"კაცი, რომელსაც ხელისუფლებისთვის ბრძოლაში ვლადიმერ პუტინის გამოწვევა შეუძლია" - კვირის პალიტრა

"კაცი, რომელსაც ხელისუფლებისთვის ბრძოლაში ვლადიმერ პუტინის გამოწვევა შეუძლია"

ამერიკულ გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსში" (The New York Times) გამოქვეყნდა სტატია სათაურით - "კაცი, რომელსაც ხელისუფლებისთვის ბრძოლაში ვლადიმერ პუტინის გამოწვევა შეუძლია" (ავტორი - მიხეილ ზიგარი, რუსი ჟურნალისტი, ავტორი წიგნისა "კრემლის ყველა ბინადარი: ვლადიმერ პუტინის ამალა").

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

"პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, როგორც ჩანს, ბოლოს და ბოლოს ყურადღება მიაქცია იმას, რომ უკრაინის ომმა მის ხელისუფლებას სახიფათო კონკურენტი გაუჩინა - ევგენი პრიგოჟინის სახით, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის ჯგუფის" დამაარსებელია და უკრაინაში რუსეთის არმიის გვერდით იბრძვის.

ვისთვის როგორ: ევგენი პრიგოჟინი შეიძლება ზოგიერთმა "წლის ადამიანად" ჩათვალოს, ზოგმა კი - "წლის ბოროტმოქმედად". მოსკოვური წყაროების მიხედვით, ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ მას შეუძლია, ევგენი პრიგოჟინი - კაცი, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან კონფლიქტშია, მორჩილებაში იყოლიოს, თუმცა ეფექტი შეიძლება საპირისპირო აღმოჩნდეს: სულ უფრო მეტი ადამიანი ჩათვლის, რომ პუტინის პრეზიდენტის პოსტზე შესაცვლელად ევგენი პრიგოჟინი ყველაზე სავარაუდო კანდიდატს წარმოადგენს.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან ვლადიმერ პუტინი იმაზე ზრუნავდა, რომ მას ხელისუფლებაში მეტოქეები არ გასჩენოდა და დიდი ძალისხმევა მოახმარა იმას, რომ კიევთან სამხედრო კონფლიქტის დროს პოპულარული სამხედრო ლიდერი არ გამოვლენილიყო - ისეთი, რომელიც მის ბატონობას საფრთხეს შეუქმნიდა. ასეთმა მოქმედებამ შედეგი გამოიღო. მაგალითად, 2022 წლის ზაფხულში, როცა ინტერნეტში ერთ-ერთი ამბიციური გენერლის - ალექსანდრე ლაპინის შესახებ საქებ-სადიდებელი კამპანია დაიწყო, მას ეს თანამდებობის ფასად დაუჯდა: ევგენი პრიგოჟინმა, რომელიც ინტერნეტ-ტროლების "ქარხნებს" აკონტროლებს, გენერლის წინააღმდეგ ხანმოკლე, მაგრამ ძლიერი საინფორმაციო ომი წამოიწყო.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ახლოს მდგომი წყაროების თანახმად, იმ დროს ვლადიმერ პუტინი ევგენი პრიგოჟინს გენერლების საპირწონე ადამიანად აღიქვამდა: მასში რუსეთის ლიდერი თავის ერთგულ კაცს ხედავდა - მორჩილ ინსტრუმენტს, რომლითაც ადვილად ისარგებლებდა.

ევგენი პრიგოჟინმა ბოლო წლებში ძალზე მოულოდნელად სწრაფი კარიერა გაიკეთა: იგი თავდაპირველად ვლადიმერ პუტინის შეფ-მზარეული იყო, რომელიც მოგვიანებით მთელი რუსეთის სკოლებში ბავშვთა კვების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომპანიის მფლობელი გახდა, შემდეგ "ტროლების ქარხანა" შექმნა. ბოლოს კი, ევგენი პრიგოჟინმა სახელი გაითქვა, როგორც "ვაგნერის ჯგუფის" (Wagner group) დამაარსებელმა, რომლის დაქირავებული ჯარისკაცები ომობდნენ აფრიკის ქვეყნებში, სირიაში, ახლა კი უკრაინაში იბრძვიან.

რასაკვირველია, ასეთი მიღწევების გამო ევგენი პრიგოჟინი ვლადიმერ პუტინის სანდო პიროვნებად იქცა და იგი მის ყველაზე დელიკატურ დავალებებს ასრულებდა. მაგრამ მიმდინარე წელს ყოფილი შეფ-მზარეული სხვა, უფრო "მაღალ ლიგაში" გადავიდა და ამ მხრივ ვლადიმერ პუტინის გარემოცვის ყველა სხვა წევრს აჯობა, რომლებიც ხელისუფლებაში იმყოფებიან - სერგეი შოიგუს (თავდაცვის მინისტრს), ნიკოლაი პატრუშევს (უშიშროების საბჭოს მდივანს), სერგეი ცემეზოვს (სახელმწიფო თავდაცვითი კორპორაციის - "როსტეხის" გენდირექტორს) და პრეზიდენტის უახლოეს მეგობარს იური კოვალჩუკს. მოკლედ, როგორც ჩანს, ევგენი პრიგოჟინი ამჟამად რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან პოლიტიკურ მოთამაშედ შეიძლება ჩაითვალოს. იგი იმავდროულად ქვეყნის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ მოღვაწესაც წარმოადგენს, მას უფრთხიან რუსეთის სახელმწიფოს მაღალჩინოსნებიც და ბიზნესმენებიც.

ასევე ნახეთ: პუტინის "ქართული" საიდუმლო

ევგენი პრიგოჟინის სწრაფი პოლიტიკური აღმასვლა დაიწყო გასული წლის ზაფხულში, როცა იგი რუსეთის ციხე-საპყრობილეებში და კოლონიებში დადიოდა თავის "ვაგნერ-ჯგუფში" "მოხალისე მებრძოლების" დაქირავების მიზნით. იგი პატიმრებს შეწყალებას ჰპირდებოდა, თუ ფრონტის წინა ხაზზე იბრძოლებდა ექვსი თვის განმავლობაში. ამის შემდეგ ისინი სასჯელისგან გათავისუფლდებოდნენ.

თავისი მიზნის მისაღწევად ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის რამდენიმე ფედერალური მნიშვნელობის ძალოვანი უწყების უფლებამოსილებით ისარგებლა: მაგალითად, მან გამოიყენა სასჯელაღსრულების სამსახურის (ეს უწყება "სახელმწიფოში სახელმწიფოდ" ითვლება), უშიშროების ფედერალური სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურისა და ფედერალური საგამოძიებო კომიტეტის უფლებები. აღსანიშნავია, რომ ყველა ჩამოთვლილ უწყებას განსაკუთრებული სტატუსი აქვს, ისინი უშუალოდ ექვემდებარებიან მხოლოდ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და მათთან შედავებას ან წინააღმდეგობას ვერავინ ბედავს. მაგრამ ახლა სიტუაცია შეცვლილია - გამოჩნდა ჯოკერი, რომელსაც შეუძლია ყველა ტუზს მოუგოს, ერთდროულად. წარმოიდგინეთ, თუ ევგენი პრიგოჟინს ყოველი მსჯავრდებულის გათავისუფლება შეუძლია, გამოდის, რომ მისი უფლებამოსილება, პრაქტიკულად, უსაზღვროა.

ევგენი პრიგოჟინის ახალი სტატუსის მაუწყებელი გახდა მისი ღია კონფრონტაცია თავდაცვის სამინისტროსთან და გენერალურ შტაბთან, რომელიც რუსეთის პოლიტიკური სისტემისათვის ახალ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს. ადრე პრეზიდენტის გარემოცვის უშუალო წევრები - მაღალჩინოსნები თავს უფლებას არ აძლევდნენ თავიანთი ქვეშევრდომები (დაქვემდებარებულები) საჯაროდ და ღიად გაეკრიტიკებინათ, მაგრამ სიტუაცია 2022 წლიდან შეიცვალა, როცა რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა. იმ დროიდან ვლადიმერ პუტინს მხოლოდ საომარი მოქმედებების მსვლელობა აინტერესებდა, იგი ფრონტის სარდლობას პირადად უკავშირდებოდა და - პირიქით. შესაბამისად, პრეზიდენტისთვის ადმინისტრაცია და გარემოცვა, რომელიც "მეორე პლანზე" აღმოჩნდა, ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა.

ევგენი პრიგოჟინმა ყველაზე ეფექტიანი ადმაიანის იმიჯის შექმნა შეძლო. იგი და მისი "ვაგნერ-ჯგუფი" არ ექვემდებარება თავდაცვის სამინისტროს, ის არ შედის სამხედრო ბიუროკრატიის სისტემაში, იგი თვითონვე განსაზღვრავს თავის ამოცანებს, მიზნებს და მათი შესრულების ვადის დროებით ჩარჩოებს. მონაცემების თანახმად, ვლადიმერ პუტინს გარკვეულ პერიოდამდე ასეთი სიტუაცია სრულებით აწყობდა. შესაბამისად, პრეზიდენტი უფლებას აძლევდა "ვაგნერ-ჯგუფის" ხელმძღვანელს, რომ მას ღიად და უხეშად გაეკრიტიკებინა გენერლები. კაცმა რომ თქვას, გარკვეულ პერიოდში თვითონ ვლადიმერ პუტინსაც არ ჰქონდა კარგი აზრი იმ გენერლებზე, რომელთა კრიტიკის შესაძლებლობას ევგენი პრიგოჟინს აძლევდა.

გასულ შემოდგომაზე ევგენი ნუჟინი, ყოფილი რუსი პატიმარი, რომელიც ფრონტიდან უკან, რუსეთში გაიქცა, თავში უროს ჩარტყმით მოკლეს. მისი სიკვდილის ვიდეოჩანაწერი ნოემბერში გავრცელდა. როგორც ჩანს, ეს აქცია ჩაფიქრებული იყო იმ მიზნით, რომ ყველას დაენახა - ასეთი ბედი ეწევა ყველა იმ დეზერტირს, რომელიც "ვაგნერ-ჯგუფიდან" გაქცევას დააპირებს.

შეიძლება გასაკვირიც იყოს, მაგრამ ამ ბარბაროსულ მოქმედებას ბევრი მომხრე გამოუჩნდა. რუსეთის მაღაზიებში დაიწყეს როგორც "ვაგნერის უროს", ასევე - მისი სიმბოლიკით დამშვენებული საჩუქრებისა და საავტომობილო ეტიკეტების გაყიდვა. ევგენი პრიგოჟინი, რომელმაც გარკვეულწილად მხარი დაუჭირა დეზერტირის მკვლელობას, თითქმის ეროვნულ გმირად შერაცხეს.

ევგენი პრიგოჟინთან დაახლოება მოისურვეს, როგორც ყველაზე რადიკალურმა პოლიტიკოსებმა, ასევე - ბიზნესმენებმაც. ისინი, რომლებსაც მე ვესაუბრე, მეუბნებოდნენ, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც კი, რომელსაც ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი სატელეფონო ხაზი ჰქონდა, ახლა ევგენი პრიგოჟინს ემორჩილება. ბიზნესმენი კონსტანტინე მალოფეევი, ულტრაკონსერვატიული ტელეარხის - "ცარგრადის" მფლობელი, რომელმაც 2014 წელს მხარი დაუჭირა დონბასელი რუსებისადმი დახმარებას, აგრეთვე, ალექსანდრე დუგინი - თანამედროვე რუსული ფაშიზმის იდეოლოგი და ფილოსოფოსი, ევგენი პრიგოჟინს ძალიან აქებენ. გარდა ამისა, "ვაგნერ-ჯგუფის" ხელმძღვანელის გავლენის სფეროში არიან ე.წ. დონეცკ-ლუგანსკის რესპუბლიკების ლიდერებიც. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ "პრიგოჟინის კლანი" ყველაზე გავლენიანი კლანია თანამედროვე რუსეთში - იმდენად, რამდენადაც მათ, ვინც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის, ვლადიმერ პუტინის თვალში ყველაზე დიდი წონა აქვთ.

ევგენი პრიგოჟინი გმირის სახელით სარგებლობს ე.წ. პატრიოტულად განწყობილ სამხედრო რეპორტიორთა შორისაც - ვინც სახელმწიფო მასმედიაში პროპაგანდისტებად მუშაობენ და ღიად გამოხატავენ ფაშისტურ პოზიციებს.

მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ევგენი პრიგოჟინი უკვე სრულიად დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედაც გვევლინება. მან ბრძოლა დაუწყო სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორს - ალექსანდრე ბეგლოვს, რომელიც ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის თანამოაზრედ ითვლება. "ბეგლოვის მსგავს პირებს, ადრე თუ გვიან, ჩვენი საზოგადოება მწერივით, ხოჭოსავით გასრესს", - განაცხადა ამას წინათ ევგენი პრიგოჟინმა.

2022 წლის ბოლოდან ბევრ მოსკოველ ჩინოვნიკს და ბიზნესმენს მტკიცედ სჯერა, რომ ევგენი პრიგოჟინი მათთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. "უროს ჩარტყმით სიკვდილი - ეს სიგნალია ყველასათვის", - მითხრა ერთ-ერთმა ოლიგარქმა. გასულ წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში იხილებოდა საკითხი იმის შესახებ, თუ რატომ არ "მოსვა თავის ადგილზე" ვლადიმერ პუტინმა ევგენი პრიგოჟინი ისე, როგორც ეს სხვებს გაუკეთა.

ამა წლის 10 იანვარს ევგენი პრიგოჟინმა თავისი კომპანიის - "ვაგნერის ჯგუფის" "ტელეგრამ-არხში" აღნიშნა, რომ "ვაგნერელებმა" უკრაინის ქალაქი სოლედარი დაიკავეს. ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი პროპაგანდისტული გამარჯვებაც, რაც იმას ნიშნავს, რომ "ვაგნერ-ჯგუფი" ერთ-ერთ ყველაზე ბრძოლისუნარიან რუსულ სამხედრო ქვედანაყოფს წარმოადგენს.

როგორც მოსკოვიდან ჩემმა წყაროებმა შემატყობინეს, ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა დაიწყო ლაპარაკი იმაზე (სავარაუდოდ, ნახევრად ხუმრობით), დადგა თუ არა დრო, რომ ეგენი პრიგოჟინს ერთგულება შეჰფიცონ ან უკვე დაგვიანებული ხომ არ არის?

დააკვირდით სიტუაციას: როგორც თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, სოლედარის დაკავება მათი დამსახურება იყო, რომელიც რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა განახორციელეს. ეს განცხადება დაუყონებლივ იქნა უარყოფილი ევგენი პრიგოჟინისა და მისი მომხრე მრავალი სამხედრო კორესპონდენტის მიერ. "პატრიოტებს" შორის "ვაგნერ-ჯგუფის" ასეთმა წარმატებამ აბსოლუტური აღტაცება და სიხარული გამოიწვია. აი, ერთ-ერთი დამახასიათებელი კომენტარი: "ვაგნერის ჯგუფის" მეომრებმა ქალაქი სოლედარი შტურმით აიღეს და ყველა [უკრაინელი ოკუპანტი] გაანადგურეს, ტყვედ კი არ აიყვანეს, არამედ - დახოცეს ისე, როგორც ცოფიან ძაღლებს კლავენ. ამიტომაც ევგენი ვიქტოროვიჩ პრიგოჟინი ნამდვილი რუსი პატრიოტია. ის ამბობს იმას, რისი გაგონებაც პატიოსან რუსებს სურთ და აკეთებს იმას, რასაც რუსები თავისი არმიისაგან ელოდებიან".

სავარაუდოდ, სწორედ ამ მომენტში მიხვდა ვლადიმერ პუტინი, რომ ევგენი პრიგოჟინის პოპულარობამ დაშვებულ ზღვარს გადააჭარბა. სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა დააწინაურა ისეთი ადამიანები, რომლებიც ევგენი პრიგოჟინის მტრებად და მოწინააღმდეგეებად ითვლებიან, მაგალითად, გენერლები - ალექსანდრე ლაპინი და ვალერი გერასიმოვი (გენშტაბის უფროსი), ხოლო თვითონ გერასიმოვი უკრაინაში მოქმედი რუსეთის ყველა შეიარაღებული ქვედანაყოფის (ანუ "ვაგნერ ჯგუფის" ჩათვლით) მთავარსარდლად დანიშნა. ეს დანიშვნები ვლადიმერ პუტინის ტრადიციულ ბიუროკრატიულ თამაშს წარმოადგენს, რომელიც ადრე ეფექტიანი იყო, მაგრამ ახლა შეიძლება არ იმუშაოს.

ბევრი რუსი მოქალაქე, რომელიც პროპაგანდით თითქმის ზომბად არის გადაქცეული, იმედგაცრუებულია იმით, რომ ამ ხნის განმავლობაში რუსეთის არმია ვერ იმარჯვებს. მათ დაჰპირდნენ, რომ რუსეთის "ძლევამოსილი არმია" კიევს რამდენიმე დღეში აიღებდა, მაგრამ სინამდვილეში მიზანს ვერ მიაღწია. დანიშნა რა მთავარსარდლად გენერალი ვალერი გერასიმოვი, ვლადიმერ პუტინი ამით საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობასაც მის ყველა მარცხზე. და თუ გენშტაბის უფროსი ვერ ივარგებს და ეს პუტინის ბრალი იქნება, ამგვარი გარემოება მოგებიანი იქნება ევგენი პრიგოჟინისათვის, რომელიც ვალერი გერასიმოვს მწვავედ აკრიტიკებდა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ევგენი პრიგოჟინი ბრძოლაში თვით რუსეთის პრეზიდენტს გამოიწვევს, რომელიც, სავარაუდოდ, თავის ყოფილ შეფ-მზარეულს წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევს. წყარო

ასევე ნახეთ: პუტინის "ქართული" საიდუმლო

მოამზადა სიმონ კილაძემ