"რუსეთი უკვე ყველა კოზირს ჩამოვიდა“ - კვირის პალიტრა

"რუსეთი უკვე ყველა კოზირს ჩამოვიდა“

"რუსეთი უკრაინაში ახალი შეტევისთვის­ ემზადება, დასავლეთს კი განზე დგომას ურჩევს. უკრაინისთვის ამერიკული "აბრამსებისა" და გერმანული "ლეოპარდების" გადაცემა კრემლში უკვე შეაფასეს კონფლიქტში პირდაპირ მონაწილეობად. „არის მუდმივი განცხადებები ევროპის დედაქალაქებიდან და ვაშინგტონიდან, რომ უკრაინაში სხვადასხვა იარაღის სისტემების, მათ შორის ტანკების გაგზავნა არ ნიშნავს ამ ქვეყნების­ ან ნატოს ჩართვას უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამას. მოსკოვში ეს ყველაფერი აღიქმება როგორც უშუალო მონაწილეობა კონფლიქტში", - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა. ცოტა ხნის წინ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა გაავრცელა­ განცხადება, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე ახალ შეტევას გეგმავს,­ რომ რუსეთი მობილიზებული ჯარისკაცების დიდ კონტინგენტს გადაისვრის. ამასთან, სავარაუდოდ, რუსეთმა, მობილიზაციაში იმაზე გაცილებით მეტი მოქალაქე­ გამოიძახა, ვიდრე ოფიციალურად გამო­აცხადა. "ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ 300 000 კაცის მობილიზებას აპირე­ბდნენ, მაგრამ როცა ვხედავთ ჯარს საზღვრებზე, ჩვენი შეფასებით, მათი რაოდენობა ბევრად მეტია. ვფიქრობთ, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი სიმბოლიზმში ცხოვრობს, შეეცდებიან სცადონ რაღაც დაახლოებით 24 თებერვალს. შეტევა, სავარაუდოდ, ორი მიმართულებით იქნება: ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში. უკრაინა რუსეთის ამ ნაბიჯისთვის მზად უნდა იყოს...", - აღნიშნა რეზნიკოვმა. როგორი შეიძლება იყოს დასავლეთის პასუხი კრემლის მუქარაზე, არ ჩაერიოს რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ფრონტის ხაზზე და რისთვის უნდა მოემზადოს საქართველო, ამის შესახებ პოლიტოლოგი, ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე გვესაუბრება:

- რუსეთს სამხედრო-პოლიტიკურ საკითხში თვისებრივი სიახლის შეტანა აღარ შეუძლია. ყველა მეთოდი გამოიყენა, რისი გამოყენებაც შეეძლო. სანქციების ომში ვერ ჩაერთვება, ვერც ახალ იარაღს გამოიყენებს­. გაუთამაშებელი კარტი აღარ დარჩა, უკვე ყველა კოზირს ჩამოვიდა. ერთადერთი, რაც დასავლურმა სამყარომ უნდა გაითვალისწინოს, ის არის, რომ უკრაინისთვის ყოველი­ ახალი დახმარების, ახალი შეიარაღების მიწოდების შემდეგ სულ ნაკლები­ დასაკარგავი რჩება რუსეთს. ბოლოს და ბოლოს, რუსეთმა მიიღო პასუხი საკუთარ ახირებაზე. რჩება შთაბეჭდილება, რომ დასავლეთმა რუსეთი მოულოდნელი მოცემუ­ლობის წინაშე დააყენა. ეს არის დასავლეთის კარგად ორგანიზებული პასუხი რუსეთის თავნებობაზე. რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობდა დაპყრობითი ომებითა და ქაოსით შეეცვალა მსოფლიოში ურთიერთანამშრომლობაზე აწყობილი წესრიგი. პუტინი უკვე ხვდება, რომ ჩიხშია.

- რას უნდა ველოდოთ რუსეთისგან, ბირთვულ იარაღს გამოიყენებს?

- არა, ეს ახლა არც სამხედრო თვალსაზრისითაა მიზანშეწონილი და არც პოლი­ტიკურად. ბირთვული იარაღის გასრო­ლა­ მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლეთი უკრაინას შეიარაღებას აწვდის, გამორიცხულია. სანამ საქმე ყირიმამდე არ მივა, მოსკოვისთვის ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ­ წამგებიანია. როცა ვთქვი, რუსეთს უფრო და უფრო ნაკლებად რჩება­ დასაკარგავი-მეთქი, ვიგულისხმე, რომ აქამდე პუტინი თავის მოსახლეობას არ აკლავს უკრაინასთან ომს, ახლა შეიძლება ესეც გააკეთოს.

- ეს ნაბიჯი უკვე არა აქვს გადადგმული?­ ცნობილია, რუსეთში უკვე დაწყებულია ფარული მობილიზაცია, სტუდენტებიც კი მიჰყავთ.

- დიახ, უნივერსიტეტშიც კი შეიქმნა სპეციალური გამწვევი კომისია, მაგრამ ეს კიდევ არაფერია. რაც უფრო მეტ იარაღს მიაწვდის დასავლეთი უკრაინას, გაწვევა უფრო მასშტაბური იქნება. პუტინმა ცოტა ხნის წინ, ფაქტობრივად, სამამულო ომის შესაბამისი მოწოდება გააკეთა, გერმანული ტანკები გვიტევენო. მას ყოველთვის ეშინოდა მასშტაბური მობილიზაციის. მართლაც, არავინ იცის, როგორ შეიძლება შემოუბრუნდეს მას ამდენი ხალხის შეიარაღება, თუმცა კრიტიკულ მომენტში შეიძლება ამაზეც წავიდეს.

- რა შეიძლება მოხდეს, თუ დღის წესრიგში ყირიმის საკითხი დადგება?

- უკრაინის სამხედრო ძალების მიერ ყირიმის აღება პუტინის დასასრული იქნება. ამიტომ, სავარაუდოდ, შეეცდება ბირთვული იარაღი საჩვენებლად, სახალინზე­ ან უფრო შორს, ჩრდილოყინულოვან ოკეანეზე ჩამოაგდოს, შემდეგ კი ზმეინიზე. ეს არის ის გრადაციები, რაც შეიძლება პუტინმა გაიაროს, თუ ყირიმის დაკარგვის რეალური საფრთხე შეიქნა.­ თუ ყირიმი დაკარგა,­ პუტინს ასიათასობით­ რუსი მიუბრუნდება, რას შესწირე ამდენი ადამიანიო? მე არ ვამბობ, რომ ეს იქნება­ ხალხის მოწყობილი რევოლუცია, შესაძლოა ეს იყოს შიდა სახელისუფლებო ამბოხი. ეს ჩემი ჰიპოთეზა, იმიტომ, რომ ჩვენთვის ისიც კი არ არის ცნობილი, პუტინის გარემოცვაში ვინ არის რადიკალი და ვინ ზომიერი. არ არის გამორიცხული, რადიკალებს დღესვე სურდეთ ბირთვული იარაღის გამოყენება. თუ ყირიმი დაკარგეს, დარწმუნებული ვარ, ზომიერი პოლიტიკის მიმდევრებიც მწვანე შუქს აუნთებენ პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე.

- უკრაინელების ვერსია, რომ რუსეთი 24 თებერვლისთვის მასირებული შეტევისთვის ემზადება, რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ?

- დარწმუნებული ვარ, რუსეთი შეტევ­ისთვის ემზადება. ნახევარი მილიონი კაცი ჰყავს მობილიზებული მოსკოვს, ზოგი ციხ­იდან გამოიყვანეს, ზოგი დააშანტაჟეს, ზოგი დააშინეს. ეს ხალხი ჯერ სრულად არ არის გამოჩენილი ფრონტის ხაზზე. დარწმუნებული ვარ, რუსეთი თებერვალში ან მარტის დასაწყისში ერთ თვისებრივ შეტევას წამოიწყებს. ეს შეიძლება იყოს არა აღმოსავლეთის, არამედ სამხრეთის მიმართულება, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ბელარუსის ფრონტის ხაზი გაააქ­ტიუროს. თუ რუსეთმა შეტევა­ არ წამოიწყო, ბურთი და მოედანი უკრაინელთა­ ხელში აღმოჩნდება, იმიტომ, რომ ნელა და ეფექტურად ითვისებენ დასავლურ ტექნიკას...

- ბოლო დროს ჩნდება განცდა, რომ რუსებმა შეცდომების გამოსწორება­ დაიწყეს და ფრონტის ხაზზე სიტუაცია დაარეგულირეს.­ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სოლედარი აიღეს­. მედვედევმა განაცხადა, რომ მტრულ ქვეყნებს არა აქვთ გამბედაობა აღიარონ, რომ მათი ჯოჯოხეთური სანქციები­ ჩაიშალა.

- ჩვენშიც ისეთი ემოციური გარემო იყო, რომ შეგვექმნა წარმოდგენა, თითქოს სანქციები ერთბაშად ჩამოშლიდა რუსეთს, რაც არასწორია. რუსეთისთვის პირველი დარტყმა ის იყო, რომ მაღალი კვალიფიკაციის მუშახელი გავიდა რუსეთიდან. მეორე დარტყმა იყო ენერგოსექტორზე. რუსეთმა ვერ იპოვა ალტერნატიული ბაზარი, რომელიც სრულად ჩაუნაცვლებდა­ ევროპას. სხვათა შორის, მნიშვნელოვანი რამ მოხდა - ამ სანქციებმა ევროპა რუსეთზე დამოკიდებულებისგან გაათავისუფლა.

- ვერ ვიტყვით, რომ ევროპა სრულად გათავისუფლდა რუსეთისგან, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ფარული შესყიდვები ისევ მიმდინარეობს?

- დიახ, მაგრამ ისეთი ქვეყანა, როგორიც გერმანიაა, გაზით მთლიანად რუსეთზე იყო დამოკიდებული, ხოლო ნავთობზე მოსკოვს­ ჰქონდა ფასების დაწესების კარტ-ბლანში­. დღეს ევროკავშირმა რუსეთს ნავთობზე ზედა ზღვარი დაუწესა. რუსეთი შესაძლოა არ აღიარებს, მაგრამ მისი ეკონომიკა არ არის კარგ მდგომარეობაში. შეგახსენებთ, იმ სანქციებმა, რომლებიც­ საბჭოთა კავშირს ავღანეთის ომის გამო დაეკისრა, ათი წლის შემდეგ გამოიღო ნაყოფი. მე არ ვამბობ, რომ ახლაც ათ წელს უნდა ველოდოთ, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ დასავლეთი სანქციების საკითხზე აზრს არ შეიცვლის, რუსეთისთვის ყოველი მომდევნო წელი სულ უფრო რთული იქნება.

ასევე ნახეთ: "ვფიქრობ, 2023 წლის მეორე ნახევარში უკვე გამოკვეთილი იქნება ომის დასრულების ვადა"

ჩვენ გვსურდა უკრაინას მალევე მოეპოვებინა გამარჯვება, მაგრამ ეს ვერაფრით მოხდებოდა. რუსეთმა მასშტაბური მობილიზაციის შედეგად ნახევარი მილიონი კაცის გაწვევა მოახერხა. მათგან 250 000-დან 300 000-მდე სამხედრო პირდაპირ თუ ირიბად უკვე არის ჩართული საბრძოლო მოქმედებებში. ეს იმდენად დიდი ძალაა, რომ ფრონტის ხაზზე სიტუაციის დასტაბილურება არანაირი ლოგიკით არ უნდა გასჭირვებოდა. რუსეთს ჰყავს გამოცდილი მსუბუქად შეიარაღებული საჰაერო და სადესანტო ძალები, ასევე აქვს მძიმე ტექნიკის მხარდაჭერა. მობილიზებულ ნაწილებს შეუძლიათ კარგად იყვნენ გამაგრებული თავდაცვით პოზიციაში, ხოლო პატიმრებს­ "ვაგნერის" დაჯგუფებიდან შეუძლიათ ტალღოვანი მხარდაჭერა. შეიძლება ერთ მოკლულ უკრაინელზე ოცი რუსი მოდიოდეს, მაგრამ ვინაიდან რუსები ნაკლებად პროფესიონალები არიან, მათი სამხედრო ხარჯი მინიმალურია. უკრაინას ერთი ჯარისკაცის დაკარგვა უფრო ძვირად უჯდება, ვიდრე რუსეთს ოცის. ფრონტის ხაზის ამ ვითარებაში დასტაბილურება და ლოკალური წინსვლები მოსალოდნელიც იყო. ამ ეტაპზე უკრაინას აქვს შემუშავებული ასეთი­ ტაქტიკა - სტრატეგიული მოთმინება და თავდაცვა სიღრმეში. თავდაცვა სიღრმეში მიზნად ისახავს მოწინააღმდეგის გამოფიტვას, მოწინააღმდეგემ მაქსიმალურად დიდი რესურსი უნდა გამოიყენოს ძალიან მცირე წარმატების მისაღწევად. უკრაინელების სტრატეგია რუსებს შეტევაზე გადასვლას აიძულებს, რა დროსაც წარმოუდგენლად დიდ რესურსს კარგავენ. სოლედარი კი არა, შეიძლება ბახმუტიც აიღ­ონ, მაგრამ ეს მათთვის პიროსის გამარჯვება აღმოჩნდეს. გაზაფხულისკენ რუსებს ნამდვილად ჰქონდათ წინსვლა, მაგრამ იმხელა დანაკარგიც, რომ გადამწყვეტი შეტევის წამოწყებას­ ვერ ახერხებდნენ. სამაგიეროდ უკრაინა გადავიდა შეტევაზე. ახლაც ანალოგიური სიტუაციაა. უკრაინულ არმიაში ახლა გადამზადების პროცესია, მასშტაბური მობილიზაცია მიმდინარეობს და მობილიზებულებსაც სჭირდებათ მომზადება, შეიარაღებასაც ელოდებიან. დასავლური ტექნიკის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ ჩასულა­ ფრონტის ხაზზე. როცა ჩავა, მის ათვისებასაც დრო სჭირდება. შეიძლება ითქვას, პროცესი ხანგრძლივი იქნება. ვფიქრობ, ჯერჯერობით ინიციატივა ისევ რუსების ხელში იქნება, რის შედეგადაც ძალიან გამოიფიტებიან, გაზაფხულის ბოლოსკენ კი უკრაინა გადავა შეტევაზე. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ უკრაინელებმა მოულოდნელობის ეფექტი გამოიყენონ და უფრო ადრეც შეუტიონ.

- ამასობაში იხოცება ხალხი. ალბათ, უკრაინელები უფრო ადრე გადავიდო­დნენ შეტევაზე, დასავლეთი იარაღს უფრო სწრაფად და დიდი რაოდენობით რომ აწვდიდეს.

- დასავლეთს აქვს თავისი ლოგიკა - თავდაპირველად, როდესაც უკრაინა უფრო თავდაცვის რეჟიმში იყო, თავდაცვის საჭიროებების მიხედვით არჩევდნენ იარაღსაც. ჯერ იყო ხელით დასაჭერი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, მერე - მიწაზე დასაყენებელი მყარი სისტემები - ჰაერსაწინააღმდეგო და ხომალდსაწინააღმდეგო სისტემები, შემდეგ წამოვიდა არტილერია, რომელსაც ლოკალური შეტევები შეეძლო. ახლა იწყება მესამე ეტაპი - დაიწყეს სტრატეგიული კონტრშეტევისთვის მზადება და მძიმე ტექნიკის მიწოდება. რაოდენობას რაც შეეხება, ამერიკელები მიიჩნევენ, რომ თუ უკრაინას ერთბაშად მიაწვდიან დიდი რაოდენობით ტექნიკას, შეიძლება რაღაც ნაწილი დაკარგონ და ის რუსეთის ხელში­ აღმოჩნდეს. ფიქრობენ, ჯერ დააკვირდნენ, როგორ აითვისებენ ტექნიკას და მერე მოამარაგონ შესაბამისად. ამერიკელებს აქვთ პოლიტიკური ლოგიკაც, რომელსაც მე არ ვიზიარებ. კერძოდ, ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ არსებობს ესკალაციის საფრთხე. რუსეთმა შეიძლება არა მარტო ბირთვული იარაღი გამოიყენოს უკრაინაში, არამედ დასავლეთს გამოუცხადოს ომი და დაბომბოს რკინიგზა პოლონეთში, ასევე ნატოს შეიარაღებაც...

ხათუნა ბახტურიძე