ყურადღება სახელწოდება "იმერამ" მიიქცია - ლაზეთში "იმერას მონასტერი" საამოდ მოხვდა ყურს
იხილეთ დასაწყისი - სპელეოლოგიური გამოფენა ჭანეთის მთებში, სახელწოდებით "ქვესკნელის მხატვრობა"
შეიძლება ითქვას, რომ გუმუშჰანეს სივრცე მაქსიმალურად ავითვისეთ - ამჯერად იმერას მონასტერი მოვინახულეთ. თავდაპირველად ჩემი ყურადღება სახელწოდება "იმერამ" მიიქცია - ისტორიულ ლაზეთში საამოდ მოხვდა თვალსა და ყურს სიტყვა, რომელიც მყისვე ამერ-იმერს გვახსენებდა.
სოფელ ოლუჩაკში მდებარე მართლმადიდებლური მონასტრის შესასვლელთან წარწერა გვაუწყებდა, რომ იმერას მონასტერი 1350 წელს აშენდა და 1859 წელს განახლდა მღვდელმთავარ როქსონეს მიერ.
1740 წლისთვის იგი გარშემორტყმული ყოფილა უზარმაზარი გალავნით, დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ კი იმ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლები აუშენებიათ. სხვათა შორის, გალავნის ნაშთი დღემდეა შემორჩენილი და აშკარაა, ოდესღაც მართლაც ძალიან ლამაზი სანახავი იქნებოდა.
ნაგებობა წარმოადგენდა სამნავიან გუმბათოვან ბაზილიკას და აუგიათ თლილი ქვით, ღორღითა და აგურით. არცთუ დიდი ხნის წინ მისთვის ნაწილობრივი რესტავრაციაც გაუკეთებიათ. მონასტერი ლამაზ გარემოში მდებარეობს და ეკლესიაც საკმაოდ ლამაზია.
ბაზილიკის უნაგირისებური თიხის სახურავი, თურმე, ეტაპობრივად შენდებოდა, სამლოცველოს შუა ნაწილს კი მრავალკუთხა ფორმა აქვს და გადახურულია მაღალი მრგვალი გუმბათით. სამხრეთ ფასადზე სარკმლის თაღები შემკულია ანგელოზისა და ქორის ორნამენტებით.
ტაძარში შესასვლელი კარი დამშვენებულია მუქარნას ჯაჭვით - ორნამენტით, რომელიც ისლამური არქიტექტურისთვისაა დამახასიათებელი, აქვე ჩანს პალმის ორნამენტი და ვაზიდან ამოსული ყურძნის მტევანი.
ეკლესიის ინტერიერი დაყოფილია სამ ნავად და მასში ექვსი სვეტია. საკურთხევლის სიახლოვეს, კედელში, სავარაუდოდ, წყლის მილიც აღმოვაჩინეთ. ეკლესიის ფრესკების უმეტესობა წაშლილია, მხოლოდ აქა-იქ ჩანს მათი კვალი.
გუმუშჰანეს პროვინციის ხელისუფლების მოსაზრებით, იმერას მონასტერს მრავალი კულტურისთვის უკავია მნიშვნელოვანი ადგილი, იგი მიაჩნიათ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რელიგიურ ნაგებობად აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონში, შესაბამისად, მალევე აპირებენ მის სრულ რესტავრაციას და ტურისტულ მარშრუტში შეტანას.
(გაგრძელება იქნება)