პასუხი იურისტისგან: მემკვიდრეობა - კვირის პალიტრა

პასუხი იურისტისგან: მემკვიდრეობა

გაზეთ "კვირის პალიტრაში" ბოლო დროს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სამოქალაქო საკითხებზე დაწერილ სტატიებს.­ ხშირად მოგვმართავენ მოქალაქეები კონკრეტული კითხვებით. ამიტომ გადავწყვიტეთ მათ კითხვებზე იურისტს კომპეტენტური პასუხები გაეცა. გვესაუბრება ერთ-ერთი საადვოკატო ფირმის დამფუძნებელი პარტნიორი, თსუ-ის სისხლის სამართლის მიმართულების დოქტორანტი, იურისტი გვანცა გურგენიძე:

- გვანცა, მოქალაქეს აინტერესებს თუ როგორ ხდება მემკვიდრეებს შორის ქონების გაყოფა და ვინ ითვლება მემკვიდრედ.

- ქართული კანონმდებლობით, მემკვიდრეობის ორი სახეა: კანონით მემკვიდრეობა და ანდერძით მემკვიდრეობა. კანონით მემკვიდრეობის დროს კანონი თავად არეგულირებს, თუ ვის უნდა დარჩეს გარდაცვლილის (მამკვიდრებლის) ქონება და რა ოდენობით. ანდერძით მემკვიდრეობის დროს მამკვიდრებელს ანდერძის შედგენის გზით წინასწარ აქვს განსაზღვრული, ვის და რა ოდენობით დარჩება მისი ქონება. შესაბამისად, ქონების გაყოფა ხდება სწორედ ამ საკითხების მხედველობაში მიღებით. კანონით მემკვიდრეები საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გაწერილია და დასახელებული კანონის თანახმად, სამკვიდრო ქონება შესაძლებელია მიიღონ პირველ რიგში გარდაცვლილის შვილებმა (მათ შორის შვილმა, რომელიც მამკვიდრებლის სიკვდილის შემდეგ დაიბადა), მეუღლემ, მშობლებმა და მშვილებლებმა. მეორე რიგის მემკვიდრეები არიან გარდაცვლილის დები და ძმები, დისწულები, ძმისწულები და მათი შვილები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი. ამის შემდეგ მესამე რიგის მემკვიდრეები შესაძლოა იყვნენ ბებია-ბაბუა, ბებიის დედ-მამა და ბაბუის დედ-მამა. ბიძები, დეიდებიდა მამიდები არიან მეოთხე რიგის მემკვიდრეები, ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები კი - მეხუთე რიგის. განსხვავებით ზემოაღნიშნული შემთხვევისა, ანდერძით მემკვიდრეობის შემთხვევაში, ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც. ის შესაძლოა იყოს ნებისმიერი პირი, მამკვიდრებლის ნების შესაბამისად.

- მკითხველი გვწერს: მყავს ასაკოვანი მამიდა, რომელიც ცხოვრობს მარტო, ანდერძით­ ქონებას არ აფორმებს არავის სახელზე. ბინაში ვართ ჩაწერილი ორი ძმისშვილი. მისი გარდაცვალების მერე ვის ეკუთვნის მისი ბინა? ასევე მას ჰყავს 2 ძმის შვილიშვილები. აინტერესებს, მათაც ეკუთვნით ამ ქონებიდან რაიმე წილი?

- როდესაც სახეზე არ არის ანდერძით მემკვიდრეობა, კანონის თანახმად, მეორე რიგის მემკვიდრეები არიან გარდაცვლილის­ დები და ძმები, ხოლო მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. გააგრძელეთ კითხვა