სიმწვანეში ჩაფლული ფირუზისფერი ტბორები და თეთრი ქვები - ლაზეთის შავი ზღვისპირეთის ჯადოსნური ტრავერტინები
იხილეთ დასაწყისი - უწინ ამ ადგილას მდებარეობდა ანტიკური ქალაქი კერასუნტი, ელინისტურ ეპოქაში კი დასახლებას ფარნაკია ეწოდებოდა
მუზეუმიდან გირესუნის პროვინციის მთებისკენ გავწიეთ. ჯგუფის ხელმძღვანელმა თამთა ჭანტურიამ გვითხრა, რომ ამჯერად ტრავერტინების სანახავად მივდიოდით. თავად აღმოუჩენია, თურმე, ინტერნეტში და ახლა პირადად უნდა გავცნობოდით (მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ ადგილის შესახებ არათუ ქართველმა მოგზაურებმა, ადგილობრივი თურქების დიდმა ნაწილმაც არაფერი იცოდა. თურქებიც და სხვებიც მხოლოდ საყოველთაოდ ცნობილ პამუკალეს ტრავერტინებს "იცნობდნენ".)
მანამდე ტრავერტინები მარტო საქართველოში მენახა, ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე, გუდაური-კობის მონაკვეთზე. მახსოვს, მეგობრები გულგრილად ვერასდროს ვუვლიდით მთის ფერდობზე შეფენილ, ულამაზეს ბუნების ძეგლს და, მასზე ამძვრალები, ათასნაირ ფოტოს ვიღებდით, თან გვეშინოდა, ფეხი არ დაგვსხლტომოდა. ისიც მახსოვს, მუდამ უამრავი ადამიანი გვხვდებოდა იმ ტრავერტინებთან და ტკბებოდა იქაური სილამაზით. ქართული ტრავერტინების "ტრაგიკულ" ამბავს ბლოგის ბოლოს მოგიყვებით, მანამდე კი ზოგადად ტრავერტინებსა და კონკრეტულად ისტორიული ლაზეთის სოფელ პინარლარში მდებარე გოქსუს ტრავერტინებს წარმოგიდგენთ.
ტრავერტინი ფორიანი, მცირე სიმკვრივის, ნახევრად კრისტალური, მყარი, წვრილმარცვლოვანი ქანია, რომელიც წარმოიქმნება ცხელი ან ცივი წყაროებისგან, კალციუმის კარბონატის (უფრო ხშირად, არაგონიტის) დალექვის შედეგად. ხშირად შეიცავს მცენარეების ანაბეჭდებს, ხმელეთის ან მტკნარი წყლის მოლუსკების ნიჟარებს. ტრავერტინების განმარტება კი ვიცოდი, მაგრამ რაც გოქსუში ვნახე, მართლაც დამამუნჯა (და არა მარტო მე). ვერაფრით წარმოვიდგენდი, შავი ზღვისპირეთი ასეთ ჯადოსნურ ადგილს თუ ინახავდა.
ტრავერტინები საზოგადოებისთვის 2022 წლის 7 ივლისს გაუხსნიათ, ჩვენ კი მას იმავე წლის აგვისტოში ვეწვიეთ, გამოდის, რომ ლაზეთის ტრავერტინების დამთვალიერებელთა პირველ ნაკადში მოვხვდით და ვფიქრობ, საქართველოდან ჩასული ტურისტებიდანაც ერთ-ერთი პირველები ვიყავით.
ამგვარი საოცრება მართლაც არსად მენახა - მინერალური წყლით სავსე მრავალი დიდი და პატარა ტერასული აუზი, თეთრი ქვებით და ფირუზისფერი ტბორებით. როგორც ჩანს, ბილიკებიც და ქვებიც დროთა განმავლობაში გათეთრდა, ტბორებმა კი ფირუზისფერი შეფერილობა შეიძინა. ფირუზისფერი მართლაც საუცხოოდ ერწყმოდა ამწვანებულ გარემოს.
მინერალური წყალი აუზიდან აუზში გადადიოდა, გადინების მიდამოებში კი ბილიკები იყო, რომელსაც აუზიდან აუზში გადავყავდით. ფეხშიშველები (ფეხსაცმელების გახდა შესასვლელშივე მოგვთხოვეს), გაბადრულ-გაბრწყინებული მივუყვებოდით ამ ბილიკებს, იქ მისულ უამრავ დამთვალიერებელთან ერთად. ხან კიბეებს ავდი-ჩავდიოდით, ხან ბილიკს ვადექით, ხან აუზიდან აუზში გადავდიოდით, კარგადაც ვილუმპებოდით და თან ფოტოების გადაღებით ვერ ვძღებოდით.
წყალი აუზებში უმეტესწილად ცივი იყო, გვარიანად ცივიც კი, მხოლოდ ზოგიერთ აუზში გვეჩვენებოდა დამთბარი, სავარაუდოდ - მზისგან. აშკარად გაგვიმართლა, რომ შესანიშნავი, მზიანი ამინდი დაგვემთხვა.
როგორ არ უნდა შეჰხაროდე ამგვარ სილამაზეს და ქვეყანას, რომელმაც იცის, როგორ შეინარჩუნოს და მოაწყოს გარემო ისე, რომ მოგზაურებს, ტურისტებს სანახაობით უდიდესი სიამოვნება მიანიჭოს და ამით თავის სახელმწიფოს, ხალხს, ფული შემოუტანოს - აქაურობა, თურმე, გირესუნის პროვინციის ადმინისტრაციის კულტურისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის მიერ ინიცირებული პროექტით შეიქმნა, ხოლო ტრავერტინების აუზებში რომ მოხვდე, 10 ლირა უნდა გადაიხადო.
ჩვენთან კი რა ხდება? იცით, რამდენი ტრავერტინი გვქონდა და გვაქვს? ჩემი მეგობარი გეოგრაფის, გიორგი დვალაშვილისგან მოვისმინე, რომ ერთ-ერთი თრუსოს ხეობაშია, თერგის მარჯვენა სანაპიროზე და ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს, თუმცა სავალალო მდგომარეობაში იმყოფება, რადგან გვერდით ჩამომავალი გზა ყოველდღიურად აზიანებს. მცირე ტრავერტინი არის გუდამაყრის არაგვის ხეობაში და ასევე - თუშეთშიც, სოფელ დართლოსთან, მაგრამ... ყველა, ერთად აღებული, ვერ შეედრება ჯვრის უღელტეხილისას, რომელიც ბლოგის დასაწყისში ვახსენე. ამ ტრავერტინის განადგურებას 2013 წლის ივნისის დასაწყისში სტატიაც მივუძღვენი - "გვირაბს შეწირული უნიკალური ტრავერტინი". მაშინ მუშებმა (ცხადია, საკუთარი ინიციატივით ვერ გააკეთებდნენ) ტრავერტინის საკმაოდ მძლავრი, დაახლოებით, 2 მეტრის სისქის ფენა მთლიანად აიღეს და ამ უნიკალურ წარმონაქმნთან მისასვლელი გზაც აღარ დატოვეს. რასაკვირველია, გზებიც აუცილებელია და გვირაბებიც, მით უფრო, რომ სამხედრო გზა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ არტერიას წარმოადგენს, მაგრამ გვირაბის რეაბილიტაცია ბუნების ამ გასაოცარი ტრავერტინის განადგურების ხარჯზე არ უნდა მომხდარიყო. ახალი ტრავერტინის ზრდას კი, ალბათ, ასეულობით წელი დასჭირდება...
მართალია, ჩვენი ტრავერტინების სევდიანი ამბით დაგამძიმეთ, მაგრამ ეგებ ყურადსაღები და დასაფიქრებელი იყოს მავანთათვის, დარჩენილი ტრავერტინების მოსაფრთხილებლად და თუნდაც ტურისტული ზონის გასაკეთებლად. რაც შეეხება ჩვენს ლაზურ მოგზაურობას, აუცილებლად გირჩევთ, საქართველოს ისტორიული მიწის ტრავერტინები მოინახულოთ. არ დაგიმალავთ და, ლაზეთში მოგზაურობის ერთ-ერთი მძაფრი შთაბეჭდილობა სწორედ ამ ტრავერტინების ნახვამ დამიტოვა.
(გაგრძელება იქნება)
ვიდეო: ისტორიული ლაზეთის ულამაზესი ტრავერტინები