რას მიანიშნებს სააკაშვილი „შპიგელთან“ სკანდალურ ინტერვიუში და ვის ადანაშაულებს რუსეთთან კავშირებში... - კვირის პალიტრა

რას მიანიშნებს სააკაშვილი „შპიგელთან“ სკანდალურ ინტერვიუში და ვის ადანაშაულებს რუსეთთან კავშირებში...

სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლის დამგეგმავები რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა "შპიგელთან" ინტერვიუში ისაუბრა და თქვა, რომ პუტინმა, მედვედევმა და ლავროვმა არა მარტო მისი ფიზიკურად განადგურების, არამედ საქართველოში დაკავებისა და გასამართლების ბრძანება გასცეს. სააკაშვილი იმასაც ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნება სურდა, მაგრამ ამისთვის ცუდი დრო იყო. მისი თქმით, პირები, რომლებმაც მისი ჩამოსვლა დაგეგმეს, შესაძლოა რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.

"საქართველოში დაბრუნება მინდოდა, მაგრამ დრო იყო ცუდი - ასე ახლოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებამდე. გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ... სიმართლე გითხრათ, ჩემი დაბადების ქვეყანა დიდი ხანია, რაც პუტინის ფარული მოკავშირე გახდა", - ამბობს სააკაშვილი ინტერვიუში და აცხადებს, რომ თუ გადა­რჩება, ის საკუთარ მომავალს მხოლოდ უკრაინაში ხედავს.

სააკაშვილი 2021 წლის 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. მას დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო. მას სხვა საქმეებზეც აქვს ბრალდება წარდგენილი, მათ შორის არის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

იმის გამო, რომ მისჯილი ჰქონდა პატიმრობა, ცხადია, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში დააკავებდნენ. თუმცა, რა როლი აქვს რუსეთს მის დარწმუნებაში,­ რომ ამაზე წასულიყო, ძნელი სათქმელია, რადგან მას კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თავად კი მაშინ ჩამოსვლას საქართველოს ხსნის სურვილით ხსნიდა. საინტერესოა, რომ მაშინ მისი ჩამოსვლის წინააღმდეგი იყო "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, რაც შემდეგ მის წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენეს. სააკაშვილის ჩამოსვლას უმეტესობა ამართლებდა და გმირობად უთვლიდა. ამიტომ ძნელია ცალკეულ მათგანზე რაიმე ვარაუდის დაშვება, თუ ვის მიიჩნევს სააკაშვილი რუსეთის აგენტად.

სააკაშვილის დაბრუნების საქმეზე ოფიციალურად ბრალი წარდგენილი აქვს "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს შს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძეს. პროკურატურის ვერსიით, ლორთქიფანიძისთვის ცნობილი იყო, რომ სააკაშვილი საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გეგმავდა და მისი დახმარების მიზნით შეიმუშავა გეგმა, თუ რა დროს, რა საშუალებით, რა მარშრუტით და რა ხერხით უნდა გადმოეკვეთა სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. თუმცა მაშინ, როდესაც ლორთქიფანიძეს ბრალი წაუყენეს, სააკაშვილი აცხადებდა,­ რომ ლორთქიფანიძის პასუხისგებაში მიცემა რუსეთის დაკვეთა ეგონა. "შპიგელთან" ინტერვიუში მას ლორთქიფანიძე არ უხსენებია, მაგრამ ახსენა მერაბიშვილი, თუმცა არა ამ კონტექსტში. მან საკუთარი მმართველობის შეფასებისას თქვა, რომ ნანობს, გირგვლიანის საქმის­ გამო მერაბიშვილი თანამდებობიდან რომ არ გაათავისუფლა. თუმცა თავად მერაბიშვილსაც ნათქვამი აქვს, რომ მაშინ თანამდებობიდან რომ არ გადადგა, თავადაც­ ნანობს. ამის შესახებ მან პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში განაცხადა. ამიტომაც ჩნდება კითხვა, თუ რატომ ახსენა­ სააკაშვილმა მის ჩამოსვლაში რუსეთის აგენტების მონაწილეობასთან ერთად მერაბიშვილი, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მერაბიშვილთან არსებობს კითხვები "ნაცმოძრაობის" არაფორმალურად ხელში ჩაგდების შესახებ და თან ამ პარტიის თავმჯდომარის არჩევის წინ, სადაც ის ხაბეიშვილის მხარდამჭერია. შესაძლებელია თუ არა ეს ორი საკითხი ერთმანეთს უკავშირდებოდეს და რა გავლენა ექნება სააკაშვილის განცხადებებს მიმდინარე პროცესებზე, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" პოლიტიკის ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა:

- რუსეთის ჩანერგილ აგენტებში სააკაშვილი ვის შეიძლება გულისხმობდეს, არ ვიცი. ჩვენ ხომ მისი ჩამოყვანის სრული სურათი არა გვაქვს, არ ვიცით, ვისთან მიდიოდა მოლაპარაკება, ვინ იყო ჩართული მომზადების პროცესში.

- მართალია, თქვა, რომ ნანობს, გირგვლიანის­ საქმის გამო მერაბიშვილი თანამდებობიდან რომ არ გადააყენა, მაგრამ ეს რუსეთის აგენტების კონტექსტს შეიძლება უკავშირდებოდეს? ან ხომ არ ნიშნავს, რომ არაპირდაპირ მელიას უჭერს მხარს?

- ფაქტია, გირგვლიანის ხსენებას აქვს ლოგიკა. გარკვეულწილად დაემთხვა მისი გარდაცვალების დღესაც და რაც მთავარია, მერაბიშვილი მან პირველად არ ახსენა ამ კონტექსტში. ამ შემთხვევაში, ფაქტობრივად, ადრე ნათქვამი გაიმეორა, დანარჩენი კი, თუ ვისკენ იხედება, მიჭირს გადაწყვეტით თქმა, რადგან პრობლემებია ხაბეიშვილის უკან მყოფ პირებში, თავად ხაბეიშვილში. არც მელიას მხარეს უნდა იყოს სააკაშვილი, იმიტომ, რომ თავის დროზე მელიას თავმჯდომარედ არჩევა არ ყოფილა სააკაშვილის სურვილი. მას სხვა კანდიდატურა ჰყავდა და წესით, არ უნდა ჰქონდეს დიდი სიმპათია იმ ადამიანისა და იმ ჯგუფის მიმართ, ვინც მის სურვილს ანგარიში არ გაუწია. ამ შემთხვევაში ორივე მხარეს დგას დაუმორჩილებელი მასა, დაპირისპირებული და მებრძოლი ჯგუფები. ამიტომ შესაძლოა ხაბეიშვილის ჯგუფის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ასევე ნიშნავდეს მელიას ჯგუფის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებასაც.

- ამის გამოც შეიძლება იყოს, რომ არც ერთს არ უჭერს მხარს, თუ მართლაც საკუთარ თავზეა გადართული და არ აინტერესებს,­ მის პარტიაში რა ხდება?

- არც ეს არის გამორიცხული, თუმცა­ იმ ფრაგმენტების გაელვება, რომლებიც ინტერვიუში ახსენა, მაინც ნიშნავს, რომ ყურადღების რაღაც ნაწილს მაინც უთმობს მიმდინარე პროცესებს, და სავარაუდოდ ხდის იმას, რომ მიმდინარე პროცესებში არ არის ჩართული უფრო იმიტომ, რომ ჯერ ვერ გაურკვევია, როგორ და რა დოზით ჩაერთოს. ცხადია, სააკაშვილი რომელ მხარესაც ჩაერთვება, იქ წავა მისი ხმების უდიდესი წილი. ახლა სწორედ მასზეა დამოკიდებული ამ პარტიის ბედი და მნიშვნელობა არა აქვს, ვინ გახდება თავმჯდომარე. არ გამოვრიცხავ არც იმას, რომ ვიღაც­ მესამე დაასახელოს. არის ხოლმე ასეთი გამოსავალი, როდესაც არც ერთი არ მოგწონს. ნახეთ სტატია სრულად