ირანი ამერიკულ ფრთოსან რაკეტებს მიწისქვეშა საჰაერო ბაზაში უმალავს "ფანტომებს" - კვირის პალიტრა

ირანი ამერიკულ ფრთოსან რაკეტებს მიწისქვეშა საჰაერო ბაზაში უმალავს "ფანტომებს"

ირანის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ახალი საჰაერო ბაზა აამოქმედეს, რომლიდანაც საბრძოლო გაფრენების განხორციელება პილოტირებულ და უპილოტო საფრენ აპარატებს შეეძლებათ...

ამ ინფორმაციაში რა უნდა იყოს ისეთი მნიშვნელოვანი, რომ დიდად საყურადღებო გახდეს, მაშინ, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკის სამხედრო ავიაცია ისედაც იყენებს კარგად მოწყობილ არანაკლებ 12 საჰაერო ბაზას და ერთით მეტი ან ნაკლები ახალი აეროდრომი, თითქოს, ბევრ არაფერს ცვლის...

თუმცა ახალი ირანული საჰაერო ბაზა - Oghab 44 იმით არის უნიკალური, რომ ის... მიწისქვეშაა, უფრო სწორად კი - მთის მასივის ქვეშ...

2-i-1675852457.png
ირანული „ფანტომები“ მთაში გამოჭრილ გვირაბში თავს აფარებენ, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობენ...

თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძვირად ღირებული საბრძოლო თვითმფრინავების, შვეულმფრენებისა თუ დრონების დაცვა აეროდრომებზე, ამაზე ყველაზე კარგად ამჟამად ერთმანეთთან დიდ ომში მყოფ უკრაინელებსა და რუსებს მოეხსენებათ, როდესაც თავდაპირველი თავდასხმისას ჯერ რუსებმა დაბომბეს უკრაინელების აეროდრომები (თუმცა უკრაინის საჰაერო ძალებმა მოასწრეს მწყობრში მყოფი გამანადგურებლების, მოიერიშეებისა და ბომბდამშენების გადამალვა და რუსების დაბომბვებს უკრაინის აეროდრომებზე, ძირითადად, მანამდე მწყობრიდან გამოსული საფრენი აპარატები ემსხვერპლნენ). შემდეგ, ომის განმავლობაში, უკვე უკრაინელებმა მიაყენეს არა ერთი საჰაერო დარტყმა კამიკაძე-დრონებით რუსულ სამხედრო აეროდრომებს, მათ შორის - რუსეთის შუაგულში და თანაც - სტრატეგიული დანიშნულების საჰაერო ბაზებს..

თუმცა რაღა შორს წავიდეთ, როდესაც აგვისტოს ომის დროს რუსი აგრესორების საჰაერო დარტყმებს ვერც ქართული აეროდრომები გადაურჩნენ სენაკში, კოპიტნარში, ვაზიანში, თბილისის საავიაციო ქარხანაში, მარნეულსა და დიდ შირაქში...

8 აგვისტოს დილას ხუთი ქართული მოიერიშე თვითმფრინავის პირველი და ერთადერთი საბრძოლო გაფრენის შემდეგ უდანაკარგოდ დაბრუნებული თვითმფრინავები კოპიტნარის და მარნეულის აეროდრომებზე გადამალეს და ისინი გადაურჩნენ "თანამოძმე" მოირიშე თვითმფრინავებიდან ჩამოყრილ რუსულ ბომბებს, თუმცა მარნეულის აეროდრომზე ამ დაბომბვას სამი ჩვენი "კუკურუზნიკი" მაინც შეეწირა და იქ მყოფი რამდენიმე მფრინავი და ტექნიკოსი, სამწუხაროდ, დაიღუპა და დაიჭრა...

ჩვენი პრობლემა ისაა, რომ საბჭოთადროინდელ ამ აეროდრომებზე განთავსებულ დაცულ ანგარებში მოიერიშე "სუ-25"-ების ფრთა არ ეტევა - მეტრ-ნახევარი აკლდება და ეს პრობლემა ადრე თუ გვიან გადასაწყვეტი გვექნება, რადგან "თბილავიამშენმა" უკვე გაარემონტა ქართული მოიერიშეების დიდი ნაწილი და აგრძელებს ამ პროცესს, ხოლო საფრენოსნო მდგომარეობაში მოყვანილ ძვირად ღირებულ თვითმფრინავებს აუცილებლად სჭირდებათ საიმედო "ნავსაყუდელი", რომ გამოირიცხოს სავარაუდო, თუმცა კარგად ცნობილი მოწინააღმდეგის მოულოდნელი საჰაერო დარტყმების შემთხვევაში, ჩვენი მოიერიშე თვითმფრინავების აეროდრომზე განადგურების საფრთხე...

ირანი კი უფრო შორს წავიდა და დაცული ანგარების გარდა... მიწისქვეშა საჰაერო ბაზაც კი ააშენა მთის ქვეშ, ისე, რომ ბირთვულ აფეთქებასაც გაუძლოს...

საზოგადოებაში ათწლეულებია ჭორის სახით დადის ინფორმაცია, რომ, თითქოს, საბჭოთა კავშირს მიწისქვეშა საიდუმლო აეროდრომებიც კი ჰქონდა, მათ შორის - საქართველოშიცო, მაგრამ ეს სინამდვილეს მთლად არ შეესაბამება...

ერთი მხრივ, თავად დაცულ ანგარებშიც იყო შესაძლებელი საბრძოლო თვითმფრინავების რეაქტიული ძრავების ჩართვა და სიმძლავრის მომატება (ანგარის უკანა მხარეს სპეციალური აირგასასვლელები იყო დამონტაჟებული), რათა ამ ანგარიდან გამოსული თვითმფრინავი პილოტს მაშინვე გაეყვანა ასაფრენ ბილიკზე და სწრაფი აფრენა განეხორციელებინა...

3-i-1675852483.png
ტიპური საბჭოთადროინდელი დაცული ანგარი ქართულ აეროდრომებზე, რომელშიც შესატევად ჩვენს "მიმინოს"... მეტრ-ნახევარი აკლდება

მაგრამ ისე, რომ მთლიანად ასაფრენ-დასაფრენი ზოლი მიწისქვეშ იყოს, ეს ტექნიკურად შეუძლებელია, მით უმეტეს - რეაქტიული თვითმფრინავის აეროდრომზე 200-300 კმ/სთ სიჩქარით დაშვებისას.

ირანელებმა სპეციალურად გამოაქვეყნეს ახალი მიწისქვეშა საჰაერო ბაზის ფოტოები, რათა ისრაელისა და აშშ-ის გენერლებისთვის ნიშნის მოგებით ეჩვენებინათ, ჩვენი თვითმფრინავები ისე საიმედოდაა დაცული ამ მიწისქვეშა ბაზაზე, რომ გინდ ზეზუსტი ფრთოსანი რაკეტებით და გინდ მართვადი ბომბებითაც რომ დაარტყათ, საწადელს მაინც ვერ მიაღწევთ და ჩვენს თვითმფრინავებს ვერაფერს დააკლებთო...

ეს შეიძლება მართლაც ასე იყოს მიწისქვეშა საჰაერო ბაზაში განთავსებული თვითმფრინავების შემთხვევაში, მაგრამ ასაფრენად ამ თვითმფრინავების პილოტებმა ისინი ადრე თუ გვიან მაინც ხომ უნდა გამოიყვანონ მიწისქვეშა საცავიდან ღია ცის ქვეშ მდებარე ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე, რომლის წერტილოვანი დაბომბვის შედეგად ამ აეროდრომიდან ვერც ნახევერსაუკუნოვანი ირანული "ფანტომები" აფრინდებიან და ვერც ის თანამედროვე "სუ-35"-ები, რომლის მიყიდვასაც მოსკოვი თეირანზე მალე აპირებს...

ასევე ნახეთ: მომგებიანი კერძო სატანკო ბიზნესი - ჩამოწერილი ტანკების იაფად შესყიდვა მომავალ ომებში მათ ათმაგად გასაყიდად...