"არავის აქვს უფლება, წინა თაობების სისხლითა და ოფლით მოპოვებული მიწა ისე გაასხვისოს, რომ მომდევნო თაობებს სარგებლობის საშუალება აღარ ჰქონდეთ"
საქართველოში უძრავის ქონების ფასის ზრდის ფონზე განსაკუთრებით ძვირდება მიწის ფასი ე.წ. პრესტიჟულ ადგილებში, უპირველესად თბილისის მიმდებარე ტერიტორიასა და ცნობილ საკურორტო ზონებში. ძვირდება როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რადგან ბოლო დროს გარკვეულწილად ტრენდად იქცა ვენახების მოშენება ბიზნესთვალსაზრისით, ასევე, ძვირდება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფასი, რომელსაც სამშენებლოდ იყენებენ. ეს ეხება დიდ ქალაქებსაც, უფრო თბილისს და პრესტიჟულ კურორტებს, განსაკუთრებით სწრაფად ძვირდება მიწა საგურამოში, სადაც, საგურამოელების თქმით, კვადრატული მეტრის ფასი ბოლო 2 წელიწადში 40-50%-ით გაიზარდა. როგორც ამბობენ, საგურამოს ცენტრში კვადრატული მეტრი მიწა ახლა 110-120 აშშ დოლარი ღირს, მაშინ როდესაც 2-3 წლის წინ 50-60 აშშ დოლარი ღირდა. საგურამოს გარეუბნებში ფასი გაცილებით ნაკლებია, თუმცა ფასის პროცენტული ზრდა იგივეა. დღეს აქ კვადრატული მეტრის ღირებულება 15-20 აშშ დოლარის ფარგლებშია, ორი წლის წინ კი 10-12 აშშ დოლარი იყო. ასეთივე ტემპით იზრდება მიწის ფასი წყნეთში, წავკისში, კოჯორში, კიკეთში და მიმდებარე ტერიტორიაზე. მაგალითად, წყნეთელები ამბობენ, რომ კვადრატული მეტრის ფასი 170 აშშ დოლარსაც კი აღწევს, თუმცა ეს წყნეთის მიმდებარე ტერიტორიებზე, თორემ თვით წყნეთში გასაყიდი მიწა, ფაქტობრივად, აღარ არის. შედარებისთვის: საქართველოს რეგიონების არაპრესტიჟულ ადგილებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ფასი 2-5 ლარია.
ისიც უნდა ითქვას, რომ ეს იქაური მოსახლეობის ინფორმაციაა, ოფიციალურად კი საბაზრო ფასების სტატისტიკა ცალკე მიწის ბაზრისთვის არ არსებობს, რადგან არც "საქსტატი" და არც სამაკლერო კომპანიები ამ სტატისტიკას არ აწარმოებენ. შესაბამისად, არ არსებობს არც კვლევები, რაც ცხადია, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფასების ანალიზს ართულებს. დღევანდელი მოცემულობით არსებული ფასები რა დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, კიდევ რამდენით და რა ტემპით არის ფასების ზრდა მოსალოდნელი და საერთოდ, რა ფაქტორები განაპირობებს ამ კატეგორიის ქონებაზე ფასების ზრდას, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ეკონომიკის პროფესორ სოსო არჩვაძეს ესაუბრა.
- მიწა შეზღუდული რესურსია. ჩვენ ძალიან ბევრი სხვა რესურსის გამოყენება შეგვიძლია. ვთქვათ, წყლის რესურსის, მეტი ელექტროენერგიის წარმოება, მეტი ხორბლის მოყვანა, მეტი ავტომობილის წარმოება და ა.შ. გლობალურ მასშტაბებს ვგულისხმობ, მაგრამ მთავარი მწარმოებელი ფაქტორი მიწაა, რომელიც შეზღუდულია. კაცობრიობის ისტორიაში ომების უდიდესი ნაწილი სწორედ მიწების დაუფლებისა და გადანაწილების გამო ხდებოდა. ის, რაც ახლა ხდება უკრაინაში, სწორედ ამ გარემოებას უკავშირდება. მეორე საკითხია მოსახლეობის სიმჭიდროვე - ანუ 1 კვკმ-ზე მოსახლეობის რაოდენობა, მაგრამ არის მისი შებრუნებული მაჩვენებელიც, რომელსაც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, არადა, ეს ინდიკატორი არანაკლებ მნიშვნელოვანია - ანუ ქვეყნის თითოეულ მცხოვრებზე რამდენი კვადრატული მეტრი ფართობი მოდის. ამ მხრივ კი ჩანს, რომ სასიცოცხლო სივრცე საკმაოდ შეზღუდულია. ბუნებრივია, როდესაც იზრდება ცალკეული კატეგორიის თუ ჯგუფის შემოსავლები, მას უჩნდება სურვილი, რაც ზოგჯერ ბუნებრივია და ზოგჯერ ამბიციის გამოხატულებაც, რომ თავისი სასიცოცხლო სივრცე რაც შეიძლება გააფართოოს. შესაბამისად, თუ მეტ სივრცეს მოიპოვებს, ის შეუმცირდება სხვას და იწყება შიდა ჯგუფური "ბრძოლა" მეტი სასიცოცხლო სივრცისთვის. სხვა თემაა სახელმწიფოთაშორისი მონაწილეობა და იქ, სადაც ვერ ხერხდება საქმის გაკეთება ფულის მეშვეობით, კეთდება ზარბაზნების გამოყენებით.
საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა, მისი ტერიტორიის 60%-ზე მეტი უკავია ისეთ ადგილებს, რომლებიც არ არის ხელსაყრელი იმისთვის, რომ ადამიანმა თავი კომფორტულად იგრძნოს, საცხოვრისისთვის, დასვენებისა და ენერგიის აღდგენისთვის. შესაბამისად, მიმზიდველი მიწის რესურსი კიდევ უფრო მცირეა. მეორე მხრივ, იზრდება ადამიანთა შემოსავლები და მათ ბიუჯეტში სულ უფრო მცირე ნაწილს იკავებს პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელი ხარჯები და უფრო დიდი ნაწილი ეთმობა კომფორტს, დასვენებას, აგარაკების მშენებლობასა და ა.შ. ამიტომ კონკურენცია იზრდება. ამას უნდა დავუმატოთ ისიც, რომ ღია საბაზრო ეკონომიკაში გარედან შემოსულ კაპიტალს დაბრკოლება აღარ ხვდება. უცხოელ ინვესტორს შესაძლებლობა უჩნდება, ამა თუ იმ ხანგრძლივობითა და პერიოდულობით იმყოფებოდეს ამ ტერიტორიაზე, რაც გულისხმობს მიწისადმი მის "არაფრიგიდულ" დამოკიდებულებას. ესეც აძლიერებს კონკურენციას ამ მიწებზე. ეს არის ის ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავს ფასების ზრდას, რაც საქართველოში გაცილებით წინმსწრები ტემპით მიდის, ვიდრე ეროვნული პროდუქტისა და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის ზრდა. ასეთ პირობებში კი ეროვნული ინტერესების დაცვა და ერისთვის აუცილებელი სასიცოცხლო სივრცის შენარჩუნება მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია თავისი კანონმდებლობითა და ეროვნული კონსენსუსით, რომ მიწა წარმოადგენს არა მარტო წმინდა ეკონომიკურ კატეგორიას, არამედ ქვეყნის ავტოქტონური იერის, სასიცოცხლო არსებობის შესაძლებლობას, რომელიც ამ მთავრობასა და თაობას არ მოუპოვებია, მემკვიდრეობით ერგოთ წინა თაობებისგან.
- ანუ თქვენ მიწაზე რეგულაციების გამკაცრების მომხრე ხართ? ასეთი პოლიტიკა რა შედეგს მოიტანს?
- არავის აქვს უფლება, წინა თაობების სისხლითა და ოფლით მოპოვებული ქონება ეჭვქვეშ დააყენოს, ისე გაასხვისოს, რომ მომდევნო თაობებს ამ მიწით სარგებლობის საშუალება აღარ ჰქონდეთ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო, ალბათ, მიზანშეწონილი იქნებოდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გაცემა, მაგალითად, იჯარით, განსაზღვრული ვადით, მაგრამ საკუთრებაში მოქცევის გარეშე, და ის სარგებელი, რაც მიწას შეუძლია მოუტანოს ინვესტორს, იყოს რეალიზებული, იმისგან დამოუკიდებლად, არის თუ არა ამ ქვეყნის მოქალაქე. ამ ყველაფერზე გავლენას ახდენს საბჭოთა წარსული. მიუხედავად იმისა, რომ ოცდაათ წელიწადზე მეტია გასული, რაც ამ სისტემიდან წამოვედით, საბაზრო ეკონომიკის სრულმასშტაბიან ფორმირებამდე და მიწათსარგებლობაში ისტორიული კანონზომიერების ინტერესების გათვალისწინებამდე არ მივსულვართ. მიწის განმკარგავი უნდა იყოს ის ისტორიული თემი, სოფელი, რომელიც თაობების განმავლობაში ამუშავებდა ამ სივრცეს. გააგრძელე კითხვა