თავმოხდილ-კედლებშემოძარცვული ეკლესია შებინდებისას კიდევ უფრო სევდიანად გამოიყურებოდა - კვირის პალიტრა

თავმოხდილ-კედლებშემოძარცვული ეკლესია შებინდებისას კიდევ უფრო სევდიანად გამოიყურებოდა

იხილეთ დასაწყისი - ყურადღება სახელწოდება "იმერამ" მიიქცია - ლაზეთში "იმერას მონასტერი" საამოდ მოხვდა ყურს

ჩვენი ლაზეთში მოგზაურობა დასასრულს მიუახლოვდა. ლაზეთის ბოლო "გაჩერება" (ცხადია, ვიდრე სარფის საბაჟოსკენ გავემგზავრებოდით) კვლავ გუმუშჰანეს პროვინციის მთიანეთში გვქონდა - "მიწისქვეშა სასახლიდან" ამოსულები ე. წ. სულეიმანის უბნისკენ გავეშურეთ. იმ სივრცეში, თურმე, რამდენიმე ქრისტიანული ტაძარი იყო მოქცეული, ერთ-ერთი მათგანი კი - სამიტროპოლიტო ყოფილა. როგორც გაირკვა, სამიტროპოლიტო ცენტრი სწორედ ის ეკლესია აღმოჩნდა, რომლის სანახავადაც მივდიოდით (სამწუხაროდ, მხოლოდ ამ ერთი ეკლესიის ნახვას ვასწრებდით).

2-1680458971.(3).jpg

3-1680458991.(17).jpg

ნახევრადასფალტიანი და ნახევრადქვაფენილიანი გზა მანქანით ავიარეთ და წმინდა გიორგის სახელობის სამიტროპოლიტო ეკლესიასაც მალე მივადექით. ფაქტობრივად, გზის პირას იყო. ულამაზეს მთებში აგებული, ერთ დროს უზარმაზარი ეკლესია, თავმოხდილ-კედლებშემოძარცვული და აქეთ-იქით მიმოფანტული ქვებით, შებინდებისას კიდევ უფრო სევდიანად გამოიყურებოდა.

53-1680459024.jpg44-1680459013.jpg

ეკლესიის აშენების თარიღს ვერსად მივაკვლიე. მხოლოდ ის ამოვიკითხე ინტერნეტში, რომ, ეკლესია თავდაპირველად ყოვლადწმინდა სამების სახელს ატარებდა, წმინდა გიორგის სახელობის კი მოგვიანებით გახდა.

73-1680459056.jpg63-1680459046.jpg

ეკლესია, სავარაუდოდ, მე-17 საუკუნემდე იყო აშენებული. როგორც ირკვევა, 1613-1726 წლებში მას ორჯერ ჩაუტარდა რესტავრაცია, დღეს კი მისი სახურავი მთლიანად ჩამონგრეულია, ხოლო საკმაოდ დიდი ზომის გვერდითი კედლები და აფსიდები ჯერჯერობით, ჰა და ჰა, დგას, მაგრამ გვარიანადაა დაზიანებული.

83-1680459077.jpg

9-1680459088..jpeg

როგორც ეკლესიასთან არსებული საინფორმაციო დაფა იუწყება, იმ არეალში ანუ გუმუშჰანეს პროვინციის ე.წ. სულეიმანის უბანში, მიტროპოლიის უკვე მე-4 ეკლესიას ჩაუტარდება რესტავრაცია. ვვარაუდობ, რომ ეს სწორედ წმინდა გიორგის ეკლესია იქნება.

103-1680459096.jpg
ეკლესიას აშკარად ეტყობოდა რესტავრაციის კვალი

აქვე გეტყვით, რომ წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევების ზემოთ, მოპირდაპირე მთაზე, კიდევ ერთი ეკლესია მოჩანდა, ცხადია, ისიც იმავე მიტროპოლიის შემადგენელი იქნებოდა. ეკლესიას აშკარად ეტყობოდა ახალი რესტავრაციის კვალი. იმედია, ოდესმე კვლავ მოვხვდები ამ მხარეში და მიტროპოლიის ყველა ეკლესიას ვინახულებ, მათ შორის - გარესტავრირებულ წმინდა გიორგის სამიტროპოლიტო ეკლესიასაც!

ლაზეთიდან შთაბეჭდილებებით დატვირთულები, აღფრთოვანებულები წამოვედით და მაინც, მძაფრად მხოლოდ ამ ბლოგების წერისას შევიგრძენი, რამდენი რამის ნახვა მოგვისწრია სულ რაღაც 4 დღეში. ამისთვის უპირველესად ჩვენს ენერგიულ და ინტერესიან შტურმანს - თამთა ჭანტურიას ვემადლიერები და რასაკვირველია - ჩვენს ლაზ მძღოლს, ჯანოს, რომელმაც მშვიდობიანად მოგვატარა ლამის მთელი ლაზეთი და ერთმა მამაკაცმა ამდენი მოგზაური ქალბატონის ჭირვეულობას გაუძლო!

112-1680459105.jpg

(გაგრძელება იქნება)