"ჩემი ძმა აბაშაში სადგურის დაცვის თანამშრომელმა აღმოაჩინა" - ყოფილი პატრული, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, იპოვეს
34 წლის ახალგაზრდა, ჯიმი სართანია, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრები და სამართალდამცველები ეძებდნენ, საბედნიეროდ, იპოვეს. ის ცოცხალია, ჯანმრთელადაა და ახლა საკუთარ სახლში იმყოფება.
შეგახსენებთ, საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომელს - ჯიმი სართანიას 1 მარტის საღამოდან ეძებდნენ. მან სარფის საბაჟოსთან გააჩერა მანქანა, მანქანაში ჩატოვა გასაღები და თვითონ გაუჩინარდა. ოჯახის წევრები და ახლობლები საზოგადოებას სთხოვდნენ დახმარებას, რომ მისი ადგილსამყოფელის დადგენაში დახმარებოდნენ.
ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელით გავრცელდა, საქმეში სამართალდამცველები თავიდანვე ჩაერთვნენ. "კვირის პალიტრაშიც" გამოქვეყნდა სტატია და უამრავი ადამიანი გამოეხმაურა ამ ფაქტს. როგორც ჩანს, შედეგიანი აღმოჩნდა ამ ფორმით ინფორმაციის გავრცელება, რადგან სწორედ ასე გაიგო იმ პირმა, ვინც დაკარგული ახალგაზრდა იპოვა, ეს ინფორმაცია და როგორც კი ქუჩაში შემთხვევით წააწყდა ჯიმი სართანიას, მაშინვე სამართალდამცველებს აცნობა. ძალოვნებმა კი ეს სასიხარულო ამბავი ოჯახს შეატყობინეს და ის უვნებელი დაუბრუნდა მათ.
"ჩვენო ძვირფასო ადამიანებო, ღვთის წყალობით და კეთილი ადამიანების დახმარებით, ჯიმი სართანია ცოცხალი ვიპოვეთ. ახლა ვიმყოფებით გონიოს განყოფილებაში... უდიდესი მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გაწეული დახმარებისთვის, შრომისთვის, ადამიანობისთვის, მადლობა აბაშის სადგურის დაცვის თანამშრომელს, რომელმაც ყურადღება მიაქცია და იპოვა ჯიმი... მადლობა სამაშველო სამსახურს ასეთი თავდაუზოგავი შრომისთვის...
მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ჩვენს გვერდით იყავით ამ ურთულეს მომენტში და იბრძოდით ჯიმის სიცოცხლის გადასარჩენად. უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ", - დაწერა დღეს დილით ადვოკატმა ოლიკო კვინიკაძემ.
სწორედ მან გაავრცელა სოციალურ ქსელით ჯიმი სართანიას დაკარგვის ინფორმაცია. ჩვენ დავუკავშირდით ჯიმი სართანიას დას, ადვოკატ ქრისტინე სართანიას, რომელიც ძალიან გახარებულია და ყველას მადლობას უხდის გვერდით დგომისთვის.
"ვიპოვეთ ჯიმი, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად არის, ჯანმრთელადაა, საღ მდგომარეობაშია და უკვე სახლშია. მეტს ვერაფერს გეტყვით. პოლიციის დახმარება აქ მნიშვნელოვანი იყო. ჩემი ძმა აბაშაში სადგურის დაცვის თანამშრომელმა აღმოაჩინა და შემდეგ პოლიციას დაუკავშირდა. პოლიციისგან კი ჩვენ გავიგეთ. სოციალურ სქელში და მედიით ამ ინფორმაციის გავრცელებამ შედეგი გამოიღო. მადლობა შს სამინისტროს, რომელიც თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული და არაფერი დაუკლიათ. არც ყურადღება დაგვკლებია და ყველგან ეძებდნენ - წყალში, ზღვაში თუ ხმელეთზე.
ეს დღეები მხარში გვედგა ყველა და მადლობა მათ ამისთვის.
ჩვენი ოჯახისთვის ძალიან მძიმე დღეები იყო. ახლა მთავარია, ცოცხალია და ჯანმრთელი. მადლობა ყველას", - გვითხრა ქრისტინე სართანიამ.
(სპეციალურად საიტისთვის)
ასევე იხილეთ: