"ახალი ქალაქი, ძველისგან განსხვავებით, დიდ ფართობზეა გადაჭიმული" - როგორია "ახალი იუსუფელი" და რა სირთულეებს აწყდებიან ახალმობინადრეები?
თურქეთში, ართვინის პროვინციაში მდებარე ქალაქი იუსუფელი იძირება. დასახლება, რომელიც ერთ-ერთი დიდი კაშხლის ქვეშ მდებარეობს, წყლით იფარება, ქალაქი კი სამუდამოდ ქრება. ქალაქი მოსახლეობამაც დატოვა. შენობების უმეტესობა, პრაქტიკულად, უკვე ჩაძირულია. ქალაქის გამქრალი ნაწილის ნაცვლად კი ააშენეს ახალი უბანი, „ახალი იუსუფელი“.
"კვირის პალიტრა" აქამდეც წერდა ისტორიულ ტაოში, ართვინის პროვინციაში მდებარე იუსუფელში მიმდინარე პროცესზე: "ვინც იუსუფელში ცხოვრობდა, იქ ვეღარ ჩავა, რადგან უკვე დატბორილია"
ამჯერად შემოგთავაზებთ ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ექსპერტის, ზურაბ ბატიაშვილის შთაბეჭდილებებს, რომელსაც ის საკუთარ სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მისი ნებართვით, kvirispalitra.ge-ზეც განვათავსებთ იუსუფელის შესახებ მოთხრობილ ამბებს. ზურაბ ბატიაშვილი თავად იმყოფებოდა ადგილზე და ნახა როგორც ჩაძირული იუსუფელი, ასევე, "ახალი იუსუფელი".
მისი შთაბეჭდილებების ამ ნაწილში იგი გვიყვება, თუ რა სირთულეებს აწყდებიან ახალმობინადრეები და როგორია "ახალი იუსუფელი".
ზურაბ ბატიაშვილი:
რადგან ბევრი მეკითხება იუსუფელის ამბებს, რამდენიმე ნაწილად შემოგთავაზებთ ჩემ შთაბეჭდილებებს.
იუსუფელის შთაბეჭდილებები - ნაწილი I - ახალი იუსუფელი
ახალი იუსუფელი თანამედროვე და მოდერნისტული ქალაქია. პირველივე ნახვისას ხვდები, რომ მის აგებასა და მოწყობაზე უზარმაზარი თანხებია დახარჯული (თუმცა, ინფრასტუქტურის მოწყობა და მშენებლობები ჯერ კიდევ გრძელდება) და ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მის კეთილმოწყობას.
ადრე აქ მხოლოდ მიუვალი კლდეეები იყო, რომელზეც ჯიხვები ცხოვრობდნენ. სწორედ ეს კლდიანი ადგილი მოასწორეს და ახალი რაიონული ცენტრი ააშენეს. როგორც ერთმა ადგილობრივმა მოსწრებულად იხუმრა, ახალი იუსუფელის სახით პატარა ანკარა ააგეს.
პირველი, რასაც ახალ იუსუფელში გადმოსულები ცდილობენ, ესაა ადაპტაცია ახალი გარემოს მიმართ. ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, სად ცხოვრობს მისი ესა თუ ის ნათესავი თუ მეგობარი. ძველ იუსუფელში მათი ბინები სახელმწიფომ შეიძინა და ახალში უფლება მიეცათ, ეყიდათ ახალი ბინები. მაგრამ ეს ბინები კენჭისყრით გადანაწილდა. ახლა ზოგიერთი ცდილობს ამ გზით შეხვედრილი ბინების გადაცვლას, რათა უფრო ახლოს იყვნენ საკუთარ ნათესავებთან.
არიან ისეთებიც, ვისაც არ მოსწონთ ახალი ქალაქი და ძველში ცხოვრება ერჩიათ. თუმცა, ბევრს მოსწონს ახალი იუსუფელი, რადგან აქ უფრო გამართული და თანამედროვე არქიტექტურა და ინფრასტრუქტურაა. მაგრამ მათ მაინც აერთიანებთ იმ ძველი იუსუფელის მოგონებები. ეს გრძნობები განსაკუთრებით მაშინ მძაფრდება, როდესაც ისინი ძველ ქალაქს გადახედავენ ხოლმე, რომელიც ახლაც განაგრძობს ჩაძირვას.
ახალი ქალაქი ძველისგან განსხვავებით, დიდ ფართობზეა გადაჭიმული და ნაცნობ-მეგობრების ძველებურად ერთ ადგილზე თავმოყრა (განსაკუთრებით ასაკში შესულთათვის) ჭირს. მაგრამ ისინი მაინც ახერხებენ ხოლმე ერთმანეთის ნახვას ახალ სასადილოებში იფთარის ვახშმებზე (ახლა რამადანის თვეა).
ახალ იუსუფელში ნელ-ნელა იხსნება ბიზნესები, მაღაზიები. ყველას არ შეხვდა მაღაზიები ახალ იუსუფელში. ამიტომ მათთვის ახალი შენობები შენდება ახალი ქალაქის ცენტრში.
ადგილობრივებთან ერთად ჩვენც ვცდილობთ შევეგუოთ ახალ იუსუფელს, რაც ნამდვილად არ არის ადვილი საქმე. ამაში ისევ ადგილობრივები გვეხმარებიან, რომლებიც ისეთივე ხაზგასმით კეთილგანწყობილები არიან ჩვენ მიმართ, როგორსაც ძველ იუსუფელში ვიყავით შეჩვეული.
(გაგრძელება იქნება)