იყო კი ნიკოლოზ მიწიშვილი ბოლშევიკებთან მებრძოლი „დისიდენტი?“
კერპების შექმნა ყოველთვის გვიყვარდა და ახლაც გვიყვარს. ამის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია. უნდა ვაქოთ და ვადიდოთ, ან დავგმოთ და მოვთხაროთ: ორი პოლუსი. "ცისფერყანწელების" შეფასებაშიც დარღვეულია "ჭეშმარიტების კრიტერიუმი". 1925 წლის შემდეგ მათი ცხოვრება და შემოქმედება ძალზე პრაგმატული გახდა და ისინი "სიმბოლიზმის ზეციდან" საოცრად სწრაფად აღმოჩნდნენ დიდ-პატარა ბოლშევიკურ კაბინეტებში. დღეს ამის დაჯერება რატომღაც არ სურთ და ისტორიული ფაქტების დამახინჯებით ცდილობენ გასული საუკუნის 20-30 წლებში რეპრესირებული მწერლები (მათ შორის უპირველესად "ცისფერყანწელები" ) ბოლშევიკებთან მებრძოლ "დისიდენტებად" წარმოაჩინონ, რომელთაც თურმე "სული ვერ ჩაუკლეს". წაიკითხეთ მათი წერილები, მხატვრული ნაწარმოებები (განსაკუთრებით 1925 წლის შემდეგ) და თავადვე დარწმუნდებით, რომ საუბედუროდ ასე არ იყო. "დიდი ტერორი" ყველაზე ნაკლებად სწორედ "ცისფერყანწელების" ყოფილ წევრებს შეეხო.
1915 წლიდან მოყოლებული "ცისფერყანწელების" ორდენში, სხვადასხვა დროს, 20 ზე მეტი ლიტერატორი იყო გაერთანებული. მათგან "დიდ ტერორს" სამად-სამი შეეწირა. რეპრესიებს ემსხვერპლნენ: ნიკოლოზ მიწიშვილი - დახვრიტეს 1937 წლის 13 ივლისს; პაოლო იაშვილი - თავი მოიკლა მწერალთა სახლში 1937 წლის 22 ივლისს და ტიციან ტაბიძე - დახვრიტეს 1937 წლის 16 დეკემბერს. დანარჩენები ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალნენ. "სისხლიანმა რეპრესიებმა" ყველაზე მეტი "პროლეტარულ მწერალთა კავშირის" წევრები ( ნ. ზომლეთელი, გრ. მუშიშვილი, პ. საყვარელიძე, კ. მელაძე, ბ. ბუაჩიძე, ა. დუდუჩავა, ფ. ნაროუშვილი, კ. ფეოდოსიშვილი და სხვ.) იმსხვერპლა. სამივე ყოფილი "ცისფერყანწელის" ტრაგიკული აღსასრული ძალზე მოულოდნელი იყო, იმიტომ, რომ ისინი, ჯერ კიდევ 1922 წლიდან იდგნენ ბოლშევიკების იდეოლოგიურ სამსახურში და საბჭოთა რეჟიმს ერთგულად ემსახურებოდნენ (დღეს ზოგიერთი კი ამბობს "მოჩვენებითი" იყო ბოლშევიკებთან მათი თანამშროლობაო, თუმცა ფაქტებს სად გავექცევით?). სამწუხაროდ, წლების შემდეგ, ერთ დროს ლაღი პოეტი-სიმბოლისტების ცხოვრება და ლიტერატურული მღვაწეობა "მინდორში პალოზე ბაწარით დაბმული ბურვაკის" ( პაოლო იაშვილის შედარება) ყოფას დაემსგავსა:
ვერც შენს ნებაზე წახვალ და არც ის იცი, თუ როდის გამოჩნდება ბასრი დანა. სულ-ხორც დაჯიჯგნილ ტიციანს, მიწიშვილს, პაოლოს, მიხეილ ჯავახიშვილს და ათასობით სხვა რეპრესირებულს, არ სჭირდება ბიოგრაფიის დამახინჯება ვითომდა "გალამაზებით". რა საჭიროა ამგვარი კლიშეები: 1. "ვერც "ცისფერყანწელთა” წევრი ნიკოლო მიწიშვილი გადაურჩა "წითელ ხელისუფლებას”. დანარჩენების მსგავსად, არც მას აპატიეს სამშობლოს სიყვარული და საზღვარგარეთ გატარებული წლები. ისიც აგენტად და ჯაშუშად შეირაცხა და საბჭოთა ჯალათებს ჩაუვარდა" 2. "ნ. მიწიშვილი ცდილობდა შუამავლის როლი ეთამაშა საბჭოთა ხელისუფლებასა და ქართულ ინტელიგენციას შორის" ;
3."კომუნისტურმა ხელისუფლებამ დაინახა, რომ ნიკოლო მიწიშვილზე ექსპერიმენტს ვერ ჩაატარებდა, სულს ვერ ჩაუკლავდა, "ჰომო სოვეტიკუსს” ვერ შექმნიდა, იძულებით ვერ შეაქებინებდა ლენინსა თუ სტალინს და მისგან ვერანაირი მეთოდით ახალ "საბჭოთა” მწერალს ვერ გამოიყვანდა" . საინტერესოა ამ სტრიქონების ავტორი თუ იცნობს ნ. მიწიშვილის 1924 წლის 27 იანვრს დაწერილ ლექსს "ლენინ"? (მცირე ამონარიდს ქვემოთ გთავაზობთ):
"ლენინ
სდგას პოეზია საპატიო, ერთგულ დარაჯათ
მეექვსე ღამე! სდგას თბილისი ვით სასაფლაო.
უნდა სიჩუმე გამოცხადდეს ერთი საათით
მთელ ქვეყანაზე _ მაშინ როცა კლარა ცეტკინი
მოსკოვის წითელ მოედანზე, სტალინთან ერთად
უზრდელ მიწაში ჩაასვენებს ლენინის ცხედარს
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ლენინი იყო არჩევანი ქვეყნიერების.
ამხანაგებო, ჩადგა წუთით ოქტომბრის ქარი
ვიმღეროთ ერთად პოეტებო მარში გლოვისა"
ნ. მიწიშვილის ტრაგიკული ბედი " სისხლიანი რეპრესიებისთვის" განსაკუთრებით ქრესტომათიულია: ვისაც ებრძოდა და ვის ფიზიკურ განადგურებასაც ითხოვდა, სწორედ მათ სასარგებლოდ ჯაშუშობა დასდეს ბრალად და დახვრიტეს. ნ. მიწიშვილის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ძალზე ბევრი " შავი ლაქა" და კითხვის ნიშანია: როგორ და რა არხებით შეძლო ახალგაზრდა პოეტმა 1922 წელს საქართველოდან საზღვარგარეთ ლეგალურად გამგზავრება? რა სახსრებით ცხოვრობდა ის, ჯერ თურქეთში და შემდეგ კი საფრანგეთში? რა მიზნით ჰქონდა სისტემატიური კონტაქტი ამ ქვეყნებში მდებარე საბჭოთა საელჩოებთან და საკონსულოებთან? როგორ დაბრუნდა ბოლშევიკურ საქართველოში დიდი პრობლემებისა და დავიდარაბის გარეშე? მაშინ ემიგრაციიდან დაბრუნებულებს "კეთროვანივით" უყურებდნენ და "ჩეკისტების" კონტროლი არ აკლდათ. ამ პირობებშიც კი, ნ. მიწიშვილი საბჭოთა "იდეოლოგიური ფრონტის" წინა ხაზზე მიავლინეს: იყო სახელმწიფო გამომცემლობის სამხატვრო განყოფილების ხელმძღვანელი, 1926-28 წწ. რედაქტორობდა მწერალთა კავშირის ჟურნალ "ქართულ მწერლობას", იყო ლიტერატურული ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი დირექტორი. ხელმძღვანელობდა " სახელგამს". ბოლოს კი გაზეთ "ზარია ვოსტოკას" მთავარი რედაქტორი იყო .
საქართველოში დაბრუნების შემდეგ ნ. მიწიშვილის შემოქმედების "მუზა" ემიგრაცია გახდა და მან მთავარ მიზნად დაისახა (თუ დაუსახეს?) ზოგადად მთელი ქართული ემიგრაციის, კონკრეტულად ნ. ჟორდანიას, ნ. რამიშვილის, ე. გეგეჭკორის, ა. ჩხენკელის და სხვ. გაშარჟება-გაქილიკება. ჯერ კიდევ 1923 წელს პარიზში დაბეჭდა "თებერვალი" - ერთგვარი დოკუმენტური ჩანახატი-პასკვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის "ბათომიდან" გაქცევის შესახებ 1921 წლის მარტში. მცირე ამონარიდი ამგვარია: "ამ დღეს წავიდნენ მენშევიკები (მთავრობა). . . . . და როდესაც გათენდა შემდეგი დღე (მეორე დღე) - ქალაქში დაჯდა რევკომი. ანუ - ქალაქ ბათომი დაიკავეს ბოლშევიკებმა. მოვიდნენ ბოლშევიკები." მხატვრული ღირებულება თავად შეაფასეთ.
ყოფილი "ცისფერყანწელები": შალვა აფხაიძე, ტიციან ტაბიძე და ნიკოლოზ მიწიშვილი
1929 წელს დაიბეჭდა ნ. მიწიშვილის პროზაული ნაწარმოები «ეპოპეია», როგორც იმ პერიოდის ერთ-ერთი "ქილერი კრიტიკოსი" ბენიტო ბუაჩიძე (რომელიც შემდეგ თავადაც რეპრესიებს ემსხვერპლა) წერდა (ავტორის სტილი უცვლელი - ბ.ა.): "წიგნი გვიჩნვენებს კონტრევოლუციონურ პარტიების ემიგრანტული ნაწილის ყოფით სურათებს . . . ."გამეტებით" ყოველგვარი შელამაზების გარეშე - გვიჩვენებს უაზროდ მოხეტიალე ემიგრანტების უბადრუკობას, რეგვენობას, სიცარიელეს და სალახანებად ქცევას, ეს არის "ეპოეიას" მთავარი დამსახურება და დადებითი ღირებულება". ეს რაც ბ. ბუაჩიძემ მოიწონა. "დადებითი" დაინახა. სტამბოლში ქართული ემიგრაციის ცხოვრების გროტესკული ასახვა, ემიგრაციის ლიდერების დამამცირებელი ფორმით წარმოჩენა და ტყუილ-მართალის აღრევა - ეს ნამდვილად ეხერხებოდა ნ. მიწიშვილს.
ნ. მიწიშვილის შემოქმედებაში, ემიგრაციაში მყოფი საქართველოს დემოკრატიული რესპყბლიკის მთავრობის ლანძღვა-ქილიკთან ერთად, მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საქართველოს ისტორიული წარსულის ნეგატიურ შეფასებას. ჩაიკითხეთ და თავად განსაჯეთ:
"რადაა საქართველო მარტო გესლი
და მარტო ხიდი,
ან - მისი თესლი
ნათრევი და ხიდზე ნაყიდი.
საქართველო ნისლია და ბურუსი.
ეროვნული სიტყვაა - ღალატი.
იქნება ერეკლემ იძმო რუსი,
რომ ჩაეცვა უცხო ხალათი.
საქართველო უცნაურია
საუკუნეთა დენაში.
იქნებ რუსთაველიც იყო ურია
რომ გაიქცა პალესტინაში.
რა ვქნათ, საქართველო რომ გვაწუხებს
და ჩასობილია ყველაში.
გვიჭერს სიყვარულის მარწუხებს,
მაგრამ -
ვის უნახავს სამშობლო
საქართველოში".
ცნობილი მწერალი და მთარგმნელი, თამაზ ჩხენკელი, ნ. მიწიშვილის შესახებ წერს: ”მას არ სწამს თანამედროვე საქართველო და ამიტომ არ სწამს საქართველოს ისტორიული დიდებაც. რუსთაველიც კი ეეჭვება. ჩვენს ისტორიაში იგი ვერ ნახულობს ღვთის ხელს. მაგრამ ამას ამბობს გონებრივ უნივერსალობასა და შინაგან რწმენას მოკლებული ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ასეთი რთული პრობლემის გადაწყვეტისათვის, ან თუნდაც დასმისათვის საჭირო ცოდნის მინიმუმიც არ გააჩნია. იგი ზერელედ და ფრაგმენტულად იცნობს საქართველოს ისტორიას და ქართულ ლიტერატურას. მას წარმოდგენა არა აქვს ძველ ქართულ კულტურაზე ისევე, როგორც ევროპულ და აღმოსავლურ კულტურებზე. ცოდნის მისეული მარაგი ბერწი და უმნიშვნელოა. მისი ჭაბუკური ინტუიცია, რომელშიც პოზიტიური მარცვლებიც მოიპოვება, არსებითად, სკეპტიციზმით, უარეს შემთხვევაში, ნიჰილიზმით არის დასნეულებული და იმდროინდელი საზოგადოების გარკვეული ნაწილის განწყობილებას ასახავს”. უკეთესად ნამდვილად ვერ იტყვი!
სანამ მკითხველი შემახსენებს, თავად ავღნიშნავ: არ დამვიწყნია, რომ ეს ბლოგი სპეცსამსახურების საქმიანობას ეხება და არა ლიტერატურულ კრიტიკას (ისე კი ორივე შემოქმედებითი საქმეა და ბევრი საერთო აქვთ, თუნდაც ნიჭი, ალღო და შრომისმოყვარეობა). ნ. მიწიშვილის ოფიციალური და მშრალი ბიოგრაფია სპეცსამსახურების საარქივო მასალებითაც უნდა შეივსოს. ეს პირველ რიგში ეხება საზღვარგარეთ მის გამგზავრებას და უკან დაბრუნებას.
ირკვევა, რომ 1925 წლის 8 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩმა საფრანგეთში ა. ჩხენკელმა პარიზის პოლიციას შემდეგი აცნობა: "კომუნისტური პარტიის წევრი, პოეტი ნ. მიწიშვილი გამოგზავნილია საბჭოთა ხელისუფლების მიერ საფრანგეთში აგიტაცია-პროპაგანდისთვის". ამის საფუძველზე იმავე წლის 12 თებერვალს ნ. მიწიშვილი საფრანგეთიდან გააძევეს. 1927 წელს ამ ფაქტს ერთ-ერთი "ბობოლა ბოლშევიკი" ლ. ღოღობერიძე შემდეგნაირად აღწერს: "საფრანგეთის პოლიციამ რა თქმა უნდა, სიამოვნებით შეასრულა ბ-ნ ჩხენკელის თხოვნა და . . . ამხ. მიწიშვილი გადასახლებული იქნა საფრანგეთიდან კომუნისტური პროპაგანდისთვის". ყურადღება მიაქციეთ: "ამხ. მიწიშვილიო"! "ცისფერყანწელი" უკვე "ამხანაგი"(მიმართვის ბოლშევიკური ფორმა) გამხდარა! საქართველოს შსს არქივში ინახება (ინტერნეტსივრცეშიც უკვე ხელმისაწვდომია) ერთი ძალზე საინტერესო წერილი, რომლის სიღრმისეული ანალიზის გარეშე ნ. მიწიშვილის ვერც ბიოგრაფიას და ვერც შემოქმედებით გზას ვერ შევაფასებთ. 1934 წლის 14 სექტემბერს ნ. მიწიშვილი ლავრენტი ბერიასა (იმ პერიოდში "ამიერკავკასიის პირვლი კაცი" ) და ლევან აღნიაშვილს (იმ პერიოდში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი) ვრცელ წერილს უგზავნის, სადაც თავის თავზე მესამე პირში საუბრობს (ავტორის სტილი უცვლელია- ბ.ა.): "მიწიშვილი ერთადერთი მწერალი იყო და ალბათ, ერთადერთი ქართველი, რომელიც მენშევიკებისა და საფრანგეთის ოხრანკის ტერორის ქვეშ, ორ წელიწადს თავგამოდებით იბრძოდა ემიგრაციის წინააღმდეგ, რითაც ყოველდღიურად სასწორზე დებდა საკუთარ სიცოცხლეს . . მწერალ მიწიშვილს ევროპაში უხდებოდა მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წინაშე არავითარი ვალდებულება არ გააჩნდა, საბჭოთა საქართველოს მტრებს ებრძოდა კალმითაც, სიტყვითაც და მოქმედებითაც. . . . . . ძნელია სამშობლოსა და ევროპაში ანტისაბჭოთა ძალების წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიიდან მიწიშვილის სახელის ამოშლა, რადგან ამას მოწმობს მრავალი დოკუმენტი, მათ შორის მის მიერ პარიზში დაფუძნებული გაზეთი და ორგანიზაციები, მისი წიგნები და პუბლიცისტური სტატიები" (ციტატის დასასრული). .
ეს მცირე ამონარიდი გვიჩვენებს, რომ გულმოსული კაცის ხელითაა ნაწერი, შრომა და ამაგი, რომ არ დაუფასეს! ხომ ხედავთ რა დამსახურება ჰქონია "ნიკოლოს" ბოლშევიკების წინაშე: ქართული ემიგრაციის წინააღმდეგ თავგანწირული ბრძოლა (თანაც "მტრის ბუნაგში") "კალმითაც, სიტყვითაც და მოქმედებითაც". ამიტომ გახდა ის "ამხ. მიწიშვილი"! ახლა ხომ გასაგებია, რომ მას ერთი სამშობლო ჰქონდა - "საბჭოთა საქართველო" "დიადი საბჭოეთში", ხოლო მტრები კი, ის ნამდვილი პატრიოტები იყვნენ, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. მათ შორის ყოფილი "ცისფერყანწელი" და ემიგრაციიდან სადაზვერვო დავალებით დაბრუნებული ლელი ჯაფარიძეც.
( მეთერთმეტე ნაწილის დასასრული)