ქართველებისგან მივიწყებული დედოფალი - სოლდანე და მისი ვაჟი ლეო, ლუზინიანების და ბაგრატიონების მემკვიდრე - კვირის პალიტრა

ქართველებისგან მივიწყებული დედოფალი - სოლდანე და მისი ვაჟი ლეო, ლუზინიანების და ბაგრატიონების მემკვიდრე

რამდენიმე დღის წინ მივიწყებული ქართველი დედოფლის - სოლდანეს კვალს შემდგარი, ვეწვიე სან დენის გრანდიოზულ კათედრალს პარიზში, იქვე საფრანგეთის მეფეთა განსასვენებელიც მოვინახულე. ძალიან ამაღელვებელი იყო...

ქართველ პრინცესა სოლდანეზე ანუ "ბოლო ჯვაროსანთა დედაზე" ევროპულ სამეცნიერო ლიტერატურაში ცოტა რამ უკვე ცნობილია, მაგრამ ჩვენში მისი ბიოგრაფია თითქმის უცნობია.

ფრა ჟან დარდინის ცნობით, 1330-იან წლებში ფრანგული წარმოშობის კილიკიის ჯვაროსანმა მეფემ - ჟან ლუზინიანმა ცოლად შეირთო ქართველთა მეფის ასული სოლდანე.

სოლდანე ბაგრატიონთა საგვარეულოს წევრი უნდა ყოფილიყო, რადგან შემდგომში მისი ვაჟები - ბოემუნდი და ლეო სომხეთის ტახტზე პრეტენზიას სწორედ იმ მოტივით აცხადებდნენ, რომ მათი დედა ქართველთა მეფის ასული იყო, შესაბამისად, ისინი სომხეთის ტახტის ლეგიტიმური მესაკუთრეები იყვნენ, რადგან ქართველი ბაგრატიონები სომხეთსაც ფლობდნენ. ძნელია დაზუსტებით ითქვას, ბაგრატიონთა რომელ შტოს ეკუთვნოდა სოლდანე, აღმოსავლეთ ქართულს თუ - დასავლურს, მაგრამ ზემოაღნიშნული მონაცემით, ეჭვმიუტანელი ფაქტია, რომ ის მართლაც ბაგრატიონი იყო.

დედოფალი სოლდანე ადრე დაქვრივდა, მისი მეუღლე - ჟან ლუზინიანი უდროოდ გარდაიცვალა... დაქვრივებულ დედოფალს მისგან ვაჟები - ბოემუნდი და ლეო დარჩა. აქედან მოყოლებული, იწყება დედოფლის ტრაგიკული თავგადასავალი...

კილიკიაში ძალაუფლება ხელში უზურპატორმა კონსტანტინემ ჩაიგდო, რომელმაც ქართველთა მეფის ასული, ვაჟებითურთ, გორიგოსის ციხეში დაატყვევა, რათა ხელსაყრელ დროს ისინი დაეხოცა. დედოფალი და უფლისწულები ორჯერ სასწაულით გადაურჩნენ სიკვდილს. სოლდანე ხვდებოდა, რომ ბედი მათ ყოველთვის არ გაუღიმებდათ. განწირულმა დედოფალმა დიდი სიმამაცე და გამჭრიახობა გამოიჩინა, მის დედობრივ ინსტინქტს წინ ვერაფერი აღუდგა და ვაჟებთან ერთად ციხიდან გამოიქცა. მას კვიპროსის ჯვაროსანი მეფის - ჰუგოს მეთევზეები დაეხმარნენ. მათი ნავით დედოფალი და უფლისწულები ჯვაროსნულ კვიპროსში გაიქცნენ. ჰუგომ დევნილები პატივით მიიღო და სარჩო გაუჩინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ სოლდანე თავის ვაჟებთან - ბოემუნდთან და ლეოსთან ერთად ევროპაში გაემგზავრა ვენეციური გალერებით, რათა პაპისგან და ევროპელი პოლიტიკოსებისგან დახმარება მიეღო.

(ფრა ჟან დარდელი - "არმენიის ქრონიკა")

აქ მათ შესახებ ცნობები წყდება... სავარაუდოდ, დედოფალი ევროპაში უნდა გარდაცვლილიყო.

ქართველთა დედოფლის, სოლდანეს ვაჟის - ლეოს საფლავი, როგორც ფრანგული წარმოშობის ლუზინიანი მეფის, სან დენისშია. მისი საფლავი და ქანდაკება რამდენიმე დღის წინ მოვინახულე.

საინტერესოა, რომ მისი საფლავი ტაძრის ყველაზე საპატიო ადგილას, საკურთხეველშია მოთავსებული. ჩანს, ლეომ ეს პატივი იმით დაიმსახურა, რომ ორი დიდი სამეფო საგვარეულოს - ლუზინიანების და ბაგრატიონების მემკვიდრე იყო.

საკურთხეველში არავის უშვებდნენ, მაგრამ ცნობისმოყვარე ქართველს რა შეაკავებს, რიზის ეპისკოპოს ჟორჟის შორეული ნაცნობობა გამოვიყენე და ტაძრის კეთილმოწესე მოხუც მღვდელს როგორღაც გავაგებინე და დავაჯერე, რომ ეპისკოპოსის რწმუნებით ვიყავი მისული (წმ. ბონავეტურა წერს, ვინც მღვდელს მოატყუებს, ტარტაროზის ცენტრში გამოუყოფენ ადგილსო).

შევედი საკურთხეველში და ლეოს სარკოფაგ/სკულპტურას ბევრი ფოტო გადავუღე... ამაღელვებელი იყო ნამდვილად.

337796365-144502478362849-4014505808805156036-n-1681294161.jpg

ძალიან დიდი ალბათობით, სოლდანესა და ბოემუნდის საფლავებიც სან დენისში უნდა იყოს, მაგრამ მათი პოვნა ძნელი ან უკვე - შეუძლებელია, რადგან საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში რევოლუციონერებმა სან დენისის საფლავები, როგორც საფრანგეთის სამეფო ხელისუფლების მთავარი სიმბოლო, გაძარცვეს და ნაწილობრივ გაანადგურეს.

სან დენის კათედრალთან, "საფრანგეთის მშვენებასთან", ქართველთა კავშირი ამით არ სრულდება.

ახალგაზრდა ქართველმა მკვლევარმა, შესანიშნავმა წყაროთმცოდნემ და ჩემმა კარგმა მეგობარმა, გვანცა ევანისელიმ მიაკვლია ფრა გილემ ნანგისის ცნობას, რომლის მიხედვითაც მე-13 საუკუნეში საფრანგეთში ჩასული ქართველი ელჩები, როგორც კარგი ქრისტიანები, მეფე ფილიპემ აღდგომის აღსანიშნავად სწორედ ამ დიდებულ ტაძარში გაგზავნა.

ასევე ნახეთ: "ღმერთი გრგვინავდა" - როგორი იყო დემეტრე თავდადებული უცხოელთა წარმოდგენებში