"ორი შვილის დედაა. სენაკიდან პერიოდულად მიდიოდა თურქეთში და მერე უკან ბრუნდებოდა" - რას ჰყვება ახლობელი თურქეთში დაღუპულ ქალზე? - კვირის პალიტრა

"ორი შვილის დედაა. სენაკიდან პერიოდულად მიდიოდა თურქეთში და მერე უკან ბრუნდებოდა" - რას ჰყვება ახლობელი თურქეთში დაღუპულ ქალზე?

თურქეთში მომხდარ მიწისძვრას, სამწუხაროდ, ერთი ქართველი ქალბატონის სიცოცხლე შეეწირა. მიწისძვრის შედეგად სწორედ ის საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, სადაც 67 წლის ქალბატონი - ნანი ზარანდია მუშაობდა და ამ ნანგრევებში მოჰყვა. სამწუხაროდ, იგი ადგილზე გარდაიცვალა.

ქალბატონი ნანი 12 წელია, თურმე, რაც ემიგრაციაშია წასული. ის ერთ-ერთ ოჯახში დამხმარედ მუშაობდა. მომხდარი უკვე შეატყობინეს მისი ოჯახის წევრებს, რომლებიც სენაკში ცხოვრობენ. ის ორი შვილის დედა იყო...

ნანი ზარანდიას ცხედარი პროზექტურაშია დასვენებული და ოჯახს ხელისუფლება დაეხმარება, მის საქართველოში ჩამოსვენებაში.

"პერიოდულად მიდიოდა თურქეთში და მერე უკან ბრუნდებოდა. ორი შვილის, ქალ-ვაჟის დედაა. ძალიან კარგი ქალბატონი იყო, შვილებზე მზრუნველი, ძალიან თბილი, კეთილი ადამიანი. ძალიან მეწყინა მისი გარდაცვალება, გული მეტკინა. სენაკში ცხოვრობს მისი ოჯახი. სახლთან სამშენებლო მაღაზია აქვთ გახსნილი. მართლაც კარგი ქალი იყო, შრომობდა და ასე ეხმარებოდა ოჯახს. მისი შვილიც პერიოდულად ჩადის ხოლმე თურქეთში სამუშაოდ. როგორც ვიცი, მისი დაც ახლა ემიგრაციაშია.

ძალიან დასანანია მისი გარდაცვალება. რა საშინელება დატრიალდა, ვუსამძიმრებ მის ოჯახს", - ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი მცხოვრები.

სოციალურ ქსელშიც უამრავ ტკივილიან სტატუსს წავაწყდი:

"შენზე როგორ უნდა ვისაუბროთ წარსულში, ნანი დეიდა, როგორ მენანები. არ იყავი ასეთი სიკვდილის ღირსი, ჩემო თბილო და ყურადღებიანო. ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს. ნათელი და სანთელი მის სულს", - წერს კიდევ ერთი ახლობელი.

"ნანი, 5 საათის მერე გირეკავდი, ვერაფრით დაგიკავშირდი... კიდევ იმედს ვიტოვებდი. ბოლოს არანაირი იმედი აღარ დამრჩა და იძულებული გავხდი, შვილების ნომერი მეთხოვა, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა... სიკვდილი სიკვდილს გააჩნია", - დაწერა კიდევ ერთმა ახლობელმა.

ყველამ იცის, რომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის მიმდებარედ იყო. როგორც ამბობენ, დაახლოებით, ერთი წუთი გრძელდებოდა. კადრებიდანაც ჩანს, რომ ერთად მდგომი რამდენიმე სახლიდან, ზოგი დანგრეულია და ზოგი - არა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1200-ს უკვე გადააჭარბა.

სამწუხაროდ, მიწისძვრა მეორედ კვლავ განმეორდა და 7,8 მაგნიტუდა შეადგინა.

ასევე ნახეთ: "მოსახლეობას ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების განწირული ყვირილის ხმა ესმოდათ"

(სპეციალურად საიტისთვის)