"როგორი შეიძლება იყოს რუსეთის შეტევა, რომელსაც უკრაინა და დასავლეთი ელოდებიან? - BBC - კვირის პალიტრა

"როგორი შეიძლება იყოს რუსეთის შეტევა, რომელსაც უკრაინა და დასავლეთი ელოდებიან? - BBC

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია "ბიბისის" რუსულმა სამსახურმა (BBC news russian) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "როგორი შეიძლება იყოს რუსეთის შეტევა, რომელსაც უკრაინა და დასავლეთი ელოდებიან?", რომელშიც გაანალიზებულია, როგორც უკრაინაში მოქმედი რუსეთის არმიის სავარაუდო შეტევის სავარაუდო მიმართულების პლუსები და მინუსები, ასევე - უკრაინის არმიის შესაძლებლობები.

გთავაზობთ შემოკლებით:

რუსეთი უკრაინაში ახალ დიდ შეტევას ამზადებს, რომელიც უახლოეს ორ კვირაში დაიწყება - ასეთი გაფრთხილებები ისმის ბოლო დროს უკრაინელი და დასავლელი ოფიციალური პირების მხრიდან. მსგავსი შინაარსის სტატიები ქვეყნდება მსოფლიოს წამყვან პრესაშიც.

როგორ განვითარდება მოვლენები ფრონტზე?

თუ უკრაინელი ჩინოვნიკების განცხადებებს და პრესის მასალებს დავუჯერებთ, რუსეთის არმიის შეტევის საფრთხის ქვეშ რამდენიმე მიმართულება მოექცევა: დონეცკის ოლქის სამხრეთი ნაწილი, მელიტოპოლის რაიონი, ბახმუტი (იქ ახლაც ბრძოლები მიდის), აგრეთვე, ქალაქი ლიმანი, ლუგანსკის ოლქის დასავლეთით, რომელიც უკრაინის არმიამ შარშან შემოდგომაზე გაათავისუფლა.

რუსეთის არმიის მოსალოდნელი შეტევის შესახებ საქმის კურსში არის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თავდაცვის მინისტრი ალექსი რეზნიკოვი და უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსი დანილოვი. მათი თქმით, რუსეთი უკრაინაში შეჭრის წლისთავზე რაღაცას სიმბოლურად ნამდვილად გააკეთებს.

როგორც გაზეთი "ფაინენშელ თაიმსი" (Financial Times) წერს, უკრაინის არმიის სამხედრო მრჩევლის თქმით, კიევმა მიიღო "ძალიან საიმედო სადაზვერვო მონაცემები რუსეთის არმიის შეტევის განზრახვის გეგმებზე - კრემლი ვარაუდობს, რომ შეტევა 10 დღეში უნდა დაიწყოს. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ სად უნდა ელოდოს უკრაინის არმია ახალ დარტყმას?

სავარაუდო მიმართულებები

იმის ირიბ ნიშნად, რომ რუსეთის არმია მართლაც ამზადებს თუ არა შეტევას რამდენიმე მიმართულებით, კრემლის გააქტიურება უნდა ჩავთვალოთ.

როგორც თავდაცვის მინისტრმა ალექსი რეზნიკოვმა გამოცემა "უკრაინსკაია პრავდას" ინტერვიუს დროს უთხრა, ამჟამად ყველაზე სერიოზული რუსული დაჯგუფებები აღმოსავლეთსა და სამხრეთში იმყოფებიან - დონბასსა და ხერსონის ოლქში. დონბასში ფრონტის ხაზი გარკვეულ მონაკვეთებზე სიღრმეშია შეჭრილი, რომელთა ალყაში მოხვედრა შეიძლება. თუმცა დონბასი საკმაოდ კარგად არის გამაგრებული, თავდაცვის ზღუდეებს ორივე მხარე წლების განმავლობაში აგებდა.

რუსებისათვის დონბასის სრული გაკონტროლება პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენს და იმის ალბათობა, რომ შეტევა სწორედ აქ დაიწყება, საკმაოდ დიდია. ამის შესახებ სამხედრო დაზვერვის უფროსმა კირილე ბუდანოვმაც განაცხადა გაზეთ "ვაშინგტონ პოსტისათვის" მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, 2023 წელს რუსეთი ფოკუსირებული იქნება დონბასის ორი ოლქის - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სრულ გაკონტროლებაზე.

მეორე სახიფათო მიმართულება ზაპოროჟიეს ოლქია. აქ ფრონტის ხაზი ძალიან ახლოს გადის რკინიგზის ხაზთან, რომელიც მნიშვნელოვანია უკრაინის სამხრეთში დისლოცირებული რუსეთის ჯარების მომარაგების უზრუნველსაყოფად, ამიტომ ფრონტის ხაზის ჩრდილოეთით გადაწევა მოსკოვისათვის მოგებიანი იქნებოდა.

შეტევის საფრთხე არ არის მოსალოდნელი ბელარუსიდან და რუსეთის ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ოლქებიდან ანუ უშუალოდ რუსეთის ტერიტორიიდან საზღვრის გადალახვით. ამ რეგიონში პერიოდულად სროლების ხმა ისმის, მაგრამ რუსეთის აქტიურობა მაინცდამაინც დიდი არ არის.

ასევე ნახეთ: რით დასრულდება ომი უკრაინაში?" - რას წერს ბრიტანული გამოცემა

როგორ ემზადებიან შეტევისათვის?

როგორც სამხედრო სტრატეგოსები ამბობენ, შეტევა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე - თავდაცვა. შეტევის მომზადების დროს ყოველი არმიის შტაბს საკმაოდ ბევრი ამოცანის გადაჭრა უწევს: ერთი მხრივ, დარტყმისათვის ძალა უნდა მოიკრიბო - იმიტომ, რომ რაოდენობრივი სიჭარბე წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს; მეორე მხრივ, აუცილებელია იმის განჭვრეტა, რომ მოწინააღმდეგემ რეზერვები არ დააგროვოს და შენი შეტევით ხაფანგში არ მოხვდე.

რასაკვირველია, შეტევის მომზადებისას აუცილებელია ზურგის უზრუნველყოფაც: საბრძოლო მასალებისა და საწვავის მომარაგება, საველე ჰოსპიტლების გაშლა და ა.შ.

თანამედროვე, 21-ე საუკუნის ომს, მეოცე საუკუნის შუახანების ომებისაგან განსხვავებით, ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება აქვს - მალულად, მოწინააღმდეგისათვის შეუმჩნევლად რამის გაკეთება საკმაოდ რთულია: ორივე მხარე იყენებს დრონებს, დაზვერვის მიზნით, რადარებს, კოსმოსურ თანამგზავრებს და სხვა საშუალებებს, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა, შეტევაში ჩართული ქვედანაყოფები მანამ გამოავლინო, სანამ ისინი თავიანთი დისლოცირების ადგილამდე მივლენ.

რასაკვირველია, შეიძლება გარკვეული ქვედანაყოფების განლაგება ჩუმად, ღამით მოხერხდეს. ასეთ მეთოდს მიმართავდა რუსეთის ჯარი 2021 წელს, ბელარუსში გამართული სამხედრო სწავლების დროს, მაგრამ სამხედრო წრთვნები ხშირად რეალურ, პრაქტიკულ სიტუაციას ბევრად ჩამოუვარდება - ყველაფერი დამოკიდებულია მასშტაბებზე. რადგან შეტევა ფართომასშტაბიანი უნდა იყოს, მსხვილი საჯარისო დაჯგუფების ჩუმად გადაყვანა ფრონტის ხაზთან საკმაოდ რთულია.

შეტევის დროს შესაძლებელია, გამოყენებული იქნეს ე.წ. ყურადღების გადამტანი მცირე დარტყმები, რომელიც მოწინააღმდეგეს იძულებულს ხდის, სხვადასხვა ადგილზე სარეზერვო ქვედანაყოფები იყოლიოს.

კიდევ უფრო რთულია იმის განჭვრეტა, როგორი ხასიათი ექნება შეტევას: თუ რუსეთს ფრონტის გარღვევა და უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში შეჭრა აქვს განზრახული და უკრაინის არმიის ცალკეული დაჯგუფებების ალყაში მოქცევას დააპირებს, მაშინ ამის გაკეთება შესაძლებელია რუსების ძალების მრავალჯერადი უპირატესობით.

თეორიულად რუსეთის არმიას აქვს შესაძლებლობა, ძალები "ერთ მუშტად შეკრას", მაგრამ იმისთვის, რომ ასეთი გარღვევა წარმატებული იყოს, ეს მაქსიმალურად ჩუმად და მალულად უნდა გაკეთდეს, რაც დაზვერვის თანამედროვე ტექნიკის არსებობის პირობებში ნაკლებად შესრულებადია.

სხვა ვარიანტია ისეთი ტაქტიკით სარგებლობა, რომელიც ჯარების ნელ წინსვლას გულისხმობს ფრონტის ერთ ან რამდენიმე უბანზე. ასეთ სიტუაციაში რუსეთს შეუძლია, თავისი საერთო რაოდენობრივი უპირატესობით ისარგებლოს, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე - ჯავშანტექნიკის, არტილერიისა და ავიაციის მხრივ, მაგრამ იგივე ნელი ტემპი უკრაინისთვისაც კარგია - კიევს შეუძლია რეზერვები მოიძიოს და შეტევა შეაჩეროს.

როდის?

რასაკვირველია, არსებობს შარშანდელი შეჭრის წლისთავი: სიმბოლური თარიღი - 24 თებერვალი, მაგრამ არის კიდევ ორი გარემოება, რომლებითაც რუსეთის გენშტაბმა შეიძლება ისარგებლოს შეტევის მოსამზადებლად - ესენია ამინდი და დასავლური შეიარაღება, რომლის გადაცემა უკრაინის არმიისათვის უკვე დაიწყო.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევის პროგრამაში ნამდვილი გარღვევა მოხდა - უკრაინას დაჰპირდნენ მძიმე საბრძოლო ტანკების, მძიმე ჯავშანმანქანების, თვითმავალი საარტილერიო სისტემების, მაღალი სიზუსტის მქონე ბომბებისა და ჭურვების, თანამედროვე საზენტო-სარაკეტო სისტემების და ბევრი სხვა აღჭურვილობის გადაცემას.

ზოგიერთი დაპირებული იარაღი უკრაინაში მალე შედის, ზოგიერთი კი - დაყოვნებით. მიწოდების პროცესი შეიძლება თვეობით გაჭიანურდეს. თუმცა უკვე აშკარაა, რომ კიევისათვის პირველი დასავლური ტანკები უკვე გაიგზავნა (კანადიდან), მზადდება ამ ტანკების პირველი ეკიპაჟიც. ერთი შეხედვით, პირველ ეტაპზე ტანკების რაოდენობა თითქოსდა ცოტაა, მაგრამ ისინი უკრაინის არმიას მაინც მნიშვნელოვნად გააძლიერებენ.

მაგრამ დრო რუსეთსაც ეხმარება: კრემლს დრო სჭირდება იმისთვის, რომ შარშან, შემოდგომით მობილიზებული ცოცხალი ძალა კარგად მოამზადოს და გაწრთვნას. დღეისათვის, უკრაინის დაზვერვის უფროსის - კირილე ბუდანოვის თქმით, რუსეთს ფრონტზე, დაახლოებით, 326 ათასი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს.

ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო მრჩევლის თქმით ("ფაინენშელ თაიმსთან" ინტერვიუში მან თავისი გვარი არ დაასახელა), რუსების შეტევას, ალბათ, წინ ელიტური ქვედანაყოფები გაუძღვებიან: "ისინი მექანიზებულ ბრიგადებს წარმოადგენენ, რომლებიც გაძლიერებულები არიან საჰაერო-სადესანტო ჯარებისა და საზღვაო ქვეითების ქვედანაყოფებით. ისინი პროფესიონალი მებრძოლები არიან და არა - მასწავლებლები და ავტობუსის მძღოლები".

და ბოლოს, ამინდის ფაქტორი. აპრილში საგაზაფხულო უგზოობის პერიოდი დაიწყება, რაც ლანდშაფტს, სადაც გზები არ არის, ისეთ ტალახად გადააქცევს, რომლის გავლა მძიმეწონიან მუხლუხა ტანკებსაც კი გაუჭირდებათ. რუსეთის არმიას ასეთი პრობლემა შარშან გაუჩნდა, როცა უკრაინაში შეიჭრა. ამიტომაც "მეტეოროლოგიური ფანჯარა" შეტევისათვის მნიშვნელოვანია, თუმცა ის ყოველდღიურად ნელ-ნელა იხურება. წყარო

ასევე დაგაინტერესებთ: "კაცი, რომელსაც ხელისუფლებისთვის ბრძოლაში ვლადიმერ პუტინის გამოწვევა შეუძლია"

მოამზადა სიმონ კილაძემ