ნიკოლო მიწიშვილის  „გოლგოთის გზა“ : „ჩემი დაკვლაც შეიძლება, მაგრამ არა პეტელა და მით უმეტეს, დაკოდილი ცხვარივით“ - კვირის პალიტრა

ნიკოლო მიწიშვილის  „გოლგოთის გზა“ : „ჩემი დაკვლაც შეიძლება, მაგრამ არა პეტელა და მით უმეტეს, დაკოდილი ცხვარივით“

ბოლშევიკებმა მწერლებისათვის ცოტა გვიან, 1925 წელს მოიცალეს: 18 ივნისს პოლიტბიურომ მიიღო დადგენილება – „პარტიის პოლიტიკის შესახებ მხატვრული ლიტერატურის სფეროში“. ეს გადაწყვეტილება შიშისა და დიდი შეშფოთების შედეგი იყო. საბჭოთა კავშირში „ნეპმა“ („ახალი ეკონომიკური პოლიტიკა“) ისე მძლავრად მოიკიდა ფეხი, იმდენად ბევრი საბჭოთა მოქალაქე ესწრაფვოდა მეწარმოებისა და ვაჭრობის დაწყებას, რომ კრემლში „სოციალიზმისთვის“ სერიოზული, „ახალი ბურჯუაზიის“ შექმნის საფრთხე დაინახეს. სტალინი. ტროცკი, ბუხარინი და სხვები, რომლებიც ამ საკითხში სრულიად ეთანხმებოდნენ ერთმანეთს, ხვდებოდნენ, რომ ახალ საბჭოთა ბურჟუაზიას (ისე რა საინტერესოდ ჟღერს!) ახლი, საკუთარი იდეოლოგიაც მალევე ექნებოდა და . . . . დამთავრდა „პროლეტარიატის დიქტატურა“. ბოლშევიკებს მიაჩნდათ, რომ: „ . .. როგორც ზოგადად არ წყდება კლასობრივი ბრძოლა, ასევე არ წყდება ის არც ლიტერატურულ ფრონტზე. კლასობრივ საზოგადოებაში არ არსებობს და არ შეიძლება იყოს ნეიტრალური ხელოვნება“. ამიტომ მათი აზრით „პროლეტარული დიქტატურის მეშვეობით “ საბჭოთა ლიტერატურაში უნდა დარეგულირებულიყო შემდეგი საკითხები: თანაფარდობა პროლეტარულ მწერლებს, გლეხ მწერლებსა და ეგრეთ წოდებულ „თანამგზავრ მწერლებს“ შორის; მხატვრული ნაწარმოების სტილი და ფორმა; ორგანიზაციული საკითხები და ა. შ. პარტიული პოლიტიკის გატარება საბჭოთა ლიტერატურაში გულისხმობდა მწერლების გამორჩევას და წახალისებას არა ნიჭიერების, არამედ სოციალურ–კლასობრივი კუთვნილების მიხედვით. ამიტომ ტფილისის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების მუშის „ლექსი შედევრი“ ორთქმავალზე აუცილებლად უნდა დაბეჭდილიყო და ექოთ, ხოლო „ვინმე ინტელიგენტის“ (არაფერს ვამბობ თავად–აზნაურული წარმოშობის პოეტზე) „საშუალო“ ლექსი სამშობლოზე (ისიც თუ დაიბეჭდებოდა) კრიტიკული წერილებით უნდა გაენადგურებინათ. ამიტომაც დადგენილებაში ჩაწერეს: „პროლეტარული მწერლების ჰეგემონია ჯერ არ არსებობს და პარტია უნდა დაეხმაროს ამ მწერლებს ამ ჰეგემონიის ისტორიული უფლების მოპოვებაში. გლეხ მწერლებს უნდა შეხვდნენ მეგობრულად და მათ უნდა ისარგებლონ ჩვენი უპირობო მხარდაჭერით“. რაც შეეხება „თანამგზავრ მწერლებს“: უნდა მომხდარიყო მათი გადარჩევა, ერთგვარი სელექცია კომუნისტური პარტიისადმი ერთგულებისა და კლასობრივ ბრძოლაში მათი აქტიურობის მიხედვით. „ივნისის დადგენილებით“ საბჭოთა ხელისუფლებამ ფაქტიურად წყალგამყოფი ხაზი გაავლო: თუ მანამდე საბჭოთა ლიტერატორები გარკვეულწილად თავად ირჩევდნენ რა და როგორ ეწერათ, რომელ ლიტერატურულ მიმდინარეობაში გაერთიანებულიყვნენ, სამშობლოზე დაეწერათ ლექსი, მთვარეზე თუ საკერავ მანქანაზე – ბოლშევიკურმა რეჟიმმა არჩევნის საშუალება მოსპო. „ხელოვნება ხალხისთვის“ თუ „ ხელოვნება ხელოვნებისთვის“? ვინც აქ შეცდებოდა ის უკვე ბოლშევიკებთან არ იყო, ხოლო ვინც მათთან არ იყო, ის უკვე მტერი იყო. ერთი უნდა ითქვას: ბოლშევიკებმა მაშინ დიდი საქმე გააკეთეს და მწერლები „მხატვრული წამებისგან“ და „მუზის მოლოდინის კრუნჩხვებისგან“ გაათავისუფლეს. ეს „ოხერი მუზა“ დაბარებულივით რომ არ დადის, ბოლშევიკებს არ აინტერესებდათ. ორთქმავალზე, ტრაქტორზე, ზაჰესზე და „მოგუგუნე“ საკერავ მანქანაზე ლექსის დაწერას კი, ყველა პროლეტარი და „ნამდვილი საბჭოთა პოეტი“ მუზის გარეშეც შეძლებდა. ამ დადგენილების შემდეგ მძიმე დღეები დაუდგათ ქართველ „თანამგზავრ მწერლებს“: „ცისფერყანწელებს“, „ფუტურისტებს“, „აკადემიურ ასოციაციას“ და სხვ. მათ შემოქმედებითი ცხოვრების გაგრძელების და თან სიცოცხლის გადარჩენის გზები უნდა ეძებნათ. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ქართულ ემიგრაციასთან ბრძოლით და „ბოლშევიკებთან ჩახუტებით“ საკუთარი მომავალი ჯერ კიდევ 1922 წელს ჰქონდათ ნაპოვნი. როგორ? ცოტა შორიდან დავიწყებ. საბჭოთა დაზვერვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთ არსებულ ემიგრანტულ ორგანიზაციებში შეღწევა და მათი "შიგნიდან დაშლა" იყო. საქართველოს დაზვერვა-კონტრდაზვერვის დანაყოფები საბჭოთა სპეცსამსახურების ორგანულ ნაწილს შეადგენდა და 1921-დან 1990 წლამდე საქართველოს სსრ „ჩეკა-გპუ-ნკვდ-მგბ–კგბ“-ს მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებას საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული ემიგრაციის წინააღმდეგ ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციების დაგეგმვა-ჩატარება წარმოადგენდა. ქართულ ემიგრაციასთან ბრძოლის გეგმა შემდეგ ოპერატიულ–აგენტურულ ღონისძიებებს ითვალისწინებდა:

1. ქართული ემიგრაციის რიგებში ძველი აგენტურის გააქტიურება

ბოლშევიკები ჯერ კიდევ 1905 წლიდან ატარებდნენ ლეგენდირების ოპერაციებსა და სოციალ-დემოკრატების (მენშევიკების), ეროვნულ-დემოკრატების (ედპ), სოციალისტ-რევოლუციონერების (ესერები) და სხვა პარტიებში მყოფი აგენტურის ღრმა დაშიფვრას ახდენდნენ. ბოლშევიკებმა, რომელთაც ხელში ჩაუვარდათ მეფის რუსეთის „ოხრანკის“ არქივები, ეს ძველი აგენტურაც „გადაიბარეს“. 1921 წლის მარტიდან ორივე კატეგორიის აგენტები თანდათან ემიგრაციაში (მათ შორის ქართულ ემიგრაციაში) „აღმოჩნდნენ“ და იქ გააგრძელეს აგენტურული მუშაობა;

2. ქართული ემიგრაციის რიგებში ახალი აგენტურის შეგზავნა

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ბევრ პატრიოტთან ერთად საზღვარგარეთ ემიგრაციაში საკმაოდ ბევრი „ჩეკას“ ახალი აგენტიც წავიდა („სასწავლებლად“ „სამეცნიერო მივლინებით“, „სამკურნალოდ“, „ახალ რეჟიმს გაექცა“ და ა.შ.) . საბჭოთა დაზვერვის აგენტები ქართული ემიგრაციის რიგებს შეერწყნენ და ოპერატიული დავალებების შესრულებას შეუდგნენ;

blog2-1682060615.jpg

ნ. მიწიშვილი პარიზში

3. ქართული ემიგრაციის რიგებიდან აგენტურის გადაბირება

ემიგრაციის რიგებში პოლიტიკურმა დაპირისპირებამ, მატერიალურმა სიდუხჭირემ და სამშობლოს ნოსტალგიამ ბევრ ემიგრანტს უკან, საქართველოში დაბრუნების სურვილი გაუღვივა. ეს კი ბოლშევიკების წინაშე დამსახურებისა და ემიგრაციაში მათი დავალებების შესრულების გარეშე მიუღწეველი ოცნება იყო. ქართველი ემიგრანტების გადაბირება უპირატესად შანტაჟით ხდებოდა. ბევრ მათგანს საქართველოში ჰყავდა ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები, რამაც ბოლშევიკებს საშუალება მისცა მათზე ზემოქმედებით ემიგრაციაში მყოფი ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწეებიდან ბევრი გადაებირებინა. ასევე არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთი ქართველი ემიგრანტი სხვადასხვა ობიექტური, თუ სუბიექტური ფაქტორის (ფინანსური, პოლიტიკური, პიროვნული ან ოაჯახური) გამო, საბჭოთა დაზვერვის დავალების გარეშე, თავად იჩენდა ინიციატივას და საკუთარი პოლიტიკური წარსულის დაგმობის, ემიგრაციის ლიდერებთან ბრძოლის და „ბოლშევიკური საქართველოს“ ქება–დიდების გზით ცდილობდა მყარი გარანტიების მიღებას სამშობლოში დასაბრუნებლად. ხომ მეთანხმებით რომ ისტორიის გაყალბება არ შეიძლება! მაგრამ ისტორიის შელამაზება, ხელოვნურად მიმტევებელ–ჰუმანურ ფერებში „მოხატვა“ და ფაქტებზე თვალის დახუჭვა, განა ისტორიის გაყალბება არ არის? ქვემოთ ზუსტად ასი წლის წინ მომხდარი მოვლენების ანალიზს შემოგთავაზებთ, დასკვნები კი თავად გამოიტანეთ. 1918–1922 წლებში „ცისფერყანწელთა“ ორდენის წევრი ნიკოლო მიწიშვილი (ნამდვილი სახელი და გვარი – ნიკოლოზ სირბილაძე) გასული საუკუნის 20–30 წლების ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ლიტერატურული მოღვაწე იყო. იმ რთულ პერიოდში ის ერთმანეთს უთავსებდა მწერლობას, სარედაქტორო–საგამომცემლო საქმიანობას და ყოველთვის ხელმძღვანელ პოსტებს იკავებდა. უპარტიო იყო, თუმცა ბოლშევიკებისგან დაფასება არ აკლდა. თავადაც ერთგულად ემსახურებოდა საბჭოთა რეჟიმს. 1922 წელს ნ. მიწიშვილი საზღვარგარეთ გაემგზავრა (რატომ, როგორ და რა მიზნით – ეს გარემოებები ჯერ–ჯერობით დოკუმენტურად დადგენილი არაა), სადაც აქტიურ ლიტერატურულ საქმიანობაში იყო ჩაბმული. პარალელურად ენერგიულად მონაწილეობდა ემიგრაციის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. 1924 წელს მან პარიზში ჩამოაყალიბა "ქართველ ხელოვანთა კავშირი". ემიგრაციაში ყოფნისას ნ. მიწიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ბოლშევიკების მიერ დაფინანსებული გაზეთის, „ახალი საქართველო“–ს დაარსება–გამოცემაში, რომელსაც ედპ–ს ყოფილი წევრი გრიგოლ ვეშაპელი რედაქტორობდა. არსებული ინფორმაციით კომუნისტური პროპაგანდის გამო ნ.მიწიშვილი სამჯერ იქნა გადასახლებული საფრანგეთიდან. შემდეგ კი, ამავე საქმიანობის გამო, იგი დაპატიმრეს. ერთად გავეცნოთ საზღვარგარეთ ნ. მიწიშვილის აქტიური ბოლშევიკური მუშაობის კიდევ რამდენიმე მაგალითსა და მოსაზრებას.

1923 წელს, ემიგრაციაში მყოფი ნ. მიწიშვილი წერილს წერს ახალგაზრდა ბოლშევიკ ლევან აღნიაშვილს (ავტორის სტილი უცვლელია – ბ.ა.):: „კონსტანტინოპოლში ყოფნისას საუბარი მქონდა ამხანაგ მგალობლიშვილსა და მოდებაძესთან, რომლებიც გაეცნენ რა ჟურნალის იდეასა და მთელ ჩემს განზრახვებს, თუ რის გაკეთებას ვაპირებდი, სიამოვნებით დამთანხმდნენ დახმარებაზე საქართველოში გამოცემის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით“. ჩანს, რომ საბჭოური იდეოლოგიის ჟურნალის ემიგრაციაში გამოცემა ქართველ ბოლშევიკებს ჭკუაში დაუჯდათ. ეს გასაგებია, თუმცა ამ საქმეში რა მოტივაცია ამოძრავებდა თავად ნ. მიწიშვილს? ლევან აღნიშვილისთვის გაგზავნილ სხვა წერილში ნ. მიწიშვილი წერს (ავტორის სტილი უცვლელია – ბ.ა.):: „მე ვამტკიცებ (წიგნში), რომ საქართველოსთვის მენშევიზმი უდიდესი ბოროტებაა, რომელიც არა –მარტო მორალურად, ფიზიკურადაც უნდა განადგურდეს. . . . მენშევიზმი, როგორც ქართული ცხოვრების ფაქტორი, უნდა განადგურდეს ამ იდეის მტვირთველებთან ერთად. საქართველოსთვის ეს აუცილებელია“. მენშევიზმის (ანუ მენშევიკების?) ფიზიკურად განადგურება, რასაც მიწიშვილი მოითხოვდა, ჩემი აზრით სცდება მწერლის მორალს და სხვა პროფესიის, შავტყავქურთუკიანი ხალხის შუაღამისულ ლანდს გვახსენებს. ნ. მიწიშვილის პოლიტიკურ არჩევანს ყველაზე კარგად ასახავს 1924 წლის ბოლოს პარიზში, გაზეთ „ახალ საქართველოს“ №1 მოთავსებული მისი პუბლიკაცია (სტილი უცვლელია – ბ.ა.): „მთელის პოლიტიკურის შეგნებით ვღებულობთ საბჭოთა ფედერაციაში მყოფ საქართველოს რესპუბლიკას, როგორც უდავო ფორმას ქართველი ხალხის ეროვნულ მისწრაფებათა განხორციელებისათვის“ და „ვიქნებით დაკმაყოფილებული, თუ შევსძლებთ საბჭოთა სისტემის დაცვას – არსებულის შენახვას და მძიმე შრომის განაწილებას საბჭოთა ხელისუფლებასთან ერთად“.. . . ეს კი ნიშნავს, რომ საქართველო მშვიდობიანად განვითარდება საბჭოთა ფედერაციაში და ჩვენი მშრომელი ხალხი ასი პროცენტით იქნება დაზღვეული ყოველგვარ ხიფათისაგან“ (ციტატის დასასრული).

1925 წელს ნ. მიწიშვილი საქართველოში დაბრუნდა და აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ლიტერატურულ მოღვაწეობაში ჩაება. თუმცა ეს იყო „გოლგოთის გზის“ დასაწყისი.

იხილეთ წინა ბლოგი

( მეათე ნაწილის დასასრული)