"მოსახლეობას ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების განწირული ყვირილის ხმა ესმოდათ" - რას ჰყვებიან დამანგრეველ მიწისძვრას გადარჩენილი თვითმხილველები თურქეთსა და სირიაში - კვირის პალიტრა

"მოსახლეობას ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების განწირული ყვირილის ხმა ესმოდათ" - რას ჰყვებიან დამანგრეველ მიწისძვრას გადარჩენილი თვითმხილველები თურქეთსა და სირიაში

თურქეთის ქალაქ გაზიანთეფთან, სირიის საზღვარზე, 6 თებერვალს, დილით, 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა. სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამჟამადაც გრძელდება. ძლიერმა მიწისძვრამ გაანადგურა შენობები, მაღალსართულიანი სახლები მოსახლეობის თვალწინ ჩამოინგრა...

უახლესი ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 2921 ადამიანი დაიღუპა და 15 834 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია კატასტროფების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. მანამდე, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დანგრეული შენობების ნანგრევებიდან 7840 ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს.

მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს იმ საშინელ კადრებს, რომელიც დამანგრეველმა მიწისძვრამ გამოიწვია. ადამიანებმა დაკარგეს სახლები, დარჩნენ თავშესაფრის გარეშე, დაკარგეს ოჯახის წევრები. მედიაში ვრცელდებდა ფოტო თუ ვიდეომასალა, როგორ ცდილობენ ადამიანები ოჯახის წევრების, შვილებისა და მშობლების გადარჩენას... მათი ისტორიები კი შემზარავია.

dphdh-1675759246.jpg
თურქეთი, ადანა მიწისძვრის შემდეგ / REUTERS

“როიტერის“ ცნობით, სირიაში მიწისძვრის შედეგად 1500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. შესაძლოა, დაღუპულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

"ზამთრის სუსხიანი ამინდი ხელს უშლის მაშველებს სამუშაოების შესრულებაში. თურქეთის სამხრეთ პროვინცია ჰათაიში მოსახლეობას ნანგრევებში მოქცეული ქალების განწირული კივილის ხმა ესმოდათ. მაშველებს საზარელი სურათი დახვდათ. ნანგრევებში უსიცოცხლოდ იწვა მცირეწლოვანი ბიჭი", - წერს როიტერსი.

მიწისძვრას გადარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც განაცხადა რომ დენიზი ერქვა, საშინელ წუთებს იხსენებს:

“ისინი ყვიროდნენ, მაგრამ დასახმარებლად ვერავინ მივიდა. ჩვენ გავნადგურდით, გავნადგურდით... ღმერთო ჩემო... ისინი იძახდნენ „გვიშველეთ“, მაგრამ ვერ ვეხმარებოდით. როგორ ვუშველიდით, დასახმარებლად დილამდე არავინ მოსულა“.

აილა, რომელიც ორშაბათ დილით ნანგრევებზე იდგა, აქამდე, ამავე ადგილას მდგარ 8-სართულიან კორპუსში ცხოვრობდა. ის გაზიანთეფიდან ჰათაიში დედის საძებნელად წავიდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გადაარჩინეს მაშველებმა პატარა გოგონა:

„ქუჩის ძაღლი მივიდა ნანგრევებთან, ერთ ადგილას და დიდი ხნის განმავლობაში ყეფდა, შემეშინდა, ვიფიქრე, რომ დედაჩემის გამო ყეფდა, მაგრამ მაშველებმა სხვა ადამიანი ამოიყვანეს. მანქანის ფარები ავანთე მაშველთა ჯგუფის დასახმარებლად. აქამდე მათ მხოლოდ ორი გარდაცვლილი ამოიყვანეს, გადარჩენილი არავინ ჩანს“, - ამბობს აილა, რომელიც ჰათაიში დედის საძებნელად ჩავიდა.

mbmbm-1675758959.jpg
რეგჰადი ბიძასთან ერთად / REUTERS

დამანგრეველ მიწისძვრას სასწაულებრივად გადაურჩა სირიის ქალაქ აზაზში მცხოვრები მცირეწლოვანი გოგონა რეგჰად ისმაილი. ის მაშველებმა ნანგრევებიდან ორშაბათს დილით ამოიყვანეს. გოგონა გადარჩა, თუმცა, როგორც რეგჰადის ბიძამ განაცხადა, მიწისძვრის შედეგად დაიღუპა ბავშვის და-ძმა და ორსული დედა.

ნანგრევებიდან გამოყვანილი 18 თვის რეგჰადი მაშველებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, ამჟამად მასზე ბიძა ზრუნავს.

„გოგონას მამა ფიქრობს, რომ მიწისძვრისას წელი დაიზიანა. რეგჰადი უვნებლად გადარჩა, თუმცა მისი ორსული ცოლი, 5 წლის გოგონა და 4 წლის ვაჟი მიწისძვრის შედეგად დაიღუპნენ“, - ამბობს აბუ ჰუსამი „როიტერთან“.

miwisdzvra3-1675758959.jpg
ახალშობილი ნანგრევებიდან ამოიყვანეს

დამანგრეველმა მიწისძვრამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თუმცა ამ სასტიკ დღეს სირიის ქალაქ ალეპოში, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ნანგრევებში ახალი სიცოცხლე დაიბადა.

ტელეგრამ-არხ Mash-ის ცნობით, ბავშვის დედის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. მედიაში გავრცელებულ ვიდეოში, ნათლად ჩანს, რომ მაშველებმა ახალშობილი ნანგრევებიდან უვნებლად გამოიყვანეს.

ასევე ნახეთ: "ორი შვილის დედაა. სენაკიდან პერიოდულად მიდიოდა თურქეთში და მერე უკან ბრუნდებოდა" - რას ჰყვება ახლობელი თურქეთში დაღუპულ ქალზე?