"რომ დაგვინახა, მე 130-კილოგრამიანი ვიყავი, ხოლო მამუკა, სულ ცოტა, 200, 30-30 ლარი მოგვთხოვა - უფრო იაფად ვერც ერთს ვერ მოვემსახურებიო"
"მე ძალიან გამიმართლა, რადგან ისეთ ადამიანებთან ვმეგობრობდი, რომლებსაც სიყვარულის ნიჭიც და იუმორის გრძნობაც მოჭარბებული ჰქონდათ", - გვითხრა მუსიკოსმა ნუგზარ კვაშალმა და რამდენიმე საინტერესო ამბავი გვიამბო.
"უცნობი" თემურ წიკლაური
- ჩემი მეგობარი თემურ წიკლაური ანსამბლ "ივერიის" მშვენება იყო. მართალია, თემური ისე ენაკვიმატი არ იყო, როგორც თუნდაც ვახტანგ ტატიშვილი, მაგრამ კარგ ხუმრობაზე გულიანად ხარხარებდა. ვახოს "იუმორის მეფე" დავარქვით, სცენაზეც და კულისებშიც რაღაც ისეთს იტყოდა ან გააკეთებდა, რომ სიცილს ვერ ვიკავებდით. ჩვენც მხარს ვუბამდით, მაგრამ ყველაზე გემრიელად თემურ წიკლაური იცინოდა ხოლმე, რაღაცნაირი, გადამდები სიცილი იცოდა. თემურს ერთი პატარა ნაკლი ჰქონდა: ზოგჯერ სიმღერის ტექსტი ავიწყდებოდა, ამიტომ კონცერტის დაწყებამდე ტექსტს დიდი ასოებით დაწერდა და ფურცელს წებოვანი ლენტით სცენაზე დააწებებდა. მე მივეპარებოდი და ტექსტს ვამახინჯებდი: ან ასოებს გადავაკეთებდი, ან სიტყვებს შევცვლიდი... ჩვენი თემური იმდენად ნიჭიერი იყო, რომ არ იბნეოდა და სცენაზე არაფერს იმჩნევდა, მაგრამ მერე მსაყვედურობდა, ეს რა ქენი, რა დღეში ჩამაგდეო! არ მახსოვს, ამის გამო რაიმე საწყენი ეთქვას, ან გვეკამათოს.
თემური მთელ საქართველოს უყვარდა, მაგრამ მანდილოსნებს შორის განსაკუთრებით პოპულარული იყო. ამის გამო ხშირად ვეხუმრებოდით. მაგალითად, "თოვლის ბებოს ზღაპარი" რომ გადიოდა, ფილარმონიაში მიყოლებით ასამდე კონცერტი გავმართეთ. ერთ ქალს ადგილი ასივე კონცერტზე წინასწარ ჰქონდა დაჯავშნილი. კონცერტის დასრულებისთანავე თაყვანისმცემლები სცენაზე ამოდიოდნენ და ყველაზე მეტ ყვავილს მას ჩუქნიდნენ, ლექსებს უწერდნენ და მადლობის წერილებს სწერდნენ. ისიც ყველას დიდი პატივისცემით და სიყვარულით ეკიდებოდა. კიდევ ერთი ამბავი მახსენდება: კომუნისტების დრო იყო, ზუგდიდში კონცერტი გვქონდა, თემური ნასვამი იყო და მის ნაცვლად საჭესთან მე დავჯექი, თვითონ გვერდით მომიჯდა, ხოლო უკან მისი მეუღლე - ლილი ზღვაური იჯდა. გზაში ძილი მოერია, მუხლზე თავი დამადო და ჩაეძინა. ისე ტკბილად ეძინა, ვერ გავაღვიძე და მთელი გზა ისე გამოვიარეთ, არ გაუგია. უკვე მცხეთაში ვიყავით, როცა დიდი რეიდი დაგვხვდა. ყველას ამოწმებდნენ, ჩვენ კი მანქანის სალონში ორი ბოცა ღვინო გვედგა. ავტოინსპექტორმა ფანჯარაში რომ შემოიხედა, ძალიან გვისაყვედურა, რადგან მანქანაში საშინელი ღვინის სუნი იდგა. ამ დროს მძინარე თემურ წიკლაური დაინახა, მოულოდნელად, ტუჩებზე ხელი მიიდო, კოცნა გამოგვიგზავნა და გვითხრა, ბიჭებო, ფრთხილად იარეთ, თავს რამე არ დაუშავოთო. აი, ასე უყვარდა ხალხს ეს უნიკალური მომღერალი.
კაცი, რომელსაც დიდი სიყვარული შეეძლო
- მოულოდნელად გამოგვეცალა ხელიდან მამუკა ონაშვილიც. ეს იყო კაცი, რომელსაც დიდი გული ჰქონდა და ეს გული სიყვარულით ჰქონდა სავსე. ახალგაზრდობაში, ჯარიდან რომ ჩამოვიდა, მამუკა ძალიან გამხდარი იყო - იმდენად გამხდარი, რომ მამამისი წუხდა, რამე არ სჭირდესო. წონა ასაკთან ერთად მოემატა, გამხდარი მეც არ ვყოფილვარ, ამიტომ მასთან სიარული მიყვარდა - მის ფონზე გამხდარი ვჩანდი და ამის გამო ხშირად ვხუმრობდით. ერთხელ აბანოში წასვლა გადავწყვიტეთ. ჩვენი მექისე გვყავდა, რომელიც იმ დღეს არ დაგვხვდა. ვიღაც სხვა იყო, თითოეულ კლიენტს 15 ლარს ახდევინებდა. რომ დაგვინახა, მე 130-კილოგრამიანი ვიყავი, ხოლო მამუკა, სულ ცოტა, 200, 30-30 ლარი მოგვთხოვა - უფრო იაფად ვერც ერთს ვერ მოვემსახურებიო. გააგრძელე კითხვა