12 წლის გოგოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით სკოლა განცხადებას ავრცელებს
186-ე საჯარო სკოლა 12 წლის გოგოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს.
„სსიპ ქალაქ თბილისის N186 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოხატავს ჩვენი სკოლის მოსწავლის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, თითოეულ მის თანაკლასელსა თუ მეგობარს, პედაგოგებს და მთელ დიდ დიღომს.აღნიშნული ტრაგედია არ ეკუთვნის მხოლოდ მის ოჯახს, ეს მთელი საზოგადოების ტკივილია“, - ნათქვამია განცხადებაში.
დიდ დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, გოგონას ყელის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. არასრულწლოვანი გუშინ, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში საქანელაზე შენიშნეს, გვიან ღამით კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.