"ვფიქრობ, 2023 წლის მეორე ნახევარში უკვე გამოკვეთილი იქნება ომის დასრულების ვადა" - კვირის პალიტრა

"ვფიქრობ, 2023 წლის მეორე ნახევარში უკვე გამოკვეთილი იქნება ომის დასრულების ვადა"

ნაწყვეტი "კვირის პალიტრის" ინტერვიუდან საერთაშორისო საკითხთა სპეციალისტთან, ჯიპა-ს პროფესორ გიორგი კობერიძესთან

ბოლო დროს დასავლელი ექსპერტების ერთი ნაწილის პროგნოზით ომი რუსეთსა და უკრაინას შორის ვერც 2023 წელს დასრულდება... დღეს, როდესაც დასავლელი პარტნიორები კვლავ მსჯელობენ უკრაინისთვის იარაღის ახალი პარტიების გადაცემაზე, რუსეთი კი ცდილობს მოახერხოს გადაჯგუფება ფრონტზე, საინტერესოა, თქვენ როგორ ხედავთ ომის განვითარებას მიმდინარე წელს?

- ჩემი აზრით, ომში ზაფხულამდე უნდა მოხდეს გარდატეხა. ახლა ჩვენ ვხედავთ ძალთა ფარდობას, კლიმატური პირობების გამო მასშტაბური ოპერაციებისგან ორივე მხარე თავს იკავებს. უკრაინა ელის, თუ რას იზამს რუსეთი ბელარუსის მხრიდან, არის საფრთხე, რომ კრემლის რეჟიმმა გადასხას დესანტი სწორედ ბელარუსიდან, თუ, რა თქმა უნდა, ეყოფა ამისთვის რესურსი. უკრაინა კი ემზადება და ელის დასავლურ იარაღს, რომელსაც აითვისებს, იმავდროულად, გაწვრთნის სამხედროებს, ვარაუდობენ, რომ ჩამოაყალიბებენ დასავლური მომზადების, სულ ცოტა, 4-5 ბრიგადას, რის შემდგომაც შეიძლება ვიხილოთ უკრაინელების მასირებული კონტრშეტევა. წესით, ეს უნდა მოხდეს ივნისამდე... რუსები სოლედარის 90%-ს აკონტროლებენ და შეიძლება სხვა მიმართულებებიდანაც დაიწყონ ლოკალური შეტევები. ბახმუტის შენარჩუნებისთვის უკრაინა ბოლომდე იბრძოლებს. მოგეხსენებათ, გასულ კვირას გერმანიაში რამშტაინის ბაზაში მოკავშირეები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და უკრაინისათვის დახმარების პაკეტზე იმსჯელეს. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ამ ეტაპზე კვლავ ვერ დაითანხმეს "ლეოპარდ 2" ტანკების გადაცემაზე, ბერლინი მაინც მიაწვდის მილიარდიან დახმარებას უკრაინას, რომელიც დახმარების ასევე ახალ პაკეტს მიიღებს აშშ-დან, ნიდერლანდებიდან, ფინეთიდან და ა.შ. რაც შეეხება ბელარუსიდან კიდევ ერთხელ შეღწევის ცდას, თუ ეს მოხდება, არ იქნება მასშტაბური შეტევა დასავლეთ უკრაინაზე ან კიევზე. შეტევა იქნება უფრო ლოკალური, რისი მიზანიც იქნება უკრაინის დანაყოფების ნაწილის იმ მიმართულებაზე გადასროლა, სადაც ამჟამად ფრონტის ხაზი არ გადის. დღეს რუსეთი ცდილობს რეზერვები შეავსოს, უკრაინა კი - დასავლური ტექნიკა მიიღოს და აითვისოს. ვფიქრობ, 2023 წლის მეორე ნახევარში უკვე გამოკვეთილი იქნება ომის დასრულების ვადა. ნახეთ სტატია სრულად