერ ნოტარიუსთან. სამემკვიდრეო საქმეს ასრულებს ნოტარიუსი, რომელსაც თავდაპირველი განცხადება წარედგინა. სამკვიდრო მოწმობა გაიცემა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, ნებისმიერ დროს. შესაბამისად, ნოტარიუსისთვის ცნობილია იმ პირთა ვინაობა, რომლებმაც კანონით გათვალისწინებულ ექვსთვიან ვადაში მიმართეს მას სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. ამასთან, სანოტარო ორგანო იღებს ზომებს იმ მემკვიდრეთა მოსაძებნად, რომლებიც სამკვიდროს გახსნის ადგილზე არ იმყოფებიან.

- ვთქვათ, რომელიმე მემკვიდრე არ იმყოფება საქართველოში და ნოტარიუსს მასზე არ მიაწვდიან ინფორმაციას, ექნება თუ არა იმ მემკვიდრეს უფლება, მოგვიანებით თავისი წილი მაინც მოითხოვოს?

- თუ მემკვიდრეთა შორის არიან პირები, რომელთა ადგილსამყოფელიც ცნობილი არ არის, დანარჩენი მემკვიდრეები ვალდებული არიან მიიღონ გონივრული ზომები მათი ადგილსამყოფლის დასადგენად და მათ მოსაწვევად. თუ სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა ადგილზე არმყოფი მემკვიდრის ადგილსამყოფლის დადგენა და არც რაიმე ცნობაა მისგან სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ, დანარჩენ მემკვიდრეებს შეუძლიათ ქონება გაყონ. ამასთან, კანონი იცნობს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც შესაძლებელია სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება. კერძოდ, ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ საამისო მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. დასახელებული საკითხი ფასდება სასამართლოს მიერ. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსთვის მიმართვის გარეშეც იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულზე თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე. ამასთან, დაინტერესებულ პირს შეუძლია გამოიყენოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სამემკვიდრეო საქმეთა რეესტრის ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია იმის შესახებ, მიმდინარეობს თუ არა სამემკვიდრეო საქმისწარმოება გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონებაზე საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სანოტარო ბიუროებში.

- თუ პირს დაწერილი აქვს ანდერძი, ამ შემთხვევაში მემკვიდრეები მაინც მიიღებენ თავიანთ წილს?

- სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა სავალდებულო წილის ცნებას: კანონის თანახმად, მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, მამკვიდრებლის ანდერძის შინაარსის მიუხედავად, სავალდებულო წილი ეკუთვნით. დასახელებული წილი უნდა იყოს იმის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა. თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა კანონით მემკვიდრე, რომლებიც მოწვეული იქნებოდნენ სამკვიდროს მისაღებად, ანდერძი რომ არ ყოფილიყო. ანდერძით მემკვიდრეები მხედველობაში არ მიიღებიან.

- რა ვადაში იხსნება ანდერძი და თუ ის არ არის ნოტარიუსთან შენახული, ინახება სახლში და ამას მემკვიდრეობის გაყოფის შემდეგ იპოვიან, რა ხდება ასეთ დროს?

- ანდერძის არსებობის შემთხვევაში, როდესაც იგი ნოტარიულადაა დადასტურებული, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის მანძილზე ნოტარიუსი მოიწვევს მემკვიდრეებს და შესაბამისად, გასცემს სამკვიდრო მოწმობას.

ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ამასთან, დასაშვებია წერილობითი ანდერძი სანოტარო ფორმით ან მის გარეშე. კანონი იცნობს ე.წ. შინაურული ანდერძის ცნებას და განსაზღვრავს, რომ მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას. ასეთი ანდერძი სამართლებრივი შედეგების მომტანია. თუმცა, ბუნებრივია, შესაძლებელია ეჭვი გაჩნდეს ანდერძის ნამდვილობის თაობაზე. ამასთან, თუ ერთმა პირმა რამდენიმე ანდერძი შეადგინა, რომელთაგან ერთ-ერთი შედგენილია სანოტარო ფორმით, დანარჩენი კი არა, უპირატესობა სანოტარო ფორმით შედგენილს ენიჭება. რაც შეეხება საკითხს, როდესაც სამკვიდროს გაყოფის შემდეგ გამოვლინდება ნებისმიერი ისეთი გარემოება, რომელსაც შესაძლოა ზეგავლენა მოეხდინა სამკვიდროს ბედზე, აქ მნიშვნელოვანია კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე არაერთი გარემოება. შესაბამისად, ამ დროს უმჯობესია იურისტთან დეტალური კონსულტაციის გავლა.

- რა პროცედურების გავლა უწევთ მემკვიდრეებს ქონების მისაღებად?

- მემკვიდრეებმა სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადაში უნდა მიმართონ ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის მიღების მიზნით. წარსადგენი დოკუმენტაციის ერთიანი ნუსხა არ არსებობს. ნოტარიუსს შესაძლოა წარედგინოს ისეთი დოკუმენტები, როგორებიცაა: მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა, მემკვიდრესა და მამკვიდრებელს შორის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი, მემკვიდრეობით მისაღები ქონების გარდაცვლილისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.

- თუ ვთქვათ, ამ ადამიანის სახელზე არის ბანკში ანაბარი, ამ ანაბარზე ინფორმაციის მიღება როგორ ხდება და ეს თანხა როგორ ნაწილდება?

- სამკვიდრო ქონება შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. აღსანიშნავია, რომ მემკვიდრეს უფლება აქვს მოითხოვოს სამკვიდროს აღწერა, რისთვისაც ეძლევა ორი თვის ვადა. თუმცა, კანონი არ ავალდებულებს მემკვიდრეს ამ აღწერას. რაც შეეხება თანხის განაწილებას, იგი განაწილდება მემკვიდრეობის მიღების ზოგადი წესის დაცვით, თუ შეთანხმების საფუძველზე რაიმე სხვა არ არის დადგენილი. სამკვიდროს გაყოფა ხდება მემკვიდრეების შეთანხმებით იმ წილის კვალობაზე, რომელიც თითოეულ მათგანს კანონით ან ანდერძით ერგება.

- რა ბედი ელის უმკვიდრო ქონებას?

- დასმულ კითხვას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პასუხობს პირდაპირ და ადგენს, რომ თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში; ხოლო თუ მამკვიდრებელი მოხუცთა, შშმ პირთა, სამკურნალო, აღმზრდელობით და სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებათა მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდა, მაშინ - მათ საკუთრებაში. მნიშვნელოვანია, რომ უმკვიდრო ქონება სამეწარმეო საზოგადოებაში ან კოოპერატივში წილის, აქციის ან პაის სახით გადადის მათ ხელში, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

- ხშირად მემკვიდრეებს შორის დავა სასამართლომდე მიდის. ამ უსიამოვნო ფაქტის თავიდან ასარიდებლად, რას ურჩევთ ხალხს?

- ასეთ დროს მთავარი ბერკეტი ურთიერთშეთანხმებაა. ეს მემკვიდრეებს დაუზოგავს როგორც დროს, ისე ფინანსებს, რომლებიც დაკავშირებულია სასამართლო დავასთან. იმ შემთხვევაში, თუ თავად ვერ ახერხებენ შეთანხმებას, შეუძლიათ მიმართონ იურისტს, რომელიც ნაკლებემოციურად აუხსნის საკითხს თითოეულ მათგანს და ეცდება, დავა სასამართლო განხილვაში არ გადაიზარდოს. ამ დროს მნიშვნელოვანია, ყველა მემკვიდრეს ჰყავდეს სხვადასხვა იურისტი და ცალ-ცალკე გაიარონ კონსულტაცია, რათა ჰქონდეთ ნდობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კონსულტაციას რომელიმე მემკვიდრის ადვოკატთან გაივლიან, შესაძლებელია ჩათვალონ, რომ მათი ინტერესები სათანადოდ არ იქნა დაცული.

თეა ხურცილავა

ჟურნალი "გზა"

ასევე დაგაინტერესებთ: "თუ ხელშეკრულების შესადგენად ერთხელ მაინც მიმართავენ იურისტს, შემდეგ მისი გამოყენება არა ერთ დამქირავებელთანაა შესაძლებელი" - როგორ დავიცვათ ქონება ურჩი გადამხდელებისგან?