"თურქეთი ერდოღანის შემდეგ: როგორ შეიცვლება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა ახალი პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში?" - კვირის პალიტრა

"თურქეთი ერდოღანის შემდეგ: როგორ შეიცვლება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა ახალი პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში?"

მიმდინარე წლის 14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. უკვე დასახელებულია პრეზიდენტობის კანდიდატებიც: ქვეყნის ამჟამინდელი მეთაური რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელსაც მმართველობის ვადის გაგრძელება სურს და ქემალ ქილიჩდაროღლუ - გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი. როგორია ხელისუფლებისა და ოპოზიციის პერსპექტივა? შეიცვლება თუ არა თურქეთის საგარეო პოლიტიკა? - ამ კითხვებზე პასუხს ცდილობს რუსული გამოცემა "ნეზავისიმაია გაზეტა" (Независимая газета) სტატიაში სათაურით - "თურქეთი ერდოღანის შემდეგ: როგორ შეიცვლება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა ახალი პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში?" (ავტორი - ენგინ ოზერი, თურქი პოლიტოლოგი).

(სტატიის თარგმნა/მომზადება გადაწყდა იმ მიზეზით, რომ გავიგოთ, როგორ უყურებს თურქეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს რუსული მედია, რომელიც, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებისადმი უფრო მოზომილი იყოს, ვიდრე სხვა ოპოზიციური გამოცემები - რედ).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

მიუხედავად იმისა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯერ კიდევ ახდენს შთაბეჭდილებას რუსეთზე, ქვეყნის შიგნით იგი უკვე თავის პოპულარობას კარგავს. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩატარებული გამოკითხვების შედეგები მოწმობს, რომ თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტია ამომრჩევლების მხოლოდ 40-45%-ის მხარდაჭერით სარგებლობს და მნიშვნელოვნად ჩამორჩება ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას - "სახალხო ალიანსს". სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციის - Piar Research-ის მონაცემებით, ამჟამად ოპოზიციური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატს ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომელიც სახალხო-რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეა, ელექტორატის 57,1%-ის მხარდაჭერა აქვს, რეჯეფ ერდოღანს კი - მხოლოდ 42,9%-ის.

როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად ჩატარდება და მეორე ტურში ოპოზიციური კოალიციის ერთობლივი კანდიდატი - ქემალ ქილიჩდაროღლუ გაიმარჯვებს. და თუ მართლაც ასე მოხდა, როგორ ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ რუსულ-თურქულ ურთიერთობებში ახალი პრეზიდენტის, ახალი მთავრობისა და ახალი პარლამენტის (დიდი ეროვნული კრების) არჩევის შემდეგ?

სავარაუდოდ, ახალი პრეზიდენტის არჩევის შემთხვევაში, თურქეთის პოლიტიკურ არენაზე აქტიურად გამოვა 71 წლის ახმეტ უნალ ჩევიკოზი, გადამდგარი ელჩი, რომელიც ამჟამად პარლამენტის (დიდი ეროვნული კრების) დეპუტატია და, იმავდროულად, სახალხო-რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მრჩეველი საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში. ანუ უნდა ველოდოთ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უნალ ჩევიკოზი წამყვან როლს შეასრულებს თურქეთის საგარეო პოლიტიკაში. როგორც ცნობილია, მან თავისი დიპლომატიური კარიერა დაიწყო სტამბოლის (ბოსფორის) სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 1978 წელს, როცა საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობას შეუდგა. მოგვიანებით, 1981 წელს იგი დაინიშნა მოსკოვში თურქეთის ელჩად, შემდეგ, 1989 წელს დაბრუნდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, 2000-იანი წლების დასაწყისში კი - კვლავ ელჩად, ამჯერად აზერბაიჯანში, ერაყსა და დიდ ბრიტანეთში, 2007-2010 წლებში - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ (კურირებდა კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებს)... იგი იყო თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ციურიხის (შვეიცარია) მოლაპარაკებაზე 2009 წელს, როცა ხელი მოეწერა თურქეთ-სომხეთის მემორანდუმებს პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ (რაც არ განხორციელებულა, რიგი მიზეზების გამო).... მან იცის ინგლისური, ფრანგული, იტალიური, გერმანული და რუსული ენები.

ასევე ნახეთ: "თურქი განდი" და ქემალისტი - ვინ არის ერდოღანის 74 წლის მთავარი მეტოქე ქემალ კილიჩდაროღლუ

2022 წლის დეკემბერში უნალ ჩივიკოზი მოსკოვში, ევგენი პრიმაკოვის სახელობის ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში («Примако́вские чтения») მონაწილეობდა და განაცხადა, რომ თურქეთი, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, უფრო გააქტიურდება ევროპის მიმართულებით, ევროკავშირთან ინტეგრაციის მიზნით, მაგრამ ანკარა, ასევე, გააგრძელებს ევრაზიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებისადმი ყურადღების გამახვილებას. ამ თვალსაზრისით, მოსალოდნელია, რომ ქემალ ქილიჩდაროღლუს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ანკარა შეასუსტებს დიდ ბრიტანეთთან ამჟამად არსებულ პოლიტიკურ და სამხედრო თანამშრომლობის მასშტაბს, ევროკავშირის ქვეყნების სასარგებლოდ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ანკარისა და მოსკოვის სამომავლო ორმხრივ ურთიერთობას განსაზღვრავს, არის თურქეთის გაზგამანაწილებელ ცენტრად (ჰაბად) გადაქცევის პროექტი. იდეა, რომელიც ვლადიმერ პუტინმა [2022 წლის ოქტომბერში] წამოაყენა, რეჯეფ ერდოღანის მთავრობამ მოიწონა. მისი რეალიზება, წესით, 2023 წელს უნდა დაიწყოს. ამასთან, უნალ ჩევიკოზმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ თურქეთის სავარაუდო ახალი მთავრობა ამ პროექტს მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ ევროპაში რუსულ გაზზე მოთხოვნა იქნება. რაც შეეხება თვითონ თურქეთს: 2023 წელს თურქეთისათვის აზერბაიჯანული გაზი რუსულზე უფრო ძვირი გახდა. სავარაუდოდ, მიწისძვრის გამო მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით, ანკარა თავის მოკავშირე ბაქოს გონივრულ შეღავათიან ფასს მოსთხოვს - ალბათ, იმდენს, რომ რუსულ იაფ გაზს გაუტოლდეს. თუ ბაქო უარს იტყვის, მაშინ კეთილგანწყობის სასწორი მოსკოვისაკენ გადაიხრება.

კიდევ ერთი ცვლილება შეიძლება იყოს რუსეთთან საუწყებო თანამშრომლობის აღდგენა, რომელიც თავის დროზე რეჯეფ ერდოღანმა გააუქმა - ადრე ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ თურქი და რუსი მინისტრები, სხვადასხვა უწყების პასუხისმგებელი პირები, პროფესიონალები, პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა კი ყველაფერი თავის თავზე აიღო და პრეზიდენტის ფუნქციებში მოაქცია. გარდა ამისა, ახალი ხელისუფლების დროს ანკარა, ალბათ, უარს იტყვის ყოველკვირეულ საგარეო-პოლიტიკურ ცვლილებებზე და ავანტიურულ პროექტებზე, რომლებიც მრავლად არის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში. ახალი მთავრობა შეეცდება, რუსეთთან გრძელვადიანი, სტაბილური, სტრატეგიული ურთიერთობა განავითაროს.

რაც შეეხება თურქეთის სავარაუდო პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის სახელმწიფოებთან: ანკარის მიდგომა სირიის მიმართ ომამდელ პოზიციებს დაუბრუნდება ანუ თურქეთი გადადგამს ნაბიჯებს სირიის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა-დაცვისთვის. ეგვიპტესთან დაკავშირებით ანკარა, ალბათ, შეწყვეტს ამ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას და ამიტომ ურთიერთობის ნორმალიზება იოლი იქნება. თურქეთი მხარს აღარ დაუჭერს ქაიროში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლებს.

კავკასიაში მდგრადი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გამოყენებული იქნება მექანიზმები რუსეთის მონაწილეობით. ამ პროცესში მოსალოდნელი არ უნდა იყოს რაიმე ცვლილება თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში: ანკარა სამომავლოდაც ბაქოს მხარს ყველაფერში დაუჭერს.

საქართველოსთან მიმართებით შეიძლება ველოდოთ იმას, რომ თუ ადრე ანკარა უპირობოდ ეთანხმებოდა თბილისის სტრატეგიას, თურქეთში ხელისუფლების შეცლის შემთხვევაში, ანკარის მხარდაჭერა გონივრულ დონემდე შემცირდება.

სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი, რა თქმა უნდა, რეგიონის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია. ალბათ, ანკარა ერევანთან დამყარებულ დიპლომატიურ ურთიერთობებს პრაქტიკულად განახორციელებს [გაიხსნება საელჩოები].

ირანთან თურქეთის მთავრობას კონფლიქტი უკვე 400 წელია, არ ჰქონია და ასე იქნება ახალი ხელისუფლების დროსაც. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ