ქაქუცა ჩოლოყაშვილი თუ ნოე რამიშვილი? - ვის ჩამოტყუებას გეგმავდა საბჭოთა დაზვერვა საქართველოში?
მკითხველს შევახსენებ, რომ საფრანგეთში, ემიგრაციაში მყოფმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სპირიდონ კედიამ თბილისიდან 1926 წლის 16 ივნისით დათარიღებული ლევან (ლელი) ჯაფარიძის ვრცელი წერილი მიიღო. ისიც გავიხსენოთ, რომ "ცისფერყანწელი" პოეტი და ლიტერატორი ლელი ჯაფარიძე პოლიტიკაშიც აქტიურად იყო ჩართული და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ) მთავარი კომიტეტის წევრიც გახლდათ. ის, სხვა "ცისფერყანწელებისგან" განსხვავებით, ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა და არა უგვიანეს 1924 წლის შემოდგომისა საქართელოში იმყოფებოდა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ლელი ჯაფარიძე "ბოლშევიკებთან" შესარიგებლად და სათანამშრომლოდ არ დაბრუნებულა სამშობლოში: მისი მიზანი აქ, ადგილზე რეალური მდგომარეობის შესწავლა-ანალიზი და ედპ-ს ხელმძღვანელის, სპირიდონ კედიას ინფორმირება იყო. თუ გავითვალიწინებთ იმ გარემოებას, რომ უცხოეთში მყოფ ქართულ ემიგრაციას (მათ შორის ედპ-საც) საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ობიექტური და დროული ინფორმაცია არ გააჩნდა, მაშინ გასაგებია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ლელი ჯაფარიძის სადაზვერვო მისია. ისიც უნდა ითქვას, რომ "ცისფერყანწელი მზვერავის" ამოცანა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის მოპოვება და ემიგრაციაში საიდუმლო არხებით გადაგზავნა არ იყო. ანტიბოლშევიკური მუშაობის დასაწყებად ლ. ჯაფარიძეს კავშირი უნდა დაემყარებინა რეპრესიებს გადარჩენილ და ღრმა "იატაკქვეშეთში" შეფარებულ თანაპარტიელებთან. ამ მხრივ კი მას ძალზე სავალალო მდგომარეობა დახვდა. ზემოაღნიშნულ წერილში ლელი ჯაფარიძე ს. კედიას ატყობინებს (ავტორის სტილი უცვლელია- ბ.ა.):
"მე ვინახულე მამია და მასთან მქონდა ლაპარაკი, მაგრამ მან მიპასუხა, რომ ამჟამად საჭირო არ არის მუშაობა სრულებით და რომ ერთხანს უნდა გავჩერდეთ და ამავე დროს მოუხერხებელიც არის ის, რაც გოგიამ ითხოვა, რადგან მას არ შეუძლია 6 კაცის შეკრებაც კი და ამავე დროს დიდი გაჭირვებაა, რომ სადმე სამუშაო ფული ვიშოვოთ. ამიტომ უმისოდ მე ვერ ვბედავ ვინმესთან კავშირი გავაბა".
სავარაუდოდ, სახელი: "მამია" ედპ-ს იმ წევრის დაშიფრული სახელია, რომელთანაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაამყარა კავშირი ლელი ჯაფარიძემ. ხოლო "გოგია" სტამბოლში მყოფი ემიგრანტის ფსევდონიმი უნდა იყოს. ამ მცირე ამონარიდიდანაც კარგად ჩანს, რომ საქართველოში "ფარულად მოქმედ" ედპ-ს არც ადამიანური და არც ფინანსური რესურსები არ გააჩნდა ანტიბოლშევიკური საქმიანობის საწარმოებლად. ამის მიუხედავად ლელი ჯაფარიძე საკმაოდ ოპტიმისტურად იყო განწყობილი და "სამეთვალყურო მუშაობას" ანუ ინფორმაციის შეკრებასა და ევროპაში გადაგზავნას შესაძლებლად თვლიდა: (ავტორის სტილი უცვლელია- ბ.ა.): " ჩემის აზრით კი, უკვე შეიძლება ფრთხილი ორგანიზაციის მოწყობა მხოლოდ იმისთვის, სამეთვალყურო მუშაობა ვაწარმოოთ. რას მოვახერხებთ ამ მხრივ ჯერ-ჯერობით არ ვიცი, რომ რამეს შემოუთვლიდეთ თქვენ მას, კარგი იქნება. ჩვენებიდან ციხეში იასონ ( იასონ ჯავახიშვილი - ბ.ა.) და მიშას ( მიხეილ იშხნელი - ბ.ა.) გარდა ხუხუც ( სიმონ ხოფერია - ბ.ა.) ზის. გამსახურდია გადასახლებულია ტურუხანის მხარეში, ათი წლის ციხე მიუსაჯეს. სხვა ხალხი თავისუფალია. ხელი ყველას აქვს მოწერილი, მაგრამ საბჭოთა პლატფორმაზედ თითქმის არავინ დგას. ეხლა შედარებით რეპრესიები შემცირებულია და ამიტომ ხალხი უფრო მოსვენებით ცხოვრობს და რამოდენიმე ხნის შემდეგ შეიძლება დავიწყოთ მუშაობა თუ თქვენგანაც მივიღეთ რაიმე ცნობა (ერთი თვის წინ კი დახვრიტეს 6 კაცი სამხედრო პირები - ვერ გავიგეთ ვინ არიან ესენი - მათ შორის ერთი გვარი ვიცით ნაცვლიშვილის)".
ბოლშევიკურ საქართველოში მიმდინარე პროცესების გარდა, ლელი ჯაფარიძე ცდილობდა ემიგრაციისთვის საბჭოთა იმპერიაში განვითარებული მოვლენების შესახებაც მიეწოდებინა ინფორმაცია. ის წერდა (ავტორის სტილი უცვლელია- ბ.ა.):
"საერთო მდგომარეობა მთელს კავშირში ბოლშევიკებისათვის მეტად მძიმეა და საშინელი ეკონომიური კრიზისია. იხურებიან მთელი რიგი წარმოებანი და მოსამსახურენი პირდაპირ იტაცებენ ფულებს და მირბიან - მთელს რუსეთში ეხლა 200 000 კაცი ზის ციხეში მარტო ფულების გაფლანგვისათვის. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მძიმე მდგომარეობა საბჭოებს არ ჰქონია არასოდეს, თვით დიდი სიმშილის დროსაც კი - მაშინ სიმშილი ადგილობრივი მოვლენა იყო -ეხლა კი მთელ კავშირის მასშტაბით. სჩანს, რომ ძველი რესურსები დაილია და საწარმოო საშუალებანი კი აღარ აქვთ. აქაც დიდი ცვლილებების წინ ვდგავართ: თითქმის ხორციელდება ის, რის შესახებაც გვქონდა საუბარი გოგიასთან სტამბოლში და შეუთვალე მას: აქ იყო სტალინი და პრინციპიალურად გადაწყდა ამიერკავკასიის ფედერაციის ნაცვლად დაარსება კავკასიის ფედერაციის - ამას უკავშირებენ ეკონომიის რეჟიმს . . . როგორც სჩანს, სტალინს უნდა დაეყრდნოს განაპირა ქვეყნებს და ამით აიხსნება მისი მოგზაურობა ეხლა აქეთკენ . . . სტალინს უნდა რათა თავის გარშემო შემოიკრიბოს თავისი ხალხი.."
ლელი ჯაფარიძე ძალზე ზუსტ ანალიზს აკეთებს: 1926 წელს საბჭოთა კავშირში გაჩაღდა სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება ბოლშევიკური ხელისუფლების ორ ფრთას შორის. ერთ მხარეს იყო სტალინი, ბუხარინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი და სხვ., ხოლო მეორე ფრთაზე "ძველი რევოლუციონერები" : ტროცკი, ზინოვიევი, კამენევი და სხვ. იდგნენ. გამარჯვებულს რჩებოდა ყველაფერი, ხოლო დამარცხებული ადრე, თუ გვიან განადგურება ელოდა. 1926 წლის 1 ივნისს იოსებ სტალინი ტფილისში ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ საქართველოში ერთგული ხალხი შეერჩია და მოსკოვში, მნიშვნელოვან პოსტებზე გადაეყვანა. ოფიციალური და არაოფიციალური შეხვედრებით "კობა" იმდენად დატვირთული ყოფილა, რომ ახლო ნათესავებსაც არ ნახულობდა. რასაც ადასტურებს ქვემოთ მოტანილი ერთი ხელნაწერი, რომელიც სტალინის ცოლის დას - ალექსანდრა (საშიკო) სვანიძე-მონასელიძეს ეკუთვნის და სტალინის პირად არქივში ინახება. საშიკო სვანიძე სამჯერ ყოფილა მისული სტალინთან, თუმცა მომავალ "დიდ ბელადს" არ მიუღია. ამის მიუხედავად საშიკო სვანიძე იმედს არ იწურავდა და ბარათის ბოლოს "ძვირფას სოსოს" მუდარით ეკითხებოდა : "ნუთუ სოსო შენ ისე წახვალ რომ ორი წუთით ჩვენსას არ შემოიარო?"

თუმცა სტალინი ისე იყო ჩაბმული ტროცკის, კამენევისა და ზინოვიევის წინააღმდეგ შიდაპარტიულ ბრძოლაში, რომ არავისთვის არ ეცალა. ჩამოსვლის ნამდვილი მიზეზი რომ დაემალა სტალინმა რამდენიმე "ოფიციალური ვიზიტიც" განახორციელა. 1926 წლის 2 ივნისს ის ზემო-ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ეწვია და "საპატიო სტუმრების წიგნში" ქართულად ჩაწერა: "გაუმარჯოს ჩვენს მშენებლობას და მასზე მომუშავე მუშებს, ტექნიკოსებს, ინჟინერებს". 3 ივნისი სტალინი ტფილისის სახელმწიფო ოპერის თეატრის სპექტაკლს დაესწრო. ანტრაქტის დროს ის ესაუბრა კომპოზიტორ მ.ბალანჩივაძეს მისი ოპერა "თამარ ცბიერისა" და ქართული საოპერო მუსიკის შესახებ. საბჭოთა გაზეთები წერდნენ: ამ საუბრის დროს სტალინმა ხაზი გაუსვა რუსი კომპოზიტორების, კერძოდ ჩაიკოვსკის, შემოქმედების გავლენას ქართველ კომპოზიტორებზეო. 8 ივნისს სტალინი ტფილისის მთავარი სარკინიგზო სახელოსნოების მუშებს შეხვდა და წაიკითხა მოხსენება "ბრიტანეთის გაფიცვისა და პოლონეთის მოვლენების შესახებ". შეხვედრის ბოლოს კი უპასუხა ამ სახელოსნოების მუშების შეკითხვებს. ვერაფერს იტყვი: ნამდვილად "ხმებზე მონადირე" პოლიტიკოსის წინასაარჩევნო ტურნე ჰქონია მაშინ "კობა-სოსოს"! შედეგი კი ათი წლის შემდეგ მოიმკა, როდესაც ფიზიკურად გაანადგურა პოლიტიკური ოპონენტები: ზემოთ ჩამოთვლილებიც და სხვებიც.
ჩვენ კი დავუბრუნდეთ ლელი ჯაფარიძის საიდუმლო წერილის ერთ-ერთ, ძალზე საინტერესო მონაკვეთს. ჩანს, რომ "ცისფერყანწელ მზვერავს" ქართველ "ჩეკისტებს" შორისაც ჰყავდა ინფორმატორები. ის ს. კედიას წერდა (ავტორის სტილი უცვლელია- ბ.ა.): "ამას წინად 52 11/2 2/1 1/1 14/3 12/1 4/0 1/6 1/11 14/2 3/4 4/1. ვთხოვე შენთვის გადმოეცა ფრიად კონსპირაციულად, რომ მე სარწმუნო პირისაგან გავიგე, რომ მანდ ქეთინოსთან (12/9 14/1 41/2 33/1 9/3) აწარმოებენ მოლაპარაკებას მისი და მისი მეგობრების დაბრუნების შესახებ და უთუოდ წამოვაო. მე მგონია, რომ ვინმეს მასთან დაახლოებულ პირს ესენი შეცდომაში შეყავთ, ამიტომ ჩემს ვალად ვთლიდი ასეთის სიფრთხილით შემეტყობინებინა შენთვის, ხოლო თუ ეს მართალია, მაშინ დაარწმუნე არ ქნას და არ დაუჯეროს და ასეთი სისულელე არ ჩაიდინოს. ყველაფრის გარდა, ეს საშინელი დამარცხება იქნებოდა მთელი ეროვნული მოძრაობის, გაცილებით უფრო მძიმე, ვიდრე თვით ჟორდანია, რომ დაბრუნდეს . . ."
საინტერესოა რომელი ქართველი ემიგრანტი იგულისხმება დაშიფრული სახელის - "ქეთინო" -ს მიღმა ? ვისი დაბრუნება იქნებოდა ლელი ჯაფარიძის სიტყვებით: "საშინელი დამარცხება მთელი ეროვნული მოძრაობის" და თანაც "გაცილებით უფრო მძიმე, ვიდრე თვით ჟორდანია, რომ დაბრუნდეს"? ჩემი აზრით ქართულ ემიგრაციაში 1926 წელს ამ ავტორიტეტის და მნიშვნელობის ეროვნული მოღვაწე სულ ორი იყო: ქაქუცა ჩოლოყაშვილი და ნოე რამიშვილი. ცნობილია, რომ 1925 წლიდან პარიზში სპეციალური დავალებით "ცაგარელის" გვარით მივლინებულ ტიტე ლორთქიფანიძეს უნდა დაეყოლიებინა ნოე რამიშვილი, რათა შეეწყვიტა აქტიური პოლიტიკური საქმიანობა. ეს მისია "ცაგარელმა" ვერ შეასრულა. ძნელი დასაჯერებელია, რომ "პატარა ნოე", რომელიც კარგად იცნობდა "კობას" დაუნდობელ ბუნებას, ბოლშევიკურ საქართველოში დაბრუნების პერსპექტივით მოტყუებულიყო. თანაც ემიგრაციაში ნ. რამიშვილის გვერდით მეუღლე და შვილები იმყოფებოდნენ, რაც უდიდესი ძალა იყო უცხო ქვეყანაში გადახვეწილი ემიგრანტებისთვის. ამიტომ, ჩემი აზრით, ლელი ჯაფარიძის დაშიფრულ ტექსტში საუბარი უნდა იყოს ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილისა და "შეფიცულთა" რაზმის წევრების დაბრუნებაზე. ცნობილია, რომ სწორედ 1925-1926 წლებში საბჭოთა დაზვერვამ, ქართველი ეროვნების აგენტურის საშუალებით, რამდენჯერმე მოსინჯა ქაქუცა ჩოლოყაშვილთან "მისასვლელი ბილიკები". თავისუფლებასა და ტყე-ღრეში ცხოვრებას მიჩვეული "შეფიცულებისთვის", ჩახუთული პარიზი და მისი შემოგარენი ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. ამას მუდმივი ფინანსური პრობლემებიც ემატებოდა. იყო კიდევ ერთი და შესაძლოა უმთავრესი არგუმენტი "შეფიცულების" სამშობლოში ჩამოსატყუებლად: მათ აქ დარჩათ ცოლ-შვილი და მშობელ-ნათესავები, რომლებიც რეალურად მძევლებად და "სატყუარად" ჰყავდათ აყვანილი "ჩეკისტებს". ჩოლოყაშვილისა და სხვა "შეფიცულების" საქართველოში შემოტყუებით ბოლშევიკები დიდ პროპაგანდისტულ "შოუს" მოაწყობდნენ და კიდევ უფრო დაასუსტებდნენ, ისედაც გათითოკაცებულ ქართულ ემიგრაციას.
(მეექვსე ნაწილის დასასრული)